კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ამერიკის შეერთებულ შტატებში „რუსული მაფია“ ბერიას ინიციატივით შეიქმნა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება თავის კარიერაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფართო სადაზვერვო-დივერსიული ქსელის შექმნას უკავშირდება. ეს ფაქტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ ხმაურდებოდა. მხოლოდ ამ ბოლო წლებში გაირკვა, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედი, მრისხანე „რუსული მაფიის“ ჩანასახი ლავრენტი ბერიას შექმნილი იყო. ამ ქმედებას ძალიან შორს მიმავალი პერსპექტივა ჰქონდა და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირისთვის, როგორც სადაზვერვო-დივერსიული, ასევე პოლიტიკური კუთხით.
ეგრეთ წოდებულ, „რუსული მაფიის“ შესახებ ცნობები პირველად გასული საუკუნის ორმოცი-ორმოცდაათიანი წლების მიჯნაზე გამოჩნდა. იმ პერიოდის ამერიკული ჟურნალ-გაზეთები წერდნენ, რომ იტალიურ „კოზა ნოსტრას“ ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა „რუსული მაფიის“ სახით, რომელმაც ზოგიერთ კომპონენტში, კიდეც დაჯაბნა იტალიური მაფიაო. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ რუსი მაფიოზების ორგანიზებულობას, თავზეხელაღებულობას, სიმრავლესა და განსაკუთრებით მათი ადაპტირების უნარს. ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ რუსული მაფიის მამები, რომლებსაც თავად რუსები კანონიერ ქურდებად მოიხსენიებდნენ, განსაკუთრებული გონიერებითა და კრიმინალური ტალანტით იყვნენ გამორჩეულები. სინამდვილეში, მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდნენ, რომ „რუსული მაფიის მამები“ „ენკავედეს“ სკოლაგამოვლილი, საუცხოოდ მომზადებული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც განსაკუთრებული დავალება ჰქონდათ. იდეალურად შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და ამ გეგმის ავტორი უშიშროების მარშალი, ლავრენტი პავლეს ძე ბერია გახლდათ.
გენერალი პავლე მიხეილის ძე ფიტინი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საგარეო დაზვერვა დიდი წარმატებით მუშაობდა მთელ მსოფლიოში და უმნიშვნელოვანესი მიღწევები ჰქონდათ. დღის წესრიგში დადგა ჩვენი ქსელის გაფართოების საკითხი, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იმიტომ, რომ იმ პერიოდში ამერიკა ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო გახლდათ, საბჭოთა კავშირი კი, ატომური იარაღის შექმნაზე გაცხოველებული მუშაობდა. საჭირო იყო სტრატეგიული, უწყვეტი ინფორმაციული ნაკადი, რომ შტატებს ჩვენ წინააღმდეგ თავისი უპირატესობა არ გამოეყენებინა. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში კარგად განტოტვილ-ორგანიზებული სადაზვერვო სისტემა არ გვაწყენდა და სტალინმა ბერიას ასეთი ქსელის შექმნა დაავალა.
ერთ დღეს ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა:
– პაველ მიხაილოვიჩ, რა მდგომარეობაა „კრიმინალურ ჯგუფთან“ დაკავშირებით?
ეგრეთ წოდებული, „კრიმინალური ჯგუფი“ ჩვენს თანამშრომელთა იმ კონტინგენტს ეწოდებოდა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში გვყავდა ჩანერგილი და ვაკონტროლებდით. ეს სფერო, პრინციპში, საგარეო დაზვერვას არ ეხებოდა სტრუქტურულად და ამ საქმით კონტრდაზვერვა იყო დაკავებული. თუმცა, მეორე მსოფლიო, განსაკუთრებით კი, სამამულო ომმა მოიტანა ასეთი საჭიროება. ფაშისტები ჩვენს წინააღმდეგ ფართოდ იყენებდნენ რეციდივისტებს. ამიტომ, ბერიას ინიციატივით, ეს სტრუქტურა დროებით ჩვენ დაგვიქვემდებარეს და წარმატებითაც ვიყენებდით. „კრიმინალურ ჯგუფში,“ ძირითადად კანონიერი ქურდები შედიოდნენ, ასევე, ავტორიტეტები და „შავი სამყარო“ თითქმის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ბერიამ ეს მშვენივრად იცოდა და მივხვდი, რომ ამ ჯგუფის გამოყენებას აპირებდა რაღაც სიახლისთვის.
