№52 ოჰენრის ახდენილი ოცნება
ანუ ჩამადენინეთ დანაშაული?!
ის, რომ კახი კახიშვილის გამინისტრების შემდეგ საპატიმრო დაწესებულებები (განსაკუთრებით, გლდანის ციხის მსოფლიოს საშინელ ციხეთა ათეულში მოხვედრის შემდეგ, აი, მაშინ პატიმრების ოდენობის მიხედვით რომ ევროკავშირის ქვეყნებში პირველ უპატიო ადგილას ვიყავით) ლამის ყველაზე მშვიდ ადგილად იქცა ამ ჩვენს აურზაურად ქცეულ ყოფაში, დღესავით ნათელი ჭეშმარიტებაა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ უარესის უარესი, უკეთესის უკეთესიცაა შესაძლებელი. კერძოდ, 2018 წლის პირველი იანვრიდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება იხსნება, სადაც გადაიყვანენ ისეთ პატიმრებს, რომელთა კალენდარულ გათავისუფლებამდე ერთი წელი იქნება დარჩენილი.
მეტიც, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი კახიშვილი აცხადებს, ზემოხსენებული დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლება ყოველდღიურადაც კი იქნება შესაძლებელი, თუ ისინი იპოვნიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან ივლიან სასწავლო დაწესებულებაში, იმას გარდა, რომ მათ დაწესებულების დატოვება შეეძლებათ კანონით დადგენილ უქმე დღეებსა და დღესასწაულებზე.
აქედან გამომდინარე კი, რაკი ეს ჩვენი ნაცრისფერი ყოფა ერთობ გაუსაძლისი გახდა (ისეთი ბალღამი და აგრესია ტრიალებს გამოღმა), გისოსებს მიღმა კი, მართლაც, ჰარმონია მყარდება, მშვენიერი მარგალიტასი არ იყოს, იქნებ, მეც ჩამედინა რამე დანაშაული (მსუბუქი, რასაკვირველია)?! –