№52 რის მერე დაიბადა მეორედ ოთო ფოლადაშვილი და რატომ აღარ მოუწევს მას, გოგონებზე დაჟინებული მზერის გამო, გისოსებს მიღმა ყოფნა
მოცეკვავე და ტელეწამყვან ოთო ფოლადაშვილს ცხოვრებაში სხვებზე მეტად უმართლებს. მართალია, პირად ურთიერთობებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ მხრივაც თავს მშვიდად გრძნობს. ამიტომ, ღიად საუბარს ერიდება. ახლახან ოთომ ოპერაცია გაიკეთა და ამ ამბავს ჭორი მოჰყვა. თუმცა, რამდენად რეალურია ჭორის საფუძველი და ვისთან ერთად აპირებს ის ახალ წელს იტალიაში შეხვდეს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ოთო ფოლადაშვილი: მჯერა იმის, რომ არსებობს იღბალი. ხშირად ისეთი სიტუაციიდან დამიღწევია თავი, რომ არა იღბალი, არც კი ვიცი, რა მოხდებოდა. მოკლედ, მიმართლებს და მიმაჩნია, რომ იღბალიც მაქვს და ბედიც მწყალობს. თუმდაც ის, რომ ხშირად, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, ესეც ხომ იღბალია? ხშირად ვამბობ, ძალიან ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული-მეთქი (იცინის).
– ზოდიაქოთი რა ხარ?
– ზოდიაქოთი „მორიელი“ ვარ, მაგრამ კბენა არ ვიცი. თუ სიტუაცია მოითხოვს, კუდის მოქნევა შემიძლია (იცინის). თუმცა, ისე მიდის ჩემი ცხოვრება, ჯერ კუდის მოქნევის საჭიროება არ დამდგარა. მაგრამ, თუ გამაბრაზეს, კუდსაც და მუშტსაც კარგად მოვიქნევ (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ ამბობ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებულიო, ალბათ, ცხოვრებაში რთული პერიოდებიც გედგა. ხომ მართალია?
– ასეთი არ მახსენდება. თუმცა, ერთადერთი, ყველაზე საშინელი მომენტი, რაც მახსოვს, ავარიაა. აეროპორტის ტრასაზე სამი ძმაკაცი საშინელ ავარიაში მოვყევით. წვიმიანი ამინდი იყო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოვცურდით და გზის გამყოფ ბორდიურზე ავვარდით. სამივე ისე გადმოვედით მანქანიდან, სერიოზული დაზიანება არ გვქონია, მანქანა კი გადასაგდები იყო. ყველას უკვრიდა, ასეთი ავარიის მერე, ცოცხლები როგორ გადარჩითო. მანქანას რომ ვუყურებდი და წარმოვიდგინე, რა შეიძლება, მოგვსვლოდა, რომ არა ბედისწერა, ახლაც მზარავს. წარმოიდგინეთ, ახალთახალი „მერსედესი“ ჯართში ათას ლარად ჩავაბარეთ. ვინც ნახა, ყველამ თქვა, აქედან ვინმე ცოცხალი გადმოსულიყო, წარმოუდგენელიაო. მოკლედ, სამივე გადავრჩით, ღმერთის წყალობით. თვალი არ მეცეს, მაგრამ დიდი ხანია, საჭესთან ვზივარ და თავად ავარიული სიტუაცია არასდროს შემქმნია.
– ახლახან ჩამოხვედი აზერბაიჯანიდან. ვინ მიგიწვია, რას აკეთებდი ბაქოში და საერთოდ, რა ხდებოდა იქ?
– დიახ, აზერბაიჯანში, მასშტაბურ პროექტში მივიღე მონაწილეობა. მთელი ორი თვე ვიყავი ბაქოში. საქართველოში, მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ დადგა ერთ-ერთმა წამყვანმა ფრანგმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა, რედა ბენტიფორმა. მეც ვმონაწილეობდი ამ მიუზიკლში და ერთად მოგვიწია მუშაობა. რედამ ბაქოში გააკეთა შოუ, რომელიც ჩატარდა „კრისტალ ჰოლში“. რედამ რომ დამირეკა და მითხრა, პროექტს ვაკეთებ და თუ გაქვს დრო ჩამოხვიდე და შენც მიიღო მონაწილეობაო, ეგრევე დავთანხმდი. სამუშაო გრაფიკიც მიწყობდა ხელს და ფინანსური დაინტერესებაც მაღალი იყო. მოკლედ, ჩავედი ბაქოში და ცნობილ აზერბაიჯანელ, ბაქოს დივას – აიგიუნ კაზიმოვასთან ერთად ვიდექი სცენაზე.
– ამბობენ, მას საკმაოდ დაუმეგობრდი და დღესაც ხშირად ეკონტაქტები. ასეა?
– კი, ნამდვილად ასეა. საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. ისეთი საღამოები გვაჩუქა, თავისი გართობით, არასდროს დამავიწყდება აიგიუნთან ბაქოში გატარებული დღეები. გამოცდილებაც მივიღე. აიგიუნსაც ხშირად ვეკონტაქტები და რედასაც, ვინც ის გამაცნო.
– მართლია, რომ რედა ბენტიფორისგან შემოთავაზება მიიღე და შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელო?
– კი, რედამ შემომთავაზა საფრანგეთში წასვლა და კარიერის გაგრძელება. მაგრამ, ჯერ საქართველოში ვარ, აქ მაქვს საქმეები და შემდეგ, ალბათ, დავფიქრდები იქ კარიერის გაგრძელებაზე.
– აქტიურად ვარჯიშობ კრივში. რატომ დაინტერსდი სპორტის ამ სახეობით?
– ორი წელია კრივში და კიკ-ბოქსინგი ვვარჯიშობ. ბაქოშიც აქტიურად ვვარჯიშობდი. საინტერესო სპორტის სახეობაა, ფორმაშიც ვარ და თან, კარგი განტვირთვაა. ჯერ ჩემპიონობაზე, რინგზე გასვლაზე არ მიფიქრია. მაგრამ, არც ამას გამოვრიცხავ მომავალში (იცინის).
– თვალის ოპერაცია გაიკეთე. რატომ გახდა საჭირო და ახლა როგორ ხარ?
– მხედველობის პრობლემა მქონდა და რამდენიმე წელი სათვალით დავდიოდი. ბოლოს მივხვდი, ოთხი თვალით ყურება ძნელია და ხელს მიშლიდა. მოკლედ, გავიკეთე თვალის ოპერაცია და ახლა, ასპროცენტიანი მხედველობა მაქვს. მეგონა, მეორედ დავიბადე და სამყაროც ფერებში, უფრო რეალურად დავინახე (იცინის).
– ასეთ ფერებში შეყვარებული ადამიანები ხედავენ სამყაროს...
– პირად ურთიერთობებზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ, ასი პროცენტით რომ ვხედავ, უკვე იმხელა ბედნიერებაა, რომ გოგოებსაც კარგად შევათვალიერებ (იცინის). არც აქამდე ვაკლებდი, მაგრამ ახლა რეალურად შევაფასებ.
– მერე, დაჟინებული მზერის გამო, რომ შეიძლება, გისოსებს მიღმა აღმოჩნდე?
– ჰოდა, ოპერაციის მერე, დაჟინებული მზერა აღარ არის საჭირო, ერთი შეხედვაც საკმარისია, სათანადოდ აღვიქვა ადამიანი. მოკლედ, ამ მხრივ, ასპროცენტიანი მხედველობის წყალობით, დაჟინებული მზერა გოგოზე გამორიცხულია და გისოსებსაც გადავრჩი (იცინის).
– ჭორებიც გავრცელდა, რომ თვალის ოპერაცია იმიტომ გაიკეთე, რომ ქალის გამო, ჩხუბი მოგივიდა. ამაზე რას მეტყვი?
– მსგავსი რამ არ მომხდარა არასდროს! მცდელობაც კი არ ყოფილა. სხვათა შორის, ჩემზე ჭორებს ვერ ვიგებ, გამაღიზიანებელს, მით უმეტეს. ასე რომ, ნამდვილად არ ყოფილა თვალში დარტყმის მცდელობაც კი, თიორემ რატომ დავმალავდი? პირადში სიმშვიდე და სიწყნარეა, ფორიაქი ისედაც არ მჩვევია (იცინის). ჰაეროვანი პერიოდი მიდგას და ზოგადად, შეყვარებული რომანტიკული, ჩასაყლაპი, თბილი, ემოციური და მოსიყვარულე ვარ.
– ახალი წელი მოდის. გავიგე, უცხოეთში აპირებ „გაპარვას.“ ესეც ჭორია?
– ეს, ჭორი ნამდვილად არ არის. ზოგადად, ძალიან მიყვარს ახალი წელი და ყოველთვის დადებითი ემოციებით ვხვდები. ამ წელს, მე და ჯულიანა ბარგნარს გვიწევს უცხოეთში კონკურზე წასვლა. შეჯიბრების მერე, ვერონაში დავრჩებით და ახალი წლის დღეებს იტალიაში გავატარებთ. ასე რომ, მე და ჯულიანას დაგეგმილი გვაქვს იტალიის მოვლა და ახალი წლის დღეებში კარგი დროის გატარება. ეს წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის და იმედია, მომავალ წელსაც გადამყვება. ვფიქრობ, კარგად დავიწყებ – უცხო, ლამაზ გარემოში, ჯულიანას გარემოცვაში და ასეც გაგრძელდება.