– გეგმურად მუშაობენ, ლავრენტი პავლოვიჩ. ყველას თავისი სფერო აბარია და აკონტროლებენ, – ვუპასუხე ბერიას.
– პაველ მიხაილოვიჩ, დრომ და საჭიროებამ ისე მოიტანა, რომ ამ ქვედანაყოფის გარკვეულმა ნაწილმა უცხოეთში უნდა იმუშაოს და იქ მოგვიტანოს სარგებელი. თქვენ პირადად გევალებათ ათი კაცის შერჩევა. სასურველია, ასაკოვანი ავტორიტეტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩავლენ. იქ შექმნიან კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებასა და სადზვერვო-დივერსიულ ქსელს. შეარჩიეთ ყველაზე გამოცდილები, გონიერები და უნარიანები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეერთებულ შტატებში რუსულ მაფიას ჩამოვაყალიბებთ, რომელსაც რამდენიმე პარალელური ფუნქცია ექნება და ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება.
ბერიას მითითების შესრულებას მისი კაბინეტიდან გამოსვლისთანავე შევუდექი. ერთი თვის შემდეგ „შავ წრეში“ ჯერ საშინელი სისხლისღვრა და პატიმრების მასობრივი გაქცევა მოხდა, რომლის შესახებაც მთელი მსოფლიოს პრესა იუწყებოდა. სამი თვის მერე კი, ნიუ-იორკში „ჩაღწეულმა“, გაქცეულმა ქურდებმა პირველი ამერიკული ქურდული „სხოდკა” მოაწყვეს და რუსულ მაფიას ამერიკაში საფუძველი ჩაეყარა“.
„ჩორნი კრუგი“ ციმბირში არსებული მკაცრი რეჟიმის კოლონიების სისტემა იყო, სადაც ქურდი-რეციდივისტები და უცხოელები იხდიდნენ სასჯელს. „ენკავედეს“ ორგანიზებით იქ მოხდა სისხლიანი დაპირისპირება ქურდებს შორის. შემდეგ კი მასობრივი გაქცევა. ქურდებთან ერთად რამდენიმე უცხოელიც გაიქცა, მათ შორის, სამი ამერიკელი. ერთ-ერთი მათგანი, თომას მილსი, ამერიკელი ჟურნალისტი გახლდათ და იმიტომ დააპატიმრეს, რომ ომის დროს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში დასდეს ბრალი. „გაქცეულებმა,“ მილსთან ერთად, ოკეანე გადალახეს და შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ. სწორედ მილსის სტატიებით შეიტყო მსოფლიომ ვორკუტის სისხლიანი ამბების შესახებ. მილსი გამოიყენა საბჭოთა დაზვერვამ შემდეგშიც, იმის გარანტად, რომ გაქცეული საბჭოთა კრიმინალები ანტისაბჭოელები იყვნენ და მათ შეერთებულ შტატებში ცხოვრების ნება დართეს. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი, „გაქცეულები“ უკვე მთელ ნიუ-იორკს აკონტროლებდნენ. ბრაიტონ-ბიჩიზე (ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბანი) კი შტაბ-ბინა ჰქონდათ და სპეციალური კურიერების მეშვეობით ამყარებდნენ კავშირს მოსკოვთან.
ბერიას ინოვაციამ იმდენად გაამართლა, რომ რუსულმა მაფიამ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სახელმწიფოში შექმნა. მათ თითქმის ყველა სფეროში გაიდგეს ფესვები. შეიძინეს გავლენიანი მეგობრები. შექმნეს მმართველობის დახურული სისტემა და ისე განვითარდნენ, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ. რუსეთის უშიშროების დახურულ არქივებში უამრავი მასალაა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რომელიც საბჭოთა დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვედანაყოფი გახლდათ და მას საფუძველი მარშალმა ლავრენტი ბერიამ ჩაუყარა.
скачать dle 11.3