№1 მოპარული ბედნიერება
იგრძნო, რომ დაიღალა... იჯდა, ყავას სვამდა და დაბუჟებულ ფეხებს „ასვენებდა“. დროდადრო დივანზე წამოწოლილი, მიძინებული ქმრისკენ აპირებდა მზერას. ენატრებოდა მასთან სიახლოვე. საზიზღარი სამსახური ყველაფერს ართმევდა, იმ ძვირფას წუთებსაც კი „ჰპარავდა“, რაც ოჯახისთვის ჰქონდა გადანახული. მერე ცდილობდა, თავი გაემართლებინა – რა მექნა, სხვა გამოსავალი არ იყო. საქმეს არ ეღალატებოდაო. არც ქმარი, არც შვილი აღარ აპროტესტებდნენ ნათიას მუდმივ, ქრონიკულ მოუცლელობას. ნათიას სინდისი აწუხებდა. იცოდა, ყოველდღე კარგავდა თითოეულ დეტალს იმ ფაზლისას, რომელსაც მისი ბედნიერი ოჯახი ერქვა.
ფინჯანი ონკანის ნიჟარაში ჩადგა და ისევ მირიანისკენ გაიხედა. „ესეც როგორ იღლებაო“, – გაიფიქრა და ფეხაკრებით გავიდა მეორე ოთახში პლედის გამოსატანად. მირიანს მობილური გავარდნოდა ხელიდან და ხალიჩაზე ეგდო. ქმარს პლედი რომ დააფარა, ტელეფონიც აიღო. ეკრანს დახედა, „მესინჯერი“ ციმციმებდა. ორი გაუხსნელი, წაუკითხავი წერილი იყო, შეყოყმანდა – არასდროს ჩამძვრალა ქმრის მობილურში, მირიანს ენდობოდა. რაღაცნაირი, შინაგანი რწმენა ჰქონდა და თავს ზედმეტად არ იტკიებდა. მაგრამ ახლა, ახლა... თითები თავისით მიიწევდნენ მობილურის ეკრანისკენ. ინტერესი ძლიერი და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა. მირიანს ღრმად ეძინა, რაღაცას თუ ვიღაცას უღიმოდა. ქალს უნდოდა, მობილური თავის ადგილზე დაებრუნებია, მაგრამ რაღაც ძალამ ამის საშუალება არ მისცა. ტუალეტში შევიდა, კარი ჩაკეტა და აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა... მერე იხსენებდა ამ წუთების ყველა დეტალს. ყველა წვრილმანის გაცოცხლებას ცდილობდა მეხსიერებაში. რამ მაიძულა, რამ მიბიძგა იმ ოხერი „მესინჯერის“ სანახავადო. პირველად საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. რამდენჯერმე წაიკითხა და გამომგზავნიც გადაამოწმა – ის იყო. ონკანი მოუშვა ორივე ხელისგული ცივი წყლის ჭავლს მიუშვირა. პეშვით ისხამდა წყალს სახეზე, მაგრამ მის ცრემლით გათხუპნულ მაკიაჟს ეს ვერ შველოდა. მხოლოდ ხელებზე შესცივდა. როგორ უნდოდა, წყლის ნაკადს გაჰყოლოდა და ისე გამქრალიყო ამ სახლიდან, სადმე გაუჩინარებულიყო. თავი მაშინღა ასწია, როცა გარკვევით გაიგონა შვილის ხმა...
თიკო ზღურბლთან იდგა და დედას განცვიფრებული შესცქეროდა.
– შენ რა, ტიროდი? დედა, რა მოხდა? აქ რას აკეთებ?
– სად... სად რას ვაკეთებ? აჰა, ჰო... თავს ცუდად ვგრძნობ. შეგიძლია, ჭიქით წყალი მომიტანო?
თიკო დაიხარა და ქალს სახეში ჩააშტერდა.
– გტკივა რამე?
– თიკო, მომეშვი. გამივლის.
– რა გაგივლის... ადექი, ჰო, ადექი და სამზარეულოში გავიდეთ. ფერი არ გადევს.
– ვერ გამოვალ. იქ მამაშენს სძინავს და არ მინდა, გაიღვიძოს. მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახოს... ღმერთო, ეს რატომ დამემართა...
თაკო რაღაცას მიხვდა.
– დე, მამამ დააშავა რამე? ვხვდებოდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მოყევი, რა გააფუჭა.
