№51 წარსულში გადატანილმა რა სტრესმა შეუქმნა სალომე ქათამაძის ჯანმრთელობას საფრთხე და რა საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა მან
ნიჭიერი მომღერალი სალომე ქათამაძე 4 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და თავისი ნიუიორკული ოცნების ასრულებისთვის იბრძვის. სალომე გარეგნულადაც არჩვეულებრივად გამოიყურება, საოცარ ფორმაშია და ამ მხრივ ბევრისთვის სტიმული გახდა.
– სალომე, საოცრად გამოიყურები, არჩვეულებრივ ფორმაში ხარ. ძალიან გახდი.
– ძალიან დიდი მადლობა. მეკითხებიან: როგორ გახდი, როგორ დაიკელი, გვითხარიო. ასე ვერავის ვასწავლი. ბევრად აქტიური გავხდი, თითქმის ამოვიღე ცომეული. თუმცა იშვიათად ვჭამ და ცოტას. კიდევ ამოვიღე ცხიმიანი, ტკბილეული. სალათებს ვჭამდი, რაც ნაკლებად ასუქებს და თან, ჯანსაღია. ჩემი პრობლემა რეალურად ჩიყვისგან, ჰორმონებისგან იყო გამოწვეული და მხოლოდ დიეტა ვერ მიშველიდა. მკურნალობა დავიწყე ჯერ კიდევ საქართველოში, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი. წამოსვლის წინ გავიკეთე ანალიზები და ყველაფერი წესრიგში იყო, ნორმაში. თუ ნორმაში არ იყო, ნორმასთან მიახლოებული მაინც.
– რა პრობლემა გქონდა ჩიყვთან დაკავშირებით?
– ტოქსიკური ჩიყვი მქონდა, თან გადიდებულიც. ახლა აღარაფერი მაწუხებს. ანალიზები რომ ავიღე, ექიმს ცუდი პასუხის შემთხვევაში, უნდა დაერეკა, მაგრამ აღარ დაურეკავს.
– რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ? ზოგჯერ გარკვეული სტრესიც ხდება ხოლმე ამა თუ იმ დაავადების მაპროვაცირებელი.
– სტრესის გამო დამემართა. პატარა ვიყავი და ძალიან მარტივი იყო, რომ ამ ასაკში სტრესის გამო ფარისებრ ჯირკვალს რამე შემთხვეოდა.
– რა იყო სტრესის მიზეზი?
– ეს უკავშირდება ჩემს პირად ურთიერთობებს წარსულში. ძალიან ემოციური ვარ. ყველაფერს ძალიან განვიცდი და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აისახა. ახლაც, ძალიან რომ ვინერვიულო, შეიძლება, განმეორდეს.
– გიჭირს ასეთ დროს ემოციების კონტროლი?
– ვერ ვიტყვი, რომ ბევრი სტრესი და პრობლემა მაქვს. არც ვცდილობ ვაკონტროლო ემოციები. ბუნებრივად, როგორც არის, ისე უნდა იყოს. თუ რამე ზიანს მომაყენებს, არა უშავს, რადგან რთულია გააკონტროლო ის, რაც შინაგანად გაქვს.
– როდესაც მშობლები დაშორდნენ, მაშინ პატარა იყავი. ამანაც ცუდად იმოქმედა შენზე?
– არა, არანაირად არ უმოქმედია ამას ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ნეგატივს ჩემს ბუნებაზე, შინაგან სამყაროზე არ ემოქმედა. ამიტომაც, სტრესს ხასიათზე ცუდად არ უმოქმედია.
– შენს მამობილთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდა და ამანაც, ალბათ, ბევრი რამე განსაზღვრა.
– კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია. ბედნიერი იქნება ყველა, ვისაც ის მეგობრობას გაუწევს. ჩემთვის კი ის არის დედაჩემის მეუღლე – ჩემი დის, ძმისა და ჩემი მამაც. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში, კარიერაში და ზოგადად, ყველაფერში. მადლობელი ვარ, ასეთი ადამიანი რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში.
– მამასთან გაქვს ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა, მამას არასდროს დავკარგავ. მამაჩემია და ძალიან საყვარელი, კეთილი. მოძღვარია: თბილი, მოსიყვარულე. თავის მრევლს ძალიან უყვარს. ლამაზი ხმა აქვს, მღერის. დედასაც ლამაზი ხმა აქვს, სმენაც და ალბათ, სიმღერის ნიჭი ორივესგან გენეტიკურად გამომყვა.
– ამერიკაში ცხოვრებას დავუბრუნდეთ. უკვე მეოთხე წელია, იქ ცხოვრობ და ახლა რა ეტაპზე ხარ?
– ჩემი გზა მუსიკაა. ამწუთას მაქვს სურვილი, შევუდგე იმას, რაც ჩემი საქმეა. ცოტა ხანს გაჩერებული ვიყავი. ახლა რაღაცებს ვწერ, მინდა დროზე დავასრულო. გარდა ამისა, ვმუშაობ რესტორანში, უიქენდზე ვმღერი. ახალ სამსახურში გადავედი და ძალიან ბევრი ხალხი მოდის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მომისმინონ და ეს ძალიან მაგარია. ნიუ-იორკია, ბევრია ნიჭიერი ადამიანი, მომღერალი და რომ გრძნობ, შენით როგორი აღფრთოვანებულები არიან, ეს ძალიან სასიამოვნოა. შესვენებაზე გარეთ რომ გამოვდივარ, აპლოდისმენტებით მაცილებენ – შოკში ვარ, ისე მსიამოვნებს.
