კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 სად დასეირნობს ხოლმე კობა იაკობიძე ლომებთან ერთად და რატომ მოსტეხა მან ყბა სამხრეთაფრიკელ ბიჭს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

კობა იაკობიძე წარმატებული ქართველი სპორტსმენია, მაგრამ მას საქართველოში არავინ იცნობს. ის თორმეტი წელია, სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. მამასთან ერთად, ბიზნესს აწარმოებს და წარმატებით ასპარეზობს „ემემეიში“.  როგორ მოხვდა იმ ქვეყანაში და როგორია მისი სამხრეთაფრიკული ცხოვრება, კობა თავად გვიამბობს.
კობა იაკობიძე
:  შვიდი წლის ასაკში მამამ „ბოქსზე” შემიყვანა ქუთაისში. დაახლოებით 10-11 წელი ვიყავი „ბოქსიორი.” ოთხჯერ ვიყავი საქართველოს ჩემპიონი, მოგებული მაქვს 92 სიგელი. რუსეთის საელჩომ მამაჩემის ბიძაშვილი გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში სამუშაოდ, იმან კი მამაჩემი წაიყვანა. ხუთი წლის მერე, 17 წლის ასაკში,  მამამ მე წამიყვანა. პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა. მერე მეგობრებიც შევიძინე, ენაც შევისწავლე.  ჩემი ჩამოსვლიდან სამ წელში, ბიზნესიც დავიწყე – ვაკეთებთ კიბეებს და მოაჯირებს.
– როგორ განვითარდა შენი სპორტული კარიერა სამხრეთ აფრიკაში?
– დაახლოებით ოცი წლის ვიყავი, „ბოქსიდან” ბრძოლა წესების გარეშეში გადავედი, რადგან სამხრეთ აფრიკაში „ბოქსი” ცოტა დაბალი დონეა, დიდი სახელი არ აქვს. კი შევეცადე, მევარჯიშა, მაგრამ მწვრთნელების უკმაყოფილო ვიყავი. თავიდან ზედიზედ, სამი შეჯიბრება წავაგე, რადგან ბევრი სუსტი წერტილი მქონდა ამ სპორტში. წაგებამ უფრო მონდომებული გამხადა. რაც მქონდა ყველა სუსტი წერტილი, გავაუმჯობესე და შემდეგ, ზედიზედ მოვიგე ორი შეჯიბრება პირველ რაუნდში, პირველივე ორ წუთში.  შემდეგ დადგა რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ბეჭებზე ტრავმა მივიღე  და ხუთი ოპერაცია დამჭირდა. ძალიან რთული იყო ის  სამი წელი.
– ქუთაისური მენტალიტეტის ბიჭი როგორ მოერგე იქაურ ცხოვრებას?
– ქუთაისური მენტალიტეტი ძალიან მქონდა, მოჩხუბარი ტყუილად კი არ ვარ. სანამ გავერკვეოდი და შევეგუებოდი აქაურობას, თავიდან, რომ ჩამოვედი, სულ ვჩხუბობდი. აქ შეიძლება, უცხო ადამიანი მოვიდეს და ისე გაგეხუმროს, თითქოს საუკეთესო მეგობარი ხარ. ასეთი რაღაცები კი, ქუთაისში ნაკლებად მისაღებია. გასართობად რომ გავიდოდი, რამდენი უცხო ადამიანი გამომელაპარაკებოდა და გამეხუმრებოდა, მე სხვანაირად მივიღებდი და ვცემდი. ახლა რომ ვფიქრობ, რამდენი ხალხი მყავს ტყუილად ნაცემი. პირველად ბარში ფეხი ამიცურდა და კინაღამ ცხვირი მოვიტეხე. ერთმა ტიპმა გაიცინა და თან, დამეხმარა წამოდგომაში. მე კი, რა გაცინებს-მეთქი და შემომელახა. არადა, კი არ დამცინა, მართლა სასაცილოდ წავბორძიკდი. ახლა რომ ასეთი რამ მოხდეს, მეც გავიცინებ და გამოველაპარაკები, ისიც გამომელაპარაკება და ვითომ არაფერი მომხდარა, ისე წავალთ ჩვენს გზაზე. წლები გავიდა და აზრი ბევრ რამეზე შემეცვალა, ახლა, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ბინაში ბიჭებთან ათი წუთი ვერ ვჩერდები. ქართულ მენტალიტეტს ვეღარ ვეგუები. ცუდად ნუ გამიგებთ, ქართველებს ბევრი ისეთი კარგი რამ გაგვაჩნია, რაც სხვებს არ აქვთ, მაგრამ უმეტესი ცუდია და სამწუხაროდ, ეგ ფარავს ყველაფერ კარგს. საქართველოში სიტყვას ფასი აქვს, აქ კი კონტრაქტის გარეშე არაფერს აქვს ფასი.
