კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ მივიდა „შრამებითა“ და გაჭაღარავებული თმით დაჯილდოების ცერემონიალზე ანდრია გველესიანი და რის გამო ატირა მან საყვარელი გოგონა ნიშნობისას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

25 წლის მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანისთვის ეს წელი იღბლიანი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ახმეტელის თეატრის მსახიობია და სპექტაკლებშია რეგულარულად დაკავებული, მიუზიკლშიც მიიწვიეს და საკუთარ სიმღერებზე ორი კლიპიც გადაიღო. ახლახან კი, მან საყვარელ გოგონას, ასევე, მსახიობ მაიკო ვაწაძეს, უჩვეულო სიურპრიზი გაუკეთა – არც მეტი არც ნაკლები, სვანეთის დათოვლილი მთების ფონზე, პირდაპირ კამერების წინ, სიყვარული სიმღერით აუხსნა და ბეჭედიც გაუკეთა.  
ანდრია გველესიანი:
2017 წელი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც პროფესიულად, ისე პირად ცხოვრებაშიც. მახსოვს, ეს წელი რომ იწყებოდა, ვთქვი, ძალიან მაგარი იქნება ჩემთვის-მეთქი და ასეც იყო (იცინის). კიევში ტარდება „ოფესტის“ მუსიკალური ფესტივალი, ახმეტელის თეატრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ირაკლი გოგიამ წამიყვანა იქ. უნიკალური ფესტივალია, უკვე ხუთი წელია, ტარდება. ერთი დღე კიევის გარეუბანში იყო კონცერტი და იქ გამოვედი, მეორე დღეს კი – კიევის ოპერეტის თეატრში. გავიცანი იქაური ოპერეტის დასი, ხელმძღვანელობა. მათი პოზიტიური განწყობა და მეგობრობა დღესაც მომყვება. თან, კიევის ოპერეტის სცენაზე გამოსვლა, უდიდესი სიამოვნება იყო ჩემთვის. იმედია, სამომავლოდაც ვითანამშრომლებთ, რადგან თეატრიდან მიუზიკლების წაღება იგეგმება. ზოგადად, კიევი კარგად მაქვს დაცდილი (იცინის).
– ვიცი, ბევრი შემოთავაზებაც გქონდა და საკმაოდ კარგი შანსებიც, კიევში გაგეგრძელებინა კარიერა. რატომ თქვი უარი?
– დიახ, ბევრჯერ მქონდა შანსი, კიევში გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ უარი ვთქვი. „X ფაქტორის“ მერე, რომ ჩამოვედი, სამ კვირაში დამირეკეს, სერიალში მთავარი როლი შემომთავაზეს. ჩავედი, ქასთინგმაც კარგად ჩაიარა, მაგრამ ახმეტელის თეატრიდან იმ წელს ბრაზილიაში მივდიოდით და ამის გამო, უარის თქმა მომიწია. ამის მერეც იყო შემოთავაზებები, მაგრამ რაღაც-რაღაცების გამო, უარის თქმა მომიწია. ვიცი, უკრაინაში დიდი ბაზარია, პოპულარულობის მხრივადაც, კარგი შანსი მქონდა, მაგრამ ისეთი შემოთავაზებაც არ იყო, აქაურ აწყობილ ცხოვრებაზე უარი მეთქვა და წავსულიყავი. თან, ჯერ აქ მინდა, გამოცდილება დავაგროვო და მერე, სულ სხვა ქვეყნისკენ მაქვს გეზი აღებული, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი სად (იცინის).
– ესე იგი, უცხოეთში აპირებ გადაცხოვრებას?
– გადაცხოვრებისა რა გითხრათ, მაგრამ კარიერის გაგრძელება მინდა უცხოეთში. იქ სამუდამოდ ვერ დავრჩები. ამის გამოცდილება მაქვს, ფაქტობრივად, მადრიდში გავიზარდე და ვიცი, როგორია უცხოეთში ცხოვრება. წელს, ჩავწერე პირველი საავტორო სიმღერა – „ჩემო გოგონა“  და კლიპიც გადავიღე მეგობრების დახმარებით. სხვათა შორის, „მეგას“ დაჯილდოებაზე მივიღე პრიზი  „წლის საუკეთესო კლიპი.“
– ამ დაჯილდოებაზე, საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდი – შენს ასაკთან შედარებით,  30-40 წლით უფროსი ადამიანის იმიჯით მიხვედი. რატომ?
