კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ არ არის ხელსაყრელი ირანისთვის საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება და როგორ აპირებენ ირანი და რუსეთი ვლადიკავკაზ-თეირანის დაკავშირებას საქართველოს სამხედრო გზის გავლით, საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ორიოდე კვირის წინათ ჩრდილო ოსეთში რფ-ში ირანის ელჩმა მეჰიდ სანაიმ მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში, სახელწოდებით: „ირანი და ჩრდილო კავკასია“. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ირანსა და რუსეთს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვასა და ჩრდილო ოსეთის გავლით, სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე.
არც ის დაუმალავს, რომ ირანი რუსეთის აგრარული პროდუქციითაა დაინტერესებული: ხორბლით, სიმინდით, ხორცპროდუქტებით. მეტიც, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაც არ იქნებოდა ურიგო თეირანსა და ვლადიკავკაზს შორისო.
ეს იდეა ჩრდილო ოსეთის ავტონომიის თავკაცსაც მოსწონებია (ვლადიკავკაზის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც აქვსო); ისიც გაიხსენა, რომ რესპუბლიკაში მოქმედებს სპარსული ენის შემსწავლელი ცენტრი და აღნიშნა, რომ ჩრდილო ოსეთი რუსეთის სამხრეთით ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილია და ერთადერთი მდგრადი საავტომობილო გასასვლელი იმიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთისკენ.
კონფერენციის ბოლოს ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს კულტურის, მეცნიერებისა და ვაჭრობის სფეროში რუსეთისა და ირანის წარმომადგენლებს შორის. რფ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კი ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი შეაქო, რომ ის სწორი გზით მიდის, რაკი ირანთან თანამშრომლობს.
თითქოს ეს რუსეთის შიდა საქმეა, მაგრამ, რაკი ვლადიკავკაზი ირანს მხოლოდ საქართველოს გავლით თუ დაუკავშირდება, საინტერესო იყო რფ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის (ვიაჩესლავ ბიტარევის) შემდეგი განცხადება: „გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც რუსეთს აკავშირებს სამხრეთ კავკასიასთან და არის გასასვლელი ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ. ამ მიმართულებაზე ადრე ორმხრივად მოძრაობდა ბევრი ტვირთი, თუმცა ბოლო დროს ასეთი ინტენსივობა აღარ შეინიშნება, რაც გამოსასწორებელია.“
ეს მოსაზრება საინტერესო იყო იმის გათვალისწინებით, რომ იმ ტვირთებმა, რომელთა რაოდენობის ზრდასაც აპირებენ ვლადიკავკაზი და თეირანი, სწორედ საქართველოზე უნდა გაიაროს.
მეორე მხრივ, ჩვენმა სეპარატისტულმა ცხინვალმა სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს ზემოხსენებულ კონფერენციაზე ირანის ელჩმა ვლადიკავკაზში „იუჟნაია ოსეტიასთან“ თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივაც დაიწუნა, პათოსით, ირანისთვის ეს მიუღებელიაო.
საქართველოში ირანის ელჩმა აღნიშნული უარყო და ამას არც რუსული ოფიციალური წყაროები ადასტურებს, თუმცა ის კი ცხადია, რომ როკის გვირაბის მიმართულება, თუ ჩრდილო ოსეთი (რეალურად, რუსეთი) და თეირანი აპირებენ ინტენსიურ მიმოსვლას ერთმანეთთან, გაცილებით მომგებიანია ორივე მხარისთვის, ვიდრე ლარის გამშვები პუნქტით სარგებლობა, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს სამხედრო გზა ზამთარში ხშირად იკეტება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი მეტად უცერემონიოდ მოითხოვს ხოლმე როკის გვირაბიდან მისთვის გასასვლელის გახსნას, არც ისაა გამორიცხული, ახლა უკვე ირანმაც წამოაყენოს მსგავსი პრეტენზია. იმის პარალელურად, რომ ირანიცაა დაინტერესებული აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნით, რაც მას რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის საშუალებას მისცემს.
ერთი სიტყვით, მხარეები გეგმებს აწყობენ, თანაც, ისეთს, ჩვენს ტერიტორიაზეც რომ გადის, ოღონდ ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ამ თემაზე ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტ ვასილ პაპავას გავესაუბრეთ.

– ჩრდილო კავკასიაში ერთადერთი ქრისტიანული რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთია, მაგრამ სწორედ იქ გაიმართა კონფერენცია: „ირანი და ჩრდილო კავკასია“. რატომ შეირჩა, მაინცდამაინც, ვლადიკავკაზი?
