№52 რატომ იმატებს ზამთარში მოხმარებული გაზის გადასახადი, როგორი ხარისხის გაზი შემოდის და რა კავშირი აქვს გაზის კალორიულობას მისი მოხმარების მოცულობასთან
იმ მიზეზით, რომ ეგრეთ წოდებული ჭკვიანი მრიცხველები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯერჯერობით აუხდენელ ნატვრად რჩება, მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ გაზისა თუ ელექტროენერგიის მრიცხველები მთლად ადეკვატურადაც ვერ ასახავენ აბონენტების მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას. აქვე კი შეგახსენებთ, რომ, თუკი ზაფხულში, როდესაც 30 გრადუსია, ჩაიდნის ასადუღებლად მისთვის 70 გრადუსის (ანუ ენერგიის) დამატებაა საჭირო, შესაბამისად, რაც ნაკლებია გარე ტემპერატურა, მით მეტი დრო და ენერგია სჭირდება ადუღებას, თუმცა ამ მარტივი არითმეტიკის მიუხედავადაც, ქართველი მომხმარებელი ჩივის, რომ ზამთარში უჩვეულოდ მაღალ გადასახადს იხდის ბუნებრივ აირში. მეორე მხრივ, ჩვენთან დღისა და ღამის ტარიფის მქონე ელექტრომრიცხველებიც ფანტაზიის სფეროა (თუმცა ჩვენს მეზობელ სომხეთში სავსებით რეალური). ამას გარდა, იმასაც უჩივიან ჩვენებური აბონენტები, რომ ბუნებრივი გაზი, რომელიც მოგვეწოდება იმ კალორიულობის არ არის, როგორიც უნდა იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ იმაზე მეტის მოხმარება გვჭირდება, ვიდრე უფრო ხარისხიანი გაზის მოხმარებისას დაგვჭირდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გია არაბიძესთან ერთად, ვისაუბრებთ საქართველოს ბუნებრივი აირის ფასსა და გათბობის უნარზე.
– ყოველ ზამთარს არის პრობლემა, თითქოს მოხმარებული გაზის გადასახდელი იმაზე უფრო მეტი მოდის, ვიდრე შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში და გამოითქმება ეჭვი, რომ რაღაც მაქინაციებს სჩადის გაზგამანაწილებელი კომპანია. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასეთი მიდგომა და რა იწვევს გაზის გადასახდელის გაზრდას?
– ბუნებრივია, ზამთარში ხარჯი გეზრდებათ. ამიტომ ფსიქოლოგიურად ფიქრობთ, მეტი ხომ არ გადამახდევინესო. ჯერ ვიმსჯელოთ მხოლოდ ობიექტურ მიზეზებზე: ისეც ხდება, რომ ანათვალს იღებენ არა 30-დღიანი შუალედით, არამედ, 33-34-დღიანით და ამიტომ კარგად უნდა ინახოს, რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდეა აღებული ჩვენება. ხშირ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის ოპერატორებს უჭირთ ბინებში შესვლა, სადაც მრიცხველები გატანილი არ არის და ტელეფონით იღებენ მონაცემებს. ანუ, რომ შევაჯამოთ: სიცივის გამო მართლაც ზედმეტია ხარჯი ან ანათვალი აიღება არა 30 დღეში, არამედ უფრო მეტი შუალედით. ახლა განვიხილოთ სხვა ვარიანტი: იმის ალბათობა, რომ ვიღაც სუბიექტები, გნებავთ, ენერგოკომპანიები, გაზსადენში ტუმბავენ ჰაერს, რომ გაზის ხარჯი გაიზარდოს, არის აბსურდი. ტექნიკურადაა შეუძლებელი ამის გაკეთება და მეორე, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ გაზის მოცულობაში 7-10 პროცენტამდე ჰაერის მოცულობა შევიდა, ეს გამოიწვევს საშინელ აფეთქებას. ამდენად, ტექნიკურადაც შეუძლებელია. ჩვენთან მოდის გაზი, რომელსაც ტექნიკურად დაბლა უგდებენ წნევას, ამიტომ გადმოსატუმბი კომპრესორი ამაზე მეტი სიმძლავრის უნდა გქონდეს, რომ მოახერხო მასში ჰაერის ჩატუმბვა. ასე რომ, ეს ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ. განვიხილოთ მეორე ვარიანტი: რა ემართება თბოუნარიანობას?! აქ ცოტა საკამათო სიტუაციაა, იმიტომ რომ, გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქვეყნებს ყოველთვიურ მონაცემს გაზის თბოუნარიანობის შესახებ.
– კალორიურობას გულისხმობთ?
– დიახ, თუმცა კალორიულობა ერთგვარი ჟარგონია. მაგრამ გამოვიყენოთ ეს ტერმინი, რომ უფრო გასაგები იყოს მკითხველისთვის. როგორც გითხარით, ქვეყნდება გაზის თბოუნარიანობის მონაცემი. ჩემი დაკვირვებით, კალორიულობა ნორმის ფარგლებშია, დაახლოებით, 7 000 კილოკალორია. მეორე მხრივ, მაგალითად, საბჭოთა დროს ხელშეკრულებებში იწერებოდა, რომ, თუ გაზის კალორიულობა რაღაც მაჩვენებელზე ნაკლები იყო 30 პროცენტით, ვიხდიდი სხვა გადასახადს, გაცილებით ნაკლებს. დღეს არ ვიცი, რა წერია ხელშეკრულებებში, იმდენად გასაიდუმლოებულია გაზის სექტორი.
– ნაკლებს იმიტომ იხდიდნენ თბოსადგურები, რომ კალორიულობა კავშირშია ეფექტიანობასთან.
– იმიტომ რომ, თუ რაღაც საქმისთვის მჭირდებოდა, პირობითად, ერთი კუბი მოცულობის გაზი ნორმალური კალორიულობის შემთხვევაში, ნაკლები კალორიულობისას დამჭირდებოდა კუბ-ნახევარი. მაგრამ ეს არ იყო ხელშეკრულება მოსახლეობისთვის. ეს იყო თბოელექტროსადგურებისთვის, რომლებიც მილიონობით კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ. როდესაც თბოელექტროსადგურს თავისი ნორმა აქვს, ამდენი და ამდენი გაზი სჭირდება ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და, პირობითად ვამბობ ციფრს, 100 კუბური მეტრი გაზი და დაეხარჯა 120, ამის გამო მთელი ქვეყანა დადგებოდა ფეხზე. ნებისმიერი თბოელექტროსადგური მიღებული გაზის თბოუნარიანობას თვითონ ზომავდა და ყოველდღიურად აღნიშნავდა. როდესაც დაიკლებდა კალორიულობა, ჰქონდა ამის დამადასტურებელი საბუთი. ეს იდეოლოგია და მიდგომა არსებობდა, მაგრამ დღეს შემოსული გაზის თბოუნარიანობა ამის საფუძველს არ იძლევა. ის სტაბილურად იმ ნორმებშია, რა ნორმებშიც უნდა იყოს. თუმცა ჩვენ მომწოდებელი მაინც ერთი გვყავს, აზერბაიჯანის და ძალიან მცირე რაოდენობით მოდის „გაზპრომიდან“ რუსული გაზი, მათი ნარევი კი გარკვეულ შეწონილ მაჩვენებელს იძლევა.
მეორე მხრივ, დავუშვათ, თქვენ გინდათ, დაწეროთ სარჩელი გაზის კომპანიის წინააღმდეგ, რომ ის არ გაწვდით საკმარისი თბოუნარიანობის გაზს. მოხვედით ჩემთან, როგორც ექსპერტთან, რომ დაგეხმაროთ, უნდა მქონდეს არა გაზის კომპანიის მიერ გაზომილი კალორიულობა, არამედ რომელიმე დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გაზომილი.
– საქმეც ისაა, ამოწმებს ვინმე გაზის თბოუნარიანობას, გარდა თავად შემომტანი და გამანაწილებელი ენერგოკომპანიისა?
