№1 რა მიგანიშნებთ, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ მეუღლის მიმართ და რატომ უნდა გადაასხათ ღამით მაგიდაზე დაფენილ სამოსს წყალი
ახალ წელს შევხვდით, აღმატებული განწყობა კარგა ხანს გაგვყვება, ყოველ შემთხვევაში, ძველით ახალ წლამდე მაინც, მაგრამ ჩვეულ რეჟიმსა და რუტინას, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, გაცილებით ადრე უნდა დავუბრუნდეთ. შესაბამისად, სადღესასწაულო სამოსსაც, ყოველდღიური ჩაანაცვლებს და მის მოწესრიგება-მომზადებისას, თითქმის ყველა ოჯახში, დიასახლისის ერთი და იგივე ფრაზები ისმის: „ჯიბეებს სულ როგორ უნდა ხევდეს”, „არცერთი შარვალი აღარ დარჩა ნაკერებში გაურღვეველი”, „ღილი აღარ შერჩა ამის პერანგს”... მოკლედ, თუ მსგავსი უსიამოვნება ხშირად მეორდება, ეს უკვე ბედისწერაა. ხოლო, თუ რაზე მიანიშნებს უწესრიგობა ტანსაცმელზე – ამაზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი თამარი.
– პირადად მე, ყველაზე ხშირად ტანსაცმელზე ელვაშესაკრავი მიფუჭდება და ღილები მწყდება. რას ნიშნავს ეს?
– მუდმივად გახსნილი ელვაშესაკრავი ქურთუკსა თუ ნებისმიერ შემოსაცმელზე, გაფრთხილებაა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რაც შეიძლება, იყოს – პოზიტიურიც, ნეგატიურიც და ისე რა: არც კარგი და არც ცუდი. ეს ზადი კი, უსიამოვნების სათავედ რომ არ იქცეს, მისი თავიდან ასაცილებლად, გაჭედილ ელვაშესაკრავს უნდა უჩურჩულოთ: „მჭიდრო შესაკრავის დაკბილულ ბილიკზე მირბოდა იღბალი და წაიფორხილა. თუმცა, ზურგი ჩემთვის არ შეუქცევია და ამ წუთისოფლში თუ რამ მელოდება: დაე, ეს იყოს მაცნე სიკეთის და არა ავის თანამზრახველი – ჭირი იქა და ლხინი აქა.” მკერდზე ღილის ხშირად აწყვეტა – ახლო მომავალში გრძნობის ნამდვილი აფეთქებაა. ეს მართლაც ასე რომ მოხდეს, მოწყვეტილი ღილი მარცხენა მუჭში მოიქციეთ და მაგრად მოუჭირეთ, თან ხმამაღლა წარმოთქვით: „მკერდიდან მოწყდა ღილი ბედნიერების, სიყვარული კი მთებს, ზღვებს მოაპობს. ასე მივიღებ ბედის საჩუქარს – წამლეკავს, მაგრამ მაინც გამათბოს.”
– ხშირად იჭედება მოქლონიც, იგივე „კნოპი,” ქურთუკსა თუ ჯინსებზე...
– ტანსაცმელზე მოქლონის ხშირ გაჭედვა-გაფუჭებას, ჭორები და უსიამოვნო მითქმა-მოთმა მოჰყვება. მაგრამ, მისი თავიდან აცილებაც შეიძლება. ამისთვის, სანამ ახალ მოქლონს, ძველის ნაცვლად დაამაგრებთ, ჯერ თაფლის სანთელი წაუსვათ ზედ და თან, ჩაუთქვით: „მოქლონზე სანთელი თავის კვალს დატოვებს, მიხსნის ჭორის და გაკილვისაგან. ნურავინ იტყვის ჩემზე ცუდსა და ნურც სხვისა აუგს გამაგებინებს. მოქლონს ვკეტავ და ამით ვაქარწყლებ, რაც მითქმა-მოთქმა ყოფილა ჩემზე.” სამსახურში უსიამოვნების მანიშნებელია ჩასაცმელზე „ლეიბლის” (საფირმო ნიშანი) მოძრობა. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ, „ლეიბლი” ძველ ადგილას დააბრუნოთ და თან, დააყოლოთ: „ყველა საქმე და სამუშაო კარგი შედეგით დასრულდება. ყველა ჩავარდნა და უსიამოვნება გვერდს ამივლის. მინდა, საქმეში გამიმართლოს და სამუშაომ დამაკმაყოფილოს. იყოს ასე და ამაში ეს იარლიყი დამეხმაროს.”
