№52 რატომ უნდოდა გურამ რჩეულიშვილს თავის გვარისთვის „შვილის“ მოშორება
გურამ რჩეულიშვილი ლიტერატორების ყველაზე საყვარელი მწერალია. ალბათ, ყველასთვის ერთნაირად საინტერესოა, თუ როგორ იწყებდა მაგალითად, სამწერლო ასპარეზზე გამოსვლას. თავისი დღიურების თორმეტფურცლიან რვეულში, რომელიც მოგვიანებით, მისმა დამ შეაგროვა და კრებულად გამოსცა, ის წერს: „ბევრჯერ, არც ისე ბევრჯერ, უფრო სწორად ხუთი-ექვსჯერ, მიცდია, დამეწერა რაიმე საინტერესო, გინდაც უინტერესო, მაგრამ მაინც დამეწერა. ჯერ ყაზბეგს ვბაძავდი, მერე ვინ იცის ვის, მაგრამ ერთ გვერდზე მეტის დაწერა ვერ შევძელი. ახლაც, როცა ვწერ, მიზნად მაქვს, მოვაბა რომანი, პატარა მოთხრობა მაინც, მაგრამ უკვე გაქანება აღარა მყოფნის. თავს ვანებებ წერას, მაინც მინდა წერა. ვეცდები, ვწერ, მაშ, რა ვქნა, რაღაც მაინც ხომ უნდა გავაკეთო, არა?! მარტო მაგიტომ არა, მე მინდა, ვიყო მწერალი, თანაც დიდი. მერე რა, მე ჩემი ფიქრებისა არ მეშინია. უკვე შევეჩვიე, რაც მინდა, ის არ შემიძლია, ასე იყო ბავშვობიდან. მაშინ მინდოდა, ტანკისტი გამოვსულიყავი, მერე მთვარეზე მივფრინავდი…” ამბობენ, გამუდმებით გრძნობდა სიკვდილის სიახლოვესო. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერილ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში ხომ წერს: „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ. ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა...” თავისი ბავშვობის მეგობარი და მისი სიკვდილის შემდეგ პირველი ბიოგრაფი ნუგზარ წერეთელი კი იხსენებს (motivi. com) „ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე: შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ, მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ”. მაშინ ასეთი რამის დაჯერება, მე კი არა, მის არცერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო“... პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს ის გამორჩევით უყვარდათ, ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს. თუ ნაადრევად სიკვდილი ეწერა, ალბათ, ზუსტად ისე უნდა წასულიყო, როგორც წავიდა – სხვების გადასარჩენად ზღვაში შესული... ადამიანების დახმარება გურამ რჩეულიშვილს სისხლში ჰქონდა გამჯდარი. შეუძლებელი იყო, მათხოვრისთვის გვერდით ჩაევლო და ფული არ მიეცა, თუნდაც ამის გამო მშიერი დარჩენილიყო: „გურამს ძალიან უყვარდა „ბათინკები”, გიჟდებოდა. ერთხელ მშობლებმა ოცდაათი მანეთი მისცეს „ბათინკების” საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები” უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ
გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა – ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა. ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ქილაში ჩაუდო... კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით”. ახლა კი, მოდი, ერთად წავიკითხოთ გურამ რჩეულიშვილის ძალზე საინტერესო ცხოვრების დღიურები, რამდენიმე წერილით.