– ქართველ გოგონებზე რას გვეტყვი?
– სიმართლე გითხრა, მე ქართველ გოგოს ვერასდროს შევეგუები. ბევრჯერ ვეცადე, მაგრამ ვერ გავუგე. მოკლედ რომ შევაფასო, თბილისელი გოგონები თამამი, „ძერსკი“, ზედმეტად თავისუფლები არიან; ქუთაისელი გოგონები შეუგნებელი და უხეში; ხოლო სოფლელებს რაც შეეხებათ, თუკი შენც სოფლელი ხარ, უბედნიერესი იქნები, თუ არადა, ერთმანეთს, უბრალოდ, ვერ შეეგუებით და არ შეეფერებით. ასეთია: მანდილოსნების 80 პროცენტი, დანარჩენი 20 პროცენტი  ან გათხოვილია, ან შეყვარებული ჰყავს.  
– ესე იგი, ქართველ გოგონებს შენთან შანსი არ აქვთ. შეყვარებული გყავს?
– სამხრეთაფრიკელი შეყვარებული მყავს. ძალიან თბილი, პატიოსანი ბავშვია და რაც მთავარია, მიჯერებს. გოგომაც და ბიჭმაც თავის ადგილი უნდა იცოდეს. ყველაფერი ერთად უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ისე არა, რომ ქალმა გითხრას – დღეს მე გავრეცხავ სარეცხს, ხვალ შენო. ჩემზე ბევრად უმცროსია, მაგრამ სიბერეში ეტლში რომ ჩავჯდები, ვიღაც ხომ უნდა მოაწვეს. საქართველოზე ჩემამდე არასდროს სმენია და ახლა ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– სანამ მე გავიცანი, მანამდე თვითონ მოვეწონე. მეგობარმა გამაცნო, დაახლოებით ორი წლის წინ. სხვათა შორის,  მერე ხშირად მეხმიანებოდა, ბევრს ვსაუბრობდით, ნელ-ნელა გავიცანით ერთმანეთი. რამდენჯერმე შევხვდით, მერე „კაფე თაუნში“ წავედით, ოკეანის სანაპიროზე და მის მერე შეყვარებულები ვართ. სიურპრიზებით ის უფრო მანებივრებს, ვიდრე მე მას. რამდენჯერაც მაღაზიებში წავა, ჩემთვის უფრო ბევრ რამეს ყიდულობს, ვიდრე თავისთვის. მისი ოჯახიც მალე გავიცანი, ძალიან მეგობრული ხალხია. მამამისს დიდი ფერმა აქვს, სადაც გარეული ცხოველები ჰყავთ გაშვებული. ხალხი სანადიროდ მიდის და ფულს იხდის. იქ ხშირად დავდივართ ხოლმე. იმ დღეს, ჩემი გოგო რომ გავიცანი ღამის კლუბში, ის მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, მე კი ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად. ვსაუბრობდით და გადავწყვიტეთ, ცოტა ხნით გარეთ გავსულიყავით. გამოსვლისას ვიღაც ტიპმა ჩემი გოგოს მეგობარს საჯდომზე ამოარტყა ხელი, მე, თავისთვად, ამ ტიპს ხელი მოვკიდე და დაახვიე-მეთქი აქედან. თურმე, ამათი მეგობარი იყო, მაგრამ მე არ ვიცოდი, ან რა მნიშვნელობა აქვს, მე გოგოსთან ერთად ვიყავი და ამის გაკეთება შეურაცხყოფად მიმაჩნია. გარეთ გამოვდივართ და თურმე, ეს ტიპი უკან გამომყვა და არ ვიცოდი. მე ყველაზე უკან მოვდიოდი. გარეთ როგორც კი გამოვედით, ამ ტიპმა უკნიდან თავში დამარტყა. რომ მივუტრიალდი, მაგრად დავამუშავე, ყბა მოვტეხე. სასწრაფო მოვიდა.  ორჯერ გაიკეთა ყბაზე ოპერაცია. რამდენჯერაც ჩემს გოგოს ჰკითხავენ, როგორ გაიცანით ერთმანეთიო, ამბობს – ჩემს მეგობარს ყბა მოტეხა და ასე გავიცანიო.
