№52 რატომ ეგონა ლევან სუხიტაშვილს ლადო ბედუკაძე ციხეში ანგელოზი და რატომ ჩასვეს ის „განაბების“ საკანში
ლევან სუხიტაშვილი წლების წინ ციხეში მოხვდა პოლიციელის ცემისთვის, რომელმაც ლევანს შეაგინა. მართალია, ის სულ ორი თვე იჯდა ციხეში, მაგრამ ამ ორ თვეში ბევრი სირთულე გამოიარა და ბევრი ადამიანის ტანჯვისა და ტრაგედიის შემსწრე გახდა. ისეთი, როგორიცაა პატიმრების წამება, ჯოჯოხეთური კარანტინი, სისხლიანი აბანოები და ნაწამები პატიმრების არაადამიანური ხმები... როგორ გაიარა ლევანმა პატიმრობის პერიოდი და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, ამას თავად გვიამბობს.
ლევან სუხიტაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მეტი სირთულე გადამიტანია, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. ცოლ-შვილთან ერთად ვიყავი, მაშინ ჩემი შვილი, იოანე, სამი წლის იყო. პატრულის თანამშრომელი მთხოვდა სათვალის მოხსნას. არ ვიხსნიდი, იმიტომ რომ, ვიცოდი, რატომაც მთხოვდა. ჩემი პრინციპის საკითხი იყო, ვეუბნები: რატომ მოვიხსნა? მე მინდა და იმიტომო. აი, შენ რომ გინდა, არ მოვიხსნი-მეთქი. ჩვეულებრივი პატრული, ვიღაც 25 წლის აკობია, რომელიც შეესწრო ამ ამბავს, მეუბნება: რომ გეუბნებიან, რატომ არ გესმის და მაგინებს, შენი დედაო... ამ გინებაზე მქონდა ჩვეულებრივი, ინსტინქტური რეაქცია. მოვასწარი ერთი ჩარტყმა, ერთი ამორტყმა და ეგრევე გამომათრიეს და გადამირბინეს ზედ ცოლ-შვილის თვალწინ. გადარბენაც არის და გადარბენაც. ცხრა პოლიციელი რომ გადაგირბენდა, არანაირი შიში არ ჰქონდათ იმისა, რომ ვინმე დაისჯებოდა ძალის გადამეტებისთვის. წამიყვანეს განყოფილებაში, არ ველოდი დაკავებას. ვიცოდი, რომ მეორე დღეს „კაპეზედან“ გამომიშვებდნენ, რადგან ისეთი არაფერი დამიშავებია. კვირა დღეს გამასამართლეს და გამიშვეს ეგრევე ციხეში. გავოგნდი, ციხის გზაზეც კი არ მჯეროდა, რომ ციხეში მივდიოდი. სასამართლო პროცესზე ისეთი სასაცილო, არალოგიკური რაღაც დადგეს, დედაჩემს და ჩემს მეუღლესაც კი ეცინებოდათ, რომლებიც გამწარებულნი იყვნენ. თითქოს მე საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი, თითქოს მომიწოდა პოლიციელმა წესრიგისკენ. მერე მე მას ტელეფონი ვურტყი თავში, ტვინის შერყევა მიიღო, ცხრა პოლიციელი მიჭერდა და ძლივს გამაგდებინეს. წამოვდექი სასამართლოზე და ალალად ვიკითხე, ის ცხრა პოლიციელი, რომელიც ამას ხელს აწერს, სად იყვნენ მაშინ, როდესაც მე ამ კაცს ვკლავდი? რემბო ვარ?
– როგორ გახსენდება გზა ციხისკენ, მით უმეტეს, რომ არ ელოდი დაპატიმრებას. რა ხდებოდა მაშინ შენს გონებაში?