„გარემო ისე სავსეა შთაბეჭდილებებით, რომ მეშინია დღიურების წერა, თითოეული დაწყებული წინადადება თუ დროზე არ ალაგმე, რომანამდე შეიძლება, გაიზარდოს. შრომის ჩვევა კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდადა მაქვს განვითარებული, თან რომ არ ვწერო ის, რაც შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს, ჩემთვის შეუძლებელია. თითოეული ჩაუწერელი ამბავი ცრემლებამდე მეცოდება... ვზივარ ავტოსკოლის ნახაზ-ნაწილებით სავსე საკლასო ოთახში. თავი მიბრუის, მოტორის ზუსტი შემადგენლობა მაქვს ჩასაბარებელი, არაფერი არ ვიცი... აქ ერთი ებრაელი ბიჭია, აბრამ ხაიმაშვილი – ზედმიწევნით გულისხმიერი, არაფერს ტოვებს შეუმჩნეველს და ტირილამდე მონდომებით ლაპარაკობს... აბრამამ, თავისი გულისხმიერების წყალობით, ახლაც უცებ შენიშნა ჩემი ბათინკები, უფრო სწორად, ის დიდი ხანია, შენიშნული ჰქონდა, მაგრამ მე ჩუმად ვიჯექი მთელი კვირა, სიტყვა არ მითქვამს არავისთვის. ახლა, ხმის ამოღებისთანავე, ის საიდანღაც გამოძვრა. სკამზე მოყუჩდა დაინტერესებული სახით, ნიკაპი უფრო წინ წასწია, ორი რაღაცა თქვა მანქანაზე, მერე უცებ დაიკუზა, მაღალყელიანის პირს ალერსით გადაუსვა ხელი და ყბა აამოძრავა – „ზამშია, აი” – თქვა. პირდაღებული კურსანტები სასწრაფოდ მოგროვდნენ, უსვამენ ხელს ჩემს საზიზღარ, ბინძურ ბათინკებს... „კოსტუმის ნაჭერი რო ნაჭერია, აი, მე მაქვს ერთი ინგლისური ტრიკო, ერთი სწორი მხარეა, მეორე, ზოლიანი – ბრტყელი, უბრალო საროჩკა აიღე,” – ამოატრიალა თავისი უჯრედა პერანგი, – „ეს და ეს ერთია? რა თქმა უნდა, არა, ნახე რა?! – ისე, ეს ბათინკები კარგი საქმეა, იარე რამდენიც გინდა თოვლში. იმან რო თქვა, დაცურდებაო, მაგას რა დააცურებს, რკინები აქვს! ვაჰ, ვაჰ! ახლა ვფიქრობ, ხო იცი, რომელი ვიყიდო – ან ეგ, ან სალდათური ჩექმები. იცი, რაშია საქმე? ეგ ინტერესნია სასიარულოდ, რამდენიც გინდა იარე. ისე ის სჯობია,” ბოდიშის მოხდასავით, რომ ყველაფერში არ ვარგა ჩემი ფეხსაცმელები, განაგრძო ხაიმამ, ,,ისე ისა სჯობია ჩემთვის, რა თქმა უნდა, ხო იცი, ჭუჭყი, რამე, მანქანის ქვეშ შეძრომა, აქეთ, იქით, არა?”,,მა რა,” დავეთანხმე, ,,არა,” ჩაურთო იმან, ,,ისე, ეგ მაინც კარგი რამეა.” მე ავუხსენი, სად იყიდება ჩექმები. ეტყობა, ხაიმაშვილის რეპერტუარში უარის ან ვერგაგების თქმა, არ შედის. მშვენივრად გაიგო ვაკეში, მივარდნილ ადგილას მაღაზიის ადგილი. შემოვედი და ვწერ, თავი ისევ მიბრუის. მომაგონდა, რომ დილით თითქმის დამაბარბაცა, მერე ტროლეიბუსში მანქანის ნაწილებს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, როგორ
შეიძლება, ლია პავლოვსკაიასთან დაახლოება, რომელიც ჩემ გვერდზე იდგა და ვიღაცას გამარჯობა უთხრა. მე პირველად საკუთარ თავზე მივიღე მისალმება, გავუღიმე. მსუბუქი შურისძიების ნოტმა გამკრა გულში ამ გოგოსადმი, რაც ჩემმა უნებლიე შეცდომამ გამოიწვია… უაზროდ ვუყურებ მასწავლებელს, რომელიც ჩემს გვარს ჟურნალში კითხულობს და დაფასთან მიძახებს... ,,მოტორის რამდენ მოძრაობას იცნობ?” მეკითხება ის ჩვენნაირივე სახით. კლასი გაჩუმებულია და ჩვენს დუელს