კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ დებენ გია ჯაჯანიძის დედლები ოქროს კვერცხებს და ვინ დასდევდა მას აფრიკელი იმპერატორის სასახლეში

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

გია ჯაჯანიძე აფრიკიდან მისტიკური შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ ცნობილი და უკომპასო მოგზაურია, აფრიკამ, როგორც თვითონ ამბობს, მძაფრი ემოციები დაუტოვა.  ის, რაც მისი გადაცემის  კადრებში ვერ მოხვდა, გიამ ჩვენი ინტერვიუსთვის „შემოინახა” და ისიც გაგვიმხილა, რომ მოვა დრო, როცა  ტრადიციას დაარღვევს და საკუთარი სახლის ნაცვლად, ახალ წელს ეთიოპიაში შეხვდება.  
გია ჯაჯანიძე:
ჩემი აფრიკული თავგადასავალი საკმაოდ მისტიკური და საინტერესოა. თითქმის ყველა კონტინენტზე მოვახერხე ფეხის დადგმა, აფრიკაში კი არ ვიყავი ნამყოფი. როდესაც მითხრეს, რომ ქართული კომპანიის  მიერ გაკეთებულ სატელევიზიო სტუდიაში ტრენინგების ჩასატარებლად მიმიწვიეს, ძალიან გამიხარდა. პირველი შთაბეჭდილება, რამაც  ეთიოპიაში ჩასულს ყველაზე დიდი განცდა დამიტოვა,   იმ ადამიანების ბედნიერი სახეები იყო, ვინც მე ვნახე.  ჯერ ხომ ამდენი ფერადკანიანი ერთად არ მენახა და ყველა მათგანი იყო მომღიმარი და   ბედნიერი. ასეთი კეთილგანწყობილი და სიცოცხლით სავსე ხალხი არსად  მინახავს. არც გაჭირვებას დაუთრგუნია ისინი, არც მძიმე ყოფას, რაც აფრიკული  ქვეყნებისთვის  უცხო არ არის. ხომ ვიწონებთ თავს ქართველები განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით, თქვენ ეთიოპიელების ტრადიციები უნდა ნახოთ. როდესაც სტუმრად გეპატიჟებიან, პატივისცემის ნიშნად, პირველ ულუფას საკუთარი ხელით გაჭმევენ. მე ხომ ეს არ ვიცოდი და პირველად, დავიძაბე. მე ისეთი ხასიათი მაქვს, როგორ სუფთა გარემოშიც არ უნდა მოვხვდე, როცა საქმე საკვებს ეხება, უნდა დავხედო ჩანგალს, შევამოწმო თეფში.  უცებ კი აღმოჩნდა, რომ ხელით უნდა მაჭამონ.  მერე და მერე შევეჩვიე, მშვიდად,  თვითონ ვაღებდი პირს, სანამ მასპინძელი ჩემს პატივისცემას დააპირებდა (იცინის). ალბათ, მეც ძალიან გამორჩეული ვიყავი იმ ხალხისთვის, რადგან, როცა ქუჩაში მივდიოდი, ყველა ყურადღებით მაკვირდებოდა –  მესალმებოდნენ, ხელს მიწევდნენ. ის ნამდვილად არ მიფიქირია, რომ იქ ვინმე მიცნობდა, ალბათ, მათგან გამორჩეული რომ ვიყავი, ეს ამის დამსახურება იყო. ეგ კი არა, ერთ დღეს ზოოპარკში წავედი, ულამაზესი ზოოპარკი აქვთ, საოცარი მაიმუნები ჰყავდათ. გაშტერებული ვუყურებდი ისეთ ტრიუკებს აკეთებდნენ. რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა, მივიხედე გვერდით და  მაიმუნებით გართულმა აღმოვაჩინე, რომ ასამდე ფერადკანიანი მე მიყურებდა. მათთვის მე ვიყავი უცხო ეგზოტიკა (იცინის).
– მისტიკური რატომ იყო ის გარემო შენთვის?
–  ადის-აბებაში ისეთი ადგილები ვნახე, სულ მქონდა განცდა, რომ მისტიკურ გარემოში ვიყავი. თვითონ ადამიანებიც ძალიან მისტიკურები არიან. საითაც გაიხედავ, სალოცავია და ჯვარია აღმართული. ერთ ადგილას  წმიდა გიორგის უზარმაზარი ქანდაკება  დავინახე, პირჯვარი გადავიწერე და მერე გავიგე, რომ თურმე ლუდის ქარხანა ყოფილა.   მიმიყვანეს იმპერატორ მელენიკ მეორის  სასახლეში. როდესაც იმ დარბაზში შევედი, სადაც იმპერატორი მელენიკი სტუმრებს იღებდა, მეგონა, მისი სული მხედავდა და თან დამდევდა. სასახლის ერთ-ერთ ნაწილში იმდენი სიმდიდრე და ძვირფასეულობა გახლდათ თავმოყრილი, განსაკუთრებული დაცვით შეგვიყვანეს. დავესწარი რელიგიურ დღესასწაულს, სადაც ტაძარი ბალახით იყო მორთული. მერე ეს ბალახი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წელი ატარებენ. მეც წამოვიღე ეს ბალახი და სულ ჯიბით დამაქვს. ეთიოპიელებმა მაჩვენეს   ბედნიერების ხე, რომელიც ყველა  სურვილს ასრულებს.  ამ ხის  პატარა ნერგიც წამოვიღე, ჩემს ეზოში უნდა დავრგო. მოკლედ, ეთიოპიიდან ბალახ-ბულახით და მისტიკური ქვებით სავსე ჩამოვედი.   ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა აფრიკულმა ყავამ და ეთიოპიელმა ქალებმა. მე ყავის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ასეთი ყავა არსად დამილევია. რაც შეეხება ქალებს – ოოო, ისეთი ვნებიანი და ტემპერამენტიანი ქალები ჰყავთ, გავგიჟდი. ყველას საოცარი ტანი ჰქონდა, მაღლები. ვგიჟდები მაღალ ქალებზე. სულ ასე ვიყავი.  ეტყობა, კომპლექსი მაქვს, მე რომ დაბალი ვარ, მაღალი ქალების დაპყრობა მინდება.  იქ ვერ ვნახე მსუქანი ადამიანი. იმათი შემხედვარე, ჩემი პატარა ღიპის ძალიან მრცხვენოდა.    ერთ-ერთ რესტორანში დამპატიჟეს, სადაც   ყოველ საღამოს წარმოდგენები აქვთ – რიტუალურ ცეკვას ასრულებენ. ერთ საღამოს სცენიდან ერთი გოგო და ბიჭი ჩამოვიდნენ, მტაცეს ხელი და პირდაპირ  სცენაზე ამიყვანეს.   სად აღარ მიცეკვია, „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც” ნახა ყველამ ჩემი ქორეოგრაფიული ტალანტი, მაგრამ იქ მაინც საოცარი იყო.  საერთოდ, ქუჩაში ხალხი ისე დადის და  ისეთი პლასტიკურები არიან, იფიქრებ, ცეკვავენო. მე კი უცებ, ჩემი მოუქნელი ცეკვით, ისეთი სასაცილო ვიყავი, როცა მათ რიტუალურ ცეკვას ავყევი, კიდევ კარგი, არავინ მიყურებს-მეთქი, ვფიქრობდი. იმდენი ვიცეკვე, ლამის ელენთა ამოვიგდე (იცინის).
– კიდევ ხომ არ აპირებ აფრიკაში წასვლას?
– რამდენიმეს დავპირდი, რომ იქ კიდევ ჩავალ, მათ შორის, ერთ-ერთი ქალია, რომელსაც ძალიან დავუმეგობრდი. პირობას შესრულება უნდა და ალბათ, კიდევ  ჩავალ ეთიოპიაში.  იმის მიუხედავად, რომ მე მაინც ევროპული ცივილიზაციის ტურისტი ვარ, აფრიკა  ჩემთვის საინტერესო  აღმოჩნდა.  მახსოვს, საკმაოდ  რთული  მოგზაურობა ინდოეთში, თუმცა მაინც  სიამოვნებით ჩავალ იქ კიდევ.  მიყვარს ინდოეთი, იქ სხვანაირ თავისუფლებას გრძნობ.  იცით, როგორ მომივიდა?  გიჟი ქორწილში წავიდა, ჩემს სახლს ესა სჯობიაო.  ტურისტი  ხომ ვერ ხედავს იმ სიმძიმეს, რაც ინდოეთის ცხოვრებას ახლავს და მხოლოდ ეგზოტიკას გრძნობს.  ასე იყო ეთიოპიაშიც. სხვათა შორის, ახალ წელს შევხვდებოდი იქ, საინტერესო იქნებოდა ახალი წელი იმ ცივილიზაციაში. მართალია, ახალი წლების განსაკუთრებული აღნიშვნა არ ვიცი, მაგრამ მინდა, დავარღვიო ტრადიცია და ერთ-ერთ ახალ წელს, არა მზესუმზირის ჭამაში, არამედ უცხო ეგზოტიკაში შევხვდე.
