კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ მოკლეს მსოფლიოში სახელგანთქმული მეფე ფარსმან ქველი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

მეორე საუკუნეში ქართლში ისევ ორი მეფე იჯდა. ქართლის ორივე ნაწილის მეფეები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ. მოყვარესაც ერთად მოყვრობდნენ და ერთად იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგაც. მიუხედავად ამისა, ორმეფობა, თავისთავად, ცუდია სახელმწიფოსთვის, ადრე თუ გვიან, არ შეიძლებოდა, ორი ტახტის მფლობელთა ინტერესები არ გადაკვეთილიყო და დაპირისპირება არ მომხდარიყო.
არმაზში მეფობდა ფარსმან ქველი და მცხეთაში მირდატი („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით მეფობდნენ ფარსმან ქველი და ფარსმან ავაზა).
მირდატმა მოიყვანა პართიელი ქალი ცოლად, მეფეთა ნათესავი და პართიელებისავე წაქეზებით, იქცა ფარსმან არმაზელის მტრად. განიზრახა თავისი მოძმისა და ნათესავის – ფარსმან ქველის, მუხანათურად მოკვლა. ვერაგული მიზნის განსახორციელებლად, არმაზის მეფე თავისთან სტუმრად მიიპატიჟა, ვითომდა სამეჯლისოდ და სალხინოდ. მაგრამ, ვიღაცამ აცნობა ფარსმან ქველს მირდატის ჩანაფიქრი და არ ეწვია არმაზელი მცხეთელს.
იმ დღიდან გადაემტერნენ ერთმანეთს ქართველთა მეფეები. მირდატს ეხმარებოდნენ პართიელები, ფარსმანს კი სომხები. მირდატი ყოფილა ბოღმიანი და მოსისხლე ადამიანი. ფარსმანი კი კეთილი, უხვი, შემნდობი, გარეგნობით მშვენიერი, ტანით დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და ბრძოლაში გაბედული – „უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითა-ვე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა“, რომლებსაც უმეფიათ მის წინ. მირდატის ცუდი ხასიათისა და ფარსმანის სიკეთის გამო, ფარსმანი ჰყვარებიათ მირდატის სამბრძანებლის მკვიდრ ქართველებსაც, ხოლო მირდატი სძულდათ. ამიტომ, მის მხარეს გადავიდა მირდატის სამეფოს უმრავლესი ნაწილი.
დაამარცხა ფარსმან ქველმა მირდატ მეფე და გააქცია. წავიდა მირდატი პართიაში.
ფარსმან ქველს ჰყავდა სპასპეტი, მასავით ძლიერი მეომარი, რომელსაც ერქვა ფარნავაზი. ფარნავაზი იყო ფარსმანის ძუძუმტე, მისი ერთგული და სანდო ადამიანი. ფარსმანმა ფარნავაზი დანიშნა შიდა ქართლის გამგებლად, მირდატის ყოფილ საბრძანისში. ფარნავაზი, მეფის სახელით, მართავდა შიდა ქართლს, მეფე კი დადიოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და განაგებდა სამეფოს. „მოქცევაÎ ქართლისაÎს“ უფრო ძველი ცნობა, ფარსმან ქველისა და ფარსმან ავაზას (ფარნავაზის, ფარნ-ავაზის) მეფობის შესახებ, შეიძლება, ამ ამბავს გადმოგვცემდეს.
ფარსმან ქველმა გააძლიერა იბერიის სამეფო. ის არ ეპუებოდა არც პართიას, არც რომს და მათ წინააღმდეგ იბრძოდა. გახსნა დარიალის კარი და ალანების ბრბოები შეუსია იბერიის დაპყრობის მოსურნე იმპერიების სამფლობელოებს. შემდეგ, როცა რომისგან დათმობები მიიღო, დაახლოებით, 144 წელს ეწვია იმპერატორ ანტონიუს პიუსს მოლაპარაკებაზე. რომში ჩვენი ხელმწიფის პატივსაცემად დიდი ზეიმი და ასპარეზობა გაიმართა. ქართველთა მეფის პატივისცემის ნიშნად ფარსმანის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება მარსის მოედანზე დადგეს.