– მოგვიყევი სამხრეთაფრიკულ ტრადიციებზე...
–  ბევრი უცანური ტრადიცია აქვთ. ძალიან მარტივი და თავისუფალი ცხოვრებაა. მეგობრული და მხიარული ხალხია. ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯიშის შავკანიანი ცხოვრობს და 11 განსხვავებულ ენაზე საუბრობენ. ყველას სხვადასხვა სარწმუნოება აქვს, ზოგს ცეცხლის სჯერა, ზოგს – მზის. შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის დიდი ბარიერია. ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან, იშვიათად მეგობრობენ. მოკლედ, რომ ვთქვათ, ერთმანეთი არ მოსწონთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ აქ ეგეთი სიტუაციაა, უბრალოდ, შავკანიანები ძალიან სხვანაირი ხალხია. უმეტესობა გაუნათლებელია, სხვანაირი შეხედულებები და აღზრდა აქვთ. შავკანიანებს საქორწილო ტრადიცია აქვთ ასეთი – ბიჭს რომ ცოლი მოჰყავს, გოგოს მამას ან ფული უნდა გადაუხადოს, ან ძროხა უნდა მისცეს. თეთრკანიანებში კი გოგოს მამამ უნდა დაფაროს ქორწილის ხარჯები. შავკანიანები პროტესტს ცეკვით  და სიმღერით გამოხატავენ. თუ გაბრაზდებიან, შეიკრიბებიან ქუჩაში და ცეკვავენ. დაკრძალვაზე თეთრკანიანებში ვერც კი შეატყობ, რომ დაკრძალვაზე ხარ. ვიღაცამ შეიძლება, ერთი ორი ცრემლი გადმოაგდოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ისე მხიარულად არიან, გეგონება, დაბადების დღეს აღნიშნავენო. შავკანიანებში შვილი სრულწლოვანი რომ გახდება, სახლიდან ტყეში უნდა წავიდეს და სამი თვე იქ უნდა იცხოვროს, მერე შეუძლია, სახლში დაბრუნდეს. მშვილდისარს გააკეთებენ და ნადირობენ. მეც ვნადირობ ხოლმე, მაგრამ იარაღით და ძაღლებთან ერთად მირჩევნია. უმეტესად, კურდღელსა და ფრინველზე ვნადირობ, მაგრამ დიდ ცხოველებზეც მინადირია, კუდუ და ანტილოპა მყავს მოკლული. ყველგან ნადირობის უფლება არ გაქვს, მხოლოდ კერძო ფერმაში, სადაც ფულს იხდი და ნადირობ. კრუგერის ნაციონალური პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ველური ბუნების პარკია, სადაც მანქანით შევდივართ და ცხოველებს ვათვალიერებთ. იქ გადავწყდომივარ, ლომი როგორ იჭერს ცხოველებს და ასე შემდეგ. შიგნით არის სხვადასხვანაირი სასტუმროები. ცხოველები ახლოს მოდინ. არის ადგილები, სადაც გადაიხდი ფულს და ლომებთან ერთად დადიხარ ტყეში, მაგრამ მცველები დაგყვებიან. იქ ხშირად დავდივარ.
скачать dle 11.3