კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის დღეებში, რომ დაავადების გამწვავებით, სადღესასწაულო განწყობა არ ჩავიშხამოთ

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ახალი წლის დღესასწაულზე, ყველა ოჯახში იშლება სუფრა და ტრადიციულ, მსუყე, შემწვარ-მოხრაკულსა და სასმელს გვიან საათებში მივირთმევთ. ამ დროს, ძნელია, თავი შეიკავო და იმაზე იფიქრო, რა სავალალო შედეგები შეიძლება, მოჰყვეს კუჭის გადატვირთვას ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ახალი წელი რომ შევირგოთ და საზეიმო დღეების გატარება საავადმყოფოში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არ მოგვიხდეს; თავი ავარიდოთ ზედმეტი სასმლისა და არასწორი კვებისგან გამოწვეულ ინტოქსიკაციას, ამაში, ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევა-რეკომენდაციები დაგვეხმარება.
მაკა კორინთელი:
მესმის, რთულია, როცა გაშლილ სუფრასთან ზიხარ, წინ უამრავი ნაირსახეობის კერძი და სასმელია, თავი შეიკავო, მაგრამ თუ ჭამა-სმის წინ, იმაზეც დაფიქრდებით, რა შედეგიც შეიძლება, მათ გადაჭარბებულად მიღებას მოჰყვეს, მერწმუნეთ, ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ზოგადად, სადღესასწაულო კერძების ჭამის შემდეგ, ბევრი ქრონიკული დაავადება მწვავდება. თავს გვახსენებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე პროცესები. მაგალითად, პანკეატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ, რომ არაფერი ვთქვათ, მომატებულ, ზედმეტ კილოგრამებზე. სტატისტიკურად, ამ დროს იმატებს ასევე, ინფარქტისა და ინსულტის რაოდენობაც.
– გეთანხმებით, რომ რთულია, ამ დღეებში ცხიმიანი, ნიგვზიანი, მწარე თუ ტკბილი კერძებისგან თავის შეკავება. და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, რომ არასასურველი შედეგისგან დავიცვათ თავი და არ გამოვიწვიოთ ქრონიკული დაავადებების „გამოღვიძება“?
– ახალი წლის სუფრა, იმაზე მეტ რისკთანაა დაკავშირებული, ვიდრე წარმოგვიდგენია. გარდა იმისა, რომ დღესასწაულის დღეებში ადამიანი წონაში იმატებს, ჯანმრთელობის გაუარესების საკმაოდ მაღალი და სერიოზული რისკიცაა. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა, სისხლში მაღალი ქოლესტერინი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიმსუქნე. გირჩევთ, დღის განმავლობაში არ მიირთვათ მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ. უმჯობესია, დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით მიიღოთ საკვები. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან, რადგან მისი მოხმარებისას მადა ძლიერდება. ამ დღეებში, შაქრის მატება სისხლში ანუ ჰიპერგლიკემია, პრედიაბეტისა და დიაბეტის მქონე პაციენტებში განსაკუთრებით საყურადღებოა. ცხიმით დატვირთული საკვები სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მატებას იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. მარილიანი საკვები კი, წნევის მატებას იწვევს. გარდა ამისა, ხშირად გვხვდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სხვადასხვა გამოვლინებით, როგორიცაა გულძმარვა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება.  ნიგვზიანი საკვები ხშირად არის დაკავშირებული ალერგიულ რეაქციებთან, რაც, თავის მხრივ, გამოვლინდება კანზე გამონაყარით, შეშუპებით, ქავილით, ზოგჯერ უფრო მწვავედაც. ნიგვზიანი საკვები შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მიზეზიც გახდეს, რასაც მოსდევს ფაღარათი, მუცლის შებერილობა და ასე შემდეგ. თუ გაწუხებთ თორმეტგოჯა ნაწლავი ან ნაღვლის ბუშტი, უნდა მოერიდოთ ნიგვზიან კერძებს, ცხიმიან ხორცს, მჟავეს, ცხარეს, მლაშესა და ალკოჰოლს. ზოგადად, გადატვირთული კვება, მთელი რიგი გართულების საწინდარია. განსაკუთრებით საშიშია გვიან საათებში დანაყრება, რასაც საკმაოდ არასასურველი შედეგები მოაქვს.
– ქართული სადღესასწაულო სუფრა გოზინაყის, ჩურჩხელის, ნამცხვრებისა და შოკოლადების გარეშე, წარმოუდგენელია. ზედმეტი ტკბილეული, რა დაავადებას ამწვავებს?
