კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომაა ქალის ღალატი სერიოზული და კაცის – არა, ვახტანგ ტატიშვილის აზრით და როგორ „ვარჯიშობდა“ ის უცხოეთში ცოლისთვის

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 ვახტანგ ტატიშვილი ცნობილი ადამიანების იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, ყველაფერზე გულახდილად რომ საუბრობენ. იშვიათად, ვინმესგან გაიგოთ, რომ ცოლისთვის არაერთხელ უღალატია. თუმცა, ბატონი ვახტანგი უცხოეთში „გაგულავებას” ღალატად არ მიიჩნევს. მისთვის ეს წავარჯიშებაა, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ, უკან დაბრუნებული, ფორმაში იყოს – ისევ და ისევ ცოლისთვის.
– ბატონო ვახტანგ, დღეს, ვისაც არ უნდა ჰკითხო ღალატთან დაკავშირებით, ყველა გეტყვის, რომ ქალისა და კაცის ღალატი ერთი და იგივეა და ცოლს არაფრით უღალატებენ.
– ასეთი კაცები იტყუებიან. რას ნიშნავს ღალატი? ეგ ღალატი კი არა, ვარჯიშია – ისევ და ისევ ცოლისთვის. დავუშვათ, ხუთი თვით წახვედი ამერიკაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მით უმეტეს, რუსეთში, სადაც უფრო ადვილია ვარჯიში. ამდენი ხნის მერე, სახლში რომ დაბრუნდები, ფორმაში ხომ უნდა იყო?!
– ცოლი არ გეტყვით, მე არ უნდა ვიყო ფორმაშიო?
– ცოლი ყოველთვის ფორმაშია. არ არის ასეთი სერიოზული ის, რასაც თქვენ ღალატს ეძახით. ღალატი ისაა, როცა თბილისში ვარ ცოლთან ერთად და თბილისშივე დავდივარ პარალელურად სხვა ქალთან და ცოლს ვატყუებ.
– ეს იცოდა ცოლმა?
– იცოდა რა, ალბათ, გრძნობდა. როცა იცი, შენი ქმრის ფიზიკური მონაცემები, რა თქმა უნდა, იფიქრებ, რომ სადღაც რაღაცას მაიმუნობს.
– და ქალმაც რომ გადაწყვიტოს ერთ დღეს ვარჯიში, როცა ქმარი თვეობითაა წასული?
– მე რომ სხვა ქვეყანაში ვარ და ცოლი გვერდში არ მყავს, რა უნდა იმას, რომ ვინმეს ავეკიდო და ნომერში მოვიყვანო. რა თქმა უნდა, თუ წამომყვა, ყველა კი არ წამომყვება, მაგრამ  მაინც არტისტი ვარ და მოკლედ, ეს ყველაფერი ჩვენთვის მარტივია. ახლა როგორია ცოლისთვის, მას ბავშვები ჰყავს და მათ უნდა მოუაროს. სახლიდან ისე უნდა გავიდეს, რომ არავინ იცოდეს, სად მიდის. ობიექტი ხომ უნდა გაიჩინოს, ვისთანაც გიღალატებს, ამას დრო ხომ უნდა? მერე ახლა იმას, როდის და რამდენად სცალია?! მოკლედ, ქალმა ბევრი წინააღმდეგობა უნდა გადალახოს, ქმარს რომ უღალატოს. ამას თუ გააკეთებს, ეს მართლა ღალატია. მე რომ თბილისში ვიყო და ცოლი სადღაც წავიდეს, ამ დროს თუ ვიღაც მოვიყვანე სახლში და ამას ერთჯერადი სახე არ აქვს, ეს ცოტა ღალატია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ქალის.
– ქალი თუ უცხოეთშია და იქ ჩაუვარდა ისეთი სიტუაცია, როგორიც წეღან კაცზე აღწერეთ?
– მერე, მეტყვის თუ რა? არ უნდა მითხრას.
– მაგრამ ეს არაა ღალატი?
– მე თუ არ ვიცი, რა ღალატია. იმდენად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ცოლი ამის გამკეთებელი არაა, ლაპარაკიც არ მინდა (იცინის). მაგრამ, ახლა რომ ცოლს ვუთხრა, შენთვის არასდროს მიღალატია-მეთქი, ამ კუთხით ღალატს ვგულისხმობ, სიცილს დაიწყებს. ჩემი ცოლი ისე მიყვარს, ამისთანა გაგულავებას ღალატად არ ჩამითვლის. ჯერ ერთი და მეორეც, რა დროს ჩემი ღალატია 76 წლის ვარ, კაცი. იმ პერიოდში განსაკუთრებული არაფერია, ღალატი კი არა, ფიზიკური მოთხოვნილებაა. ჰორმონები თავისას შვრება, ისე როგორც შიმშილი. ჭამა მინდა, ავიღე და ვჭამე. მაინდამაინც ჩემი ცოლის მომზადებული უნდა ვჭამო? ვთქვათ, სახლში არაა საჭმელი და სხვაგან თუ ვჭამე, მაგი ჩემი ცოლის ღალატია? მე ამას სერიოზულად არ ვუყურებ. მთელ ყურადღებას თუ სხვა ქალზე გადაიტან, ფულს მას დაახარჯებ, მაშინ ეს უკვე ოჯახის ღალატია და მარტო ცოლის არა.
– ახლა ცოლს რომ ვუთხრა, არ მიღალატია, სიცილით მოკვდებაო, თქვით, თავის დროზეც ეცინებოდა?
– არა, არც მეკითხებოდა. ხანდახან ვხუმრობდით ამაზე: „მაიმუნობდი იქ?“ კი, ეტყვი, რომ არაო, მაგრამ შენი პოტენცია რომ იცის, როგორ დაიჯერებს, თვეების განმავლობაში არაფერი მომხდარაო. ეგ არაფერი, მთავარია, არ გადაყვე და მერე არ გააგრძელო ეს ურთიერთობა. მსახიობებს ეს ამბავი უფრო იოლად გადააქვთ. მერე კი გახსენდება, რა კარგი იყო ის ქალი, მაგრამ მეტი არაფერი.
– რას იტვიან თქვენს ნათქვამზე, ფემინისტი ქალები.
– რას გეტყვით, იცით, სხვანაირად მოეფერეთ ცოლებს, ეს არის სიყვარული. ღალატი ცუდი სიტყვაა. მე თუ სადმე გავიგულავე, ეს არაა ღალატი. ცოლი ძალიან მიყვარს. ახლა რომ ვფიქრობ: ოდესღაც უნდა მოვკვდეთ, ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები, ის რომ ჩემზე ადრე გარდაიცვალოს. ამიტომ, კაცი უფრო ადრე უნდა გარდაიცვალოს. საშინელეებაა უცოლოდ დარჩენილი ადამიანი. გასაგებია, რომ შვილები და შვილიშვილები გეფერებიან და გივლიან, მაგრამ ცოლი თუ არაა, ის სითბო აღარაა. მასთან მთელი ცხოვრება გაკავშირებს და შენი უსიტყვოდ ესმის.
– მეუღლეც წაგეყვანათ იმ გასტროლზე.
– წაგეყვანა კარგია, ხარჯია, კაცო. მაშინ რაღაზე მივდივარ, თუ სახლში ვერაფერი მოვიტანე. რა თქმა უნდა, შემიძლია, ცოლიც წავიყვანო, მაგრამ – შიგადაშიგ. ამიტომაცაა, რომ ბევრ არტისტს ცოლი ანსამბლში ჰყავს.
– ეს კარგია თუ ცუდი? გულწრფელად მითხარით.
– კაცის თავისუფლებისთვის არ არის კარგი (იცინის). ცოტა თავისუფლება აუცილებელია. მოსაბეზრებელია ერთფეროვნება. შეიძლება, თვითონ ცოლმაც გითხრას, წადი, გაიგულავეო.
