კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა კოშმარულმა შეგრძნებებმა მიაღებინა გადაწყვეტილება მერაბ კოკოჩაშვილს, რეჟისორი გამხდარიყო და მისი რომელი ფილმის პრემიერაზე ტოვებდა დარბაზს მაყურებელი

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

...მერაბ კოკოჩაშვილი 5 წლის იყო, როცა მიხეილ ჭიაურელმა პაატას როლზე დაამტკიცა ფილმში „გიორგი სააკაძე”. 5 წელი ის ასაკია, როცა ბავშვები უხერხულ კითხვებს სვამენ – სამყაროს შეცნობისა და გააზრების ასაკი... (წყარო: „რადიო თავისუფლება“) მერაბ კოკოჩაშვილის თქმით, „გიორგი სააკაძის” მხატვრებმა, ოპერატორმა დიღმელოვმა და, ცხადია, მიხეილ ჭიაურელმა, ფილმის ესთეტიკა შიშისა და ხიფათის განცდაზე ააგეს:
„საიდანღაც გავიგე, რომ თავი უნდა მომჭრან... პავილიონი დიღმელოვის განათებული გახლდათ, ბინდბუნდი იყო, წვერიანი ხალხით სავსე. რომ გამიყვანდნენ ამ ჩაბნელებულ პავილიონში, სულ ვფიქრობდი, რომ ეხლა წყვდიადში შემათრევენ და თავს მომჭრიან-მეთქი. მერე ცოტა დავმშვიდდი, როცა გავიგე, რომ თავი სპარსელებს უნდა მოეჭრათ. იმ პავილიონში კი, სპარსელები არ იყვნენ.” სპარსელები არ იყვნენ, მაგრამ მტრის ხატი მაინც არსებობდა. „გიორგი სააკაძე” ჭიაურელს სწორედ მტრის ხატის დამკვიდრებისა და მოსალოდნელი ომის წინ, მტრის წინააღმდეგ მობილიზაციის მიზნით დაუკვეთეს… „ასისტენტს აგზავნიდა ხოლმე ჩემთან ჭიაურელი, ასისტენტი კი ქონდრისკაცი იყო და, მახსოვს, ერთ გადაღებაზე ძალიან არ მინდოდა წასვლა, საწოლის ქვეშ შევძვერი. ეს ასისტენტი მოვიდა, გაიღო ჩვენი ბინის კარი და კარგად მახსოვს, არც კი დაკუზულა, ისე მიყურებდა ეს ქონდრისკაცი, ლოგინის ქვეშ როგორ ვიყავი დამალული – მომკიდეს ხელი, წამიყვანეს. ეს იყო კოშმარი, ეს დღე. რაღაც ქუსლები გამიკეთეს ფეხსაცმელებზე, ვითომ უფრო დიდი უნდა ვყოფილიყავი. ამასობაში, ხომ თავს უგზავნიან გიორგი სააკაძეს – მე მაქანდაკებდნენ, რათა თავი ჩაედოთ მერე იმ ყუთში. აი, მაშინ გავიგე, რომ ეს თავი უნდა მოეკვეთათ – აკეთებდნენ და ვფიქრობდი, რისთვის უნდათ ნეტა, ეს თავი, ალბათ, მომჭრიან და მერე დაიდგამენ და მიყურებენ-მეთქი.  მოკლედ, ჩემი პირველი შეგრძნებები კინოდან იყო კოშმარული.” მიუხედავად კოშმარული კინოშეგრძნებებისა, ეს „კინემატოგრაფიული ნათლობა” სავსებით საკმარისი გახდა, რომ მოგვიანებით, მერაბ კოკოჩაშვილს მიეღო გადაწყვეტილება, მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირი ინსტიტუტში ჩაებარებინა…  ბუნება და ბუნებრიობა ხდება წამყვანი მერაბ კოკოჩაშვილის საკურსო ფილმში „ხმელი წიფელი” – ვაჟა-ფშაველას პირველ წარმატებულ ეკრანიზაციაში... ფილმში „არდადეგები”... დაბოლოს, ბუნებასა და ბუნებრიობას არ თმობს მწყემსი სოსანა მერაბ კოკოჩაშვილის საუკეთესო ფილმში „დიდი მწვანე ველი”. 1967 წელს გადაღებულ ამ სურათს ზოგიერთი კრიტიკოსი დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული ხმოვანი კინოს ისტორიაში… მაყურებლის უმრავლესობა და ოფიციალური კრიტიკა „დიდი მწვანე ველის” პრემიერას საკმაოდ ცივად შეხვდა. პრესაში დაიბეჭდა დაკვეთილი სტატიები, სათაურით: „როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს” და ასე შემდეგ... სურათის ღირსებები მხოლოდ მოგვიანებით
გამოიკვეთა...  
