კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რას არ იცვამს მამის კოლექციიდან ავთანდილ ცქვიტინიძის ქალიშვილი და როგორია 2018 წლის მოდის ტენდენციები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

საახალწლო დღესასწაული ახლოვდება და ერთ-ერთი საზრუნავი, რომელიც სამზადისს თან ახლავს, სადღესასწაულო საღამოსთვის შესაფერისი სამოსის შერჩევაა. რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ის, როგორი სამოსია წელს განსაკუთრებით აქტუალური და რაზე არ ვრცელდება მოდის ტენდენციები, დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს ვესაუბრეთ: საახალწლო სამოსი მოდის ტენდენციებს არ ეხება. ეს უფრო ჰოროსკოპის სფეროა, რომელიც ამა თუ იმ წელს გვირჩევს, როგორ უნდა შევხვდეთ ძაღლს თუ თაგვს (იცინის). მე ვფიქრობ, რომ ახალ წელს, მთავარია, კარგი გულით და განწყობით შეხვდე. თუ შეგიძლია, ყველა პრობლემა უნდა დაივიწყო და ბედნიერებით დატკბე. ყოველ ახალ წელს ვფიქრობ, რა მინდა და რა – არა ახალი წლისგან. როცა საკუთარ თავს განწყობას უქმნი, ეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს რეალობას. თუ გინდათ, რომ ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდეთ, ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება. იმედია, ეს საცურაო კოსტიუმი არ იქნება (იცინის). თუმცა, თუ გიხარია, რატომაც არა. ჩემი აზრით, ახალ წელს აუცილებლად ფერად ტანსაცმელში უნდა შევხვდეთ. იუმორით, შეიძლება, ტანსაცმელზე საახალწლო სათამაშოებიც დაიკიდო. სურვილები იმდენად ინდივიდუალურია, რომ რჩევის მიცემა ცოტა მეუხერხულება. ახლა ყვითელი ძაღლის წელი მოდის და იმედია, კარგი იქნება, რადგან ეს ცხოველი ყველაფერ დადებითთან ასოცირდება. რაც შეეხება ტანსაცმელს, მოდი, რაც გვიხარია, ის ჩავიცვათ.
– ვინც გარეთ ხვდება ამ დღესასწაულს და ბევრი თვალი უყურებს, მათ რა რჩევები მივცეთ?
– ძირითადად, ყველა ბრჭყვიალა ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. ეს არ ნიშნავს, რომ სამოსი გადატვირთული უნდა იყოს. პირიქით, მოდელი მაქსიმალურად სადა უნდა იყოს, რადგან ამ ქსოვილებს არ უყვარს გადატვირთვა. თუმცა, რაც უფრო მეტს გავასხივებთ, მით უფრო მეტი სხივი მოგვივა კომპლიმენტების სახით და ხასიათიც ბრწყინვალე გვექნება.
– სახლში, ბევრს ჩუსტებში ურჩევნია ყოფნა, ზოგი კი აუცილებლად ქუსლებითა და სადღესასწაულო კაბით ხვდება დღესასწაულს.
– სახლის პირობებშიც განწყობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ შინაურულ განწყობაზე ხარ, ყველაზე კომფორტულია, ეგრეთ წოდებული, პიჟამოები – წითელი, კუბოკრული ქსოვილის და დიდბეწვიანი ჩუსტები. ვინც ზამთრის კურორტზე ხვდება ამ დღესასწაულს, მისთვის „აგები“, ფუმფულა ქურთუკი და დიდი, ფუმფულა, კუბოკრული გადასაფარებელი ჭიქა ღვინოსთან ერთად, ძალიან რომანტიკულია. თუმცა, ქალების უმეტესობა იპრანჭება და ეს ძალიან მაგარია. მერე რა, რომ სახლში ხვდება, მაინც სადღესასწაულო ვარცხნილობით იცვამს გამოყვანილ კაბას, ქუსლიან ფეხსაცმელს და იკეთებს საუკეთესო აქსესუარებს. მე, მაგალითად, ახალ წელს ძალიან მიყვარს წითელი ფერი. ვფიქრობ, რომ ახალ წელს ყველაზე მეტად უხდება.
– ანუ, ახალ წელს ღალატობთ შავს?