– (იცინის). სპექტაკლი მქონდა იმ დღეს და გრიმი მეკეთა. ჭაღარა თმებითა და „შრამებით” მივედი, ხალხი ვერ მცნობდა, ვინ არისო, კითხულობდნენ (იცინის).  ჩემს ასაკთნ შედარებით, 50 წლით უფროსის იმიჯი მქონდა (იცინის). ამ კლიპში, მეგობრების გარდა, ჩემი საყვარელი ადამიანიც მონაწილეობს – მაიკო ვაწაძე, რომლსაც კლიპში მონაწილეობისთვის ქასთინგი არ დასჭირვებია (იცინის). მისთვის დავწერე ეს სიმღერა და კლიპშიც მას უნდა ეთამაშა. ასე რომ, მეგობრებისა და სიყვარულის ხარჯზე, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გაკეთდა ეს კლიპი და საკმაოდ კარგი გამოვიდა. მაიკოც მსახიობია, თეატრშიც ერთად ვართ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თეატრალური უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ. ჯერ მეგობრები ვიყავით, მერე შეყვარებულები გავხდით და ბოლოს იმდენი ქნა, კლიპშიც გადავიღე (იცინის). თუმცა, იმის მერე, მეორე კლიპიც გადავიღე სიმღერაზე „თოლია“. საქართველოს დასავლეთ მხარეში, სხვადასხვა კუთხეში იყო გადაღებები.  ექვს დღეში, ულამაზესი ადგილები გადავიღეთ და იქაც მაიკო მონაწილეობს. ძალიან კარგი გამოვიდა, კმაყოფილი ვარ.
– ვიცი, პირადზე საუბარს ერიდები, მაგრამ გავიგე, რომ მეორე კლიპის გადაღებისას, სვანეთის დათოვლილი მთების ფონზე, ისე რომ, არავინ ელოდა, მაიკო დანიშნე – ბეჭედი გაუკეთე ხელზე და ამას, საგულდაგულოდ მალავდით... გილოცავთ!
– მიკვირს, საიდან გაიგეთ. ამ ამბავს საგულდაგულოდ ვმალავდი (იცინის). ეს კლიპიც სიყვარულსა და მეგობრობაზეა. უდიდესი სიყვარულია მასში ჩადებული და ჩემს გოგოსა და ჩემზეა დაწერილი. მართლა არავინ იცოდა, თუ გადაღების დროს ბეჭედს გავუკეთებდი მაიკოს თითზე. თან, ეს კადრი ერთი დუბლით უნდა გადაგვეღო, რომ მაიკოს ემოცია ნამდვილი ყოფილიყო. ეს ერთი დუბლი, მთელი ცხოვრება გაიწელა... ასე მეგონა, მთელი ჩემი ცხოვრება თავიდან გავიარე. ახლაც მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი. დიდხანს ვატარე ბეჭედი ჯიბით, რომ ვინმეს არ ენახა და სანამ მივეცი, ჩემი დამემართა (იცინის). ვფიქრობდი, ყუთით გადავცე ბეჭედი თუ ამოვიღო, როგორ გავაკეთო, რომ ჯიბეში არ შეამჩნიოს-მეთქი... მოკლედ, გიჟს ვგავდი (იცინის). სვანეთი ორივეს ძალიან გვიყვარს და თან, ბეჭდის გადაცემაც საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა. კლიპშიც დაფიქსირდა (იცინის). მოკლედ, კარგი კლიპიც გადავიღე და საყვარელი გოგონაც დავნიშნე. წინასწარ დავგეგმე ეს ყველაფერი და მაიკო ვერც დაუშვებდა, სვანეთში, ულამაზესი ხედების ფონზე თუ ვთხოვდი ხელს. მაინც გენეტიკამ იყივლა, იმერეთში კი მაქვს სოფელი, მაგრამ ფესვებით სვანი ვარ.  ამიტომაც, დავგეგმე იქ სიყვარულის ახსნა და ხელის თხოვნა. მაიკო კი ვატირე, მაგრამ ეს ემოციის ფონზე დაემართა, მეც ემოციური ვარ და იმედია, ამ ცრემლებს მაპატიებს (იცინის).
– ესე იგი, ჩოხაში, საქორწინო ცერემონიალზეც მალე გნახავთ?
– მე ექსპრომტად მიყვარს ყველაფრის გადაწყვეტა და ამიტომ, ჯერ არ ვიცი, ქორწილი როდის მექნება.
– ახალ წელს, რა თქმა უნდა, მაიკოსთან ერთად ხვდები?
– წელს საახალწლო კონცერტზე ვარ მიწვეული და ღია ცის ქვეშ შევხვდები ახალ წელს. მაიკოც, რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით იქნება. ასე რომ, ეს წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის და იმედია, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ახმეტელის თეატრში იყო ბევრი პრემიერა, მუსკომედიის თეატრშიც მიმიწვიეს  მიუზიკლ „სამგროშიან ოპერაში“ და ძალიან გახარებული ვარ. კარგიც გამოვიდა და კარგი შეფასებებიც მივიღე. შანსი მომცეს, მიმიწვიეს და ამ კუთხითაც ვაჩვენე ჩემი შესაძლებლობა. სულ ვამბობ, მე რომ რეჟისორი ვიყო, ანდრიას სულ გამოვიყენებდი მიუზიკლებში-მეთქი. მაიკო კი, თილისმასავითაა ჩემთვის – წარმატება მოაქვს. დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში და იმედია, მომავალ წელს ურთიერთობასაც დავაკანონებთ. ბედნიერებაა, როცა კაცს აქვს ისეთი ოჯახი, როგორიც მე: ჰყავს ტრფობის ობიექტი, მაიკოს სახით და აქვს სტიმული, მაქსიმალურად დაიხარჯოს – ასეა და წინ ვერაფერი დამიდგება. არ ვიცი, ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე თუ არა, მაგრამ,  მადლობა უფალს, იღბლიანი ვარ.
скачать dle 11.3