– მისი მობილური ვნახე, – ქალს სიტყვა ყელში გაეჩხირა და ისევ ტირილი დაიწყო. სლუკუნებდა, თან თიკოს უყვებოდა, როგორ აღმოაჩინა ქმრის მობილურის „მესინჯერში“ სასიყვარულო მიმოწერა, რომელმაც შოკში ჩააგდო.
– მეხი დამეცა, გესმის შენ? ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ვერც წარმოიდგენ, ეს რა საშინელებაა. მერედა, ვისთან, თითქოს სხვა ქალები დაილია ამ ქალაქში, ჩემს დაქალს რომ არ მიხტომოდა?! უსირცხვილო, უნამუსო, ნაძირალა...
– თიკომ ხელები მომუშტა.
– გავგლეჯ იმ ძუკნას! თან სულ რომ აქ იჯდა და მასზე „ერთგული“ არავინ გყავდა?!
– ჰო. ამით ისარგებლა და ამ იდიოტს ჩაუგორდა ლოგინში. არცერთის ნახვა არ მინდა. არ შემიძლია, გესმის შენ, ცუდად ვარ. მეშინია, რომ თავს ვერ შევიკავებ და საშინელებას დავმართებ, – ქალს სახე აელეწა. მთელი სხეულით აკანკალდა და შეაჟრჟოლა... – როგორ არ დავამხო ქვეყანა თავზე, როგორ არ გამოვააშკარაო ამათი უსირცხვილო ღალატი და შევარჩინო? უნდა გავიდე ახლა და სკანდალი მოვუწყო. არა, ჯერ იმ ძუკნას დავურეკავ. აქ მოვათრევ და მერე ავტეხ ამბავს. მაინტერესებს, თვალებში როგორ შემომხედავენ.
– დედა, მომისმინე, სკანდალის ატეხა შეიძლება, მაგრამ რა აზრი აქვს? ნერვებს უარესად აიშლი და ისევ შენ გამოხვალ ისტერიჩკა. მამაჩემმა შეიძლება, ყველაფერი ისე შეატრიალოს, რომ დამნაშავე აქეთ გამოგიყვანოს. მე ამას იმიტომ გეუბნები, რომ მიყვარხარ, შენთან ერთად ვიტანჯები. მამაჩემს არ ვაპატიებ, მაგრამ შენ ახლა უნდა დამშვიდდე. მერე მოვიფიქროთ, სამაგიეროს როგორ გადაუხდი.
– ისეთი დამცირებული ვარ, განადგურებული... ჩემს გულში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებს. ალბათ, იმდენი ხანია, მატყუებენ... რომ წარმოვიდგენ მათ გულისამრევ კავშირს, ვცოფდები!
თიკომ ამოიოხრა.
– მამაჩემი, რა თქმა უნდა, იდიოტია, შენ რომ გაწყენინა, მაგრამ შენი, ეგრეთ წოდებული, დაქალი გაცილებით უარესია. ამიტომ, ისე ნუ იზამ, მისი გული გაახარო.
– რას გულისხმობ? – ნათიამ თვალები ხელისგულებით მოიწმინდა და შვილს განცვიფრებით შეხედა, – უნდა ვაპატიო?
– ყოველ შემთხვევაში, ქმარი ასე ადვილად არ უნდა დათმო. იმასაც ეს უნდა... შენი ოჯახის დანგრევა.
– ოჯახი... ჰო, მეგონა, რომ ოჯახი მქონდა. შენ არ იცი, რას ვგრძნობ ახლა...
– ვიცი. ამიტომ, რაღაც მოვიფიქრე. ფული გაქვს. სანამ მამაჩემი გაიღვიძებს, უნდა წახვიდე.
– სად უნდა წავიდე, რა მოიგონე?
– დამიჯერე. თუ გინდა, ორივეზე შური იძიო, ასე უნდა მოიქცე. მაგარი გეგმა მაქვს. დავრეკავ აეროპორტში და გავიგებ, უახლოესი რეისი რომელი მიმართულებითაა. მერე ინტერნეტით სასტუმროს დაგიჯავშნი და გაემგზავრე.
– თიკო, რას ლაპარაკობ. შენ გგონია, ამ აბსურდულ გეგმაზე დამითანხმებ?
– აუ, დე, შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ? რეალობას ვერ შეცვლი. ისტერიკით კი მხოლოდ იმ ქალბატონის გულს გაახარებ. მამაჩემის ხასიათი ხომ იცი, სხვა კაცებისგან არაფრით განსხვავდება – ეგოისტია და მესაკუთრე. როგორც კი გაემგზავრები და ვერ გაიგებს, სად ხარ, გადაირევა. აი, ნახავ...
– კი მაგრამ, თიკო, ეს შეუძლებელია.