– ამ დროს გითქვამთ, ქალი რომ ვიყო, მსუბუქი ყოფაქცევის ვიქნებოდიო.
– ალბათ, ზედმეტი ტესტოსტერონები მაქვს?! შეიძლება, ქალი რომ ვიყო, ბოზი ვყოფილიყავი (იცინის). არა – სერიოზულად რომ ვთქვათ, ქალს პატივისცემა, მოფერება და ყურადღება უნდა. იმასაც კი, ვისთანაც ხანმოკლე ურთიერთობა გაქვს. იმ მომენტში ისიც გიყვარს. მარტო იმ მომენტში, მაგრამ ძალიან თუ გაგიგრძელდა, მაშინ ეს უკვე ღალატს ჰგავს. ქალს შეურაცხყოფა არასდროს არ უნდა მიაყენო, არ შეაგინო, მით უმეტეს, არ გაარტყა. ბევრ ქალს თუ უყვარხარ, ესე იგი, იცი, მათთან მოქცევა. არაა სატრაბახო, იმასთან ვიყავი და ამასთანო. რა სატრაბახოა ეგ, ჩვეულებრივი ამბავია.
– ბოლოს კიდევ ერთ თემაზე, დეკრიმინალიზაციაზეც გკითხავთ. საინტერესოა თქვენი აზრი.
– ეს, ალბათ, დრომ მოიტანა. დღეს იმდენად გავრცელებულია ნარკოტიკის მოხმარება, რომ რაღაც დოზით, ლიბერალიზაციაა საჭირო, მთლად რომ არ დაიღუპოს თაობა. სულ რომ აიკრძალოს, შეიძლება, უფრო მეტი საშინელების მოხმარებაზე გადავიდნენ. თუმცა, მე მაგის „კაიფი“ ვერ გავიგე. თავიდანვე იცის კაცმა, რაც მოჰყვება მის მოხმარებას. ჩემი მეგობრების თითქმის ნახევარი, ვინც ახლა ჩემხელა უნდა ყოფილიყო, უდროოდ წავიდა „წამლის” გამო. ახლა ჩემი შვილები დიდები არიან, მაგრამ ექვსი შვილიშვილი მყავს და ვეუბნები, რომ არ გასინჯონ. რომ ამბობენ, მაინტერესებსო, რატომ? წინასწარ ხომ იცი, რომ ეს საბოლოოდ, კარგს არაფერს მოგიტანს. პირიქით, მოგკლავს, ამიტომ არც უნდა გასინჯო. მაგრამ, ალბათ, კაცის ბუნებაშია: იცი, რომ თავს იკლავ და მაინც აკეთებ ამას. ერთხელ გასინჯე და დავუშვათ გამოსცადე, მეორედ ნუღარ იზამ. თუმცა, მე თუ მკითხავ, ერთხელაც არ უნდა გასინჯო.
– თქვენ არ გაგისინჯავთ, არ გქონიათ ამის ცდუნება?
– პლანს მე „გეგმას” ვეძახი (იცინის). ბიჭები ვისხედით და ვიცი, რომ მათგან ერთი ორი „გეგმას ასრულებს“.  მოდი, გასინჯეო. ისინი უკვე „კარგად“ იყვნენ. მომცეს და მასწავლიან: მიდი, კარგად ჩაისუნთქეო. უსინდისო ვიყო, თუ რამე მეგრძნოს. ესენი იძახიან: შეხედე, რას ჰგავსო, არადა, ამ დროს ისინი უნდა გენახა (იცინის). ნებისყოფაა საჭირო, რომ ამ ცდუნებას გაუძლო. მე საერთოდ ყველაფრის გამკეთებელი ვარ, მაგრამ კარგის, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. არ არსებობს რამე სახლში, რასაც ვერ გავაკეთებ: იატაკის დაგება იქნება, კაფელის გაკვრა თუ ღებვა. რემონტის ყველაფერი ვიცი. ახლა მოვბერდი და ხან რა მტკივა და ხან რა, მაგრამ მაინც ყველაფერი შემიძლია.
скачать dle 11.3