გაქცეულმა მირდატმა მოიმხრო პართიელები და დიდი ჯარით შემოიჭრა ქართლში ფარსმანის დასამარცხებლად. ფარსმანმა შეკრიბა ქართლის ჯარი, მიიმხრო სომხები და შეეგება მირდატის ჯარს რკინისხევის ვიწრობში. მრავალი დღე ებრძოდნენ ბუმბერაზი ფალავნები ერთმანეთს. თუ გამოჩნდებოდა ვინმე ბუმბერაზი მეომარი პართიელთა შორის, რომელთანაც გაუჭირდებოდათ შებრძოლება ჩვენი მეფის ჯარის  მეომრებს, ქართველთა და სომეხთაგან, მაშინ თვითონ მეფე ფარსმანი გადიოდა საასპარეზოდ ან მისი სპასპეტი ფარნავაზი. ასე სჯობდნენ და ამარცხებდნენ მტრის ბუმბერაზებს. ფარსმან მეფემ მოკლა ჩვიდმეტი, ხოლო ფარნავაზმა ოცდასამი პართიელი ბუმბერაზი.
პართიელთა შორის იყო ერთი გოლიათი კაცი, სახელად ჯუმბერი, რომელიც თურმე, ლომს იჭერდა ხელით. მან სთხოვა ფარსმან მეფეს ერთიერთზე ბრძოლა. ჩვენი მამაცი ხელმწიფე სიხარულით აღიჭურვა და გავიდა საბრძოლველად. ორივემ საზარელი ხმით დაიყვირა და მიეტევნენ ერთმანეთს. იბრძოდნენ ხმლებით. მათი ბრძოლის ხმა ჭექა-ქუხილს ჰგავდა. აჯობა ფარსმან მეფემ, ჩამოაგდო ცხენიდან და მოკლა, მოტრიალდა თავისი ჯარისკენ და დაიყვირა: „აჰა, მძვინვარე ლომებო, ცხვრები დასეტყვილი!“
შეუტიეს ქართველებმა და სომხებმა პართიელებს, დაამარცხეს, გააქციეს, დახოცეს და ტყვედ აიყვანეს ურიცხვი. კვლავ პართიაში გაიქცა მირდატი.
შემდეგ წელიწადს ისევ შემოიჭრა იბერიაში მირდატი, უფრო დიდი ჯარით. ფარსმან მეფემ შეკრიბა ჯარი – მხედრები, ქვეითები და გამაგრდა მცხეთაში, რადგან არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის მეომრები. მოვიდა მირდატი და დადგა ჯაჭვს (მდებარეობა დღეისთვის უცნობია, ალბათ, მცხეთასთან ახლოს).
იმართებოდა ბუმბერაზთა ორთაბრძოლები. ორთაბრძოლაში ფარსმან მეფემ მოკლა თორმეტი, ფარნავაზმა კი – თექვსმეტი ბუმბერაზი.
ჩვენი ხელმწიფე არ შეუშინდა მტრების მრავალრიცხოვნებას. ერთ ალიონზე მოულოდნელად გაიჭრა ქალაქიდან და თავს დაესხა პართიელთა ბანაკს. ღმერთმა გაამარჯვებინა ფარსმან ქველს. უამრავი პართიელი დახოცეს ქართველი მეფის ჯარისკაცებმა და ბევრიც ტყვედ აიყვანეს. ისევ გაიქცა მირდატი პართიაში. განითქვა ფარსმან ქველისა და მისი სპასპეტის, ფარნავაზის სახელები. ფარნავაზი სათავეში ჩაუდგა ქართლისა და სომხეთის ჯარებს და შეიჭრა პართიაში. ვერავინ აღუდგა წინ ფარსმან ქველის ჯარს.
