№1 თანამოაზრეები
ანუ შობა ჯინაზე?!
რაკი არაფერია ახალი მზისქვეშეთში, გამონაკლისი არც გასული წელი ყოფილა და კვლავ გაიმართა სჯა-ბაასი, თუ როდის უნდა აღინიშნოს შობა: 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესიის საქმეა და, თუ ვინმე არ ეთანხმება, როცა გაუხარდება, მაშინ აღნიშნავს).
უფრო მეტიც, ბოლო წლებში ამ საკითხს სხვა პათოსიც დაემატა: 25 დეკემბერს შობის აღნიშვნის გადმოტანა ევროპასთან დაგვაახლოებს და ოკუპანტის კლანჭებისგან გვიხსნისო (თუმცა, მე რომ მკითხოთ, ექვსი საუკუნით ადრე გაქრისტიანებული ქართველი რომ ექვსი საუკუნით გვიან გაქრისტიანებულ რუსს უფრთხის დღესასწაულის თარიღის გამო, უფრო კომპლექსი მგონია). წელს განგაშის ზარები, მაგალითად, დეპუტატმა რომან გოცირიძემაც დაარისხა (25 დეკემბრით დავაღწიოთ თავი ოკუპაციასო!)
ერთი სიტყვით, ვიდრე ჩვენთან დიდად ჭმუნავდნენ, თემაზე: 25 თუ 7, პრ. პუტინის ლამის პირადმა
პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა რუს საზოგადოებას ამცნო, რომ, ადრე თუ გვიან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერსო და, თქვენ წარმოიდგინეთ, დაასაბუთა კიდეც.
მომყავს ციტატა: „ჩვენი ძმები, კათოლიკეები და პროტესტანტები, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქრისტიანების გაერთიანებისთვის. 7 იანვარი არის ანტიმედასავლეთეობისა და ვატიკანთან ბრძოლის ელემენტი. მაგრამ ეს იყო წარსულში. დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ვატიკანი მოკავშირეები არიან ანტიქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც დაეუფლა ევროპას… შობის 25 დეკემბერს აღნიშნვა გააახალგაზრდავებს რუსულ მართლმადიდებლობას.“
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: რუსეთმა თუ შეგვასწრო ან თუ მოგვყვა, მერე როდისღა (ანუ ვის ჯინაზე) უნდა აღვნიშნოთ შობა?! –