– კი. ამ ბოლო დროს, მეც გავფერადდი და ცოტ-ცოტა, სხვა ფერებიც შევაპარე. ამას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს. სულ შავში ისედაც არ ვარ, მაგრამ, როცა საზოგადოებაში ვჩნდები, შავი მაცვია, რადგან ვფიქრობ, ამ ფერს მაინც ყველაზე კომფორტულად ვირგებ. ყოველდღიურად სხვა ფერებსაც ვურევ, მაგრამ, რადგან საჯაროდ შავით ვჩნდები, ფიქრობენ, რომ მხოლოდ ამ ფერს ვატარებ. აი, ახალ წელთან, ნამდვილად წითელი ასოცირდება. მაგრამ, არ ვიცი, ყვითელი ძაღლი როგორ ეგუება წითელს. მართალი გითხრათ, მსგავს საკითხებს არ ვეძიები ხოლმე (იცინის). მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც იმდენად განწყობის ადამიანები ვართ, რომ რაც ჩვენთვის არ არის ორგანული, იმას იმიტომ არ გავაკეთებთ, რომ ჰოროსკოპმა ასე გვითხრა.
– თქვენს ოჯახში როგორია ახალი წელი?
– ძალიან შინაურული ახალი წელი გვაქვს,  მაგრამ საზეიმოდ შინაურული. გამოპრანჭულები ვართ, მაგრამ გადაპრანჭულები – არა (იცინის). სიმართლე გითხრათ, როცა მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ, მოხერხებული, ლამაზი ტანსაცმელი გვაცვია. უფრო ანასტასია იპრანჭება ხოლმე. თოვლის ბაბუებიანი ულამაზესი, ფერადი ზედები გვაქვს და გვირჩევნია, იუმორით შევიქმნათ კარგი განწყობა, ვიდრე სერიოზული სამოსით.
– ყველა ოჯახს აქვს თავის საახალწლო ტრადიცია.
– ჩვენთვის მთავარია, იყოს ძალიან ლამაზად გაწყობილი საახალწლო სუფრა, ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და შემდეგ სტუმრობა ნათესავების ოჯახებში – ეს არის ჩვენი საახალწლო ტრადიცია. რა თქმა უნდა, საჩუქრებით ვახარებთ ერთმანეთს. მეკვლე მე და ანასტასია ვართ, ბოლო პერიოდში ჩემი ძმისშვილი – პატარა ანდრიაც შემოგვიერთდა. მგონი, ნორმალური ფეხი მაქვს (იცინის).
– რაც შეეხება სუფრის დიზაინს, აქ მეუღლეს უთმობთ?
– არა, ერთად ვაკეთებთ და ყოველ წელს ვცვლით, რომ ხალისიანი განწყობა შემოიტანოს. მე ვფიქრობ, ახალ წელს ნაძვის ხე და სუფრა მაქსიმალურად დახუნძლული უნდა იყოს. ჩვენ მწვანე ნაძვის ხე გვაქვს ძალიან ბევრი ფერადი სათამაშოთი. საერთოდ, როცა საქმე მაღაზიებს არ ეხება, სადაც იმიჯს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და სახლის დიზაინს ვარჩევთ, მიყვარს მაქსიმალურად შინაურული, გემრიელი და დახუნძლული ფერადი ნაძვის ხე, ბევრი სხივითა და განათებით.  
– თქვენი საზაფხულო არდადეგების ფოტოები გავრცელდა ინტერნეტში და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ანასტასიას ფოტო. წერდით, ვერ ვეგუები, უკვე რამხელა გაიზარდაო.
– ანასტასია თორმეტი წლისაა და ასაკთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. ვხვდები, რომ უკვე პატარა აღარ არის. არაფერს ვუშლით. ერთი პერიოდი კინემატოგრაფიით იყო გატაცებული – ფილმებს იღებდა და ამონტაჟებდა. ახლა ვიდეორგოლებს იღებს, კარგად ცეკვავს, არაჩვეულებრივად ხატავს ფერწერაში, ძალიან კარგად სწავლობს. იმ ენერგეტიკას, რომელსაც მშობლები შვილში დებენ, ანასტასია მაქსიმალურად ისრუტავს. ყველაფერზე თავის აზრი და რთული კითხვები აქვს. რადიკალურად სხვა თაობა მოდის.
– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინტერნეტთამაშებთან დაკავშირებული პრობლემები. ამას  თუ აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?
– პატარაობიდანვე მუდმივად ვცდილობდით, მისთვის ინტერნეტსივრცე ერთადერთი გასართობი არ ყოფილიყო. საყვარელი „მულწიკები“ ჰქონდა, მაგრამ მიშვებული არ გვყოლია, რადგან ინტერნეტი უკონტროლოა. საბედნიეროდ, მსგავს პრობლემებს არ შევხებივართ. ზრდის პროცესში ბევრი რამის მიმართ გვიწევს ყურადღების გამოჩენა. ამიტომ, მე და ხათუნა ანასტასიას უახლოესი მეგობრები ვართ და დახურული თემები არ გვაქვს.
– როგორი შეგრძნებაა, როცა ქალიშვილი უცებ იზრდება და მის სილამაზეს ყველა უსვამს ხაზს. როგორი დამოკიდებულება გაქვთ, თუნდაც მის თაყვანისმცემლებთან?
– ვერ ვიტყვი, რომ მარტივი. ამ დროს მამა შვილის უფროსი მეგობარი მამაკაცი უნდა იყო. ბავშვს დამოუკიდებლობა არ უნდა დაუკარგო, მაგრამ მის ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართული უნდა იყო რჩევის სახით. შვილი აუცილებლად უნდა გენდობოდეს. ჯერ ის ასაკი არ დგას, როცა მის არჩევანზე უნდა იფიქრო, მაგრამ ამ მომენტისთვის, ყველაფერს მაქსიმალურად ადეკვატურად ვუდგები, თავს ბოლომდე ვაკონტროლებ. გამორიცხულია, მის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩავერიო. იუმორის დონეზე ვუზიარებ ჩემს აზრს, რომ ჩემთან გულახდილად საუბრის კომპლექსი არ გაუჩნდეს.
– მისი ჩაცმის სტილი როგორია?
– ალბათ, უფრო ჩემი დამსახურებით, ადრე გადაპრანჭული ტიპაჟი იყო. ახლა „ქულ“ ჩაცმულობა მოსწონს – გამოყვანილი ჯინსი, დიდი ზედები: ისე, როგორც მის ასაკს შეეფერება – სპორტული და ყოველდღიური. რა თქმა უნდა, ჩაცმულობით გამოირჩევა, მაგრამ სპეციალურად „მოგონილი სტილი“ არ აქვს, რადგან არ მოსწონს. კარგი გემოვნება აქვს, ჩვენებებს აფასებს და თვითონ ირჩევს რა უნდა „ავთანდილ 73-ისგან“, ყველაფერს არ ჩაიცვამს. ბევრი რამ არ მოსწონს, მაგალითად, დაბალუბიანი შარვლები. კოლექციასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვეკითხები მას აზრს.
– ბოლოს მითხარით, როგორია 2018 წლის ზოგადი ტენდენციები?
– გაზაფხულ-ზაფხულისთვის ძალიან ფერადი, ვარდისფერი, ცისფერი და ბრჭყვიალა ქსოვილებია მოდური. მიხარია, რომ ტენდენციური გახდა ქალურობის გამოკვეთა. თავისუფალ ტანსაცმელშიც კი, უნდა იყოს გამოკვეთილი ქალის რომელიმე ადგილი და გაურკვეველი ფორმის „ადამიანების“ ტენდენცია პოზიციებს თმობს. ძალიან მიხარია, რომ წვრილცხვირიანი ფეხსაცმელი სუპერაქტუალური გახდა და მხოლოდ დაბალი ძირები აღარაა მოდური. ქუსლი და სინაზე რამდენიმე სეზონი დაკარგული იყო და მხოლოდ გასასვლელად იცმევდნენ. ახლა ჯინსის შარვალთან წვრილცხვირიანი ფეხსაცმელი, ზემოდან დიდი, ფუმფულა ქურთუკი და უკვე ძალიან „ფეშენ-გოგო“ ხარ. პირადად მე ძალიან მიხარია ქალური აქცენტების დაბრუნება.
скачать dle 11.3