№52 როგორ დაიწყო ტანსაცმლის დიზაინერობა ნუცა ბუზალაძემ და რატომ დააკავეს ის აეროპორტში
ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში ახალი საინტერესო ეტაპი დაიწყო. მსგავსად პოპ-ვარსკვლავებისა, გადაწყვიტა, ყოფილიყო მომღერალი, რომელიც ტანსაცმლის საკუთარ კოლექციას აწარმოებს. დიზაინერობაც შეითავსა და უკვე გამოუშვა პირველი კოლექცია. როგორ მოუვიდა დიზაინერობის იდეა, როგორ ქმნის სამოსს და აპირებს თუ არა ამ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელებას, ნუცა თავად გვიამბობს.
ნუცა ბუზალაძე: ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული დუბაიდან და თავიდან მისი იდეა იყო – მან მითხრა, გამეკეთებინა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი, ისევე როგორც სხვა მომღერლებს აქვთ. ჩემს ტანსაცმელს სულ მე ვაკერინებ – ვეუბნები, რა როგორ მინდა. ამ მხრივ, ატელიე „კიკალასთან“ მქონდა ურთიერთობა. მათ ვუთხარი ჩემი იდეა და ძალიან მოეწონათ. თავიდან მინდოდა, სპორტული ხაზი გამეკეთებინა. ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მომწონს და კარგი მესიჯი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის, რომ არც მოწიონ, არც დალიონ. მე არ მიყვარს ასეთი რაღაცები – არც ვეწევი. თუმცა, ამას უფრო დიდი დრო სჭირდებოდა, ეს კოლექცია კი ორ თვეში გავაკეთეთ. მომავალში ვგეგმავ, ჩემი სპორტული ხაზიც გავაკეთო და ვნახოთ, როგორ იქნება.
– რით არის შენი კოლექცია საინტერესო?
– დიზაინით, წარწერით, ფერებით, სულ განსხვავებულია. სადაც არ უნდა ჩაიცვა, ყველგან კარგად იქნები – კონცერტზეც, წვეულებაზეც და მეგობართან შეხვედრისასაც. რომ გითხრა, ფინანსურად მქონდა დიდი დაინტერესება, ტყუილი იქნება. მინდოდა, სახელისთვის გამეკეთებინა და ძალიან მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდათ. რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვფიქრობ, სამომავლოდ, კიდევ განვაგრძო რაღაცების კეთება.
– ქართველ დიზაინერებს კონკურენტი გამოუჩნდათ?
– არა, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. უბრალოდ, კარგია, როცა მომღერალს აქვს თავისი რაღაცები. ვფიქრობ, ეს ინსპირაციაც უნდა იყოს სხვებისთის – აკეთონ ის, რისი ინტერესიც აქვთ. თავისით მოდის იდეები, არ ვზივარ და არც ვფიქრობ. ვუყურებ, რა არის ტრენდული, რა მომწონს, თან, ვამბობ: რა ბედნიერებაა, რომ ჩემი ტანსაცმელი მაცვია-მეთქი. ძალიან დიდი პრობლემაა, განსხავებული გეცვას – ისეთი, სხვა რომ არ იტყვის – ეს მეც მაქვსო. მიყვარს იმიჯის შეცვლაც, განსხვავებულად რომ გამოვიყურები. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ აეროპორტში ვერ მცნობენ და დიდხანს მაჩერებენ. ერთხელ ორი საათი გამაჩერეს, რადგან პასპორტის ფოტოში ძალიან სხვანაირი ვარ. შენ არ ხარო – მიმტკიცებდნენ. მართლაც, ავტორუჯი მქონდა და თმა ქერა და დახვეული. პასპორტის ფოტოში კი ვიყავი 14 წლის, თეთრი, ყავისფერი თმით და პატარა. ორი საათის შემდეგ მოვიდნენ ექსპერტები, გადამიღეს ფოტოები, ამიღეს თითის ანაბეჭდები და გამიშვეს.
– ფასები ხელმისაწვდომია?
– ძალიან – სამას ლარზე ნაკლებია ყველაფერი. ახალი წლის მერე, უფრო სპორტულ ხაზს ვგეგმავ. ჯერჯერობით, არ ვფიქრობ, რომ ბიზნესად ვაქციო. ჯერ სახელის მხრივ ვუყურებ და მერე შეიძლება, ბიზნესზეც დავფიქრდე. ახალი წლის კონცერტებისთვის სულ ჩემი კოლექციიდან ჩავიცვამ.
– როგორ ხვდები ახალ წელს?
– სახლში რომ ემზადებიან ახალი წლისთვის და ნაძვის ხეს რთავენ – მე ასეთი ტიპი არ ვარ. ახალ წელს სახლში საერთოდ არ ვარ. სულ გადარბენა, სულ სადღაც – სხვა ქვეყანაში მიდივარ და ვის გავუკეთო? დედაჩემსაც არ უყვარს. სახლში კი მარტო მე და დედა ვცხოვრობთ. ზუსტად ვიცი, ერთი ახალი წელი მექნება ისეთი, რომ სახლში შევხვდები, მაგრამ – ჯერ არა. ერთხელ, ახალ წელს, ნოდიკო ტატიშვილთან ერთად, ბენზინგასამართ სადგურზე შევხვდი, მანქანაში. ნოდიკო გავიდა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში და მოიგო მანქანა. რიყეზე დუეტი უნდა გვემღერა და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ რომ დამთავრდა, ეგრევე გავვარდით ამ ახალი მანქანით. გათავდა ბენზინი. სამ ბენზინგასამართზე მივედით და არავინ იყო. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთიდან გამოვიდა კაცი, რაც ჩვენ ის ვლოცეთ და ვაქეთ. ზუსტად, ბენზინს რომ გვისხამდა, იმ დროს შევხვდით ახალ წელს.
