№52 რატომ გადაკეტეს საფრანგეთის ცენტრალური ქუჩა ლევან ბაშარულის გამო და როდის აპირებენ გერმანიაში მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას
32 წლის ლევან ბაშარული, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თბილისიდან გერმანიაში წასულს, უამრავი დაბრკოლება შეხვდებოდა. თუმცა, დღეს, მიუნხენში საკუთარი სტუდია აქვს და ფილმებისა და სერიალებისთვის მუსიკას ქმნის. მისთვის მთავარი აღიარება კი, „გერმანიის წლის საუკეთესო კომპოზიტორის“ დაჯილდოება აღმოჩნდა, სადაც სამეულში შევიდა და ამის შემდეგ, მის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა, კიდევ უფრო გაიზარდა.
ლევან ბაშარული: სამი წლის ვიყავი, ჩემი და აბარებდა სამუსიკო სასწავლებელში, ამზადებდა ერთ-ერთ სიმღერას და რომ წაიმღერა, მივედი ფორტეპიანოსთან, ჩემი პაწაწუნა თითით, ზუსტი აკორდები ავიღე და ის მელოდია დავუკარი (იცინის). ჩემი დიდი ბაბუა, მამის მხრიდან მევიოლინე იყო, ასე რომ, მუსიკალური ნიჭი გენეტიკურადაც დამყვა. სკოლის პარალელურად, სამუსიკო სტუდიაში დავდიოდი, ფორტეპიანოზე, ხოლო შემდეგ, გადავედი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სასწავლებელში, საფორტეპიანო განხრით. მაშინ მივხვდი, რომ მუსიკის წერაც შემეძლო და კომპოზიციის ჯგუფში გადავედი. შემდეგ, კონსერვატორიაში ჩავაბარე და საკომპოზიციო განყოფილება დავამთავრე. 2005 წელს, კონსერვატორიიდან გამომიშვეს გერმანიაში, ორკვირიანი გაცვლითი პროგრამით, კონცერტ-ფესტივალზე, მიუნხენში ავაწყვე კარიერა და დღეს ბედნიერი ვარ. ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. 2008 წელს, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად წასვლა გადავწყვიტე. ჩავალაგე ჩემოდანი, ავიღე თვითმფრინავის ბილეთი, იმ იმედით, რომ გერმანიაში წითელ ხალიჩას დამახვედებდნენ საქართველოში კოსნერვატორიადამთავრებულ ბიჭს და ხელის გულზე მატარებდნენ (იცინის). რასაკვირველია, ასე არ მოხდა. იქ ჩასული, მივხვდი, რომ ყველაფერი ამოტრიალდა და ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო, გადამელახა წინაღობები, ბარიერები და ეს მარტივი არ იქნებოდა. 23 წლამდე ისე გავიზარდე, ჩაიში შაქარი არ მომირევია, ყველაფერს დედა მიკეთებდა და ხომ წარმოგიდგენიათ, უცხო ქვეყანაში, დამოუკიდებლად ცხოვრება როგორ გამიჭირდებოდა. წავიდა თეფშების რეცხვა, უთოობა და დალაგება (იცინის). რასაკვირველია, ჩემი დაც მეხმარებოდა. მოკლედ, დავიწყე ახალი ცხოვრება. პირველ წელს ვერ ჩავაბარე კონსერვატორიაში. მუსიკის კომპიუტერული ვერსია მომთხოვეს და გაგებაში არ ვიყავი. ენაც არ ვიცოდი კარგად და სანამ გავაგებინებდი, რას ვამბობდი, იტანჯებოდნენ. ერთ კითხვას ათასჯერ მისვამდნენ (იცინის). მოკლედ, ვიფიქრე, წავიმუშავებ და მეორე წელს ჩავაბარებ-მეთქი. ერთ დამეგობრებულ გერმანელს ვამეცადინებდი ფორტეპიანოზე, ის კი კომპიუტერულ პროგრამას მასწავლიდა. მოვემზადე და ჩავირიცხე კიდეც. სტუდენტობის დროსაც, არანაირი სამუშაო არ მითაკილია – რესტორანშიც, მაღაზიაშიც, ბაღშიც მიმუშავია. მეორე კურსზე, ჩემი სახლის გვერდზე, სასურსათო მაღაზიაში ვმუშაობდი. დაღლილი, ნერვებმოშლილი მივედი სახლში, მოვიხსენი ჰალსტუხი და ვთქვი – ჯანდაბა, ასე გაგრძელება არ შეიძლება-მეთქი. უცბად, რეკავს ტელეფონი. მირეკავდა, ერთ-ერთი პრესტიჟული ტელევიზიის პროდიუსერი და მთავაზობდა ფილმისთვის მუსიკის დაწერას.
