№52 ახალგაზრდამ 360 ლარის გამო 69 წლის ნათესავი ქალი გააუპატიურა და წამებით მოკლა
36 წლის მალხაზ ნ-შვილი 69 წლის ქეთევან ბ-ძის მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის გაასამართლეს. სისხლის სამართლის საქმე, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ მალხაზ ნ-შვილის მიმართ, მას შემდეგ აღიძრა, რაც ის გამოძიებამ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილად ცნო. თავიდან ორჯერ დაიკითხა მოწმის სახით, თუმცა მალხაზ ნ-შვილი დანაშაულთან კავშირს უარყოფდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მალხაზ ნ-შვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას და აზერბაიჯანში გადასვლას ცდილობდა.
მარტოხელა ქალის ცხედარი, რომელიც მკვლელობამდე სასტიკად იყო ნაწამები, მეზობლებმა აღმოაჩინეს. ქალს თავის არეში მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. მას მთელი სახე და ტანი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ქალბატონს, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მოხვდა და მეზობლები იხმო დასახმარებლად, ნანახის შემდეგ შოკიდან გამოსვლა დიდხანს უჭირდა. მოგვიანებით, მან ჩვენება მისცა სამართალდამცველებს: „ქეთევან ბ-ძე ჩემი მეზობელი იყო. რაც ქმარი დაეღუპა, მას შემდეგ, რამდენიმე წელი, მარტო ცხოვრობდა. შვილი და შვილიშვილი უცხოეთში ჰყავს. ქეთევანს არაფერი უჭირდა, შვილი ეხმარებოდა, მთელი სოფელი პატივს სცემდა. მით უფრო, რომ წლების განმავლობაში სოფლის მასწავლებელი იყო. ჩემი ქმარი ძალიან ხშირად ეხმარებოდა ქეთევანს. მარტო ჩემი ქმარი კი არა, სოფლის მამაკაცები – ზოგი საფასურის ფასად ეხმარებოდა სამეურნეო საქმეებში, ზოგიც თავისი ნებით. ქეთევანი ვალში არავის რჩებოდა. ზოგს ფულს აჩუქებდა, ზოგს – სამოსს. იმ დღეს ჩემი მეუღლე ქეთევანთან უნდა გადასულიყო შეშის დასაჩეხად. დილის თერთმეტი საათი ექნებოდა, მითხრა, ეზოში არ გამოსულა, რამდენჯერმე დავუძახე და არ გამომეპასუხა, შედი სახლში და გააღვიძეო. ეს ამბავი გამიკვირდა, ქეთევანი ადრე დგებოდა და გამთენიიდან იწყებდა ეზოში ფუსფუსს. სახლის კარი ღია იყო. ერთი შევძახე, არც მე გამომეპასუხა და პირდაპირ შევედი სახლში. შესვლისთანავე სისხლის სუნი მეცა. ორი ნაბიჯი გადავდგი და დავინახე სისხლის გუბე. ქეთევანის ცხედარი, მთლიანად სისხლში მოსვრილი იატაკზე ეგდო, პირი აკრული ჰქონდა შარფით. ტანზე თითქმის არაფერი ეცვა – ყველაფერი შემოხეული ჰქონდა. სასტიკად, წამებით იყო მოკლული. იმ ოთახში, სადაც ცხედარი იყო, ცემენტის იატაკია. როგორც ჩანს, მკვლელმა ქეთევანს თავი იატაკზე არტყმევინა. ამაზე მერე ვიფიქრე, თორემ იმ წუთში ისეთ შოკში ჩავვარდი, ჩემი ქმრისა და მეზობელების დასაძახებლად გარეთ კივილით გამოვვარდი. მერე პოლიციაც მოვიდა, მათ მეზობლები სახლში აღარ შეგვიშვეს, რომ მკვლელობის კვალი არ დაკარგულიყო.”
სამართალდამცველებმა შემთხვევის დგილზე მკვევლობის კვალის ძიება დაიწყეს. რამდენიმე ადგილას მკაფიოდ ჩანდა მამაკაცის სისხლიანი ნაკვალევი, რომლის მიხედვით ჩანდა რომ მკვლელი გარდაცვლილი ქალის ბინაში რაღაცას ეძებდა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ბინიდან მოპარული იყო 360 ლარი და ოქროს ჯვარი, რომელსაც გარდაცვლილი ატარებდა. გამოძიებამ დაკითხა ქეთევან ბ-ძის მეზობლები. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქალი სახლში სულ რამდენიმე ადამიანს უშვებდა, რომელთა შორისაც იყო, მოგვიანებით მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ ნ-შვილიც. ქალს ის შორეულ ნათესავად ეკუთნოდა. მალხაზ ნ-შვილის ბებია და გარდაცვლილი ქალი დეიდაშვილები იყვნენ.