– რატომ არის შეუძლებელი? გეთანხმები, რომ პატარა ავანტიურაა, მაგრამ გამოგვივა... ჩუმად გადი და შენი ნივთები ჩაალაგე. მერე მანქანაში ჩაჯექი და აეროპორტში წავიდეთ.
– თიკო, ეს სიგიჟეა!
– დე, დამიჯერე!
– ღმერთო, ჭკუიდან ნუ შემშლი! ასე, ავდგე და გავემგზავრო, დამძიმებული გულით? ამ ვაჟბატონსაც ეს უნდა, მაშინვე იმ კახპასთან გაიქცევა.
– არსად გაიქცევა. შენ დაგიწყებს ძებნას, დარწმუნებული ვარ.
ნათიამ შვილს შეხედა. თიკოს თავდაჯერებულობამ და რწმენამ თავისი გაიტანა. ან შეიძლება, უკეთესი გამოსავალი მისთვის იმ წუთას არ არსებობდა.
***
მირიანმა ცოლი მხოლოდ დილით მოისაკლისა. საღამოს მისი მოძებნა არც უფიქრია. გაეღვიძა, ტანსაცმელი გამოიცვალა, მანქანის გასაღები აიღო და წავიდა. ერთი საათის შემდეგ მის შიშველ მკერდს მიხუტებული სხვა ქალი პრეტენზიული ტონით კიდევ ერთხელ უმეორებდა, მერამდენედ დასმულ შეკითხვას.
– ბოლოს და ბოლოს როდის ეტყვი შენს ცოლს ჩვენს შესახებ? ასე, დიდხანს ვერ გაგრძელდება...
– მაკო, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ შესაფერის მომენტს ველოდები.
– სამი თვეა, მარტო ეგ მესმის, დავიღალე...
– ძალიან კარგად იცოდი, ცოლი რომ მყავდა, თანაც, ჩემი ცოლი შენი დაქალია.
– მართლა? ამით რისი თქმა გინდა, რომ იმაში, რაც ხდება, მარტო მე ვარ დამნაშავე? მე მაბრალებ?
– არაფერს გაბრალებ და დამშვიდდი. უბრალოდ, მარტივი არ არის, ადგე, ამდენი წლის ოჯახი მიატოვო და წამოხვიდე.
– ის მარტივი იყო, ლოგინში რომ ჩამიწვინე? – ნიშნის მოგებით წამოაყვედრა მაკომ და გამომწვევად მიაშტერდა.
– მაკო, ტვინს ნუ გამიბურღავ, კარგი? რაღაც იქნება.
– „რაღაც იქნება“! – გამოაჯავრა ქალმა, – რაღაცის იმედზე ვერ ვიქნები. ჩემი ცხოვრება აურიე. გგონია, არ მაწუხებს, ნათიას რომ ვატყუებ? თვალებში ვერ ვუყურებ.
– შენც თვალებში ნუ შეხედავ, – გაღიზიანდა კაცი. ზეწარი გვერდზე მიაგდო და ტანსაცმელს მისწვდა.
– გადიხარ? არ დარჩები?
– არა. შენი პრეტენზიების მოსმენის სურვილი აღარ მაქვს.
ქალმა მამაკაცის ხმაში შემაშფოთებელი, გამაფრთხილებელი სიგნალი იგრძნო და მაშინვე შეცვალა ტაქტიკა. მირიანს ზურგიდან მოეხვია და თითები თმაში შეუცურა, – ჩემი საყვარელი ბიჭი, ჩემი დიდი ბავშვი, ჩემი სიხარული... – დაიწყო ენის მოჩლექით.
– გეყოფა, მართლა უნდა წავიდე. ამაღამ ვერ დავრჩები. დილით ადრე ვარ ასადგომი, მოსამზადებელი. რამდენიმე დღით უნდა გავემგზავრო.
– უჩემოდ? – ტუჩები გაბუსხა მაკომ, – წამიყვანე, რა...
– არ ვიცი, საქმიანი შეხვედრები მაქვს. არ მეცლება.
– ღამე მარტო დაძინებისგან გიხსნი. დღე კი ჩემთვის ვიქნები, არ შეგაწუხებ.
– არც ზედმეტ შეკითხვებს დამისვამ?
– არა, დედას გეფიცები.
– მირიანს გაეცინა.
– კარგი, მოვიფიქრებ.
***
თიკოს ეძინა და ბუნდოვნად ჩაესმოდა, როგორ დაბოდიალებდა ვიღაც ოთახში ბუზღუნით.