– რატომ მაინცდამაინც შენ? საიდან აღმოგაჩინა ქართველი სტუდენტი?
– მეც გამიკვირდა, საიდან გაიგო ჩემ შესახებ-მეთქი და მერე გავარკვიე, რომ რეჟისორი იყო რუსი-გერმანელი. მან გადაიღო ფილმი „გერმანელი“ და ამისთვის სჭირდებოდა კავკასიელი კომპოზიტორი, რომელიც თემასთან ახლოს იქნებოდა. გაუგია, ქართველი სწავლობს მიუნხენშიო და გაურკვევია ჩემ შესახებ. ალბათ, ბედიც იყო. ეს გახლდათ ჩემი პირველი წარმატება. მეორე დღესვე გავვარდი და დავწერე გათავისუფლებაზე განცხადება მაღაზიაში (იცინის). იმ მაღაზიაში დღესაც ხშირად დავდივარ. ჩემი სახლის გვერდითაა და მეხუმრებიან, არ დაგავიწყდეს აქ რომ მუშაობდი. ისე მიიწევ წინ, ალბათ მაღაზიის წინ, შენი სახელობის ვარსკვლავს გავხსნითო (იცინის). ზოგადად, ძალიან იღბლიანი ვარ, მაგრამ არც ისეთი, ჩემი ვარსკვლავი გაიხსნას გერმანიაში (იცინის). ბევრს ვშრომობ, მარტო გამართლებისა და იღბლის იმედზე ვერ ვიქნები. მოვკარი ყური, როგორ მიაღწია ამ ბიჭმა ამდენსო და იმას კი არ ადევნებენ თვალს, ამ წარმატებამდე რა გზა გავიარე. მოკლედ, ფილმისთვის – „გერმანელი“ დაწერილი მუსიკა იყო პირველი წარმატება და წამოვიდა შეკვეთები. სულ ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, ათზე მეტი მოკლემეტრაჟიანისა და სერიალებისთვის, სპექტაკელებისთვის და ასევე, საკონცერტო მუსიკა მაქვს დაწერილი. ვქმნი ექსპერიმენტულ, ნახევრად კლასიკურ მუსიკასაც აკუსტიკური ინსტრუმენტებით.
– „გერმანიის წლის საუკეთესო კომპოზიტორის“ ნომინაციაში მოხვდი. გავიგე ისიც, რომ გერმანულმა სატელევიზიო არხმა შემოგთავაზა სერიალისთვის მუსიკის შექმნა, რომელიც საკმაოდ დიდბიუჯეტიანია.
