№51 დემოკრატიული აკვნის ორთქლი
ანუ შენ რომ ჩემთვის „ოსკარი“ მოგიციაო
გასულ კვირას თვით ანგელოზების ქალაქში, ანუ ლოს-ანჯელესში მერილ სტრიპისა და თვით ჰარვი ვაინშტეინის ფოტოებიანი პლაკატები გამოჩნდა (თვით-მეთქი, რადგან, როგორც ვიცით, ამ ბედკრულ ვაინშტაინს ლამის სრულიად ჰოლივუდელი ქალები აუჯანყდნენ, სექსუალურად გვავიწროებდა და გვაუპატიურებდაო, თუმცა მთლად ეგოსიტურადაც არა, სანაცვლოდ „ოსკარებსა“ და მთავარ როლებს გვირიგებდაო).
მერილ სტრიპის თვალებს, ზემოხსენებულ ფოტოზე, აფარია წარწერა: „მან იცოდა“. ხსენებული პლაკატები სწორედ მერილ სტრიპის სახლის სიახლოვეს გამოფინეს და მისი ავტორები მსახიობს დუმილში ადანაშაულებენ.
სახელდობრ, იმაში, რომ თითქოს მან იცოდა ვაინშტაინის დანაშაულებების შესახებ და დუმდაო. მართალია, 69 წლის სტრიპი ირწმუნება, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჰოლივუდელი პროდიუსერის ვნებებზე, თუმცა მსახიობი როუზ მაკგოუენი საპირისპიროს ამტკიცებს (და ბარემ აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ქ-ნი მაკგოუენი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და იმასაც, რომ ვაინშტაინის მხილება ოქტომბერში დაიწყო და მას ჰოლივუდელმა ლამაზმანებმა კევინ სფეისი, ჩარლი შინი, სილვესტერ სტალონე, ლარს ფონ ტრიერი, სთივენ სიგალი და დასთინ ჰოფმანიც მიაყოლეს).
ცხადია, ახლა ვეღარავინ დაამტკიცებს, მართლაც ძალადობდა თუ არა უკვე მოძალადედ შერაცხილი ვაინშტაინი მსახიობ ქალებზე (რაც იმასაც ნიშნავს, რომ მათ მთლად დამსახურებულადაც არ მიუღიათ, თურმე, სამსახიობო ჯილდოები), იმიტომ რომ, პროდიუსერის სახელი უკვე ნამსხვრევებადაა ქცეული, თუმცა აი, ზემონახსენები შეტევა მერილ სტრიპზე (რატომ მხარი არ აგვიბიო), მეტყველებს, რომ იქ, დემოკრატიის აკვანშიც, აქტუალურია შეგონება: „სამი კაცი რომ გეტყვის, ღუმელი ხარ, ორთქლი უნდა გამოუშვაო“. –