– ნათია! ნათია, ჩემი პულოვერი სად არის? – მირიანი მთელი ხმით ყვიროდა. თიკომ თავზე ბალიში წაიფარა და ძილის გაგრძელებას შეეცადა, მაგრამ უცებ გუშინდელი ამბები გაახსენდა და ამოიოხრა. რადგან საკუთარ თავზე აიღო პრობლემების მოგვარება, ცოტა დისკომფორტი უნდა აეტანა. აბრეშუმის პიჟამაზე ფუმფულა ხალათი შემოიცვა და ფეხშიშველი გავიდა მისაღებ ოთახში. მირიანი წინ და უკან დარბოდა. დივანზე გახსნილი სამგზავრო ჩანთა ედო. ცუდად დაკეცილი ტანსაცმლით, სანახევროდ სავსე... შვილის დანახვაზე მირიანმა ხმას უფრო აუწია.
– სად ხართ შენ და დედაშენი? ვერაფერს ვპოულობ ამ სახლში...
– მერე ამიტომ უნდა გამაღვიძო?
– ბოდიში, რომ მყუდროება დაგირღვიე, მაგრამ რა ვქნა? დედაშენმა გადაწყვიტა, ჭკუიდან გადამიყვანოს. ერთი საათია, ვეძახი და ხმას არ იღებს. სააბაზანოში წყალი აქვს მოშვებული და სპეციალურად არ გამოდის.
– სააბაზანოში წყალი მე მოვუშვი. ნათია სახლში არ არის.
მირიანმა ჯერ საათს შეხედა, მერე შვილზე გადაიტანა განცვიფრებული მზერა.
– ასე ადრიანად სად წავიდა?
– უფრო ყურადღებიანი რომ იყო საკუთარი ცოლის მიმართ, აღმოაჩენდი, რომ არც წუხელ ყოფილა სახლში, – ჩაიცინა თიკომ ირონიულად, – ნათია წავიდა...
– მოიცა, რას ნიშნავს წავიდა, სად წავიდა?
– არ ვიცი. ბარგი ჩაალაგა და გაემგზავრა... გუშინ.
მირიანი საბოლოოდ გაოგნდა.
– თიკო, გეყოფა გამოცანებით ლაპარაკი. პირდაპირ მითხარი, რა ხდება.
– მართლა გინდა, ყველაფერი პირდაპირ გითხრა? დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლე შოკში არ ჩაგაგდებს?
– თიკო! – ხმას აუწია მირიანმა.
– მოკლედ, ძვირფასო მამიკო, ცუდად არის საქმე – შენი საიდუმლო გახსნილია, ნათიამ ყველაფერი იცის.
– რა იცის, გოგო, თქვი, სანამ გადავრეულვარ.
– ჰო, ნამდვილად გადასარევი ამბავია, – თავი დაუქნია თიკომ, – მეც კი გადავირიე. მიუხედავად იმისა, რომ შენგან რაღაც მსგავსს ველოდი. ისე, იმ ბანძ ქალთან რომანი რამ გაგაბმევინა?
მირიანი გაფითრდა.
– რაო? რა თქვი?
– რაც გაიგონე. გეგონა, მაკოსთან საყვარლობანას თამაში შეუმჩნეველი დარჩებოდა. მაინც რა უჭკუოები ხართ ეს კაცები.
– თიკო...
– რა თიკო, რა თიკო? ცოლის დაქალთან რა გინდოდა? თითის ქნევასაც ვერ ავიტან შენგან. პატარა კი არ ვარ, მით უმეტეს, ჭკუის დასარიგებელი არაფერი მჭირს. ნეტავი, ხვდები მაინც, რა გააკეთე?
– თიკო, მომისმინე, სად არის ნათია?
გოგომ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი. ტიროდა. მერე ბარგი ჩაალაგა და წავიდა.
– რა ბარგი, სად წავიდა? – მირიანი წამოხტა, ცოლის საძინებელში გავარდა და კარადას ეცა. დიდი ცვლილება რომ ვერ შენიშნა, ცოტა დამშვიდდა. თუმცა, იმას კი მიხვდა, რომ უზარმაზარ გარდერობში ნათიას საყვარელი, სამგზავრო ჩანთა არ იყო. თიკო ზღურბლზე იდგა. კარის ჩარჩოს ზურგით მიყრდნობილი, გულხელდაკრეფილი და ირონიულად მომზირალი.
– დარწმუნდი?
– თიკო, უნდა მითხრა, დედაშენი სად წავიდა.