– ციხის გზაზე მოხდა ძალიან საინტერესო ისტორია. მიყავხარ გამომძიებელს, ჩაგაბარებს, გაგაფორმებს და მერე უკვე ციხის ხარ. გზაში ხომ ვფიქრობ მაინც, მივდივარ პოლიციელის ცემაზე. მიშას პერიოდია. იქ რა მელის, უკვე ფსიქოლოგიურად განწყობილი ვარ. გამომძიებელი ნორმალური ადამიანი იყო, კი იცოდა, რომ ეს ყველაფერი შემტენეს. გზაში გამახსენდა, რომ ციხეში მუშაობდა ჩემი ძმაკაცი, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ, რას აკეთებდა. მაგის ნომერი, სამწუხაროდ, არ მახსოვდა, მაგრამ მახსოვდა ჩვენი საერთო ძმაკაცის ნომერი. გამომძიებელს ვთხოვე, რომ თუ შეიძლება, ერთი ზარი განვახორციელო-მეთქი. ხომ იცი, რომ არ შეიძლებაო. გთხოვ-მეთქი და კარგი, ოღონდ არავის უთხრაო. ვისთვის უნდა მეთქვა. მათხოვა ტელეფონი და დავრეკე ჩემს მეგობართან: მეთქი, ბიჭო, მიჭერენ, ხუთ წუთში შევყავარ, „ხირხალას“ დაურეკე და რამით დამეხმაროს, მიხსნას იქნებ რაღაცისგან-მეთქი. იმან ჩათვალა, ვეღადავებოდი. დაახვიეო და გამითიშა ტელეფონი, მაგრამ სადღაც ეჭვი შეპარვია და ჩემს ოჯახში დაურეკავს. უთქვამთ, რომ სიმართლეა. იქ გისოსებში შეყავხარ, გჩხრეკენ, ისე, რომ ლამის კანში გიძვრებიან. შეგიყვანენ „ადინოჩკაში“ და ელოდები ვიღაც ვერზილას, ცოტა ხანში, როცა მოიცლის, უნდა გადაგირბინოს. ველოდები, ვემზადები, მედგრად ვდგავარ ფსიქოლოგიურად და მესმის: სუხიტაშვილი სად არის? აქ ვარ-მეთქი, მოვიდა, გამიღო და გამიყვანა სადღაც. მეკითხება: დიმა ვინ არის შენიო, ძმაკაცია-მეთქი, ამწუთას დამირეკა და გელოდებოდითო. ამ „ხირხალას“, იგივე დიმა ქუშაშვილს, აქვე გადავუხდი მადლობას.
– როგორ გაიარე კარანტინი?
– თუ გინდა, დედამიწაზე ჯოჯოხეთი ნახო, კარანტინი უნდა გაიარო. ოთახში, სადაც 34 ადამიანია, არის ოთხი ორსართულიანი ნარი. აქ არის ყველა ასაკის ადამიანი, წვერებში, დაუბანელი, არანაირი ჰიგიენა. მხოლოდ ერთი ღია ტუალეტია. ზოგი „ლომკისგან“ კანკალებს,ზოგი ავადმყოფობისგან; ზოგი მოხუცია და უკვე იმქვეყნადაა, ზოგიც კუთხეში კანკალებს და ეს ყველაფერი რომ დავინახე, ეგრევე შოკი მივიღე. წესით, არ აქვთ უფლება, კარანტინში სამ დღეზე მეტი გააჩერონ პატიმარი. მაგრამ, იყვნენ ოცდახუთი დღე, ერთი თვე. კარანტინები იყო გადავსებული პატიმრებით. მეორე შოკი მივიღე, როდესაც წარმოვიდგინე, რომ მე აქ უნდა ვიყო, თუნდაც ათი დღე. კი, ელაპარაკები ვიღაცებს, გაგყავს დრო, მაგრამ ფონად ხომ ხვდები, სად ხარ და რა კონტიგენტში. საშინელ სტრესს იღებ. ღამით რიგრიგობით ეძინათ. ამ ნარზე არაფერი ეფინა. იყო ჩვეულებრივი „დაკლეტკილი“ რკინები და თეძოს ძვალი უნდა ჩამედო ამ რკინებს შორის, რომ არ მტკენოდა და საერთოდაც არ მინდოდა იქ დაწოლა. საშინელება ის იყო, რომ როდესაც ადამიანი ეპილეფსიიგან ცუდად გახდა, ერთადერთი მე წამოვხტი, დანარჩენები შეგუებულები იყვნენ. ვაბრახუნებდი კარზე და არ ვიცოდი, რა მექნა, როგორ მიმეხედა მისთვის. ერთი-ორი წუთის შემდეგ ტიპი აღებს კარს და ვინ აბრახუნებდაო? მე-მეთქი, მერე რას აბრახუნებო. მე ვუთხარი, ადამიანი ცუდად არის, მიხედეთ-მეთქი. მერე, მიხედეთ თქვენი დედაცო... – შეგვაგინა და გავიდა. დაახლოებით 34 კაცზე საჭმელად შემოჰქონდათ ხუთი დიდი ჯამი ლობიო და დიდი პურები. სამი დღე-ღამე ვიყავი კარანტინში და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი, რაც კი შეიძლება, დედამიწაზე წარმოიდგინო. იქ არ ვიცოდი, თურმე, ისევ დიმა ქუშაშვილმა მიჩალიჩა და ამიყვანეს ციხეზე.
