№1 როგორ გადალახა რატი იონათამიშვილმა მის ცხოვრებაში დამდგარი უდიდესი გამოწვევა და რატომ ერიდებოდნენ თანატოლები მასთან ჩხუბს
ის, რაც სხვისთვის შესაძლოა, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის მიზეზი გამხდარიყო მისთვის მორიგი გამოწვევა აღმოჩნდა. 19 წლის ასაკში მომხდარმა ავტოავარიამ ეტლი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია, თუმცა, ძალების მოკრება მალე შეძლო და დღეს მისი სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მისაბაძი და წამახალისებელია. მოღვაწეობა, რომელიც 2004 წელს უფლებათა დაცვის სფეროში დაიწყო, პროტესტის გრძნობამ აიძულა და დღეს პარლამენტში აგრძელებს.
რატი იონათამიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2004 წელს ჩავერთე. იმ პერიოდში ჩვენი უფლებები უხეშად ილახებოდა და თითქმის ყველა მიმართულებით, ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დაინტერესება არ იყო. ამიტომ, მიზნად დავისახე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის მებრძოლა. ეს მიზანი შემდგომ, ზოგადად, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. მიმაჩნია, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის უფლებებისთვის ბრძოლით არ უნდა შემოიფარგლო. 2012 წლამდე ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდებოდა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ჩვენი მდგომარეობაც შეიცვალა.
– ვისაუბროთ პრობლემებზე, რომლებმაც უფლებადამცველი გაგხადათ – იმაზე, რაც საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი.
– ადამიანის უფლებების დასაცავად პროტესტს მიჰყავხარ. ჩემი საცხოვრებელი ბინა ადაპტირებული იყო და მქონდა საშუალება, სახლიდან დამოუკიდებლად გამოვსულიყავი, მაგრამ გარეთ გამოსულს, უკვე აღარ შემეძლო გზის გაგრძელება. ამან გამიჩინა პროტესტი და მაიძულა, უფლებადამცველობით საქმიანობაში ჩავრთულიყავი.
– იგივე მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი გაცილებით მძიმედ დამიხატავდა არსებულ სურათს. როგორ შეძელით, რომ წუწუნის პოზიციიდან გამოსულიყავით და ბრძოლა დაგეწყოთ?
– ვფიქრობ, ამას ადამიანის ხასიათი განაპირობებს. ამქვეყნად ყველა ბრძოლაში ოპტიმისტები იმარჯვებენ, პესიმისტები ყოველთვის დამარცხებულები ტოვებენ ბრძოლის ველს. აუცილებელია, ასეთად დაიბადო, მაგრამ შემდეგ ჯანსაღ გარემოში აღზრდა და დამოუკიდებლობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ხასიათის განმტკიცებასა და ჩამოყალიბებაში. ყველა წარმატება ძალიან დიდი შრომის შედეგია. ასეთი შემთხვევები გამოწვევაა იმისთვის, რომ შენი ცხოვრების წარმატების ისტორია შექმნა. როცა ამაზე ფიქრობ და ამისთვის იბრძვი, ემოციური სისუსტისა და ფიქრის დრო აღარ გრჩება. მე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამაჩნია. ყოველ წელს გავდივარ პროფილაქტიკურ შემოწმებას და ყველაფერი წესრიგში მაქვს (იცინის). რაც შეეხება ეტლს, ავტოავარიის შედეგად ცხოვრებამ ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა. მაგრამ, ეს გამოწვევა, ავტოავარიაზე მეტად, არსებული გარემო ფაქტორების შედეგი იყო. პრობლემა არ დაწყებულა ეტლიდან. პრობლემა დაიწყო მაშინ, როცა ხატოვნად რომ ვთქვათ, იყო მხოლოდ კიბე და არა პანდუსი კიბესთან ერთად. 1998 წელს მოხდა ეს ავარია, მაშინ 19 წლის ვიყავი. მე მგონია, რომ ცხოვრებაში პრობლემები იარსებებს თუ თავად ჩავთვლით მას პრობლემად. თუ მიიჩნევ, რომ ეტლი დიდი პრობლემაა, აუცილებლად ასეც იქნება. მაგრამ, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ინდივიდუალური გადაადგილების საშუალებაა, პრობლემად აღარ მოგვეჩვენება. მე არ ვფიქრობ, რომ დღე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ეტლი შემოიტანა, რამით განსაკუთრებულია. ვფიქრობ, განსაკუთრებული და გამორჩეული დღეები წინაა. ის დეტალი ჩემთვის ძალიან უმნიშვნლოა.
– ასეთ აზროვნებას დრო სჭირდება. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანი და რა მტკიცე ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს, როცა მის ცხოვრებაში ამხელა ცვლილება ხდება, პირველივე დღიდან თქვენსავით ვერ იფიქრებს.
– ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი. არასდროს მიოცნებია. მიზანი კი კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და თუ მის მიღწევაში რამე მიშლის ხელს, მე მას გამოწვევად ვიღებ, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახო. როცა სირთულეების წინაშე დავდექი, ეს შემთხვევაც ამ კონტექსტით მივიღე. რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა და ერთი და ორი დღე ნამდვილად არაა საკმარისი, ასე იფიქრო, მაგრამ, შემთხვევიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, უკვე ნათლად მქონდა ჩამოყალიბებული, რა მინდოდა და როგორ უნდა მებრძოლა იმისთვის. ადამიანს სიცოცხლის შანსი ერთხელ გეძლევა. ამ შანსს მაქსიმალური გამოყენება სჭირდება. შესაბამისად, პრობლემებზე ფიქრის დრო არ გვაქვს.
– როგორი იყო თქვენი ცხოვრება ამ შემთხვევამდე?
– ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამორჩეული – მხოლოდ ერთი ნიშნით: ყოველთვის მტკიცე ხასიათი მქონდა და ლიდერის თვისებებით გამოვირჩეოდი. ყველაზე დიდ მიღწევად მოსიყვარულე ოჯახი და სამეგობრო მიმაჩნია, რაშიც ძალიან გამიმართლა. პროფესიით ფილოლოგი ვარ, რადგან ქართული ენა და ლიტერატურა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. ეთნოგენეზისა და უძველესი ცივილიზაციის კვლევით ვიყავი დაკავებული პოლიტიკაში მოსვლამდე, მაგრამ ახლა იმხელა პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საყვარელი საქმიანობისთვის დრო აღარ მრჩება. პოლიტიკურ ცხოვრებასა და ქუთაისი-თბილისის გზაზე ხეტიალს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამის დრო კიდევ მოვა. ამ შემთხვევაში, ეტლი არაფერ შუაშია. უბრალოდ, მუდმივად გზაში ყოფნა და დიდი დროის ფლანგვა არაფრისმომცემია.
– საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ჰიმნის დროს ყველა დგას და თქვენ, ბუნებრივია, ზიხართ. თავად ამაზე ხუმრობდით: „ოღონდ არ მითხრათ, ფეხზე რატომ არ დგახარო“. თუმცა, წავიკითხე უარყოფითი კომენტარებიც მათგან, ვინც, ალბათ, თქვენი მდგომარეობის შესახებ არ იცოდა. აპროტესტებდნენ, ჰიმნის დროს რატომ ზისო. როგორი რეაქცია გაქვთ მსგავს კომენტარებზე?
– სიმართლე გითხრათ, ასეთი ამბები დიდად არ მაინტერესებს და არც წამიკითხავს. მაგრამ, პირობას ვდებ, ამ ხალხის კრიტიკას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ (იცინის). ზოგადად, კრიტიკისთვის მზად ვარ, მთავარია, ჩემი საქმე ვაკეთო. საერთოდ, მსგავს თემებს იუმორით ვუყურებ, რადგან იუმორი ძალიან ძლიერი იარაღი და თვისება მგონია. გარკვეული სტერეოტიპებიც ირღვევა, როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ამავე თემაზე არსებულ პრობლემებზე ხუმრობს. ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა მითხრა: ნუ გგონიათ, რომ სკამი რომელზეც ზიხართ, ყოველთვის თქვენი იქნებაო, რასაც საკმაოდ დიდი მხიარულება მოჰყვა (იცინის). ბუნებრივია, მისი ნათქვამის აზრი გასაგებია, მაგრამ საერთოდ, სხვებისგან განსხვავებით, მე ჩემი სკამით შემოვედი პარლამენტში და ასევე ვაპირებ გასვლას.
– როგორი იყო ბავშვობა. როგორი იყავით?
– ძალიან აქტიური და ცელქი ბავშვი ვიყავი. გაკვეთილების მოსამზადებლად ცოტა დრო მჭირდებოდა და შესაბამისად, ეზოსთვის ბევრი – მრჩებოდა. ცოტა ზარმაციც ვიყავი (იცინის). მეამბოხე ხასიათით, ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დიდი ეროვნული სულისკვეთება მქონდა. ცხრა აპრილის მოვლენებს ვუყურებდი და თანატოლიბისგან განსხვავებით, ზეპირად ვიცოდი გენერალ მაზნიაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მარო მაყაშვილისა და სხვების შესახებ. ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან მქონდა ანტირუსული განწყობა (იცინის). მაშინაც ვდისიდენტობდი. მახსოვს, პიონერის ყელსახვევი საჯაროდ დავხიე და დავწვი.
– ბიჭების ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალურია ქუჩის თემა. ცოტა უცნაურია, პარლამენტარს რომ ამ თემაზე გეკითხებით, მაგრამ თქვენს ცხოვრებაშიც იქნებოდა ეს ეტაპი.
– ძველი თბილისის ქუჩა კოლორიტი იყო. ვერაზე ვსწავლობდი და სოლოლაკში ვცხოვრობდი. ჩვენი კარი არასდროს იკეტებოდა, რაც ძალიან კარგი იყო. სამწუხაროდ, დღეს ეს ურთიერთობები დიდიწილად დაკარგულია. რაც შეეხება ქუჩას, დიდი მოჩხუბარი არ ვყოფილვარ. თუმცა, თუ საჭიროება მოითხოვდა, უკან არ დავიხევდი. ფიზიკური მონაცემებით თანატოლებს საგრძნობლად ვუსწრებდი და ამიტომ, ჩემთან ჩხუბს ერიდებოდნენ (იცინის). როგორც ყველას, მსგავსი ისტორიები მეც მაქვს, მაგრამ მათი გახსენება არ შეიძლება (იცინის).
– ყველა დროის, თუმცა, განსაკუთრებით 90-იანების, დიდი პრობლემა იყო „წამალი“. თქვენ რა დაგეხმარათ გადარჩენაში?
– ნარკოტიკს თავს არასდროს გავაფუჭებინებდი. უფრო მეტიც, ავარიის შემდეგ, იძულებული ვიყავი, რომ ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშუალებები მიმეღო. მაშინაც ვცდილობდი, ტკივილი მაქსიმალურად მომეთმინა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმეღო, როცა სხვა გზა, უბრალოდ, აღარ არსებობდა. თუმცა, უფრო ხშირად თავს ვიკავებდი. ვფიქრობდი, რომ ფხიზელი უფრო მალე დავამარცხებდი ამ პრობლემებს.