– არ ვიცი-მეთქი. არ უთქვამს. ეძებე ახლა. ისე, კმაყოფილი არ ხარ, რომ ასე ადვილად გადარჩით შენც და ის ძუკნაც?
– სიტყვებს დაუკვირდი.
– რატომ? ძუკნა არ არის? დაქალის ქმარს ლოგინში ჩაუწვა და პატიოსანია? იცი, ნათიას ადგილას რას გიზამდით?
მირიანმა შვილს ყურადღება აღარ მიაქცია. სამზარეულოში გავიდა, საფერფლე აიღო და სიგარეტს მოუკიდა. რაც მაკოსთან დაიწყო შეხვედრები, ჰქონდა მომენტები, როცა ნათიასგან წასვლაზე იფიქრა. ცოლის მიმართ ვნება გაუქრა. მათი ურთიერთობა „სამსახურებრივს“ დაემსგავსა – ორი ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი თანამშრომელი ეკონტაქტება ერთმანეთს. ნათიას საკუთარი კომპანია ჰქონდა, რომელიც მისგან თითქმის მთელ დროს, ენერგიასა და ემოციას ითხოვდა. არც მირიანი იყო მოცლილი – ერთ-ერთ სამინისტროში სერიოზული თანამდებობა ეკავა. არ გახლდათ ისეთი კაცი, ყველა აფრიალებულ კაბას უკან რომ დასდევს. მაკო ნათიას დაქალი იყო, ქმარს გაშორებული. არც შვილი ჰყავდა და დიდ დროს მათ ოჯახში ატარებდა. ჰოდა, მამა-შვილს მზრუნველ ფერიად მოევლინა. საკუთარი ხელით გამომცხვარი ღვეზელებით გაანებივრა და ბოლოს ლოგინშიც ჩაუწვა მირიანს, რომელსაც ეს ამბავი ესიამოვნა და არ გააპროტესტა. მაკო მისგან არც ყვავილებს ითხოვდა, არც ძვირფას საჩუქრებს. სხვა საყვარლებს არ ჰგავდა და მირიანმაც კომფორტი იგრძნო, მაგრამ იდილიამ მხოლოდ ორ თვეს გასტანა. მაკომ ნელ-ნელა გამოავლინა „ხასიათის სიმტკიცე“ და „პრინციპულობა“. ჯერ წუწუნი დაიწყო, მიდიხარ, მარტო ვრჩები და სევდა მჭამს... მინდა, ღამეც ჩემთან რჩებოდეო... მერე ერთხელაც მირიანმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა – უცხოეთში მივლინებისას კონსპირაციულად თან წაიყვანა და ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო. მირიანმა არაერთხელ ინანა საკუთარი წინდაუხედაობა. მაკო სულაც არ აღმოჩნდა ისეთი უწყინარი, როგორადაც თავს აჩვენებდა...
მირიანმა ნამწვი საფერფლეზე დაასრისა, თამბაქოს ბოლი ფილტვებში „გაუშვა“ და გაიფიქრა – თუ ეს ამბავი მაკოს „გახეთქილია“, ვერ გადამირჩებაო.
სამზარეულოში თიკო შემოვიდა და ყავადანი ჩართო.
– ინსტიტუტში არ მიდიხარ.
– არა. დღეს კლინიკაში ვარ მორიგე, ანუ, ღამე სახლში არ მოვალ. ნათიაც წავიდა და შეგიძლია, სახლში მოიყვანო შენი ტურფა – ოჯახურ იდილიას შეიქმნით...
– თიკო, გეყოფა. ნერვებს ნუ მიშლი. გირჩევნია, მითხრა, საიდან გაიგო დედაშენმა ჩვენი ამბავი.
თიკომ ყავა ხმაურით მოხვრიპა და მხრები აიჩეჩა.
– წარმოდგენა არ მაქვს. როცა ნახავ, თავად ჰკითხე. თუ, რა თქმა უნდა, ნახავ საერთოდ.
***
სტამბოლში პირველად არ იყო. ეს ქალაქი რაღაცნაირად დამამშვიდებლად მოქმედებდა მასზე. ახმახმა თურქმა ბარგი გამოართვა და ნომერში აიტანა. მერე მორცხვი ღიმილით დაელოდა, სანამ ქალი კუთვნილ „ჩაის“ მისცემდა. კარგი დასვენება უსურვა და გაეცალა.
ნათია საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ამოიოხრა. რა უნდა ექნა ახლა?! ლამის ინანა, რომ თიკოს რჩევას აჰყვა და სრულიად მარტო აღმოჩნდა საკუთარ თავთან, საკუთარ პრობლემასთან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში