№1 რევერანსი სომხურად
გეოპოლიტიკური ჭადრაკი
ისე მოხდა, რომ ახალი წლის დადგომამდე ჩვენი მეზობელი სომხეთის პრეზიდენტი გვეწვია (თქვენ წარმოიდგინეთ, არაგეგმურად) და თუმცა მანამდე ჩვენმავე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ცხინვალიდან ტრანზიტს გავუხსნით სომხეთსო (პათოსით: მეზობელო კარისაო), ბრმისთვისაც კი აშკარაა, რომ მიზანი მხოლოდ სომხეთზე ზრუნვა არაა.
მართალია, დერეფნის გახსნა მაინც მოგვიწევდა (ოღონდ რუსეთისთვის), იმიტომ რომ, 2011 წელს მოაწერა ამ შეთანხმებას ხელი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ (და ის, ადრე თუ გვიან, ამოქმედდებოდა).
რატომ მოაწერა? იმიტომ რომ, სხვა გზა არ ჰქონდა: ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი მაშინ რფ-ის მიმართ გადატვირთვის პოლიტიკას ატარებდა. აქედან გამომდინარე, ამაოა ყოფილი ხელისუფალის ჭმუნვანი, მოქმედი ქვეყნის ინტერესებს ღალატობსო, მაგრამ, რაკი პოლიტიკა ისეთი რამაა, შენ მიერ დაშავებულიც რომ სხვას უნდა გადააბრალო, გასაკვირიც არაფერია.
მაგრამ აი, ცხინვალის გავლით სომხეთისთვის გზის გახსნა კი, მხოლოდ მოქმედი ხელისუფლის გადაწყვეტილება იქნება (ანუ პასუხისმგებლობა). მეორე მხრივ, ეს ის გზაა, რომლითაც ირანიც დაინტერესებულია (მოკლეზე მოჭრის გზას ჩრდილო კავკასიისკენ, ანუ რუსეთისკენ) და რუსეთიც, იმიტომ რომ, თავისი სამხრეთ კავკასიელი მოკავშირე (სომხეთი) მხოლოდ საჰაერო გზისა და ზამთრობით ჩაკეტილი ლარსის იმედად არ ეყოლება.
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორიც დუმს, წყალი არ გაუვა, რომ იცის და თანახმაა.
შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა: მხოლოდ დაინტერესებული მხარეები იხეირებენ (რაკი სქემა უკვე შეთანხმებული ყოფილა), თუ ჩვენც გამოვიჩენთ ფხას გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში?! –