გამოძიებამ მალხაზ ნ-შვილი მოწმის სახით დაკითხა. ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ ქეთევან ბ-ძესთან ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდა, და მარტოხელა ქალის დასახმარებლად, მასთან ხშირად დადიოდა მისივე თხოვნით. ამონაწერი მალხაზ ნ-შვილის ჩვენებიდან: „ქეთევანი ხშირად მირეკავდა და დახმარებას მთხოვდა. ხან ბაზრიდან მომქონდა მისთვის საკვები, ხან წამლის საყიდლად ვეგზავნებოდი, ხან შეშას ვუჭრიდი. ყოველთვის ფულს მაჩუქებდა ხოლმე. მას დედაჩემიც ეხმარებოდა სახლის საქმეში. ბოლო პერიოდშიც, რამდენჯერმე შევთავაზე დახმარება, მაგრამ მითხრა, საჭირო არ არის, მეზობლები მეხმარებიანო, ამის გამო, დაახლოებით, სამი კვირა არ მყავდა ნანახი”. როგორც გამოძიებით დადგინდა, მალხაზ ნ-შვილი ქალისგან ცოტა მოშორებით ცხოვრობდა. ამიტომ, ქეთევანს ახლო მეზობლების დახმარება ერჩია. თუმცა, როგორც გაირკვა, ახალგაზრდა კაცს დასახმარებლად ის, მისი დედის თხოვნის შემდეგ აღარ მიმართავდა. მალხაზ ნ-შვილის დედამ ქეთევანს უთხრა, რომ მალხაზი მისგან ნაჩუქარი თანხით სასმელს ეძალებოდა და სთხოვა, აწი ფული მისთვის მიეცა, რის გამოც ქეთევან ბ-ძემ დედა-შვილთან კავშირი გაწყვიტა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მალხაზ და ნუნუ ნ-შვილები გაჭირვებით ცხოვრობდნენ. ქალმა შვილი მარტომ, ქმრის გარეშე გაზარდა. მალხაზს სოფელში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მეზობლის გაქურდვისთვის მას საპატიმროშიც მოუწია ორი წლის გატარება. ქეთევანს მეზობლები ურჩევდნენ, დედა-შვილის დახმარებაზე უარი ეთქვა. თუმცა, ქალი არ მალავდა, რომ გაჭირვებაში მცხოვრები მალხაზი და მისი დედა ძალიან ეცოდებოდა და მათთვის საქმეს ყოველთვის პოულობდა.
რატომ შეიძლებოდა, მოეკლა მალხაზ ნ-შვილს მარტოხელა ქალი ასეთი სისასტიკით, ამაზე პასუხი არავის ჰქონდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი გარდაცვალებამდე გაუპატიურებულიც იყო. ის თავის არეში მიყენებული დაზიანებით იყო გარდაცვლილი. მალხაზ ნ-შვილი დაკითხვის დროს აცხადებდა, რომ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა და იმ ღამეს, როცა დანაშაული მოხდა, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რასაც დედაც ადასტურებდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით დადგინდა, მან მკვლელობის ღამეს საკუთარი ბინა სამი საათით დატოვა, რა დროსაც ქეთევან ბ-ძე მოკლეს.
საქმის მასალების მიხედვით, რაც მოგვიანებით, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, მან ქალი გაძარცვის მიზნით მოკლა. მალხაზ ნ-შვილმა ქეთევან ბ-ძის ბინიდან 360 ლარი და ქალის კუთვნილი ოქროს ჯვარი მოიპარა, რომელიც გარდაცვლილს ყელიდან სიკვდილის შემდეგ ჩამოგლიჯა. რატომ მოკლა მალხაზ ნ-შვილმა ქალი, რომელიც ბებიად ეკუთვნოდა? – ამ შეკითხვას თავად ბრალდებულმა გასცა პასუხი. მისი ჩვენების მიხედვით, ის ნათესავ ქალს ღამის 12 საათზე ეწვია. ქეთევან ბ-ძე მალხაზის ღამის სტუმრობამ გააკვირვა, რაზეც ახალგაზრდა მამაკაცმა უთხრა, რომ ფულის სასესხებლად ეწვია. ქეთევანმა მალხაზს ასი ლარის მიცემაზე უარი უთხრა, რადგან ორჯერ ჰქონდა მისთვის ფული მიცემული და უკან აღარ უბრუნებდა. ნათესავი ქალის უარმა მალხაზი გაანაწყენა, მან ქალი ძირს დააგდო და ცემა დაუწყო. ფიზიკური ძალადობის დროს მალხაზი ქალს ზემოდან მოექცა და მისი გაუპატიურება დააპირა. ქეთევანი ახალგაზრდას წინააღმდეგობას უწევდა, ყვიროდა, შველას ითხოვდა, რა დროსაც მალხაზმა მას პირი შარფით აუკრა და მასთან იძულებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შემდეგ მამაკაცმა ქალს თავი ცემენტის იატაკზე არტყმევინა და ცემით მოკლა. ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, მალხაზ ნ-შვილმა მას ყელიდან ოქროს ჯვარი რომ ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ სახლში ფულის ძებნა დაიწყო. გარდერობში შენახულ 360 ლარს მალე მიაგნო. მამაკაცმა ფული აიღო, სისხლიანი ტანსაცმელი სამზარეულოში გაიწმინდა და შემთხვევის ადგილი დატოვა. ამის შემდეგ ის სახლში მივიდა. დედამისს უკვე ეძინა და შვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დეიდამისი მოკლა, არ უნახავს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მკვლელობის მეორე დღეს ნუნუ ნ-შვილმა შვილის სისხლიანი ტანსაცმელი აღმოაჩინა. შვილმა კი უთხრა, რომ ტანსაცმელი სისხლით იმის გამო დაესვარა, რომ მეზობელ კაცს ღორის დაკვლაში დაეხმარა. მან ბებიის სისხლის კვალი ცხოველის სისხლად გაასაღა, ქალმა შვილის ჩადენილ ქმედებაზე ეჭვი მას შემდეგ აიღო, რაც სოფელში ქეთევანის მკვლელობის ამბავი გახმაურდა.
მალხაზ ნ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.