რადგან პართიელებმა ვერ შეძლეს ფარსმან ქველის დამარცხება, ვერაგული გეგმა შეიმუშავეს. მოისყიდეს  ერთი მზარეული, აღუთქვეს დიდი საჩუქრები და უთხრეს: „წადი და დადექი ფარსმან მეფის სამსახურში, თან წაიღე საწამლავი, შეურიე საჭმელში და შეაჭამე“. მზარეულმა წამოიღო საწამლავი და მოწამლა მეფე ფარმან ქველი.
შეიქმნა გლოვა, ტირილი და ტყება (თავში ცემა) ქართველებს შორის. წარჩინებულებიდან გლახაკებამდე გლოვობდა ყველა. ქალაქებსა და დაბებში, დასხდნენ გლოვის მგოსნები (დამტირებლები), ტიროდნენ და იხსენებდნენ ფარსმან მეფის სიმხნევეს და სიქველეს, მშვენიერებას, სახიერებას და მოსთქვამდნენ:
„ვაი ჩვენდა, რამეთუ მოგვიძია ბოროტმა ბედმა და მეფე ჩვენი, რომლის მიერ გამოხსნილნი ვიყავით მტერთა მონობისაგან, მოიკლა გრძნეული კაცების მიერ და ახლა უცხოელებს ჩავუვარდებით ასაოხრებლად ხელში“.
ეს რომ შეიტყვეს პართიელებმა, მირდატი დიდი ჯარით გამოაგზავნეს ქართლში და  დაიპყრეს იბერიაო, მირდატს მისცეს მისი ნაწილი, სადაც ადრე მეფობდა. ფარსმანის წილი თავადვე დაიჭირეს და დატოვეს თავისი ერისთავი არმაზში (შეიძლება იგულისხმება „მოქცევაÎ ქართლისაÎსეული“ როკი, მირდატთან ერთად იბერიის ერთ-ერთი მეფე).
ფარნავაზ სპასპეტმა გააქცია ფარსმანის ცოლი, ღადანა და ვაჟი. მივიდა სომხეთში, რადგან სომეხთა პართიული წარმოშობის მეფის ასული იყო ფარსმანის ცოლი. ასე დაიპყრეს იბერია მირდატმა და პართიელების ერისთავმა (როკმა).
იმ ხანებში რომს განსაკუთრებული ინტერესები ჰქონდა კავკასიაში და მის დათმობას არ აპირებდა პართიისთვის. სომხები იყვნენ რომის იმპერიის ყმები. სომეხთა მეფეს მოუვიდა რომაელთა ჯარი და გამოემართა იბერიისკენ. მას მიუერთდნენ მეგრელები (ეგრისელები, დასავლეთ ქართველები) და შეიკრიბა საკმაოდ დიდი ჯარი. მირდატს და პართიელთა ერისთავს დამხმარე ძალები მოუვიდათ პართიიდან. სომხები, რომაელები და მეგრელები შემოვიდნენ შიდა ქართლში. პართიელთა და მირდატის  ჯარი მათ დაუხვდათ მდინარე ლიახვის პირას.
გაიმართა დიდი ბრძოლა ადგილზე, რომელსაც ჰქვია რეხა. ორივე მხრიდან დაიხოცა უამრავი მეომარი. დამარცხდნენ პართიელები და ქართველები. ბრძოლაში მოკლეს მირდატ მეფე და პართიელთა ერისთავი.
იბერიის ტახტზე ავიდა ფარსმანის ძე ადამი (ღადამი), რომელმაც იმეფა სამი წელი და გარდაიცვალა. დარჩა ერთი წლის უფლისწული, სახელად ფარსმანი. ქვეყანას მართავდა ღადანა ბებია-დედოფალი.
скачать dle 11.3