– რას ნიშნავს გახვრეტილი ჯიბე?
– ზედმიწევნით ამართლებს გამოთქმას: ჯიბეგახვრეტილიაო, ანუ ფინანსური მდომარეობის გაუარესებას მოასწავებს. ეს შეიძლება, იყოს: გაკოტრება, უმუშევრობა, ჩაფლავებული ფინანსური გარიგება და ასე შემდეგ. მაგრამ გამოსავალი აქაც არსებობს. გარღვეული ჯიბე დილაუთენია გაკერეთ წინასწარ მომზადებული ნემსით, რომელსაც მანამდე სანთლის ალზე გააჩერებთ და თან, შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამთ: „ნემსო, გახურდი და გახვრეტილი ჯიბე ისე მტკიცედ შეადუღაბე, არასდროს გაირღვეს, რომ იქიდან ფინანსური იღბლის წყარომ თავი არ იშვას და ფუჭად არ გაედინოს: ფული გამთელებულ ჯიბეში დაგროვდეს და მოგებაც უხვად მოიტანოს.” ტანაცმელზე სიგარეტის ნამწვისგან დარჩენილი ნახვრეტები კი გაფრთხილებაა, რომ სერიოზული პრობლემები გელით კანონთან დაკავშირებით. მაგრამ, ამ უსიამოვნების თავიდან აცილებაც შეიძლება: ამომწვარი ადგილები დაკემსეთ ან დაფარეთ, შემდეგ კი, სამოსი ღამით მაგიდაზე დააფინეთ, ერთი ჭიქა წყალი გადაასხით და შემდეგი სიტყვები გაიმეორეთ: „არც მდინარე მოჩქეფს და არც ცეცხლი გიზგიზებს, ეს ჩემი ბედი მოიჩქარის ჩემკენ. დამიფარე გაუაზრებელი საქციელისგან, დამიცავი შეცდომებისგან, არ მომცე უკან დახევის, შეცოდებისა და კანონდარღვევის საშუალება. დამაყენე სწორ და სამართლებრივ გზაზე.”
– ყველაზე ხშირი მაინც ტანსაცმლის გახევა ან გარღვევაა – იქნება ეს პალტოს სარჩული, ბეწვი, უნიფორმა თუ ნაკერებში გამსკდარი შარვალი... რას უნდა ველოდოთ ნებისმიერ, ხსენებულ შემთხვევაში?
– როცა პალტოს, ქურთუკის ან ქურქის სარჩული მუდმივად მორღვეული და ჩამოჩაჩულია, ეს სიგნალია, რომ მეუღლეს ყურადღება უნდა მიაქციოთ. სავსებით შესაძლებელია, ასეთი სამოსის პატრონის ქმარმა (ცოლმა) განქორწინებაზე იფიქროს. ეს არ მოხდება, სარჩულის აღდგენისას, მცირე ზომის ფრინველის ბუმბულსაც თუ თან ჩააკერებთ. მაგრამ, საქმე ამით არ მთავრდება. მაგიური სიტყვებიც უნდა დააყოლოთ: „ეს პატარა ბუმბული ჩემს ოჯხურ კერასა და თბილ ბუდეს განადგურებისგან დაიცავს. სანამ ის სარჩულის ქვეშ მეგულება, ჩემს ქორწინებას არაფერი ემუქრება.” სპეციალური სამუშაო ფორმის – უნიფორმის, ეკიპირების, ერთი და იმავე ადგილას ხშირ გახევასა თუ გარღვევას, შეიძლება, სამსახურში დაგეგმილი შემცირება მოჰყვეს. თუმცა, ამ არასასიამოვნო მოლოდინისგანაც მაგიური სიტყვები გიხსნით: „ნახვრეტებს ამოვავსებ, ჩემს ადგილს შევინარჩუნებ. არც ფორმა დაზიანდება და არც მე დავკარგავ სამსახურს.” გარღვეული ბეწვეული – ქურქი, ქუდი და სხვა, ოჯახში მატების მაცნეა. თქვენც ეს გინდათ? მაშინ მიხედეთ ბეწვეულს: გამთენიისას ადექით, გაკერეთ გარღვეული ადგილი და თან, აუცილებლად წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ქუდს (ქურქს) ვკერავ და ბედს ვიძახებ, რომ ოჯახში მატება იყოს – ბავშვი ხომ ჩვენი იმედი და მომავალია.” როცა ნაკერებში ხშირად ირღვევა ან სკდება შარვალი – დიდი რისკია, გაუაზრებლად ისეთი რამ ჩაიდინოთ, მნიშვნელოვან გავლენას რომ მოახდენს თქვენს ბედზე. უსიამოვნო სიურპრიზს რომ თავი აარიდოთ და ბედი თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, ამოაბრუნეთ შარვალი და სანამ გარღვეულ ნაკერს დააგვირისტებდეთ, ცარცით ხაზი ჩამოუსვით. თან, რაც მთავარია, მაგიური შელოცვაც არ დაგავიწყდეთ: „ცარცის ბილიკი, ნაზი გვირისტი – არ წაიშლება და ჩემი შარვალიც აღარ გაირღვევა; ბედს პირი ჩემკენ უქნია და უკან აღარასდროს მიბრუნდება”. პერანგის ან ბლუზის ნაკერებში გარღვევა კი, მნიშვნელოვან შეხევდერას ნიშნავს. ამიტომ, ყველაფერმა კარგად რომ ჩაიაროს, წინა ღამით, ბლუზა თუ პერანგი ამოაბრუნეთ, შიდა მხრიდან დაიჭირეთ ხელში და თქვით: „ბლუზა ამომიბრუნებია, ჩემი წილი მიმიღია. სევდა და დუხჭირი ამაცილე: კარგი ამბავი ჩემკენ, ცუდი – მაშორე.” ხშირია ისიც, ერთბაშად, მთელი კალთა რომ მოერღვევა ჩასაცმელს. მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, უსიამოვნო ფაქტი, სულაც არ არის სადარდებელი. მოულოდნელად, ამას სოლიდური ფულადი შემოსავლი მოჰყვება. მინიშნებამ რომ გაამართლოს, თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი და სანამ მორღვეულ კალთას აღადგენდეთ, ჯერ ფულის მსხვილი კუპიურა შემოატარეთ ირგვლივ და მაგიური სიტყვებიც წააშველთ: „კალთა მოირღვა, ფული მე დამრჩა. სიმწარე მაშორე – სიმდიდრით ამავსე.” არ დაგავიწყდეთ ხელთათმანი, რომელიც დროთა განმავლობაში, ასევე ირღვევა, რაც ნიშნავს, რომ კამათი მოგივათ ყველაზე ახლობელ მეგობართან ან ნათესავთან. ამის თავიდან ასაცილებლად, საკმარისია, სასწრაფოდ ამოკემსოთ გარღვეული ადგილი და თან, ღია ფანჯრიდან მაგიური სიტყვები სივრცეში გაუშვათ: „რაც ქარისთვის მითქვამს, ბედს გაუგონია: არ მინდა, ჩხუბი და უსიამოვნება მეგობარ-ახლობლებთან. კამათი ჩაიშლება, სიწყნარე და სიმშვიდე დაისადგურებს.”