– იცით, რომ რუსეთში ირანის ელჩის თანდასწრებით ვლადიკავკაზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. ის, თუ რატომ შეირჩა ვლადიკავკაზი, ჩანს ირანის ელჩის განცხადებიდანაც, როდესაც მან ისაუბრა დერეფნის: ჩრდილეთი-სამხრეთის, გააქტიურებაზე. ამ დერეფნისთვის ყველაზე მისაღები მარშრუტია ვლადიკავკაზის გავლით ჩრდილო კავკასიის სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირება. მართალია, კონფერენციის თემატიკა იყო კულტურულ-სამეცნიერო, მაგრამ ტრანზიტის შესახებ განცხადება უკვე პოლიტიკურია და არა მხოლოდ რუსეთ-ირანს შორისაა გასარკვევი ურთიერთობა, არამედ საქართველოს ხელისუფლებასთანაც.
– ლაპარაკია ჩრდილო კავკასია-საქართველო-სომხეთი-ირანის სატრანსპორტო მიმართულებაზე?
– ან შეიძლება, აზერბაიჯანის გავლითაც, მთავარია, სამხრეთ კავკასიაზე გადიოდეს და ირანისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, სომხეთზე გაივლის თუ აზერბაიჯანზე, ოღონდ მისთვის მოსახერხებელი იყოს. ჩრდილო კავკასია ძირითადად სუნიტურია, ირანელები კი შიიტები არიან. რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიურ ავტონომიებთან საკმაოდ კარგი სავაჭრო ურთიერთობა აქვს სუნიტურ თურქეთს, ასევე, აქტიურობდა საუდის არაბეთიც და, ცხადია, ირანიც ცდილობს, გაარღვიოს სანქციები და მოძებნოს ალტერნატიული მარშრუტები.
– როდესაც ირანსა და ჩრდილო კავკასიას, ანუ რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლაზე ილაპარაკეს, ნახსენები იყო მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზა, თუმცა სომხეთის ან აზერბაიჯანის გარეშე ვერ მოხერხდება ირანთან დაკავშირება. მხოლოდ ჩვენი მონაკვეთი რატომ ახსენეს, ამით რა ითქვა?
– საქართველოზე ბევრი არ ულაპარაკიათ, თუმცა საქართველოს სამხედრო გზის ხსენება უკვე გზავნილია ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენი განსასაზღვრია, არის თუ არა ხელსაყრელი ეს მარშრუტი, თუმცა ირანთან ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მთავარი რუსეთის ფაქტორია, რადგან გაურკვეველია, როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ორი კვირა გავიდა და ჩვენს ხელისუფლებას არაფერი უთქვამს ოფიციალურად.
– გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთში ირანის ელჩმა „იუჟნაია ოსეტიასთან“ ურთიერთობის დამყარების აუცილებლობაზე ილაპარაკა, რაც უარყო საქართველოში ირანის საელჩომ. ეს მხოლოდ ჩვენი სეპარატისტების ფანტაზიის ნაყოფია თუ უბრალოდ ნიადაგი მოისინჯა? როკის გვირაბით უფრო მოსახერხებელია გზის გაჭრა.
– არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მმართველობას მიუწერია ისეთი განცხადებები, რომლებიც არ გაკეთებულა. ვერც ირანულ წყაროში, ვერც რუსულ ოფიციალურ წყაროებში ვერ ვნახე მსგავსი. რთული სათქმელია, რაზე ილაპარაკეს კულუარებში. შეიძლება, ნიადაგიც მოისინჯა. ახლა ამის თქმა რთულია. თუმცა ირანისთვის არ არის ხელსაყრელი ამ კვაზიწარმონაქმნებთან ურთიერთობის დამყარება, იმიტომ რომ, თავად აქვს რამდენიმე სეპარატისტული კერა. ირანის პოლიტიკა კი პრაგმატულობით გამოირჩევა, ჩრდილოელი მეზობლისგან განსხვავებით. ჯერჯერობით გაურკვეველია ირანის რეალური მიზნები, როგორც ვიცით, საქართველოში ირანის საელჩომ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
– მეორე მხრივ, სარკინიგზო დაკავშირებაზეცაა ლაპარაკი, ანუ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნით, დაინტერესებულია არა მხოლოდ რუსეთი და სომხეთი, არამედ უკვე ირანიც, რაც ვლადიკავკაზში გამართული კონფერენციითაც ჩანს. მაგრამ აზერბაიჯანის გავლით რატომ ვერ დაუკავშირდება რუსეთი ირანს?
– ირან-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზა არ ამოქმედებულა. ბოლო მონაცემებით, დარჩენილი 10-15-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად დეკემბრის ბოლოს ამოქმედდება. მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არის სარკინიგზო მიმოსვლა დაღესტნის გავლით.
– მაინცდამაინც აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნაზე რატომ იკლავენ თავს? რუსეთსა და ირანს ხომ აზერბაიჯანის გავლითაც შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება? თუ სომხეთის გამოა ეს ორომტრიალი?