– ყველაზე განსაკუთრებული რა საჩუქარი მიგიღია ახალ წელს?
– პატარა ვიყავი და მახსოვს, ახალ წელს ძალიან მინდოდა ლეპტოპი, რომელიც ახალი გამოსული იყო და მაჩუქეს. ბავშვობაში ხომ ძალიან მიყვარდა ბარბები და ასეთი რაღაცები – სულ ვიღებდი. საკუთარ თავს ძალიან ხშირად ვუკეთებ საჩუქრებს და ასევეა დედაჩემიც. მას უფრო ოქროს ჩუქება უყვარს. მე და დედა ვართ დაქალები, ასე მგონია, ერთნი ვართ და არა ცალ-ცალკე. ბავშვობიდან მარტო ვცხოვრობდით, მამა ჩვენთან არ იყო. ამიტომ დედასთან მარტო რომ იზრდები, სხვა ურთიერთობა ყალიბდება. ბაბუც მზრდიდა, სანამ გარდაიცვლებოდა და დეიდაჩემიც – თავისი ოჯახით სტამბულში. მაგრამ, მე და დედა ერთად ვიზრდებოდით, სულ ერთად გვეძინა. არ არსებობს თემა, დედასთან რომ არ განვიხილო. მასზე მეტად არავის უნდა მე წარმატებული და ბედნიერი ვიყო. ერთადერთი დედაჩემის აზრია, რომელიც შეიძლება, გავითვალისწინო. რთული ხასიათი მაქვს და დედაჩემია ერთადერთი, ვინც შეიძლება, აზრი შემაცვლევინოს. ბაბუ რომ გარდაიცვალა, ცამეტი წლის ვიყავი და მაშინ მქონდა ყველაზე რთული პერიოდი – მან გამზარდა და წავიდა... ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო. არადა, ბავშვობიდან ამბობდა, რომ წარმატებული ვიქნებოდი.
– მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ, ჩვენთან არ ცხოვრობს. პატივს ვცემ იმ აზრსაც, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეწყობა, უმჯობესია, ერთად არ იყვნენ. მამაჩემსაც ვუყვები რაღაცებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვეტყვი, მამაა. თუმცა, კარგ რჩევებს მაძლევს. მამას ძალიან უყვარს ცხენები და მეც ბავშვობიდან შემაყვარა. დავდივართ ხოლმე და მასეირნებს. პირველი თოფი მამამ მასროლინა. ჩემზე მეტად გიჟია, ზუსტად ერთნაირი ხასიათი გვაქვს. ორი კვირაა, მანქანაც ვიყიდე და ძალიან გახარებული ვარ. თავიდან მამაჩემი მეჯდა გვერდით, ძალიან მეშინოდა. ცუდი მძღოლი ვარ. ერთხელ წვიმაში უკნიდან გაჩერებულ მანქანას დავეჯახე – თავისთვის იდგა. მეუბნებიან: ეტყობა, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ტანკში ზიხარ და არავინ შეგეხებაო. ჩემი მეგობარი მეუბნება: სახლიდან რომ გამოხვალ, მითხარი, რა ტერიტორიაზე ხარ, რომ იქ არ მოვხვდეო.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. არ მომწონს, ყურადღებას ამით რომ იქცევენ. როცა ჰქვია პირადი, პირადში უნდა დარჩეს. მე თუ ვინმე მიყვარს და ვიტყვი, რომ ჩემია, ესე იგი, არ მინდა, რაღაც შეეხოს, თუნდაც ნეგატიური ენერგია; არ მინდა, ამაზე ვინმემ ილაპარაკოს. არასდროს ვამბობ: შეყვარებული ვარ, არ ვარ და ასე შემდეგ.
– როგორი ბიჭები მოგწონს? რთულია, ბიჭმა თავი მოგაწონოს?
– როგორი მომეწონება, კაცმა არ იცის. ზოგჯერ ისეთი მომწონებია, თვითონვე გამკვირვებია. ჩემთვის ადამიანში ყველაზე მთავარი ქარიზმაა, ვიდრე ის, როგორ გამოიყურება. გამოხედვაში უნდა ჰქონდეს რაღაც ისეთი, რომ დაიჭირო. სიმპათიური ბიჭები ნაკლებად მომწონს. ათლეტური აღნაგობის, ნავარჯიშები ბიჭები, ალბათ, არ მომეწონება... ადამიანს რომ გაიცნობ, მთავარია, შენთვის იყოს კომფორტული მასთან ურთიერთობა. შიგნით რა არის, ეს არის დასაფასებელი, არა მარტო ბიჭში, არამედ გოგოშიც. ძნელია, ადამიანმა თავი მომაწონოს და გამიცნოს. ძალიან ეგოისტი ვარ და სულ ყურადღება მინდა. თუმცა, თვითონაც ძალიან ყურადღებიანი ვარ.