– ქართული რესტორანი არ არის?
– არა, არ არის ქართული რესტორანი. ვმღერი იმას, რაც მსიამოვნებს და იმასაც, რაც მასას უყვარს. ამ ეტაპზე პარასკევი-შაბათი-კვირა ვმუშაობ. დანარჩენ დროს ვვარჯიშობ, თავს ვუვლი. სახლში პატარა სტუდია მაქვს და მუსიკას ვწერ. მეორე სამსახურშიც შემიძლია მუშაობა, მაგრამ ამჟამად ასე ვცხოვრობ.
– რა იყო შენთვის ამერიკაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ძალიან ბევრი სიძნელეა. ყველაზე რთულია ის, რომ ხარ სრულიად დამოუკიდებელი, მარტო. ძალიან კარგი მეგობრები მყავს. რაც უნდა გამიჭირდეს, ჩემ გვერდით იქნებიან, მაგრამ სხვა ქვეყანაში ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს. ამიტომ, რთულია, მოდუნდე, რამე გამოგეპაროს, დარჩე სამსახურის გარეშე. მუდმივად მობილიზებული უნდა იყო, აქტიური, ნაბიჯ-ნაბიჯ რომ ააწყო ყველაფერი და უფრო მაღალ საფეხურებზე ახვიდე – არ დარჩე ერთ ადგილზე. მე არ მინდა ერთ ადგილზე გაჩერება. ყველაზე რთული მაინც პირველი წელიწად-ნახევარი იყო. ამ დროს ყველაზე მეტად გაქვს ნოსტალგია, მონატრება, შეგუების მომენტი. მთავარია, ეს გადალახო, მოერგო ყველაფერს. ნიუ-იორკი ისეთი ქალაქია, თუ შეგიწოვს, ვეღარ დაანებებ თავს.
– შეგიწოვა?
– კი, შემიწოვა, თან ძალიან.
– როგორია შენი ოცნების ნიუ-იორკი?
– ჩემი ოცნების ნიუ-იორკი, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ჩემი კარიერაა – რომ ვიმღერო, დავუკრა, გამოვიდე ისეთ ადგილებში, რომელიც მიყვარს, მომწონს. ვცხოვრობდე მანჰეტენზე? არა, იქ ხმაურია, ქაოსი. ალბათ, უფრო – ვილიამსბურგში, სადაც ბევრი მუსიკოსი, ხელოვანი ცხოვრობს და ევროპული შეგრძნებაა. მე მჯერა ჩემი ოცნების ასრულების, უბრალოდ, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ალბათ, 2 წელიწადში ეს ყველაფერი უნდა მქონდეს კარგად დალაგებული, 50 პროცენტი მაინც. ძალიან ემოციური რომ ვარ, ეს ჩემთვის რთულია. თუ რაღაცას ავყვები, მერე კონცენტრაციის უნარს ვკარგავ და საქმეს კარგად ვერ ვუდგები. თუ ეს ჩემს ემოციებს, პირადს ეხება, იმაზე ბევრს ვფიქრობ. ახლა თავისუფალი ვარ ამ ყველფრისგან და მივხედავ მუსიკას, ალბათ, ახლა ჩემი დროა.
– როცა შეყვარებული ხარ, ეს ხელს გიშლის კარიერაში?
– როცა შეყვარებული ვარ, შეიძლება, ხელი შემიშალოს, ან არ შემიშალოს, გააჩნია, როგორ ვგრძნობ თავს. თუ საყვარელი ადამიანი ხელს გიწყობს, ყველაზე მარტივია, საქმეს მიხედო. თუ მეორე ნახევარი გეყოლება, ისეთი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შეგიწყოს ხელი საქმეში, კარიერაში.
– ზოგი მეორედ ქორწინებაზე უარს ამბობს...
– კონკრეტულად ამ თემაზე არ მიფიქრია. თუ შემიყვარდება, გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელსაც ღირსეულად ჩავთვლი; დავინახავ, რომ მას მართლა ვუყვარვარ; უნდა, რომ კარიერას მივხედო, გვერდში დამიდგება, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი უარს. ყველა ეძებს სიყვარულს, კერას, მაგრამ ჯერ ვფიქრობ ეს ადრეა.
– ახლა არაფერი ხდება პირადში?
– არა, არაფერი. ერთი რამ მინდა, ვუთხრა ყველას, ვისაც აქვს სურვილი, საშუალება, რომ ამერიკაში იცხოვროს, უნდა გაესაუბროს ნიო-იორკში მცხოვრებთ და გაითვალისწინოს მათი რჩევები. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია, ოცნებები აიხდინო, მაგრამ არ ეგონოთ, რომ აქ მარტივია ცხოვრება. ამიტომ, ჯობია, მომზადებულები ჩამოვიდნენ. მე ძალიან მოუმზადებელი ვიყავი, არაფერი ვიცოდი.