უყურებს... ,,ბევრს“ – არ ვაგვიანებ მე სისულელის თქმას. ,,საინტერესოა, გარეთ როგორი ამინდია,” - კურსანტებისკენ მიდის მასწავლებელი და ისე მიყურებს, ახლა უკვე ყველა ბრუნდება აქეთ... „რად გინდა მესამე კლასი?” მომმართავს ის. ხი, ხი, – ხითხითებენ რატომღაც სხვები, მე უაღრესად ტუტუცური სახე მიხდება. ეზოდან ღრიალით გადის ხრეშით დატვირთული სამოსვალი ,,აი, ეს ბიჭები სამოსვალზე იმუშავებენ, კომუნიზმს ააშენებენ. შენ კი სტუდენტი კაცი ხარ, წადი, შენი საქმე აკეთე. თუ არ დაგიშლია, მოყვარულის უფლება აიღე. დღეიდან სიიდან გშლი, შენ მოტორის სწავლის თავი არა გაქვს, შეგიძლია, წახვიდე“ – ტუტუცივით ვუყურებ მას და მეცინება. ეცინება ხაიმასაც, ვიღაცა ხარხარებს... საერთო მხიარულ ხმაურში ვტოვებ საკლასო ოთახს, თან მიმყვება უცნაური სიმხიარულე, ხმები, რეპლიკები... ო როგორ დავიღალე, მე... არ შემიძლია, დავიჭირო ის მომენტი, როდის დავკარგე მხიარული განწყობა, არ მინდა, არაფერზე ვიფიქრო. ოღონდაც ვინმემ არ გამომიყვანოს ჩემი უსხეულო ფიქრებიდან, არ მითხრას უხეში სიტყვა. მე არა ვარ ქრისტიანობის იდეალი, რომ შევუნდო ბრიყვთა, ამიტომ ვერ ვიტან უხეშ მომართვას სხვისგან, როცა მე თვითონ არ ვაძლევ თავს ამის უფლებას. ჰო, ვიღაცა მთვრალმა ნაცნობმა შორიდან დამიძახა: ,,ბიჭო, ისე მოდიხარ, თითქოს ქვეყნის საქმეები გქონდეს გადასაწყვეტი“... სწორედ ამ წამში ვწყვეტდი მე ჩემი, გურამ რჩეულიშვილის, ქვეყნის საქმეებს. იმას, რომ ცუდია გქონდეს გვარი, რომელიც ბოლოვდება ,,შვილით,” მაგრამ ახლა რომ მოვაკლო ,,შვილი” და დავტოვო მხოლოდ ,,რჩეული”, გამოვა ყოყოჩობა, კიდევ ვფიქრობდი, შოფრების სკოლის დატოვებასთან დაკავშირებით, ახალ ნაცრისფერ კოსტუმზე, ჟილეტით, დიდი ბაფთით და ტროსტით, რითაც მინდოდა, მევლო მომავალში. შემდეგ გამკრა შიმშილის გრძნობამ, ჯიბეში მოვსინჯე ორი მანეთი და თხუთმეტი კაპიკი – ზუსტად ეკლერის ფული. სწორედ ამ დროს მიტრიალებდა თავში, რომ საერთოდ სისულელეა, გვარი და მთლიანი უაზრობა, იამაყო ამ გვარით, როგორც დანომრილი მორბენლისთვის უაზრობაა, იამაყოს თავისი ნომრით, რომელიც კენჭის ყრისას მიაკუთვნეს... უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ამ წუთში, რომ მშია.
იქვე, გრძელ საკონდიტროში შევუხვიე ეკლერის საყიდლად; პატარა მაგიდასთან მიმდგარი, ვჭამ ნამცხვარს, ჩემ პირდაპირ ზის დიდი თათარი მუშა... მან
მესამე ეკლერი მოითხოვა. მე უმიზეზოდ მესიამოვნა, რომ იმას ფული ჰქონდა. რაც შეიძლება, ღრმად შევძვერი სკამში და შევეცადე, ნელა მელოღნა ნამცხვარი. საქმე პირიქით წავიდა, ვერ მოვასწარი მოხედვა, რომ კრემი თითებამდე დამივიდა. მოწყენილმა დავუწყე მაღაზიის კარებს ყურება. იქიდან კოხტა ნაბიჯებით შემოვიდა სამი გოგო. ჩემს ენაზე ის გოგოები ჩურჩულებდნენ: შეხედეთ გურამს, ვითომ კარგი კაცია, ისე მიირთმევს არყის მაგიერ ნამცხვარს, თანაც ისეთი სახე აქვს, თითქოს გუშინ არ დარბოდა ქუჩაში ყვირილით, ხელების ქნევით, ნაჩხუბარი და მთვრალი. მე ავდექი, ნელა დავიძარი, აშკარად ვგრძნობდი, ყველა კიდურის უხერხულობას, იმდენად ნაძალადევი წესიერებით