№1 როგორ „მონათლეს“ ყაჩაღ თოვლის ბაბუად ონისე ონიანი და რის გამო შესძულდა მას სიტყვა „გილოცავთ“
იშვიათად შევხვედრივარ ისეთ პოზიტიურ, ენერგიულ, იუმორით სავსე და ნიჭიერ ადამიანს, როგორიც მსახიობი ონისე ონიანია. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, ცდილობს, ყველაფერში პოზიტივი დაინახოს. მართალია, ახალ წელს, ისევე როგორც შარშან, საკუთარ ბინაში ვერ შეხვდა, მაგრამ ამაშიც ერთგვარ დადებითს ხედავს და იმედი აქვს, მომავალ წელს, მეგობრებთან ერთად, საკუთარ ჭერქვეშ იზეიმებს.
ონისე ონიანი: რაც არ უნდა პრობლემა მქონდეს, ახალი წლის დღეებში, ყოველთვის ამაღლებული და დადებითი განწყობა მაქვს. სულ სიხარულისა და სიახლის მოლოდინში ვარ. მიყვარს საახალწლო და საშობაო მზადება – ახალი წლისა და შობის დღესასწაულის სახლში შეხვედრა. რადგან საკუთარი ბინა არ მქონდა, შარშან ლევან წულაძის ოჯახში შევხვდი მთელი ჩემი ოჯახითა და ძაღლით. წელს კი, ნიკო გომელაურის ბინაში, რომელიც ეკა ნიჟარაძემ დამითმო და ამისთვის, მას დიდი მადლობა. იმედია, 2019 წელს, საკუთარ ჭერქვეშ შევხვდები. ლისის ტბაზე ვიშენებ, მალე დამთავრდება და მეშველება. მახსოვს, ადრე, მეგობრები ვიკრიბებოდით და საოცარ დროს ვატარებდით, მიდიოდა სმა-ჭამა და სასწაული გართობა. აი, შარშან, ჭოლასთან რომ შევხვდით, მაგიდაზე ყველაფერი ორ-ორი ეწყო – საცივი, გოჭი, გოზინაყი, ხაჭაპური...
– ორი-ორი გოჭი და საცივი რატომ?
– მანანა კოზაკოვა საოცარი დიასახლისი და მზარეულია. ჭოლასაც უყვარს ჭამა და მეც. მაგათაც მოიტანეს გოჭი, ჩვენც... მაგათაც გააკეთეს საცივი, ჩვენც... ასე რომ, იყო ერთგვარი კულინარიული შეჯიბრება-დუელი (იცინის). ბოლოს, მაგიდას რომ გადავხედეთ, იმდენი საჭმელი გვქონდა, აღარ ვიცოდით, რა გვეჭამა (იცინის).
– ვისმა გოჭმა და საცივმა აჯობა?
– მანანას ვინ შეედრება? (იცინის) სხვათა შორის, ჭოლა გიჟდება საჩუქრებზე და საახალწლო მზადებაზე – ნამდვილი სანტა კლაუსია. 12 საათმა რომ ჩამოჰკრა, მიმოვიხედე და ყველა გაქრა სუფრიდან. ვიფიქრე, რა მოხდა-მეთქი და უცბად, გამოვარდნენ საჩუქრებით ხელში (იცინის).
– როგორც გავიგე, წელს ჭოლამ გამონაკლისი დაუშვა და არა საკუთარ სახლში, არამედ, შენთან, ანუ ნიკო გომელაურის ბინაში, შეხვდა ახალ წელს. ეს მისი ინიციატივა იყო თუ თავად დაპატიჟე?
– ჭოლას უნდოდა, მასთან შევხვედროდით ახალ წელს, მაგრამ, რომ ვუთხარი, ვერ მოვალ-მეთქი, თავად გამოთქვა სურვილი: მაშინ, ჩვენც შენთან შევხვდებით ახალ წელსო და მოვიდა ცოლ-შვილთან და საყვარელ ცუგრიკა – ელიკოსთან ერთად. ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. მართალია, ორი გოჭი და საცივი არ გვქონდა სუფრაზე, მაგრამ ბევრი საჭმელ-სასმელი კი იყო (იცინის). თან, ძაღლის წელი დადგა, მე როკი მყავს ვაჟკაცი, ჭოლას კიდევ – ელიკო და ასე, ორი ძაღლით, ყეფა-ყეფითა და მხიარულად დავხვდით ძაღლის წელიწადს. იმედია, ასეც გაგრძელდება. მოკლედ, ჩემი სანტა კლაუსი იყო საახალწლო ქუდდაფარებული როკი, ფიფქია კი – ელიკო (იცინის). ზოგადად, საახალწლო მაგიებისა და რიტუალების არ მჯერა, მაგრამ ტრადიციებს ყოველთვის ვიცავ.
– რა საჩუქარი შეურჩიე ჭოლას საახალწლოდ?
– ჭოლა გიჟდება კაშნეებზე და ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია, რა მეყიდა – კაშნე ვაჩუქე და ძალიან გავახარე. მე კი, ცოლმა სუნამო მომართვა. ყოველ ახალ წელს მანებივრებს და არც წელს იყო გამონაკლისი. ახალ წლამდე, ერთი თვით ადრე ავაწყვეთ ნაძვის ხე. ულამაზესი მწვანე ანგელოზი მაჩუქა ეკა ბაკურაძემ, ის დავკიდე და მეც ვიყიდე ახალი, ორიგინალური ბურთი სიახლისთვის. მიყვარს უცხო სათამაშოებითა და სხვადასხვა ფერად გაწყობილი ნაძვის ხე. ასე შევიქმენით საშობაო-საახალწლო განწყობა ნაძვის ხით, ახალ წლამდე ერთი თვით ადრე. სხვათა შორის, საახალწლო ტრადიციიდან ჩვენმა ოჯახმა ამოიღო შუშხუნები და ასაფეთქებლები. შიში მაქვს. ჩემი მეგობრის მამას ხელში აუფეთქდა და თითი წააძრო, ვიღაცა დაყრუვდა, ვიღაცას თვალში მოხვდა. ამიტომ, რატომ დავიინვალიდო თავი? აფეთქებისა და ხმაურის გარშეც, კარგად შევხვდი ახალ წელს. ისე მეშინია. ასაფეთქებლების, ფანჯარასთან ახლოსაც არ მივდივარ. მიყვარს შობა, როცა ყველა ფანჯრიდან, სიბნელეში სანთელი ანათებს. ერთი სული მაქვს, როდის დადგება შობა, გამორჩეულად მიყვარს ეს დღე.
– ბავშვობაში თუ გჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის და თუ მოჰქონდა საჩუქრები შენთვის?
– დიდად არ მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის, მაგრამ სულ ველოდებოდი საჩუქარს (იცინის). ისე, ახლა გამახსენდა, არც კართან მიტოვებდა საჩუქრებს და არც ბალიშის ქვეშ. ახლა კი წლებია, ჩემი ოჯახის თოვლის ბაბუა მე ვარ, ცოლი კი – ჩემი და ვუძღვნით ასე ერთმანეთს საყვარლად საჩუქრებს. მთელი ხუთი წელი, ზედიზედ ვიყავი თოვლის ბაბუა. ნაბადში გახვეული, წვერ-ულვაშით ვიჯექი მთაწმინდაზე, დღეში 1 000-1 500 ბავშვს ვიღებდი და ვასაჩუქრებდი. სიტყვა „გილოცავთ“ და საბავშვო ლექსები შემზიზღდა (იცინის). ვეუბნებოდი, არ მინდა, ბავშვებო, ლექსები, ისე მოგცემთ საჩუქარს-მეთქი და ისინი მაინც დიდი მონდომებით მიკითხავდნენ (იცინის). ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა: მოკლედ, თეატრში მოვირგე თოვლის ბაბუის კოსტიუმი, დავიმაგრე თეთრი წვერ-ულვაში, ამოვიცვი აზიაცკები და მთაწმინდაზე გავრბივარ. მაგვიანდება. მძღოლმა დამირეკა, მოვედი, დაბლა გელოდებით ლურჯი ფერის მანქანითო. გავვარდი, არ დამაგვიანდეს-მეთქი, გამოვაღე მანქანის უკანა კარი, ჩავხტი და შევყვირე: აბა, წავედით! უცბად, ცოლ-ქმარი, შემობრუნდა წინიდან და ატეხეს კივილი, გვაყაჩაღებენო. ვაიმე, ბოდიში, შემეშალა-მეთქი, გადმოვხტი და სწრაფად ჩავხტი მეორე მანქანაში. გავხედე მძღოლს, ფერი აქვს დაკარგული. თურმე, ისიც შემშლია. ერთი სიტყვით, სანამ ჩემს მანქანაში ჩავჯექი, ხან ყაჩაღ თოვლის ბაბუად „მომნათლეს“ და ხან გიჟ-გადარეულად (იცინის). ბავშვობაში საახალწლო ზეიმზე კურდღლის ფორმა ჩამაცვეს და სანამ ჩემი გამოსვლის დრო დადგა, ბავშვებმა კუდი მომაგლიჯეს. წარმოიდგინეთ, კუდიანი კურდღელი როგორია და უკუდო რა ვიქნებოდი? (იცინის) ზოგადად, გასული წელი, განსაკუთრებული არა, მაგრამ კარგი წელიწადი იყო. მშვიდად გავაცილე და უკეთესის მოლოდინში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დავხვდი.
– შენი მეკვლე, როგორც მივხვდი, როკი და ფიფქია-ელენე იყვნენ. თავად როგორი ფეხი გაქვს და თუ გეპატიჟებიან მეკვლედ?
– ძაღლის წელიწადში ორი ძაღლი რომ იქნება შენი მეკვლე, წესით, უნდა ავშენდე (იცინის). აშენების რა მოგახსენოთ, მაგრამ მეც კარგი მეკვლე ვარ. რიგი იყო ჩემზე და სიებს ადგენდნენ. ოთხი კი გავათხოვე და მეტი რა ვქნა? (იცინის) არ დამავიწყდება, სანამ ცოლს მოვიყვანდი, იმ ახალ წელს მარტო ვხვდებოდი. გავშალე სუფრა და იმ სიცივეში, საიდან გაჩნდა ბუზი, ვერ გეტყვით. დავუწყე დევნა და მთელი ახალი წელი სირბილში გავატარე. ის ფიქრობდა, ახალ წელს მივულოცავო და მე მოსაკლავად დავდევდი. რა გინდა? კი გამოდგა ფეხბედნიერი მეკვლე. იმ წელს ცოლი მოვიყვანე.