– გქონია თუ არა შეხება ციხის ცნობილ ბადრაგებთან?
– სხვათა შორის ბედუკაძე იყო ერთადერთი ადამიანი კარანტინში, რომელიც ყველაზე ადამიანურად მომექცა. მე არ ვიცნობდი, მისი სახელიც არ ვიცოდი. ტელევიზორში რომ დავინახე, სახეზე ვიცანი. კაკუნი იყო კარზე – სუხიტაშვილი მოვიდესო. მეთქი, ამას რაღა უნდა. გავედი და მკითხა, აქ როგორ მოხვდიო. ეს ყველაზე ადამიანური საქციელი იყო, რაც იქ მინახავს. გისმენს ადამიანი და თავს რომ აქნევს, სახეზე ეტყობა, რომ წუხდება, ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, ვინ არის აქ ეს ანგელოზი-მეთქი. გასაგებიაო და წავიდა. ცოტა ხანში ისევ კაკუნი: სუხიტაშვილი, მოდიო და ერთი ბღუჯა სიგარეტი შემომაწოდა. იქ სიგარეტი რა იყო, ხომ წარმოგიდგენია. ყველას დავურიგე და ეგრევე, ერთ „ნაპასში“ მოწია ყველამ. მეორე დილით კიდევ დამიძახა და შემომაწოდა.
– როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება კარანტინის შემდეგ ციხეში?
– ციხეზე რომ ამწიეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამოთხე კარანტინთან შედარებით. სისუფთავე იყო, ყველას საკუთარი ნარი გვქონდა. სპეციალურად შემიშვეს ორ „განაბთან”, რომ არ მებლატავა. მერე ეს „განაბი” ღადაობდა, ციხეზე ოთხი შნირი მყავდა და აქ ყველა „ზვეზდა“ შნირები ვართო. „ზვეზდა“ მეტსახელად შემარქვეს. თან, ვღადაობდი – იქ რა უნდა აკეთო. ჩავჯექი ციხის ცხოვრებაში და გავხდი ჩვეულებრივი პატიმარი.
– როგორც ამბობენ, საკნებში პატიმართა წამების არაადამიანური ხმები ისმოდა...
– ჩემი საკნიდან ორი საკნის იქით იყო აბანო, რომელიც კვირაში ერთხელ, პარასკევობით გვიწევდა და იქიდან არაადამიანური ხმები გამოდიოდა. კაცების ისეთი წამების, ცემის ხმები ისმოდა, ყურებზე ვიფარებდი ხელს. უყურებ, როგორ გამოაქვთ გვამები, კორიდორები, ყმუილი... ერთ ჩემს თანამესაკნეს ხუთი დღე კბილი სტკიოდა ისე, ტიროდა ტიპი. მოვითხოვე, მიხედეთ, ბიჭი ცუდადაა-მეთქი. გაიყვანეს და ხუთ წუთში შემოგვიგდეს ისეთი ნაცემი, სახე არ ეტყობოდა, მკვდარი იყო, ფაქტობრივად. გაოგნებულნი ვუყურებდით. ეს ხომ მიჰყავდათ ექიმთან, მეორე ნაბიჭვარს მოჰყავდა მეორე პატიმარი, რომელიც ამის უბნელი აღმოჩნდა და ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს. ეს შეამჩნიეს ბადრაგებმა და ასეთ დღეში ჩააგდეს ორივე. რამდენჯერმე, როდესაც აბანოში შევედი, კედლები სისხლიანი იყო და სისხლიანი ნაჭრები ეყარა. პატიმარს ყოველ დილით ეკუთვნის გასეირნება, აჰყავხარ ციხის სახურავზე, კედლებს შორის ხარ, მაგრამ ცას ხედავ. „კლუჩნიკის“ ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ აჰყავხარ სახურავზე და მერე მიდის სახლში. რადგან უნდოდა ადრე წასულიყო სახლში, გვეკითხებოდა: „პრაგულკა“ გინდათ, ბიჭო?! – „კი გვინდა.” ერთხელ, ორჯერ და მესამედ უკვე, საკანში ტანსაცმელი არეული, დაჭრილი დაგვხვდა და რომ შევედით გვკითხა: კიდევ გინდათ, ბიჭო, „პრაგულკა?“ მეორედ პრინციპულად მოვითხოვეთ და სპეცნაზი დაგავხვედრეს. გადმოგვიტრიალეს ყველაფერი და ერთი ორი მოგვარტყეს. ეს კიდევ ერთი დაშინება იყო.
– რა იყო ციხეში შენთვის ყველაზე სენტიმენტალური და ემოციური?
– ციხეში ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური მომენტი, რაც მქონდა, იყო ის, რომ მაშინ ჩემმა ძმამ და დათუნა მგელაძემ ჩაწერეს სიმღერა „თოვლიანი მთები“. რადიოში მოვკარი შემთხვევით ყური და წამომივიდა ცრემლები. ძალიან ემოციურია, იქ რომ ზიხარ და შენი ძმის ხმა გესმის. ძალიან ხშირად ტრიალებდა ხოლმე რადიოში, ვიჯექით და ვუსმენდით.
– რამდენ ხანში გათავისუფლდი და რა შეიცვალა შენს ცხოვრებასა და ცნობიერებაში ციხის შემდეგ?
– გამოვედი ორ თვეში, ხუთი ათასი ლარი საპროცესო და ხუთი წელი პირობითი, რომელიც მთავრობის შეცვლის შემდეგ, მომეხსნა. სასამართლოდან გამომიშვეს, საერთოდ არ ველოდი. გარეთ რომ გამოდიხარ სხვა ქალაქში გგონია თავი. თითქოს დიდი ხანია არ ყოფილხარ. იოანემ იცოდა, რომ ბურატინოს წიგნის საყიდლად ვიყავი წასული. კარი რომ გავაღე და დამინახა, მამ... თქვა და გაშეშდა ბავშვი. შოკში იყო, ისე ვენატრებოდი. ერთ-ერთი ბადრაგი ტელევიზორში ვნახე, ლაპარაკობდა, როგორც შვილმკვდარი მამა. შვილმა თავი მოიკლა, ეჭვია, „ლურჯ ვეშაპზე“ და რაღაცნაირად გული მეტკინა – ჩემი თავიც დამნაშავედ ჩავთვალე, მეც და სხვა პატიმრებიც დამნაშავე ვიყავით იმაში, რომ ამას ეს ცოდვა ეწია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ცოდვა არავის შერჩება. რაც იქ ხდებოდა, ეს იყო უდიდესი ცოდვის მორევი. შეიცვალა ის, რომ გავითავისე, ადამიანების მიმართ უნდა იყო მიმტევებელი და უფრო მეტად გიყვარდეს, იმიტომ რომ, ყველას აქვს რაღაც პლუსი, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ის შენთვის. არ არსებობს ადამიანი, რომ ცუდად მოვექცე, დავამცირო – თუნდაც დასამცირებელი იყოს, თუნდაც საცემი იყოს. სანამ იმ ნაბიჯს გადავდგამ, რომ ვცემო, იმ ადამიანში რაღაც პლუსი აუცილებლად უნდა ვეძებო, გამოვამჟღავნებინო. მანამდე უფრო ფიცხი ვიყავი. თუმცა, ჩემი გამამწარებელი რომ შემხვდეს, იმას მართლა ვერ ვაპატიებ და შეიძლება, უარესი ჩავიდინო.