№52 რომელი ლითონისა და ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს მოაქვს წარმატება
მანდილოსნებს განსაკუთრებით უყვართ სამკაულები. ზოგი ძვირფას ლითონს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი, ბიჟუტერიას. ასტროლოგიურად, წარმატების მისაღწევად, ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ოქრო. მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებულებმა კი, უმჯობესია, ვერცხლის სამკაული ატარონ. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, ტყუპების, კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულთ შეუძლიათ, როგორც ვერცხლის, ასევე, ოქროს სამკაულების ტარებაც.
ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია წარმატების მიღწევა თავისი შესაბამისი ასტროლოგიური ქვისა და ლითონის ტარებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ დღეს, თავისი მფარველი ასტროლოგიური ქვა მართავს და ამ მინერალების ტარება თქვენთვის მეტად სასიკეთოა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი დაავადების მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამა თუ იმ ლითონის ტარებას. მაგალითად, თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, გაქვთ ნევროზი და ფსიქიკური აშლილობა, უნდა მოერიდოთ ოქროს სამკაულებს. ვერცხლი კი იმათ უნდა ატარონ, ვინც დაძაბულ სიტუაციებში ხშირად ხვდება, უძილობა და თავის ტვინის დაავადებები აწუხებს. მაგრამ, ამ ლითონის სამკაულს უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ხშირად ემართება რესპირატორული დაავადებები, ანუ ორგანიზმის საერთო იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული.
კოსმიური ენერგიის წყალობით, ყოველი ასტროლოგიური ქვა აღადგენს პირველქმნილ ჰარმონიას ბუნებასა და ადამიანს შორის. ანიჭებს მას ძალასა და სიმტკიცეს მიწიერი ვნებების ხიფათიან გზაზე და არა მარტო როგორც თილისმა, არამედ, როგორც მკურნალი, ისე გვევლინება. თუ სწორად შეარჩევთ იმ დღესაც, როცა მათი ტარება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, მაშინ ცხოვრებაში უფრო გაგიმართლებთ და ამას ყოველდღიურად იგრძნობთ. ორშაბათს კარგია, ატაროთ საფირონი, ლითონებიდან კი – ვერცხლი. სამშაბათს კარგია იასპისა და ოპალის ქვები, ლითონიდან – ფოლადია სასურველი. ოთხშაბათს შეესაბამება ქალცედონი, მწვანე ძოწი და სარდონიქსი. ამ ასტროლოგიური ქვების ტარება წარმატებასაც მოგიტანთ და ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. ლითონის კი არ არის სასურველი, უმჯობესია, ხისგან დამზადებული სამკაული გაიკეთოთ. ხუთშაბათს ტოპაზი და ამეთვისტოა რეკომენდებული, ლითონიდან კი – მელქიორისგან დამზადებული სამკაული. თან, რაც შეიძლება, დიდი და თვალშისაცემი, რომ ცუდი მზერა მისკენ იყოს მიმართული და თქვენ აგცდეთ. პარასკევს ქრიზოლითი ან აქატი აირჩიეთ, ხოლო ლითონებიდან, უპირატესობა სპილენძს მიანიჭეთ. შაბათს შეესაბამება მწვანე ქრიზოპრაზი და იაგუნდი, ლითონებიდან – კალის სამკაული. კვირას წარმატებების მომტანია ლალი და ქარვა, ლითონებიდან კი – ოქრო.
კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ლითონისა თუ ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ჩვენგანზე დადებითად იმოქმედებს და ამას თავადვე იგრძნობთ – იმ დღეს მშვიდად და კომფორტულად იქნებით. გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემებისა და ბარიერების გადალახვას. ხელოვნური ქვისგან დამზადებული სამკაულების ტარება კი, საშიშია. ხელოვნური ქვა ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსით ხასიათდება და ამის გამო, არანაირი სამკურნალო და წარმატებების მომტანი თვისებები არ აქვს. მათი დიდხანს ტარება აჩლუნგებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი განცდებისა და ვნებების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებულ სამკაულებს მაქსიმალურად მოერიდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, თქვენს მინერალებს უცხო ადამიანი უარყოფითი ენერგიით შეეხოს. ამიტომ, საჭიროა მათი წმენდა და ამის უამრავი საშუალებაა. თუმცა, ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია, თუ მათ ცივი, გამდინარე წყლის ქვეშ დადებთ რამდენიმე წუთით. მეორე ვარიანტია: ჩადეთ მინერალი მარილიან ხსნარში გარკვეული დროით. მარილით წმენდა რეკომენდებულია პერიოდულად, რათა თავიდან აიცილოთ უარყოფითი ენერგია. აიღეთ გამჭვირვალე ჭურჭელი, ჩაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი მარილი. შემდგომ ამ ხსნარში მოათავსეთ მინერალები, რამდენიმე საათი ან მთელი ღამე. არ გამოიყენოთ ლითონის ან პოლიეთილენის ჭურჭელი. უმჯობესია, მინა.
აუცილებელია და გარკვეული დროა საჭირო, რომ მინერალი პატრონს მიეჩვიოს. რეკომენდებულია ბალიშის ქვეშ ამოიდოთ, რომ მფლობელის ენერგეტიკის გავლენის ქვეშ მოექცეს. ამ დროს ხდება მათ შორის უხილავი კავშირების გაბმა.