– ვლადიკავკაზში გამართულ კონფერენციაზე თითქოს ისიც ითქვა, რომ ირანი ეწინააღმდეგება საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას. ყველასთვის ცნობილია ირანის დამოკიდებულება დასავლეთისადმი და ირანიც ხაზს უსვამს, რომ მას არ უნდა, საქართველო მოექცეს ისეთ სამხედრო ბლოკში, რომელიც ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თორემ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დასავლეთისადმი. პირიქით, ეს სწრაფვა მითვისაც ხელსაყრელია, რადგან დასავლეთთან საქართველოს მეშვეობით ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობა ეძლევა. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვითვლებით პროდასავლურ ფორპოსტად. სხვა საქმეა, კოჭლი ფორპოსტი ვართ თუ გამართული, მაგრამ ფაქტია, ვართ და ჩვენ გარდა, არავინაა. და ირანსაც აძლევს ხელს, რომ საქართველო იყოს ის მოედანი, სადაც ექნება ურთიერთობა დასავლეთთან და მას არასდროს გაუკეთებია მკვეთრი განცხადებები საქართველოს პროდასავლურობის გამო, რუსეთისგან განსხვავებით. მთავარი აქ სამხედრო კომპონენტია, რასაც ირანი აღიქვამს თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. თითქმის ყველა სუნიტურ მონარქიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებია და ირანს არ სურს, რომ საქართველო გახდეს მასთან დასაპირისპირებელი პოლიგონი.
– სომხეთი ძალიან უცერემონიოდ ითხოვს ხოლმე, თან, არაფრის სანაცვლოდ, ცხინვალიდან მისთვის გზის გახსნას, რადგან ლარსი ხშირად იკეტება ზამთარში. თუ ამას ირანის ინტერესიც დაემატა, წნეხი ხომ არ გაძლიერდება?
– ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება დასავლეთისადმი, ასევე, ირანის პოზიციაც, თურქეთსაც უფუჭდება ურთიერთობა დასავლეთთან: აშშ სირიელ ქურთებს უჭერს მხარს, რაც ეწინააღმდეგება თურქეთის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ისეთი ქვეყნების ერთგვარ ალყაში ვექცევით, რომელთაგან არცერთი არ არის პროდასავლური. სომხეთი რუსეთის ფორპოსტად ითვლება სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი ლავირებს: რუსეთთანაც მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა ურთიერთობა, ირანთანაც და დასავლეთთანაც თანამშრომლობს, თურქეთთან კი განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვრჩებით დასავლეთის იმედის ანაბარად.
– მსხვილი რეგიონული მოკავშირე არ გვყავს.
– დიახ და რა ფორმას მიიღებს ამ სამი ზესახელმწიფოს –  რუსეთის, თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა –  სამხრეთ კავკასიის მიმართ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ საქართველო თამაშგარედ რჩება. ერთადერთი ისაა, რომ ისევ გაღრმავდეს ურთიერთობები დასავლეთთან და ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე. ისიცაა, რომ ამ ეტაპზე რუსეთს ხელს არ აძლევს აქ არეულობა, რადგან უკვე მიიღო, რაც უნდოდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დასავლეთთან თანამშრმლობით ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც ამ სახელმწიფოებს გადააფიქრებინებს, მკაცრი ტონით ელაპარაკონ საქართველოს.
– ირანი ან თურქეთი შეიძლება, იყვნენ ჩვენთვის მეტ-ნაკლები უსაფრთხოების გარანტორები, ანუ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საშუალება? თუმცა, რადგან ეს სამეული მაინც ანტიდასავლური გაერთიანებაა, სამივე ერთად მოგვაწვება, როგორც დასავლეთის მოკავშირეს?
–  ჩვენთვის მათგან ყველაზე საშიში რუსეთის ფაქტორია, რომელიც არაერთხელ დაგვიპირისპირდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სამხედრო ფორმით. ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიშალა მისი აგრესიის გამო და თვით ეკონომიკურ პროექტებსაც კი იყენებს ზეწოლისთვის. ამდენად, რუსეთი საიმედო პარტნიორი ვერ იქნება ჩვენთვის. გავიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რაც შედის დასავლეთის ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებში. ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა თურქმენული გაზის კასპიის ზღვის გავლით მიწოდების საკითხი, მაგრამ ქართულმა მედიამ ამას ყურადღება არ მიაქცია. ამასობაში მაშინვე დაიძაბა ურთიერთობა თურქმენეთსა და ირანს შორის, ერთმანეთს ადანაშულებენ ხელშეკრულების დარღვევაში. ასევე, თურქმენეთში გააქტიურდა საუდის არაბეთიც, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს თურქმენეთ-ირანის ურთიერთობის გაფუჭებას. არც რუსეთია დაინტერესებული, რომ თურქმენეთმა დასავლეთისკენ საქართველოს გავლით გაჭრას გზა და ცდილობს, ჩაშალოს ეს პროექტი: თურქმენეთი გაზის მარაგით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში. კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუ როგორ დასრულდება თურქმენეთის მცდელობა, გაიყვანოს გაზსადენი ევროპისკენ. ჩვენთვის და აზერბაიჯანისთვის ეს ხელსაყრელია, მაგრამ ასეთ საკითხებს წყვეტენ ზესახელმწიფოები.

скачать dle 11.3