№1 რატომ დაენგრა ქეთი ხუციშვილს მეორე ოჯახი და რა შეუხტა მას ახალი წლის ღამეს ლოგინში
ქეთი ხუციშვილისთვის 2017 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და ამის მიზეზი ყველამ ვიცით. თუმცა, იყო რთული პერიოდებიც. მსახიობმა წელს მეორე ოჯახი შექმნა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობა ძალიან მალე დასრულდა. თუმცა, მდგომარეობიდან გამოსვლა და ჩვეულ ფორმაში დაბრუნება ქეთიმ მალე შეძლო და ახალი წლიდან, ახალი გეგმები აქვს.
– ქეთი, სად და როგორ ხვდები ხოლმე ახალ წელს?
– ძირითადად, სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ წელს გასვლა მომიწია. მეგობრებთან ერთად რესტორანში შევხვდი. ლუნასავით დამებედა რესტორნებში ხშირად სიარული (იცინის). საახალწლოდაც ბევრგან მეპატიჟებოდნენ.
– ლუნასავით, შენც თაყვანისმცემლები გეპატიჟებიან?
– (იცინის) არა. ამ შემთხვევაში, მეგობრებს ვგულისხმობ, გულწრფელად ვამბობ. მაგრამ თუ შემოთავაზება იქნება, არ არის პრობლემა. ამ ეტაპისთვის მართლა არაფერს ვმალავ (იცინის).
– საახალწლო ტრადიციული კერძების მომზადება თუ გეხერხება?
– ზოგადად, ყოველდღიურად საჭმელს, რა თქმა უნდა, მე ვაკეთებ. მაგრამ, როგორც ასეთი – სადღესასწაულო სუფრა, ჯერ არ გამიმზადებია და ვერც წელს გავამზადე. მით უმეტეს, მეც და ჩემი შვილიც გასულები ვიყავით სახლიდან. ისე, ყველაფრის კეთება მეხერხება, გარდა ცომეულისა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, საცივი არასდროს გამიკეთებია. დედაჩემს ვეხმარები ხოლმე. ყოველთვის ყველაფერს ვუმზადებ, მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს მიცდია. რაც შეეხება ახალი წლის განუყოფელ ნაწილს – გოზინაყს ზაფხულშიც გამიკეთებია, თან, ძალიან გემრიელი. თუმცა, „მუღამი“ არ ჰქონდა, ახალი წელი მეგონა, მაგრამ არ იყო (იცინის).
– რამე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში ახალ წელთან დაკავშირებით?
– განსაკუთრებული არაფერი. ის კი არა, შარშან, ახალ წელს, პირველის ათ წუთზე ღვინო დავლიე და დავიძინე. თან, წარმოიდგინეთ, მაშინ პოპულარობის ზენიტში ვიყავი, მაგრამ სახლში მაინც მარტო აღმოვჩნდი (იცინის). თუმცა, არ ვწუწუნებ, მარტოც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. 12 რომ შესრულდა, ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი ფოიერვერკებს. შემდეგ ღვინო დავლიე და ბედნიერად დავიძინე (იცინის). ერთი ახალი წელი მქონდა ძალიან სასაცილო. ლოგინში ვიწექი და 12 საათი გახდა თუ არა, მეზობლის ძაღლმა კარი შემოანგრია, შემოხტა და ლოგნში შემომივარდა. ვერაფრით მოვიშორე თავიდან, ძლივს გაიყვანეს (იცინის).
– როგორი მეკვლე ხარ?
– ამბობენ, რომ ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ვისთანაც ვიყავი, ყველას გაუხარდა. ლაღი გული მაქვს, ხალისიანი და კარგი გოგო ხარო, მეუბნებიან, მჯერა, როგორი განწყობითაც შეხვალ ოჯახში, ის დაებედებათ. ჩემი მეკვლე ჩემი შვილია. თუმცა, ზოგადად, ახალი წლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. განსაკუთრებულსაც ვერაფერს ვიხსენებ ამ დღესთან დაკავშირებით. ყოველთვის ძალიან ბანალურად ვხვდები ხოლმე. აქამდე გარეთაც არასდროს შევხვედრივარ.
– 2017 წელს როგორ შეაჯამებ?
– ყველაზე კარგი წელი იყო პირადად ჩემთვის – სერიალში აღზევების პერიოდი მქონდა. ამ წელმა დიდი პოპულარობა მომიტანა და ყველანაირად გავიზარდე. ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა, რა თქმა უნდა, ცუდი მომენტებიც იყო. მაგრამ, არ მიყვარს ცუდი ამბების სხვებისთვის თავს მოხვევა. მეც არ ვარ დეპრესიული, რომ ამ ცუდ ამბებში გადავვარდე და თან გადავყვე. უფრო სწორად, თავს უფლებას არ ვაძლევ, დეპრესიაში ჩავვარდე. ამ დროს ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა მშველის.
– ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, ქეთი გათხოვდა, მაგრამ ძალიან მალე დაშორდა ქმარსო. მართალია ეს ამბავი?
– კი. იყო ასეთი მომენტი, მაგრამ ძალიან მალე დამთავრდა ყველაფერი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე დაემართა.
– ასე ჩუმად როგორ მოახერხე ან გათხოვება და ან ურთიერთობის დასრულება, როცა სულ ყურადღების ცენტრში ხარ?
– მოვახერხე (იცინის). თუმცა, ამაზე აღარ მინდა საუბარი. არ იყო მარტივი, პირიქით, ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს გასტანა. ისევ და ისევ ხალხთან ურთიერთობით გამოვედი მდგომარეობიდან და დღეს თამამად შეიძლება ვთქვა, რომ არაფერი მახსოვს.
– სერიალში ლუნა მაცდურ ქალად გადაიქცა. შენ თუ გაქვს საერთო მასთან?
– როგორი ინტრიგნული კითხვაა. ვისთვის – როგორ (იცინის). არ ვიცი, საკუთარ თავზე როგორ ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის, რომ მაცდური ქალი ვიყო. აი, ვინ როგორ აღმიქვამს, ეს უკვე მათი საქმეა (იცინის).
– პოპულარობამ მამაკაცების მიმართ კრიტერიუმები შეგიცვალა?
– არა, ისევ ისეთი მამაკაცები მომწონს. განსაკუთრებული – არაფერი, ჩემთვის მთავარია, ადამიანურობით გამოირჩეოდეს და იუმორის გრძნობა ჰქონდეს. სხვას, განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ.
– წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ რამე ხომ არ შეიცვალა შენში?
– კი. ახალი ურთიერთობების შიში გამიჩნდა. მაგრამ, კონკრეტულ სიტუაციაში ვეღარ ვგრძნობ ამ შიშს. მანამდე უფრო მეშინია, სანამ ურთიერთობა დაიწყება. ადამიანის გაცნობის შემდეგ, ეს შიში თავისთავად ქრება.
– „ფეისბუქზე“ შენი ახალი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ბევრმა აიტაცა.
– მართლა არ მეგონა, ეს ვიდეო თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა. მოულოდნელად და დაუგეგმავადაა გადაღებული. სახლში მივდიოდი, ლაპარაკს შევყევი, თან, მანდარინის ჭამაში გავერთე. ჩემმა დამაც ეგრევე ვიდეო ჩართო (იცინის). ბევრს ჰგონია, რომ მე არ ვიცოდი და ვიღაცამ „გამიჩალიჩა“ (იცინის).
– ვიდეოში ამბობ, დედას გული ვატკინეო…
– ეს ჩემი გაზვიადებულია, მაგრამ სულ დაკავებული რომ ვარ, დედა მეუბნება, ჩემთვის აღარ გცალიაო. თუმცა, როგორც იქ ვამბობ, იმ ფორმით არა. უბრალოდ, ხანდახან მეტყვის ხოლმე, სულ დამივიწყეო და ეგაა. მერე მე გამოვაბი კუდი, გავაზვიადე და ხალხს მართალი ეგონა (იცინის). ამ ვიდეოში ვლაპარაკობ გულშემატკივრების დამოკიდებულებაზეც. ზოგს სწყინს, პასუხს თუ ყოველთვის ვერ გავცემ. თავიდან მართლა ვცდილობდი, ყველასთვის ყველაფერზე მეპასუხა. მაგრამ, ახლა, ზოგჯერ ფიზიკურად არ შემიძლია ამდენი პასუხის გაცემა. ეგ კი არა, ზოგჯერ შეიძლება, შვილმა მომწეროს და იმას ვერ ვუპასუხო რამდენიმე საათის განმავლობაში. ჰოდა, ზოგს არ სიამოვნებს ეს და ყველას ბოდიშს ვუხდი. მხოლოდ და მხოლოდ მოუცლელობის გამო გამოდის ასე, შესაბამისად, არავის უნდა ეწყინოს.
– ლუნას ბოლო დროს მდიდარ მამაკაცებთან უწევს ურთიერთობა. რეალურ ცხოვრებაში თუ ანიჭებ დიდ მნიშვნელობას მამაკაცის მატერიალურ მდგომარეობას?
– აქამდე ისე მოვედი, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის. ყოველთვის სხვა რამეს უფრო ვანიჭებდი უპირატესობას – მამაკაცურობას, იუმორის გრძნობას. მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ მამაკაცის მატერიალური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. იმიტომ რომ, ბევრი უთანხმოება და კონფლიქტი სწორედ უფულობის გამო ჩნდება. ასე რომ, მატერიალური შესაძლებლობა მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
– ბევრი ფიქრობს, რომ კაცის ღალატი დასაშვებია. ეთანხმები ამ აზრს?
– თუ საქმე ღალატამდე მივიდა, ესე იგი, პატივისცემა დაკარგულია. მთავარია, ამ მომენტამდე არ მივიდეს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. რას ნიშნავს, „მთავარია, მე არ გავიგო“ ან რამე მსგავსი გამართლება? ღალატი ღალატია.
– ქეთი, სიმღერასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვს გეგმები?
– სხვათა შორის, კი. მაქვს რაღაც შემოთავაზებები – ხან ვინ მეუბნება დუეტის ჩაწერას ხან – ვინ. კი გამომივა ერთი ალბომი (იცინის). სერიოზული არაფერი, მაგრამ რაღაც გეგმებია ამ კუთხით და ვნახოთ, რა იქნება (იცინის).