რადგან საახალწლო სუფრაზე მრავლად გვხვდება ნახშირწყლების შემცველი საკვები, როგორიცაა: გოზინაყი, ჩურჩხელა და სხვადასხვა ტკბილეული, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს და ინსულინოთერაპიაზე იმყოფება, იტარებს სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობის კურსს ან იცავს  შესაბამის დიეტას, განსაკუთებული სიფრთხილე მართებთ. თუ თავს ვერ შეიკავებენ და დიდი რაოდენობით ტკბილეულს მიირთმევენ, რაც კატეგორიულად ეკრძალებათ, ახალი წლის შემდგომ, შესაძლოა, პრობლემებს ვერ გაექცნენ. კერძოდ, ამ დროს ხშირია პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობა. ეს გამოიხატება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებით, რაც, თავის მხრივ, იწვევს წყურვილის შეგრძნებას, ღამის საათებში შარდვის გახშირებას, იწყება კანის სიმშრალე, შესაძლებელია გონების დაბინდვაც. მოკლედ, კიდევ ვიმეორებ, ნახშირწყლები, უპირველესად, შაქრის მატების მიზეზია; ცხიმიანი საკვები სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობას ზრდის, რაც არასასურველი ცხიმებია. მწარე, მჟავე საკვები გასტრიტისა და პეპტიური დაავადების გამწვავების რისკს შეიცავს. ალკოჰოლი და მარილიანი საკვები არტერიული წნევის მატებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელია. კუჭის გვიან საათებში გადატვრითვა კი ყაბზობის, ორგანიზმში ფარულად მიმდინარე პროცესების გამწვავების შედეგია და თავის განებივრება ამ დროს, ძვირი გვიჯდება.  რასაკვირველია, საახალწლო-საშობაო სუფრა სადღესასწაულო და მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ  განსაკუთრებით ზედმეტ საკვებს ვიღებთ, თან – არასასურველ დროს, ანუ, გვიან ღამით. ეს ყოველივე კი, არასასურველ შედეგებს იძლევა. თუ ჭამისას გადააჭარბებთ სადღეღამისო ნორმას, არ აქვს მნიშვნელობა, ცხიმიანი კერძები იქნება, თევზეული, ტკბილეული თუ სხვა, ეს გამოიწვევს ლიპიდური, ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც გამოიხატება საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დონის მატებით სისხლში და სხვა გართულებებით. თავის მხრივ, ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს სისხლძარღვთა გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, ინფარქტსა და ინსულტს. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ახალი წლის დღეების შემდგომ პერიოდში მიმართავს ბევრი ადამიანი ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ სტაციონარებს. ამიტომ, გირჩევთ, ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ ჯანმრთელობის მიმართ. ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს, ასევე, იწვევს დიდი რაოდენობით სითხეც. საახალწლო დღეებში ბევრ მარილიან კერძს მივირთმევთ, მამაკაცები კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლურ სასმელს, რაც სისხლძარღვების გადატვირთვას იწვევს და იწყება ჰიპერვოლემია. ეს კი არტერიულ წნევას მკვეთრად მაღლა სწევს. დიდი რაოდენობით ნიგვზიანი და თხილიანი კერძები, ძირითადად, ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავებას იწვევს. ამ დროს იწყება კუჭსა და მარჯვენა ფერდქვეშ  სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, ტკივილი. საერთოდ, მონელების თვალსაზრისით, მძიმე საკვებად ითვლება ნიგვზიანი კერძები, ცომეული და ტკბილეული. ამიტომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, სასურველია, ახალი წლის დღეებში მიირთვას მოხარშული ხორცი, თევზეული, სალათები. სალათები მომზადებული უნდა იყოს მცენარეული ზეთით და არა მაიონეზით. ასევე, ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მავნებელია ცხარე, მწარე, მჟავე, ტომატიანი კერძები.
– თუ მაინც ვერ შევიკავეთ თავი და კუჭი გადავტვირთეთ ზედმეტი საკვებით?
– თუ ზედმეტად გადატვირთეთ კუჭი, მაშინ, აუცილებელია, განტვირთვის დღე მოაწყოთ და მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ ერთი კილოგრამი ხილი, მაგალითად: მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა ან ვაშლი. ასევე, 500 გრამი ხაჭო ან მოხარშული ხორცი, ჩაი და ყავა უშაქროდ. ორი ლიტრი მინერალური და ონკანის წყალი. ამას კი დააყოლეთ პოლივიტამინის ერთი აბი.  სასურველია, ეს განტვირთვა ახალი წლის დღეებში მოაწყოთ  ჭარბწონიანებმა. მაგრამ, აქვე გაფრთხილებთ, ეს ეკრძალებათ დიაბეტიანებს. თუ წნევა გაწუხებთ, განტვირთვის დღეს უნდა ჭამოთ უმარილო საკვები. როცა უმარილო საჭმელს ჭამთ და სითხეს აყოლებთ, ეს მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და ამ დროს იწყება ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა. მაგრამ, თუ მარილიან საკვებს იღებთ და თან, სითხესაც აყოლებთ, ამ დროს ორგანიზმში სითხე შეკავდება და იწყება სისხლძარღვების გადატვირთვა, შეშუპება და წნევის მომატება. ამიტომ, არ შეიძლება, ინფარქტიანმა, ინსულტიანმა და წნევიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები.
скачать dle 11.3