№1 როგორ მოვაგვაროთ ოჯახური პრობლემები სახლის ზონების სწორად მოწყობით
თუ გსურთ, ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, ბინა უნდა გაათავისუფლოთ ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან და იდეალური წესრიგი დაამყაროთ. შესასვლელში დადგით ქოთნის ყვავილები, ვაზაში ჩალაგებული ხმელი, დეკორატიული ხის ტოტები, ლამაზი კენჭებითა და ნიჟარებით გაფორმებული აკვარიუმი. არ უნდა გქონდეთ სახლში ბევრი ცარიელი ჭურჭელი, იქნება ეს მურაბის ქილები თუ ვაზები. ასევე, ეცადეთ, მთელ სახლში გააუმჯობესოთ განათება, რათა სასიყვარულო სფერო გააძლიეროთ. საძინებელში დადგით სასანთლე და ხშირად აანთეთ წითელი სანთელი. კიდევ ერთი რჩევა – სასურველია, ბინაში არ იყოს ორპირი ქარი, რათა მთელი რომანტიზმი, სასიყვარულო გრძნობა, ვნება და სასიკეთო ენერგია ქარმა გარეთ არ გაიტანოს.
თუ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით უკეთესი მომავალი გსურთ, სამუშაო ოთახში დაკიდეთ ღია ნაცრისფერი ან ცისფერი ფარდები. ჭაღის შუქი კი, მიმართული უნდა იყოს არა იატაკისკენ, არამედ ჭერისკენ. მატერიალური დოვლათის მოსაზიდად, აუცილებლად დადგით სასადილო ოთახში, მაგიდის შუაგულში, ვაზა და ჩააწყვეთ მასში თავთავები.
ნებისმიერი საცხოვრებელი ფართი უხილავ ზონებადაა დაყოფილი და მათ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი მფარველობს. ასევე, თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მფარველობს, არა მარტო თავის შესაბამისი ნიშნის ადამიანებს, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაც. იმის მიხედვით, თუ რით ხართ დაინტერესებული ამ ეტაპზე, მაგალითად, ქმნით ოჯახს, იკეთებთ კარიერას, სწავლობთ თუ ზრუნავთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, წარმატების მისაღწევად, საცხოვრებელ ბინაში უნდა გაააქტიუროთ შესაბამისი ზონა. ამ ზონაში გაატარეთ უმეტესი დრო და იფიქრეთ თქვენს მიზნებსა და ამოცანებზე. ამგვარად, დაიმუხტებით საჭირო დადებითი ენერგიით.
კარები, ჭიშკარი და შემოსასვლელის დერეფანი განეკუთვნება ვერძის ნიშანს. თუ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, ეცადეთ, სახლში შემოსასვლელი ადგილი გაალამაზოთ. მეტი სივრცე დატოვოთ და იქ, დასასვენებელი კუთხეც მოიწყოთ. ეს ძალას შეგმატებთ და დაგმუხტავთ საქმეების დაწყებისთვის დაჭირო ენერგიით.
სასადილო ოთახი კუროს მფარველობის ქვეშაა. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს განსაკუთრებით უყვარს ესტეთიკა და სილამაზე. ამიტომ, ეს ოთახი განსაკუთრებულად გემოვნებით გაფორმებას მოითხოვს, თუ გსურთ, რომ თქვენს ოჯახს არასდროს მოაკლდეს დოვლათი და ბარაქა.
სასტუმრო ოთახი ტყუპებისაა. ყველამ, ვისაც უჭირს ურთიერთობა და ახალ ნაცნობებთან კავშირის დამყარება, მეტი დრო უნდა დაჰყოს სწორად ამ ოთახში. ასევე, სასარგებლოა ამ ოთახში ყოფნა იმ შემთხვევაშიც, როცა გრძნობთ, რომ ვერ იღებთ საჭირო ან საკმარის ინფორმაციას.
სააბაზანოს კირჩხიბი პატრონობს, ხოლო საპირფარეშოს – ღრიანკალი. ვინც ზრუნავს ოჯახის შექმნასა და გაძლიერებაზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სააბაზანოს. მოიმარაგეთ ლამაზი და ძვირად ღირებული კოსმეტიკა, პარფიუმერია და ბევრი სურნელოვანი სითხე ფლაკონებში. შეგიძლიათ, დადგათ როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი მცენარეები. ხოლო, საფირფარეშოში სისუფთავე და წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული და შემოქმედი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.
დასვენების, გართობისა და საბავშვო ოთახს განაგებს ლომი. ვისაც უნდა გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისწრაფვის სიყვარულისა და ძალაუფლებისკენ, სახლში აუცილებლად უნდა მოაწყოს სათამაშო-გასათობი ადგილი.
სამზარეულოს კურირებს ქალწული. მოიგონეთ ახალ-ახალი კერძები და დაჰყავით დრო გაზქურასთან. ამგვარად, თქვენი ცხოვრებიდან გაქრება ზედმეტი მღელვარება და გაუგებრობა.
სასწორებმა, ისევე როგორც ყველა ადამიანმა, ვისაც არ ჰყოფნის სულიერი წონასწორობა, უნდა იზრუნოს მთელ საცხოვრებელში სიმყუდროვესა და კომფორტზე.
ცეცხლს საჭიროებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი. ამიტომ, თუ ბუხრის გაკეთებისა და დანთების საშუალება არ გაქვთ, აუცილებლად გამოყავით ბინაში ადგილი, სადაც ხშირად აანთებთ ფერად და დეკორატიულ სანთლებს.
თუ ბინაში არსებობს კიბეები, მაშინ ეს თხის რქის ზონაა. ამიტომაც, კიბეების არქონის შემთხვევაში, სასურველია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა შვედური კედელი მაინც დაამონტაჟოთ სახლში. ეს კარიერაში აღმასვლისა და სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ძალიან კარგია.
მერწყულისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნიკით დატვირთული საცხოვრებელი ზონები. ასეთად გამოდგება კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო მანქანები, მუსიკალური ტექნიკა, სახლის კინოთეატრი და ასე შემდეგ.
თევზებმა, ისევე, როგორც მათ, ვისაც სურს, მუსიკალური ნიჭის, სულიერების ან ინტუიციის გაზრდა, მეტი დრო უნდა დაჰყოს წყალთან. ამაში კი, ხელოვნური, პატარა შადრევნების ბინაში დადგმა დაგეხმარებათ.