დედა – მარინე ჯორჯაძე – ქართველ რომანტიკოსთა ბრწყინვალე წარმომადგენლის,  ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი გახლდათ. მამა – შთამომავალი ქუთაისელი კოკოჩაშვილებისა, რომელთაც პირველი აფთიაქი გაუხსნიათ ქალაქში და მიტროფანე ლაღიძისთვისაც დაულოცავთ სავალი გზა. პროფესიით ორივე მუსიკოსი ყოფილა…(მ. ტორაძე) დედამ გაზარდა. მამა, როგორც „ხალხის მტერი“, იმ ტალღამ ჩაიყოლია, რომელმაც რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მუსიკოსი ევგენი მიქელაძე იმსხვერპლა. ახლა, როცა ამდენი წელი ადევს მხრებზე, ბატონ მერაბს დედის სიმამაცე და კეთილშობილება უკვირს – როგორ გაზარდა ისე, რომ არ გაბოროტებულიყო: „გარკვეულ დრომდე, დედა არ მეუბნებოდა, რომ მამა რეპრესირებული იყო. თავად კი ვხვდებოდი, ხალხის დამოკიდებულებამ მიმახვედრა, მაგრამ დედას ვუმალავდი. დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა თავად დამსვა და მიამბო, რა უბედურებაც გადახდა თავს ჩვენს ოჯახს“… კოკოჩაშვილების ოჯახის გვერდით ცხოვრობდა გენიალური მსახიობი უშანგი ჩხეიძე, სადაც ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის, ვერიკო ანჯაფარიძე და მერი დავითაშვილი. ალბათ მათი რეკომენდაციით მოხვდა 5 წლის მერაბი კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ გადასაღებ მოედანზე... სწორედ მაშინ „დაავადდა“ კინოს დიდებულებით... თუმცა, ვიდრე მას მიუახლოვდებოდა, კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ხელოვნებაში დამკვიდრებისა: „კარგი კლასი მყავდა – ჩემი ოთხი კლასელი რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა, ერთი – ლომერ ახვლედიანი – ლენინური პრემიის ლაურეატი (მაშინ ეს ყველაზე დიდი ჯილდო იყო). ასევე, ჩემს კლასში სწავლობდა კანდიდ ჩარკვიანის უფროსი ვაჟი –
მერაბი და ალბათ, ამიტომ, განსაკუთრებულად „გვივლიდნენ“. კლასში, სადაც ვსწავლობდი, ძალიან ბევრი საბჭოთა ლიდერის ფოტო ეკიდა. მეორე კლასში ვიყავით, როცა დაგვავალეს, რომ ლექსი დაგვეწერა. მე ბერიაზე დავწერე. საღამოს დედა გვიან მოდიოდა ხოლმე, ორ ადგილზე მუშაობდა. იმდენად მიხაროდა, ლექსი რომ დავწერე, გვიანობამდე არ დავიძინე, დაველოდე. როგორც კი დედა შემოვიდა, მივახარე – ლექსი დავწერე-მეთქი... წაიკითხა, შემომხედა და მკაცრად მითხრა: არ გავიგო, მეორედ ლექსი დაწეროო. ასე დასრულდა ჩემი გაპოეტების მცდელობა...“ – ამბობს ღიმილით და იხსენებს, რომ, დედას ძალიან სურდა, მამის გზას გაჰყოლოდა: „მისი ნაქონი ვიოლინოც კი მომცა, მაგრამ ჭირივით მეზარებოდა მეცადინეობა და მეოთხე კლასში რომ ჩავრჩი, მითხრა – კისერიც გიტეხია, რაც გინდა ის გააკეთეო... ჰოდა, გავაკეთე – კინო ავირჩიე“, – ამბობს ის.
ეს არჩევანი კი ბედნიერი დამთხვევა აღმოჩნდა... ამბობს, რომ კინო მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პერიოდში ახალგაზრდობა სწორედ კინოფილმებით სულდგმულობდა... კითხვაზე, კონკრეტული სათქმელით მოვიდა თუ არა კინოში, თავმდაბლად პასუხობს, რომ არა – რადგან ჯერ იმდენად ახალგაზრდა იყო, ვერ აცნობიერებდა, სათქმელი ჰქონდა თუ უბრალოდ, მოსწონდა... ან უყვარდა...  რეჟისორის ხელოვნებას „ვგიკში“ დაეუფლა. იმდროინდელ მძიმე წლებს დღეს ღიმილით იხსენებს. „ფული  არავის გვქონდა, ნახევრად მშივრები ვიყავით, მაგრამ ბედნიერები. სულ ვახერხებდით ერთად ყოფნას. თუ ფული გვქონდა, ვქეიფობდით. ხშირად ამანათებიც მოგვდიოდა საქართველოდან. სტიპენდიას ვიღებდით, მაგრამ ძალიან სწრაფად ვხარჯავდით. ზაფხულობით საქართველოში ჩამოვდიოდით, თუ სამუშაო არ გვქონდა. ჩვენი ძირითადი საჭმელი კონსერვირებული ბადრიჯანი იყო, რომელსაც „ბადრიჯნის ხიზილალა” ერქვა”. თამაზ მელიავა მათთან არ ცხოვრობდა, ქალაქში იყო, მაგრამ ხშირად ესტუმრობოდათ-ხოლმე. „არაჩვეულებრივი კულინარი იყო და როცა ფული გვქონდა, თამაზი გვიკეთებდა სადილს. ამავე დროს არაჩვეულებრივი თამადაც გახლდათ. სუფრის სული და გული”. სტუდენტებმა გაჭირვებული ცხოვრებიდან გამოსავალი ნახეს - „ყველა ერთად შევიკარით, კომუნა შევქმენით. ერთად ვდებდით ფულს, რომ ერთი თვის განმავლობაში ერთად გვეჭამა. ელდარ შენგელაია კომუნის თავმჯდომარედ ავირჩიეთ. საერთოდ, არიან ადამიანები, ვის მიმართაც ნდობა არსებობს. ელდარი იყო შესანიშნავი წარმმართველი. ფინანსები კი ქართველს არ ანდო, ჩვენი მეგობარი ესტონელი იყო, ჩვენი ფინანსთა მინისტრი”. (ნ.გამგებელი) ერთ- ერთ საკურსო ნამუშევრად ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“ აირჩია… ეს იყო პირველი და წარმატებული ნაბიჯი, თუმცა ყველაფერი ასეთივე წარმატებით არ გაგრძელებულა...1959 წელს, მერაბ კოკოჩაშვილმა დიპლომისთვის მზადება დაიწყო და შეარჩია კიდეც მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა „მუსუსი“. მაგრამ, სცენარი დაიწუნეს – მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა ანტიეროვნულია და მისი გმირები ისე არ იქცევიან, როგორც ქართველობას შეეფერებაო... თემაზე ფიქრის დრო აღარ რჩებოდა. მაშინ შესთავაზა თურმე რეზო თაბუკაშვილმა – ოთარ აბესაძე იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს „კარდაკარ“ (დავით კლდიაშვილის „სოლომონ მორბელაძის“ მიხედვით), მე შევავსებ სცენარს და ორივემ ერთად გადაიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი. დიპლომის გარეშე მაინც არ დარჩებიო... დათანხმდა, გადაიღო, მაგრამ ფილმი წარუმატებელი გამოვიდა: „ეს ოთარის ფილმი უფრო იყო, ვიდრე – ჩემი. მე გვიან ჩავერთე გადაღებაში. სცენარის ხელოვნურად გაწელვამ და ფილმის გაჭიანურებამ გამოიწვია ის, რომ ფილმი ცუდი აღსაქმელი გახდა… ჩვენ თავადაც ვგრძნობდით, რომ ფილმს ხარვეზები ჰქონდა. ამიტომ, შევამოკლეთ და დიპლომი ამ ფორმით დავიცავით… ფილმზე მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ მისი გადაღება შეცდომა იყო“.
აგრესიულად შეხვდნენ, ასევე, ფილმს „არდადეგები“, რომელიც რევაზ ინანიშვილის მოთხრობის – „სასაცილოს“ (და მისივე სცენარის) მიხედვითაა
გადაღებული… დაახლოებით ორი წლის შემდეგ, კინემატოგრაფიის მაღალ ეშელონებში სასიკეთო ძვრები მოხდა და „მიხას“ გადაღების საშუალებაც გაჩნდა. „კინოსტუდიაში მოვიდა ოთარ ქინქლაძე, რომელიც შემთხვევით შემხვდა და მკითხა, შენი სცენარი რომ დევს კინოსტუდიაში, რატომ არ იღებ, წადი და გადაიღეო... ასევე მისცეს უფლება ელდარ შენგელაიას, გადაეღო „მიქელა“ და გიორგი შენგელაიასა და ბაადურ წულაძეს – „ჯილდო,“ – იხსენებს ბატონი მერაბი ... მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედების მწვერვალად მაინც „დიდი მწვანე ველი“ მიიჩნევა – ფილმი, რომელიც ცივილიზაციათა კონფლიქტის მარადიულ დრამას ეხება… ფილმი 1994 წელს, პეზაროს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში, რომელიც კინოს საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა, ყველა დროისა და ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის აჩვენეს. „დიდი მწვანე ველი“ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არსით, რომელიც არ იკარგება, რადგან დღესაც უყურებენ… „რომ გითხრათ, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ ან „ნუცას სკოლა“ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, არ ვიქნები მართალი, ან ვთქვათ, დოკუმენტური ფილმი „გზა“, რომელიც საქართველოს ისტორიაზეა... რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე მათში“… დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“, რომელიც უკვე ჩაიწერა დოკუმენტალისტიკის ისტორიაში. ფილმი, რომელშიც რეჟისორი თავად არის მთხრობელი, დადის, ეძებს მასალებს ივანე ჯავახიშვილზე და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გადმოგვცემს ყველა დეტალს, რაც კი უდიდესი ქართველი მოღვაწის შესახებ მოგვეპოვება...
ეს მეთოდი მას გამოყენებული აქვს დოკუმენტურ ფილმში „გზა“…  ფილმის რეჟისორი თავად არის წამყვანი და მთხრობელი და ამავე დროს, შუამავალი მოზღვავებულ ინფორმაციასა და მაყურებელს შორის. ის ყოველთვის და ყველგან ფიგურირებს, როგორც კადრში, ასევე კადრს გარეთ... ის ფილმში სხვის მითითებებს კი არ ასრულებს, თავად არის ავტორი.
скачать dle 11.3