– რატომ არის  მზესუმზირა შენი ახალი წლის მთავარი რიტუალი?
– არ ვიცი, ასე მოხდა. უკვე ბევრი წელია, ახალი წლის ღამეს ვხვდები სახლში. არანაირი საცივი და გოჭი, საახალწლო მაგიდაზე მაქვს მზესუმზირა. არ ვიცი, ეს რიტუალია თუ არა, მაგრამ მე მზესუმზირა კარგად მაქვს დაცდილი. 30 წელია, ახალი წლის ღამეს მზესუმზირას ვჭამ (იცინის). მე ვარ სასტიკი ვეგეტარიანელი. ჩემს მაცივარში ქათამი და გოჭი არასდროს დებულა, ქათმები მყავს ეზოში. ჩემი ხუთი დედალი ისეთ კვერცხებს დებენ, ჯერ კიდევ თბილ-თბილს რომ გადასანსლავ, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. ჩემს ხუთ დედალს მოსაკლავად როგორ გავიმეტებ. ჩემთვის მათი კვეცხები  ოქროს კვერცხებია (იცინის). სიმართლე გითხრა, არ მესმის იმ ხალხის, ვინც საახალწლოდ მთელი წლის ფულს ხარჯავს სურსათ-სანოვაგეში და მერე საჭმელს ყრის. მე ძუნწი  სულაც არ ვარ, მაგრამ სულ არაა აუცილებელი, ახალი წლის სუფრაზე შემწვარი გოჭი იყოს. ვეგეტარიანელიც რომ არ ვიყო, ასე ვიფიქრებდი. იმის მიუხედავად, რომ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, როგორც კი მარტო ცხოვრება დავიწყე, ეს ტრადიციები დავივიწყე. ახალი წლის ღამეს ვუყურებ ტელევიზორს, მაცვია სპორტული ტანსაცმელი და ვჭამ მზესუმზირას. ჩემი ოჯახის წევრები მიდიან ერთმანეთთან. დედა ხან  ჩემს ძმასთან მიდის, ხან – დასთან. მე კი ვრჩები მარტო. არ ვფიქრობ, რომ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული რიტუალები უნდა დავიცვა. რიტუალს ვიცავ შობის ღამეს, როცა ერთ პატარა ტაძარში გავიპარები ხოლმე, სადაც შობის  ღამეს ძალიან ცოტა ადამიანი ხვდება.   მქონია ეგზოტიკური ახალი წელიც, რაც წლები მემატება, ხშირად  მახსენდება ახალი წლის ღამე, რომელიც ჭიათურაში, გედების ტბაზე გავატარე. მეათეკლასელი ვიყავი, ახალი  შეყვარებული. ვიღაცამ მითხრა, მომიყვა, რომ  გედების ისტორია სიყვარულთან ასოცირდება. თურმე, როცა  გედი კვდება, მეორე  გედი  ძალიან მაღლა აფრინდება, ფრთებს შემოიკეცავს დაბლა ეშვება და თავს იკლავს. ეს ისტორია 15 წლის ბიჭისთვის ძალიან ემოციური იყო.   ჭიათურაში  კულტურის სახლის უკან იყო  გედების ტბა. იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა. ახალი წლის ღამეს გედებს საკვები წავუღე.  იყო ასევე, ახალი წელი, რომელსაც შევხვდი ისრაელში, ამერიკაში, თუმცა მათგან არცერთს  ჭიათურაში ტბაზე გატარებული ახალი წელი არ ჩამოუვარდებოდა. ჩემი ახალი წელი მე მგავს – სულ ბედნიერია. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როცა კინოსტუდიის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი  და ახალი წლის ღამეს მხოლოდ დამჭკნარი ჭარხალი მქონდა ხახვში მოთუშული. მარტო, მშიერი და გაციებულიც კი, ბედნიერად ვგრძნობდი თავს.   ბედნიერებაა, როცა ხარ ახალგაზრდა, ჯანმრთელი, იმედებით სავსე.  ჭიათურაში მოცუცქნულ გაღუნულ პლასტმასის ნაძვის ხეს ვდგამდით, სათამაშოებიც კი არ იყო, ბამბით და ფოჩიანი კამფეტებით  ვაფორმებდი ხოლმე. მაგრამ, ბედნიერი ვიყავი. ახლა დიდი სახლიც მაქვს, ეზოში ნაძვის ხეც მიდგას, მაგრამ მე აღარ მაქვს მისი მორთვის „თავი” – ახლა ჩემი ეზოს ნაძვის ხეს ჩემი შვილები, შვილიშვილები  და სტუმრები, ჩემი მეგობრები, რთავენ.
скачать dle 11.3