– ნომინირებული ვიყავი გერმანიის „წლის საუკეთესო კომპოზიტორის“ ნომინაციაზე. ამ დაჯილდოებაზე სამ კომპოზიტორს შორის მოხვდე, დიდი წარმატებაა. მანამდე მუსიკა გაკეთებული მქონდა ფილმისთვის „ომის შემდეგ.“ ეს ფილმი საკმაოდ ცნობილი და მასშტაბური გახდა. ასევეა, მხატვრული ფილმები, რომელთა შორის, განსაკუთრებით „ლუის ტრენკერს” გაუსვეს ხაზი. ამ ფილმის მუსიკა 2015 წელს დავწერე. ეს გახლდათ წლის ერთ-ერთი გახმაურებული, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ერთობლივი პროექტი. ლუის ტრენკერი მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელ-იტალიელი მთამსვლელი რეჟისორი გახლდათ, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საავტორო შოუ მიჰყავდა. შექმნა მრავალი საკულტო ფილმი. მის სახელს უკავშირდება ჰიტლერის ცოლის, ევა ბრაუნის დღიურების გაყალბება და ამერიკელ პროდიუსერებზე მიყიდვაც. ფილმში სწორედ ეს ფაქტებია ინსცენირებული. ფილმის პრემიერამ, ისევე როგორც შემდგომმა პერიოდმა, დიდი სკანდალით ჩაიარა. ამავე წელს, შესრულდა ჩემი სიმფონიური პოემა, მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის მიერ. სწორედ ეს პროექტები გახდა ჩემი ნომინირების მთავარი მიზეზი, ასეთი მნიშვნელოვანი კინომუსიკის დაჯილდოებაზე. ახლა, პროდიუსერები დამიკავშირდნენ და მთხოვეს ემოციური მუსიკის შექმნა სასიყვარულო-სათავგადასავლო ჟანრის სერიალისთვის. ეს სერიალი ყოველდღიურობაზეა გათვლილი და ზუსტად ვიცი, ყველა დაინტერესდება და უყურებს. სხვათა შორის, მუსიკის წერის უცნაური სტილი მაქვს – ძალიან კარგად უნდა ვიყო, რომ ტრაგიკული მუსიკა დავწერო და ცუდ განწყობაზე – პოზიტიური (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, ჩემი მუსიკით ყველა გერმანელის ყოველდღიურობაში უნდა შევიდე-მეთქი (იცინის). თან, სერიალის თემა სასიყვარულოა და ფაქიზი მისადგომია.
– რადგან სიყვარულს შევეხეთ, გკითხავ, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– პირადულში სიმშვიდეა, სიყვარულისთვის არ მცალია. რაღაც პროექტები მაქვს დასამთავრებელი (იცინის). განსაკუთრებით, დედაჩემი ინტერესდება, ცოლი როდის მოგყავსო. ჰგონია, მაგვიანდება, მინდა და არ გამომდის (იცინის). ვფიქრობ, ესეც ბედის საკითხია. სულ მეკითხებიან, როგორ მოერგე გერმანელ ქალებს, ცივი და სტანდარტულები რომ არიანო... ჩემს გულში სულ სითბო და გაზაფხულია და ამით ვალღობ-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ქალიც გამხდარა ჩემი მუსიკის მუზა. ასე რომ, ცხოვრება მშვენიერია, ცოლითაც და ცოლის გარეშეც (იცინის).
– 11 საათის განმავლობაში ფრანგები დაატყვევე და გაოგნებულები უსმენდნენ შენს მუსიკას ეიფელის კოშკის წინ. ამის გამო, ცენტრალური ქუჩაც კი გადაიკეტაო, მართალია?
– მიუნხენში არსებობს ხელოვანთა ჯგუფი „სუპერ პლიუსი”. ანხორციელებენ საკმაოდ კრეატიულ იდეებს და ინოვატორულ არტპროექტებს. ერთ-ერთი „ფონიქსის ფრენა” იყო, რომლის პრეზენტაცია პარიზში გაიმართა. 70-მეტრიანი ვერცხლის პოლიეთილენის გიგანტური ფიგურა, ჰელიუმის აირით აავსეს და 7 სხვადასხვა მხრიდან, თოკებით ჰაერში აუშვეს. საინტერესო ფორმებს იღებდა. ეს ფიგურა ჩემი მუსიკით აამეტყველეს. 11 საათი ჟღერდა მუსიკა ამ ფიგურის ფონზე და საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. უამრავი ადამიანი უყურებდა და უსმენდა. საფრანგეთის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილი იყო და ვხუმრობდი, მეტი რა გავაკეთო, ჩემ გამო საფრანგეთის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს-მეთქი (იცინის).