– ალბათ, ამოწმებს, მე ფიზიკურად მათი ლაბორატორია არ მინახავს, არ დავსწრებივარ მათ მიერ ჩატარებულ შემოწმებას, მაგრამ ბუნებრივია, უნდა ამოწმებდეს. როდესაც გაზი მოდის, მას მოჰყვება სერტიფიკატი. შესაბამისად, გამანაწილებელმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს ადგილზე, საქართველოში შემოსული გაზი და დაადასტუროს, რომ კალორიულობა ნამდვილად იმდენია, რამდენიც სერტიფიკატშია მითითებული. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ მსჯელობა დავიწყოთ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს აკრედიტებული ლაბორატორია, მათ შორის, თუნდაც, ტექნიკური უნივერსიტეტის – მაგალითად, ჩვენი ფაკულტეტის ბაზაზე, რომელიც შეძლებს სადავო სიტუაციებში გარკვევას და მოახერხებს საქართველოში შემოსული როგორც „სოკარის“, ისე „გაზპრომის“ გაზის თბოუნარიანობის გაზომვას. არსებობს ამის მეთოდები. თუ ეს ორი ციფრი: ენეგროკომპანიისა და ლაბორატორიის მიერ მოწოდებული ერთმანეთს მეტ-ნაკლებად დაემთხვევა, გაქრება ეჭვი იმისა, რომ მეტი გადასახადი მომივიდა, მაგალითად, თებერვალში. მეტი გადასახადი ზამთარში არის არა კალორიულობის, არამედ გაუთვითცნობიერებლობის ბრალი: ინდაური მოვხარშე, ტორტი გამოვაცხვე, ციოდა და ავუწიე, ბევრი დავწვი და ვერ ვიგრძენი, იმიტომ რომ, წინასაახალწლო ფუსფუსით ვიყავი გართული. ეს უკვე ბუნებრივი პროცესია და არა ხელოვნური. ასე რომ, მტკიცება იმისა, დღეს გაზის კალორიულობა დაბალია და ამიტომ მეტს ვხარჯავ, არავის შეუძლია. იმიტომ რომ, გაზის ტრანსპორტირების კომისია დადებს თავის ანალიზს და იტყვის: აი, ამდენი და ამდენი იყო თბოუნარიანობა აგვისტოში, ამდენი და ამდენი სექტემბერში, ოქტომბერში და იგივეა დეკემბერშიც. ერთი სიტყვით, ვერ დავაბრალებთ კალორიულობის დაკლებას იმას, რომ გაზის გადასახდელმა მოიმატა.
– თბოელექტროსადგურები ახლაც გვაქვს და ისინი რატომ არ ზომავენ კალორიულობას, ბრმად ენდობიან გაზგამანაწილებელ კომპანიას?
– საქმე ისაა, თუ თბოელექტროსადგური ნახავს, რომ გაზის იმ ასმა კუმბა გამოამუშავებინა იმდენი ელენერგია, რამდენიც უნდა გამოემუშავებინა, აღარ დავობს ამაზე. დავა იწყება მაშინ, თუ გაზის გადახარჯვა მოუწევს. თბოელექტროსადგური წლის განმავლობაში 2-3 თვე მუშაობს და მე არ მსმენია მათი პრეტენზია გაზის თბოუნარიანობის შესახებ, მათ შორის, არც პირად საუბრებში. თუმცა მათაც აქვთ დანადგარები და გარკვეულწილად, აკონტროლებენ მოწოდებული გაზის თბოუნარიანობას.
– დასავლეთში გაზის გადასახდელს იხდიან არა მოცულობით, ანუ კუბური მეტრებით, არამედ თბოუნარიანობით, ანუ კალორიებით…
– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით.
– და რა განსხვავებაა მოცულობითა და თბოუნარიანობით დაანგარიშებულ ტარიფებს შორის? კალორიულობა ხომ უფრო მოსახერხებელია?
– ეს ჩემთვის, გადამხდელისთვისაა უფრო მოსახერხებელი, იმიტომ რომ, მოცულობაში კი არ ვიხდი ფულს, არამედ საქმეში, ანუ იმ სითბოში, რაც გაზმა მომცა. აქედან გამომდინარე, დავუშვათ, ცოტა უფრო გაფართოებულლი ქსელი გვქონდეს და დივერსიფიცირებული და ირანიდანაც შემოიდოდეს გაზი.
– ირანის გაზი უფრო კალორიულია, ვიდრე აზერბაიჯანული და რუსულიო.
– 39 000 კილოჯოული აქვს ერთ კუბურ მეტრზე. თუ ის გაზი მივიღე, ბუნებრივია, იმდენი რაოდენობის გაზის დაწვა აღარ მომიწევს ჩაიდნის ასადუღებლად, ვიდრე დღეს მჭირდება. მაგრამ, სამაგიეროდ, ირანი მეუბნება, შენ რომ, პირობითად ვამბობ, ათას კუბში იხდი 42 დოლარს, კეთილი ინებე და მე ათას კუბში გადამიხადე 50 დოლარი, იმიტომ რომ, ჩემი გაზი უკეთესია.
