კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვინ არის ქალი – ბუნებით ლიდერი, სულით ფილანთროპი, „აჭარა ფეშენ-ვიქის“ დამფუძნებელი

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 ის ყველასგან განსხვავებულია,  ქარიზმატული, თითქოს „ქარიტებმა”, ძველი ბერძნული სილამაზისა და გრაციის ღმერთებმა, უხვად დააჯილდოვეს  შარმითა და ქალური მომხიბვლელობით. ენერგიულია,  ძლიერი და  მტკიცე ხასიათით გამორჩეული,  არასდროს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით. საკუთარი თავის რწმენის გასაოცარი უნარი გამუდმებით უბიძგებს, ახალ-ახალ სირთულეებს შეეჭიდოს და დაიპყროს მწვერვალები! გაიცანით –  წარმატებული ბიზნესმენი, „ბაგრატი 1003-ის”  დამაარსებელი, ბუნებით ლიდერი, სულით-ფილანთროპი, დიზაინერი, „აჭარა ფეშენ-ვიქის” დამფუძნებელი და დირექტორი, „მოდისა და დიზაინის” ასოციაციის პრეზიდენტი – მანანა გოგლიჩიძე, რომელმაც, სირთულეების მიუხედავად,  საკუთარი ბიზნესიმპერია ისე შექმნა, რომ  ადამიანად დარჩენა შეძლო!
მინი-დოსიე:
სამი თაობის თბილისელია,  ამაყობს, რომ ავლაბრელი სომეხია, დედით – რაჭველი. მე-6 კლასიდან ქუთაისში გაიზარდა, რადგან რაჭველებს ასეთი  ტრადიცია აქვთ, სადაც მათი დედ-მამიშვილები არიან, იქ გადადიან საცხოვრებლად. რაჭველების ტრადიცია ქალბატონი მანანას ოჯახმაც გააგრძელა. ქუთაისმა  მის ცხოვრებაზე კარდინალური გავლენა მოახდინა. ამ ძირძველმა ქალაქმა  მას ყველანაირი სილამაზის აღქმა ასწავლა. რაც მთავარია, ქუთაისმა ცხოვრების თანამგზავრი და დიდი სიყვარული აჩუქა. 17 წლის იყო, ვოლგოგრადიდან დაბრუნებულმა გენო გოგლიჩიძემ რომ ჩასჭიდა ხელი და მას შემდეგ,  წლებია, ერთად  მოდიან. ისეთი აღმაფრენით  საუბრობს მეუღლეზე, თითქოს მათი სიყვარული ეს-ესაა დაიწყო. ცნობისმოყვარეობას ვერ ვუძლებ და ვეკითხები:
– ქალბატონო მანანა, ბედმა თქვენი სიყვარული როდესმე გამოსცადა?
– არა, ყოველთვის ჭკვიანი ქალი  ვიყავი.  ქმარს მუდამ ხელს ვუწყობდი წინსვლაში, ერთმანეთის თავისუფლებას პატივს ვცემდით. მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ და უერთმანეთოდ ერთი კვირაზე მეტ ხანს არასდროს გვიცხოვრია. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და რაც მთავარია, ვენდობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წყვილის ურთიერთობაში.
– გიყვართ თქვენი წარსული, საიდანაც მოდიხართ?
– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი განვლილი გზა   თავისი სირთულეებით, გაჭირვებით, განათლების მიღებით, წარმატების მოპოვებით, ყოველდღიური სილამაზისა და სიკეთის შეგრძნებით. ვცდილობ, ყოველი დღე საინტერესო გავხადო, მე მიყვარს სიცოცხლე, მიყვარს  ნიჭიერ ხალხთან  ურთიერთობა, ახალი საქმეების  სწავლა და მათი წამოწყება. შემიძლია ჩემს შვილიშვილს ვკითხო, რაც არ ვიცი და მისგან ვისწავლო ბევრი რამ. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ნიჭი ჭკვიანურად გამოიყენეს.
– ამ რომანტიკულმა ქალბატონმა, ბიზნესში  ასეთ წარმატებას როგორ მიაღწიეთ?
– 30 წლის ვიყავი ქუთაისიდან საცხოვრებლად მოსკოვში რომ გადავედი. რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით განათლება ქუთაისის უნივერსიტეტში მივიღე,  შემდეგ მოსკოვში დავამთავრე დეფექტოლოგიის აკადემია და იქვე, დეფექტოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი, დამოუკიდებლად ვზრდიდი ორ შვილს. არასდროს მყოლია ძიძა და  მოახლე, დღემდე ყველაფერს თავად ვუძღვები.  ძალიან მიყვარს სამზარეულო, ჩემი კერძები და ნამცხვრები განთქმული იყო ქუთაისში. სხვათა შორის, ჩემი ბიზნესის დაწყების ისტორია, ძალიან საინტერესოა.  პირველი შვილიშვილი რომ შემეძინა, გადავწყვიტეთ, გელათში მოგვენათლა. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოგვდიოდა  მოსკოვიდან და ვერ ვნახეთ ისეთი ადგილი, სადაც შევძლებდით ყველას დაბინავებას.  ასეთი სასტუმრო არ არსებობდა ქუთაისში. ჩვენი ოჯახის  უახლოესმა მეგობარმა – გია მიქელაძემ, რომელსაც შენობა ჰქონდა გარკვეული რაოდენობის ოთახებით – დაგვითმო ჩემი სტუმრებისთვის. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა პატარა, კეთილმოწყობილი სასტუმრო ჩვენს საყვარელ ქალაქში. თუმცა, ამ იდეას თავიდან ყველა არასერიოზულად უყურებდა და ფიქრობდნენ, რომ ქუთაისში სასტუმროში არავინ მოვიდოდა.
– დღეს თქვენი სასტუმრო და რესტორანი „ბაგრატი 1003” ერთ-ერთი გამორჩეულია იმერეთის მასშტაბით. ალბათ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ ამ
შედეგის მისაღწევად.
– „ბაგრატი 1003” თავიდან ბოლომდე საკუთარი პროექტის მიხედვით გავაკეთე. ყველაფერი ჩემი დიზაინითაა მოწყობილი. აბსოლუტურად ყველა დეტალი და ყველა ნივთი ჩემი გემოვნებითაა შერჩეული. თავიდან მხოლოდ 17 ნომერი გვქონდა.  ვფიქრობდი, ეს იქნებოდა კარგი ქალაქისთვის და ჩვენი ოჯახის ახლობლებისთვის, რომ სტუმრები  ღირსეულად დაგვებინავებინა. მოგებაზე გათვლა არ მქონია და 2 წელი ასეც ვიმუშავეთ. თუმცა, მერე ისე გაიზარდა მოთხოვნა, რომ მივაშენეთ მეორე კორპუსი. „ბაგრატი 1003”  გახდა ძალიან მოთხოვნადი ადგილია და თუ ვინმე პატივსაცემი სტუმარი ჩამოდიოდა იმერეთში – სხვადასხვა ქვეყნის ელჩები თუ ცნობილი ადამიანები, ყველა ჩვენი სტუმარი იყო.
– გამიგია, რომ ქველმოქმედება თქვენი ცხოვრების წესია. „ბაგრატი 1003” ძალიან ხშირად, სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობს და ემსახურება სტუმრებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც...
– ადამიანების დახმარება და ხელშეწყობა ჩემი ცხოვრების წესია. თუ ქუთაისის რომელიმე ბავშვთა სახლი ან შშმ პირების გაერთიანება გეგმავს რამე ღონისძიებას, „ბაგრატი” ყოველთვის მათ განკარგულებაშია. გარდა ამისა,  თუ იმერეთის რეგიონში სხვადასხვა პროგრამით ჩამოდიან მომღერლები და საზოგადო მოღვაწეები, ისინი ყოველთვის ჩვენს სასტუმროში მოდიან და ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვან სტუმრებს სიამოვნებით ვმასპინძლობთ.
– „აჭარა ფეშენ-ვიქის”  დამაარსებელი ხართ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინეთ და გზაზე დააყენეთ...
– ქუთაისი ყოველთვის განთქმული იყო ლამაზი გოგონებით, თუმცა, ბევრ მათგანს არ ჰქონდა იმისი საშუალება, საკუთარი გარეგნობა გამოეყენებინა და ბედი ეცადა სამოდელო სფეროში. „ბაგრატში” გავაკეთე პირველი უფასო სამოდელო სააგენტო, რომლის ანალოგიც მსოფლიოში  არ არსებობდა. მყავდა პედაგოგები, რომლებსაც მე ვუხდიდი თანხას და ხუთი წელი ამ გოგონებს ვასწავლიდით საჭირო უნარ-ჩვევებს. ამ ახალგაზრდებს მივეცი შანსი, ფართო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ საკუთარი გარეგნული მონაცემები. მათ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს. ამ გოგონების უმრავლესობა დღეს საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია.
– როგორ აღმოჩნდით სამოდელო ბიზნესში?
– შეიძლება ითქვას, რომ მოდასთან კავშირი მთელი ცხოვრება მაქვს. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჭრა-კერვა დავიწყე. ძირითადად, ჩემს შეკერილ ტანსაცმელს ვატარებდი. არ  მიყვარდა ისეთი სამოსი, რაც სხვასაც შეიძლება, სცმოდა. ერთ ღამეში შემეძლო ჩემთვის ძალიან ძვირფასი კაბა შემეკერა. დღემდე ძალიან ხშირად ვკერავ, ვქსოვ და ვქარგავ ჩემი ხელით.
– ქალბატონო მანანა, მართალია, რომ „დოლჩე&გაბანამ” თქვენი კაბების კოლექცია გაიმეორა?  
– დიახ, ასე იყო... „მის პლანეტა 2015-ის” კონკურსზე, ჩემი საღამოს და კოქტეილის კაბებით გამოვიდნენ მოდელები. კაბები შეირჩა თემატურად. გადავწყვიტე, ერთ-ერთი  ყოფილიყო სწორედ ის  თუთიყუშებიანი  კაბა, რომელიც მონტენეგროში, ჩვენებაზე მქონდა წაღებული. ცნობილი ჟურნალისტები და მოდის მიმომხილველები ამ კოლექციით ძალიან დაინტერესდნენ. მონტენეგროს ტელევიზიამ მიგვიწვია და დეტალურად გააშუქა ჩემი კოლექცია. სასაცილო რამ მოხდა, ჩემმა დაქალებმა მონტენეგროდან დამირეკეს და მითხრეს: წელს „დოლჩე&გაბანამ”  შენი თუთიყუშებიანი კაბების დიზანი მოიპარაო... მოკლედ, „დოლჩე&გაბანამ”   2015 წელს თითქმის ისეთივე კაბების კოლექცია გააკეთა,  ისეთივე თუთიყუშებით, რომელიც 2014 წელს მე წარვადგინე  მონტენეგროში.
– რა არის თქვენი ოცნება, რის განხორციელებასაც გეგმავთ?
– არ მიყვარს მეოცნებე ადამიანები. ვაფასებ, მას, ვისაც საკუთარი თავის იმედი აქვს, ისახავს მიზანს და დაუღალავად იბრძვის იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ზოგადად, ბევრი გეგმა მაქვს და ვიმედოვნებ, ყველაფრის განხორციელებას შევძლებ.
скачать dle 11.3