კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ ცდილობენ კომერციული ბანკები პენსიონერების მოტყუებას და ცდუნებას სესხის ასაღებად და რატომ აძლევს სახელმწიფო მათ მოსახლეობის გაღარიბების უფლებას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100 პროცენტს. ასევე, 100 000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება, გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი სოციალური ქსელებით მოუწოდებს მოქალაქეებს, კარგად გადაამოწმონ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები (რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შემოთავაზებებით, ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებსო). მეორე მხრივ, გაუგებარია ამ მოწოდებების პათოსი, იმ მარტივი მიზეზით, რომ სახელმწიფოს კანონით შეუძლია, დაავალდებულოს კერძო ბანკები, რეკლამით არ მოატყუოს მომხმარებელი, სასესხო ხელშეკრულებები დაწეროს გასაგები ქართულითა და მისაღები შრიფტით და ასე შემდეგ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ლია ელიავასთან ვისაუბრებთ ეროვნული ბანკის ქმედებებსა და მის როლზე სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
– დიდ იმედებს ამყარებდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლაზე, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა, შეუძლებელია სამართლებრივ ჩარჩოში ბანკებთან ურთიერთობის მოქცევა, ანუ არის თუ არა ადეკვატური ეროვნული ბანკის რეაქცია საფინანსო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისადმი?
–   ერთი ხელმძღვანელი პირის ცვლილებამ ეროვნულ ბანკში, ფაქტობრივად, ვერაფერი შეცვალა და ეს მოსალოდნელიც იყო. ერთი ადამიანი ამინდს არ ქმნის. იქ ამინდს ქმნის ქვედა სტრუქტურები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ის იზიარებს. თუ რატომ იზიარებს და რატომ არ უჩნდება დამატებით შეკითხვები, ცალკე საუბრის თემაა. ფაქტი არის ის, რომ ერთი ადამიანის ცვლილება არ ცვლის ამინდს. ეროვნული ბანკის მუშაობის სტილი მრავალი წლის განმავლობაში უცვლელია: ეროვნული ბანკი მუშაობს თავის თავზე, ანუ თავისი უწყებისთვის და არა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
– განვმარტოთ, რას ნიშნავს „მუშაობს თავის თავზე“, იმიტომ რომ, მათი ხელფასები პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი შემოსავალი ექნებათ?
– ეროვნულ ბანკს აქვს ორი ინტერესი. პირველი ინტერესია, რომ პირნათლად და პირუთვნელად შეასრულოს სავალუტო ფონდის ყველა მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, ეს მავნეა თუ სასარგებლო ქვეყნის ეკონომიკისთვის და, მეორე, არ შემოაკლდეთ შემოსავლები და არ შეუმცირდეთ სახელფასო სარგოები. ფაქტობრივად, ინტერესი, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, საფინანსო სექტორმა, მართლაც, ხელი შეუწყოს მოსახლეობის კეთილდღეობას და წარმოების ზრდას, შემცირდეს უმუშევრობა, ეროვნული ვალუტა იყოს სტაბილური, არ აქვს ეროვნულ ბანკს და არ მუშაობს ამ საკითხებზე. თქვენ ხედავთ, როგორ იზრდება ფასების დონე, ინფლაციის მაჩვენებელიც და ეროვნულ ბანკს არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა თვით ეროვნული ბანკისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვისაც.
– განვუმარტოთ მკითხველს, თუ როგორაა დამოკიდებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრების ხელფასები ამ პროცესებზე, რომ ნათელი წარმოდგენა შეექმნას, თუ რატომ არის ეროვნული ბანკი უფრო დაინტერესებული კერძო ბანკების კეთილგანწყობითა და სავალუტო ფონდის ნებისმიერი რეკომენდაციის შესრულებით, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით.
– მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არის სახელმწიფო სტრუქტურა და მისი ქონება ეკუთვნის სახელმწიფოს, ეს დეკლარირებულია კანონით, სინამდვილეში, სახელმწიფო, ანუ მთავრობა ვერანაირად ვერ აკონტროლებს ეროვნული ბანკის ფინანსებს. შემოსავლებს იმ საქმიანობიდან, რასაც, კანონით, ეწევა ეროვნული ბანკი, მათ შორის, უცხოური რეზერვებიდან მიღებულსაც, რომელიც გატანილი აქვს ქვეყნიდან და დაბანდებული ფასიან ქაღალდებში, იტოვებს მთლიანად; ისევე, როგორც შემოსავლებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების პროცესიდან. იგივე რეფინანსირების სესხები ეროვნულ ბანკს მსუყე პროცენტს აძლევს; ასევე, სადეპოზიტო სერტიფიკატები, რომლებსაც მიჰყიდის კომერციულ ბანკებს. ერთი სიტყვით, ბევრი საქმიანობა უტოვებს ეროვნულ ბანკს კარგ შემოსავალს და, კანონით, ეროვნულმა ბანკმა, მას შემდეგ, რაც დაიკმაყოფილებს ყველა თავის ფინანსურ მოთხოვნილებებს, დანარჩენი თანხა უნდა გადარიცხოს ბიუჯეტში.
– და რამდენია ეს თანხა?
– მართლაც ეროვნული ბანკი ყოველწლიურად რიცხავს თანხას ბიუჯეტში, მაგრამ ეს თანხა საოცრად მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ეროვნული ბანკი ახარჯავს თავის თავს და ეს არ ეხება მხოლოდ სახელფასო პოლიტიკას. იცით, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წლიური შემოსავალი რამდენიმე ასეულ ათასობით ლარია. ეს ეხება სხვა ტიპის ხარჯებსაც, როგორიცაა ვოიაჟები უცხოეთში და სხვა. ამასაც საკმაოდ დიდი ფინანსური გავლენა აქვს ეროვნული ბანკის ხარჯებზე. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომელიც მოიხმარს დიდი ოდენობით რესურსს, ამოღებულს საქართველოს ეკონომიკიდან ან მიღებულს უცხოეთიდან. თუმცა უცხოეთიდან მიღებული შემოსავალიც საქართველოს ეკონომიკიდან ამოღებული და გატანილი სახსრებია. ის მოიხმარს ამ რესურსს, მაგრამ მისი საქმიანობა არის იმ ხარჯის არაადეკვატური, რასაც ის სწევს თავის თავზე. არაადეკვატურში ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა ვერანაირად ვერ უწყოს ხელს ეკონომიკურ ზრდას. მეტსაც გეტყვით, ძალიან ხშირად ის აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. განსაკუთრებით, როდესაც ლაპარაკია ბანკების არაადეკვატურ ზედამხედველობაზე; არაადეკვატურ სავალუტო პოლიტიკასა და ინფლაციის არაადეკვატურ თარგეთირებაზე. სხვა დანარჩენ მიმართულებებს აღარ განვიხილავ, ეს სამი ძირითადი მიმართულებაც საკმარისია.
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სოციალური ქსელით მოუწოდებს, წაიკითხეთ ხელშეკრულება გულდასმითო, ან როდესაც ეფექტურ 100 პროცენტზეა ლაპარაკი, ცოტა უხერხული არ არის, რომ ვილაპარაკოთ საქართველოს საბანკო სექტორის წარმატებულობაზე? ადეკვატურია ჩვენი ამბიციების?
–  ეროვნულ ბანკს ძალიან ხშირად მიმართავენ მსესხებლები იმის გამო, რომ ვერ იხდიან ასეთ უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა 100-პროცენტიანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არცერთ ბანკს არ აქვს, ეს უფრო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეხება. თვითონ ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა არის ძალიან ლოიალური. მან ძალიან დიდი უფლებები მიანიჭა როგორც კომერციულ ბანკებს, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ბოლო ერთი წელია, ფაქტობრივად, მიშვებულნი არიან. მათ არ აქვთ არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა მსესხებლისადმი. ამდენად, შეუძლიათ, საკრედიტო ხელშეკრულებაში ჩადონ პირობა, რომ კომერციულ ბანკს შეუძლია, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ისე, რომ არც კი ჰკითხოს მომხმარებელს, შეუძლია თუ არა გადახდა; შეუძლია, მოითხოვოს სესხის სასწრაფოდ დაფარვა, თუ დაინახავს, რომ მსესხებელს ფინანსური პრობლემები შეიძლება, შეექმნას და ამით კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეუქმნას. კომერციულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლიათ, საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი წვრილი შრიფტით დაბეჭდონ, რომ მისი წაკითხვა გამადიდებელი შუშის გარეშე შეუძლებელია. კომერციულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლიათ, ისეთი ტერმინებით შეადგინონ სასესხო ხელშეკრულება, რომ ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირსაც კი გაუჭირდეს ერთი წაკითხვით შინაარსის გაგება და იმის დანახვა, თუ რა წყალქვეშა ნაღმებია ჩადებული. მათ ამ ყველაფრის უფლება აქვთ, რადგან ეროვნული ბანკი არანაირ მოთხოვნებს არ უწესებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ ეროვნული ბანკი თვალებს ხუჭავს იმაზე, რომ მისი რეგულირების ქვეშ მყოფი საკრედიტო დაწესებულებები ძარცვავენ მოსახლეობას და  სამართლიანობა ითხოვს, ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს დამახასიათებელია ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის. ეს არის ჩვენი ჩამორჩენილობის ნათელი ინდიკატორი. შეიძლება თუ არა ამ საკითხების დარეგულირება? ცხადია, შეიძლება და ამას სჭირდება ეროვნული ბანკის კეთილი ნება.
– ხელების გადაგრეხვა იქნება, თუკი ბანკებს დაუწესებენ რეგულაციებს, რაც მათ მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ პარტნიორებად აქცევს? და, ბოლოს და ბოლოს, რამდენ კლიენტს დაკარგავენ ისინი, თუ ხელშეკრულებას დაწერენ ნორმალური შრიფტით და ზედაპირული და არა წყალქვეშა ნაღმებით?
– რატომ აკრძალა ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი მედიკამენტის გაყიდვა რეცეპტის გარეშე? იმიტომ რომ, ადამიანმა არ ავნოს თავის თავს! რატომ კრძალავს პოლიცია ნარკოტიკების გასაღებას? იმიტომ რომ ადამიანმა არ ავნოს თავის თავს! რატომ შემოიღო სახელწიფომ მოძრაობის წესები? იმიტომ რომ, ადამიანმა არ ავნოს თავის თავს! ანუ სახელმწიფო, თავისი არსით, ვალდებულია, დაიცვას ადამიანი იმისგან, რომ მან არ ავნოს საკუთარ თავს. ხშირად მომყავს საფრანგეთის მაგალითი, სადაც სესხის აღებისას გირაოდ არავინ ჩაგადებინებთ ერთადერთ საცხოვრისს, იმიტომ რომ, თქვენსავე თავს არ ავნოთ და გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოშობის შემთხვევაში, არ აღმოჩნდეთ ქუჩაში. ანუ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის მოსახლეობაზე და არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული თუ არა, რა წერია საკრედიტო ხელშეკრულებაში. როდესაც მსესხებელი მიდის კრედიტოფიცერთან და ის ეუბნება, რომ გადაიხდის წლიურ 20 ან 25 პროცენტს და საბოლოოდ, ამდენი და ამდენი  თანხა ექნება გადასახდელი, მას აღარ აინტერესებს, რა წერია ხელშეკრულებაში. არადა იქ ისეთი ნაღმებია ჩადებული, რომ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს შეიძლება, გახდეს მსესხებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების წყარო. ყველაფრის მინდობა კომერციული ბანკებისთვის არასწორია. მით უფრო, ისეთ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ბიზნესი არის ველური. სულ იმას ვამბობ, რომ ჩვენ არ გვქვს ეკონომიკური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა კი მისი შემადგენელი ნაწილია. ეს იმის ბრალია, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს არ ჰყავთ პროფესიონალი ეკონომისტები, რომლებსაც შეუძლიათ, მთლიანობაში შეაფასონ პრობლემა და არა მხოლოდ უწყებრივი გადასახედიდან.
– უცნაურია, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ შემოთავაზებებს, ანუ რეკლამას, რადგან მარტივია კანონით დავალდებულება ბანკების, რომ არ მოატყუონ მომხმარებელი. თავმომაბეზრებელია რეკლამები თავად ინტერნეტბანკშიც, რომ დაგიმტკიცდათ ამდენი და ამდენი სესხი და სწორედ ეს შემოთავაზება იხსნება ხოლმე პირველად. მეტიც, ვთქვათ, გთავაზობენ 1000-ლარიან სესხს 18 პროცენტად და ამ დროს, თანხის გამოტანისას ირკვევა, რომ საკომისიო განაღდების არის 20 პროცენტი, ანუ გამოდის, რომ რეალურად იღებთ 800 ლარს და არა 18, არამედ 38 პროცენტად.
– ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ შენ, როგორც მოქალაქე, ვალდებული ხარ, კომერციულ ბანკში შეინახო ფული და კომერციული ბანკი ამ ფულს თავის ტორს ადებს. ამ ტორის ქვეშ კი აღმოჩნდება ათასგვარი საკომისიო, იქნება ეს ანგარიშის მომსახურების, „ეს ემ ეს“ მომსახურების, ბანკომატიდან ფულის გამოტანის თუ ასე შემდეგ. ანუ ადამიანი მუშაობს, იღებს შემოსავალს და მას ამ შემოსავლის ნაწილს ართმევს კომერციული ბანკი, ანუ ძარცვავს. ამ მექანიზმს ეროვნული ბანკი საერთოდ უგულებელყოფს და არ არეგულირებს. ვიცი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი სახელფასო ანგარიშის მომსახურებისთვის კომერციული ბანკები ყოველთვიურად იღებენ 10 ლარსაც კი. ეს მარაზმამადე დასული მტაცებლობაა, მაგრამ არც ამაზე აქვს რეაქცია ეროვნულ ბანკს. ბანკი ფულს იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ, კანონით, ყველა ვალდებულია, ხელფასი მიიღოს კომერციული ბანკების ანგარიშებით, რითაც კომერციულმა ბანკებმა ძალიან კარგად იხეირეს. მაგალითად, სხვა ქვეყნებში მიღებულია ხელფასის ჩეკებით გაცემაც, ანუ არსებობს ალტერანტივა, ჩვენთან კი არჩევანი არ დაუტოვეს ქართველ საზოგადოებას. ეს ათი თუ ოცი ლარი არ იქნებოდა პრობლემა, საქართველოს მოსახლეობას რომ მაღალი შემოსავალი ჰქონდეს. ერთი სიტყვით, ესეც დასარეგულირებელია, რასაც ეროვნული ბანკი არ აკეთებს.
რაც შეეხება სესხის გამოტანისას საკომისიოს აღებას: როდესაც საკომისიო აღწევს შენ მიერ მისაღები თანხის 20 პროცენტს, ამას გასული საუკუნის 90-იან წლებში ერქვა კონკრეტული სახელი: „ატკატი“. მაგრამ არც ამაზე იბერტყავს ყურს ეროვნული ბანკი.
– ნაღდ რვაას ლარს მომყიდის 100 ლარად და კიდევ პროცენტებად.
– ასეთ „ატაკატებზე“ მუშაობა არცერთ ბანკს არ ეკადრება, მით უფრო, რომ ეროვნული ბანკი სულ იმით იწონებს თავს, რომ გამართული და წარმატებული საბანკო სისტემა გვაქვს. რეალურად კი, ჩვენი კომერციული ბანკები „ატკატების“ 90-იანი წლების პრაქტიკას დაუბრუნდა და ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. უფრო მეტიც, როდესაც პენსიონერი იღებს პენსიას ბანკომატიდან, პირველი, რასაც ეკითხებიან, აიღებთ თუ არა სესხსო.
– მეც მივაქციე ამას ყურადღება, ხომ შეიძლება, პენსიონერს დაეჭიროს ხელი შემთხვევით?
– თავისუფლად. ანუ, ეს, ფაქტობრივად, არის მომხმარებლის მოტყუება, რაც, ასევე, უნდა ილაგმებოდეს ეროვნული ბანკის მიერ, მაგრამ ის მაინც არ იბერტყავს ყურს.

скачать dle 11.3