მეჭირა ტანი. ჩემს უკან გამოვიდნენ ის გოგოები გამალებული გაბმული ჩუჩუნით, შევანელე სიარული, ისინიც შედგნენ, მერე მძიმე ნაბიჯით ავუყევი ქუჩას, მათი თვალები საზოგადოებრივი აზრივით მდევდნენ ყველგან... ხაზგასმული ნელი ნაბიჯებისგან ფეხი ამერია. ვგრძნობდი, სადაც არის, დავკარგავდი წონასწორობას და ავღრიალდებოდი უცრემლო ხმით... ეს მომენტი იყო მთელი დღის აზრთა შეჯამების მწვერვალი, როგორ გაუძლებდა ის ხალხის აზრს და მოულოდნელად ვიგრძენი, რომ წავბორძიკდი. მე დავმარცხდი, როგორც ჯამბაზი თავის ნათამაშებ წარმოდგენაში. და ამ წამში მესამედ, უცებ, მე ისევ ვიგრძენი, რომ შევმსუბუქდი, გავბრწყინდი: წინიდან მოდიოდა ღიმილად ქცეული ნაცნობი ბრადიაგა, ჟუჟუნა... ეცვა ამოთხვრილი, ეტყობა, უქამრო შარვალი, კეპი ზედ შუბლზე ჰქონდა ჩამოფხატული... ღრმად ამოვისუნთქე, რაც აუცილებელი იყო ძალის მოსაკრებად. ეს ადამიანი მოდიოდა ქანაობით, არხეინად და მთელი გულით შემშურდა მისი, გიჟივით მომინდა სიმთვრალე, არაყი, პაპიროსი... სულ საცოდავი, დამცირებული გამოვჩნდი შავ კოსტუმში, ბრექით, თეთრი პერანგით ამ რუსი ლოთის გვერდზე, რომელიც ხელს მიჭერდა, ღიღინებდა, ხარობდა... ამ ახალმა დაბრკოლებამ ჩემს გზაზე უცნაური იმუნიტეტი შემიმუშავა. უფრო ხელშესახებად დავიწყე აზროვნება. მინდოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, მომეშორებინა იმ გოგოების დევნა, სულ ცოტა ხნით მაინც გავმხდარიყავი ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც ეს უთვისტომო მათხოვარი იყო... ეს კაცი იდგა ჩემს წინ და მღეროდა, მეც ავყევი, ოღონდ ისევ ყალბად, არასასიამოვნოდ, რის გამოც ცრემლები მომაწვა თვალებზე და პირველად შემეცოდა ჩემი თავი...“
(1959 წლის შემოდგომა)
ერლომ!
„...უნდა დავიწყო წერილების წერა, პოლიტმეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის, რომელსაც შემდეგ ჩემი თხზულებების სრული გადამამუშავებელი გამოცემის მე-15, ესე იგი ბოლო, ტომში მოათავსებენ... რამდენიმე სათაური მოფიქრებული მაქვს. 1. კატები და მათთან ბრძოლის სრული უმწეობა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში; 2. დიასახლისები, როგორც ობიექტი ცხოვრების ღრმად ფილოსოფიურად შესწავლისათვის. 3. ხვრინვა თუ კბილები 4. ექსკურსანტები, როგორც კლასი თუ როგორც ფენა... ასეთი ტუტუცური აზრებით მაქვს თავი გამოტენილი. არ გეგონოს ვხუმრობდე, ეს აზრები მართობენ მთელი დღე, სანამ მოსაღამოვდება. ესე იგი სანამ ბარში წასვლის დრო მოვა. იქ კი ვზივარ მოღუშული, ვერაფრით შევეჩვიე ხალხში მხიარულად ყოფნას. ბარში დიდი ნაცნობობა მაქვს, ვინ მასმევს აღარც მახსოვს. მერე მიდის სიმღერა მთელ ხმაში – აქ ჯერ კიდევ არ იციან, რომ სმენა არა მაქვს. სამაგიეროდ, საკმაოდ შევურყიე რეპუტაცია ქართულ სიმღერებს... უამრავჯერ მიფიქრია მეც, ჩვენი ცხოვრების პრინციპის შესახებ – მე ვამბობდი, ჩემი პრინციპი უპრინციპობა არის-მეთქი., ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, მე ვიცი, რომ მაქვს პრინციპი, შინაგანი, ოღონდ რა არის, კარგად არ მესმის. ალბათ, მაგ პრინციპიდან გამოდის, რომ დღეს მოსკოვში ვარ, რომ მარტო ზოგჯერ უფრო მხიარულად ვარ, ვიდრე ხალხში... დღეს ნაარყალზე წავედი ტრეტიაკოვის გალერეაში – ეს ერთადერთი კულტურული დაწესებულებაა, რომელსაც პატივი ვეცი ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, თუ არ ჩავთვლი ბარს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი ოთახების ლაბირინთში ხეტიალის დროს, რომლის კედლებზეც ვიღაც ტრეტიაკოვის კაპრიზის გამო, სურათები კიდია, ეს იყო აზრი, როგორ გამოვსულიყავი იქიდან. კითხვა არ მინდოდა, საერთოდ, მარტო როცა ვარ ძალიან ვიბერები, რატომ, აქამდე არ მესმის. შემოვიარე საშინელ ტემპში მთელი დარბაზები სამჯერ მაინც. მერე ვნახე, რომ ერთი და იგივე ადგილას რამდენჯერ იყო ჩემი ნაფეხურები და თევზის ნაფცქვენები, რომელიც ერთი კვირის წინ ვჭამე, რის შემდეგაც ჩანთა გადავაგდე – ცარიელის თრევას ასეთ სიცხეში აზრი არა ჰქონდა. ათჯერ მაინც ჩავუქროლე შიშკინის „უტრო ვ სოსნოვომ ლესუ“ (კარგი სურათია. დათვები მატრაბზაობენ გადაჭრილ ხეებზე), მერე საიდანღაც მოვხვდი რეპინის ივანე მრისხნაესთან და თავში დამარტყა ცნობილმა ამბავმა, რომ ვიღაც ოფიცერმა ხმლით აჩეხა ეს სურათი იმდენად ჰგავდა მართალს – საწყალი, ალბათ, ჩემს მდგომარეობაში იყო. მე მგონია, იმას ისეთივე წარმატებით შეეძლო ესროლა თოფი შიშკინის დათვებისათვის, იქამდე რომ მიეღწია... ო, ერლომ! რა იცი, შენ, ცხოვრების შესახებ... რა იცი, შენ, კატებისა და ექსკურსანტების შესახებ... (დამოუკიდებლად სადმე წასვლა ექსკურსანტს აზრადაც არ მოუვა) ექიმთან, სადაც იხდიან ხუთ მანეთს... ოღონდ არაფრით არ მესმის რატომ არ გამოუშვებენ ცალკე ფულს მათთვის, ვირის ყურებით, მაჩვის თვალებითა და მოტორიანი ფეხებით – ლენინის პორტრეტის მაგიერ. ცხოვრება სავსეა ასეთი საოცარი მოვლენებით, შენ კი გვერდზე ხარ... ერლომ!“
(1958 წელი. თებერვალი)
ერლომ ახვლედიანს მოსკოვიდან
(1958 წ. 6 მარტი)
„არაჩვეულებრივად კარგი პახმელია დამჩემდა, ვწევარ ლოგინში და ვშაყირობ ჩემთვის, გიჟივით ვხარხარებ... უახლოეს დროში ვაპირებ, კატებზე რომანის დაწერას. როცა პირველად მოვედი აქ, ოთახი მომეწონა, ოღონდ დიასახლისმა თქვა, ორი კატა მყავს და იქნებ, არ გიყვართო.... მე მხოლოდ ჩავიღიმე – რა ვიცოდი, რომ ეს სიმწრის ღიმილი იყო. კატები მოძვრებიან ფანჯრებიდან, კატები შემოდიან კარებიდან, ჩამოდიან შკაფის თავებიდან, გახტებიან თავზე, როცა ჭამ, ან საუკეთესო შემთხვევაში, მოცელილებივით ცვივიან ბორშჩი, ბურტყლავენ ყველაფერს, თავს გაქერინებენ – საკმარისია, წათვლიმო, რომ გვერდზე მოგიწვნენ. მიდიხარ გარეთ, რესტორანში ყველა ამჩნევს – ონ ვიდნო ლუბიტ კოტიატ – ისე ვარ გაბურტყლული, ჯაგრისის ხმარებას დიდი ხანია, თავი დავანებე. ჯერ საგანი არ მინახია, რომ ამდენი კატის ბეწვი ჰქონდეს, რამდენიც ჯაგრისს – უახლოეს დროში შევისწავლე რა, კატების ყველა ზნე-ჩვეულება, გადავდივარ სხვაგან, რომ მათზე სულიერი სიმშვიდის პერიოდში დავწერო რომანი – ეს იქნება, ალბათ, ყველაზე ღვარძლიანი ქმნილება, რაც კი დაწერილა რაიმე ცოცხალის წინააღმდეგ – სავსე იაგოებით და არცერთი ოტელო.”