– აშკარად უკეთესია, თუ უფრო ცოტას დავწვავ.
– თუ გახსოვთ, 2006 წელს, როდესაც პრობლემები შეგვექმნა გაზმომარაგებაში, მოხერხდა, ირანიდან მიგვეღო გაზი, მაგრამ მაშინ ირანიდან ფიზიკურად გაზი არ მიგვიღია, ირანმა მისცა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანმა მოგვცა ჩვენ. თორემ ირანის გაზი პირდაპირ ფიზიკურად ვერ შემოვა ჩვენთან, მილსადენის მდგომარეობიდან გამომდინარე. თავის დროზე გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა უვარგისია. ამიტომ ზიარჭურჭელი გაკეთდა, ირანმა მიაწოდა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანმა – ჩვენ. სიღრმეებში ჩასვლა არ მინდა, მაგრამ იქ მოცულობითი ანგარიშსწორება არ ვარგოდა. ამდენად, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც თბოუნარიანობით გავზომავთ გაზს, თუმცა ჯერჯერობით მოცულობითი გაზი გვენატრება და თბოუნარიანობით გადახდა მომავლის პერსპექტივაა. თუმცა, წესით, რა ენერგიაც მომაწოდე, იმაში უნდა გადავიხადო საფასური.
ამჟამად ჩვენ ვიღებთ გაზს აზერბაიჯანის საბადო „შაჰ-დენიზ 1-დან“, მალე წამოვა, „შაჰ-დენიზ-2-დანაც“ და ემატება რუსული გაზი, მცირე რაოდენობით. თუ გახსოვთ, შევარდნაძის დროს მოდიოდა თურქმენეთიდანაც. ამ საბადოების თბოუნარიანობა სრულიად განსხვავებულია და ეს თბოუნარიანობები დამოკიდებულია გაზის წნევაზეც და ტემპერატურაზეც; ზაფხულში, რაკი მაღალი ტემპერატურაა, ფართოვდება გაზი და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ფაქტორია. ამდენად, კარგი იქნება, თუ გაზი გაიზომება არა მოცულობით, არამედ ენერგიით, რომელიც გაზმა მომიტანა და იმაში გადავიხდი შესაბამის თანხას. აქედან გამომდინარე, მოისპობა უაზრო ლაპარაკი, გინდა თუ არა, ჰაერია ჩატუმბული და იმიტომ ვიხდი მეტსო.
– რატომ ვერ მოხერხდა იმთავითვე თბოუნარიანობის გამზომი მრიცხველების დამონტაჟება? თუკი საბჭოთა დროის გამოცდილება არსებობდა, მით უმეტეს.
– მაგრამ საბჭოთა დროს ადამიანს არ ეყენა სახლში გაზის მრიცხველი, გაზის გადასახდი იყო სულადობრივი, მრიცხველები ეყენა თბოსადგურებს.
– იმას ვამბობ, რომ საქართველოში ენერგეტიკოსებს ჰქონდათ გამოცდილება, რომ იზომებოდა თბოუნარიანობა, მაგრამ თბოუნარიანობის გამზომი მრიცხველების დაყენების საკითხი არ დამდგარა.
– იმიტომ რომ, მოცულობით იოლია გაზომვა. მცირე დანახარჯი სჭირდება. ეგრეთ წოდებული ჭკვიანი მრიცხველები ძვირი ჯდება. ავიღოთ, თუნდაც, ელექტროენერგიის ჭკვიანი მრიცხველი, რომელიც რეაგირებს ძაბვის ვარდნაზე, ანუ ელექტროენერგიის ხარისხზე და იმის მიხედვით ადგენს ტარიფს. ანუ მოწოდებული ენერგიის ხარისხი უნდა იყოს მიბმული მრიცხველზე, ამიტომაცაა ჭკვიანი მრიცხველები საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება. ასეთი მრიცხველების დაყენება-შეძენა ძვრი ჯდება. ხომ ხედავთ, ჩვენი საუბრის მიმდინარეობისას მეოთხედ ჩაქრა შუქი უკვე. ასე რომ, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ამ საქმისთვის. ადამიანებს შეშა და გაზი არ აქვთ, რომ ზამთარში გათბნენ, ანუ ჯერ ეს პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი.