კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ გაიხსნა „მატყლის მაფიის“ ორგანიზებული დანაშაული რიგითი ძარცვის შედეგად

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ღამის ძარცვა
1971 წლის 27 დეკემბერს, ცნობილი მოსკოველი მძარცველ-რეციდივისტი ვასილი კასატკინი ლენსკის ჩიხში იდგა და საკბილოს ელოდა. თოვლი იდო და ყინავდა. „სროკიდან“ ახალგათავისუფლებულ კასატკინს კი, „საქმე სწყუროდა“. ღამის თერთმეტი საათი რომ შესრულდა, შესახვევში ტაქსი გაჩერდა. იქიდან კარგად ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა. ხელში საკვოიაჟი ეკავა. ტაქსი რომ წავიდა, კასატკინი მამაკაცს სადარბაზოსთან წამოეწია. თბილ პალტოზე ბებუთი მიადო და უთხრა:
– საფულე და საკვოიაჟი მომეცი, თორემ მოგკლავ.
მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია მძარცველს და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. კასატკინმა ხელი ჰკრა და დაანარცხა. დახედა და ქვაზე მისხმული სისხლი რომ დაინახა, მოვკალიო, – გაიფიქრა. შემდეგ საკვოიაჟს ხელი დაავლო და ძირს დაგდებულ მამაკაცს სწრაფად გაშორდა. ორასიოდე მეტრი რომ გაირბინა, ერთ-ერთ ჩიხში „მურის“ პატრულს გადაეყარა, რომელმაც კასატკინი იცნო და იქვე დაიჭირეს. შემდეგ „მურში“ მიიყვანეს. საკვოიაჟი გახსნეს და იქ 300 ათასი მანეთი აღმოაჩინეს. ასმანეთიანი ტკიცინა დასტები ბანკის ქაღალდით იყო გადაკრული.
– შენ რა, ბანკი გაძარცვე? – ჰკითხა რეციდივისტს მორიგემ.
– კაცი შემომაკვდა, უფროსო, – ამოიხვნეშა კასატკინმა, – ლენსკის ჩიხში გდია. წამოდით, გიჩვენებთ. ალბათ, დახვრეტა არ ამცდება.
ლენსკის ჩიხში მისულ მილიციელებს, მხოლოდ სისხლის კვალი დახვდათ, მამაკაცი კი სადღაც გამქრალიყო.
უცნობი მდგმური
„მურში“ 28 დეკემბერს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ძარცვისა და დიდი რაოდენობით ფულის დატაცების მუხლებით. დაიწყეს გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა და გაარკვიეს, რომ დაზარალებული 24-ე ბინაში, მოხუცი ვარვარა კოზლოვას მდგმური იყო.  თავად კოზლოვა კი, მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. 75 წლის ქალმა გამომძიებლებს უთხრა:
– მას აშოტი ჰქვია. გვარი არ ვიცი. წარმოშობით სომხეთიდანაა. ყოველთვე ჩამოდის და სამი-ოთხი დღე ჩერდება ჩემთან. ფულს ყოველთვის წინასწარ იხდის და თავისი გასაღები აქვსო.
მოხუცმა და ნაწილობრივ მძარცველმა კასატკინმა გაუჩინარებული დაზარალებული მდგმურის ფოტორობოტი შეაქმნევინეს მილიციას და „მურმა“ ერევნელი აშოტის ძებნა დაიწყო. ამოღებული ფული ექსპერტიზაზე გაგზავნეს. დადგინდა, რომ  300 ათასი მანეთი ძარცვის წინა დღეს ცენტრალური ბანკიდან გამოიტანა მოსკოვის ¹9 ტანსაცმლის ფაბრიკის მოლარემ ვერა ფელცმანმა. როდესაც ის დაკითხვაზე დაიბარეს და ჰკითხეს, თუ სად იყო ფული, ქალმა უპასუხა: თანამშრომლებს ხელფასი დავურიგეთო. ხოლო, როცა ამოღებული ფული უჩვენეს, ქალი ატირდა და თქვა:
– ფული ფაბრიკის დირექტორს, მიხეილ შულმანს გადავეცი. მეტი არაფერი ვიციო.
29 დეკემბერს „მური“ შულმანის დასაპატიმრებლად მივიდა, მაგრამ ფაბრიკის დირექტორი სადღაც გამქრალიყო. მასზე ძებნა გამოცხადდა, ფაბრიკაში კი რევიზია შევიდა.
ორმაგი განაჩენი
გაუჩინარებულ მიხეილ შულმანს გაუჩინარებულმა „ერევნელმა აშოტმა“ შეატყობინა საშიშროების შესახებ. სინამდვილეში, აშოტი, თბილისის მატყლის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი, ბონდო ნიჟარაძე გახლდათ და სწორედ შულმანისგან მიიღო 300 ათასი მანეთი, რომელიც თბილისში უნდა ჩაეტანა და ეგრეთ წოდებული, „მატყლის მაფიის“ წევრებში გაენაწილებინა.
„მატყლის მაფიაში“ გაერთიანებულები იყვნენ მატყლის ფაბრიკის დირექტორი და მისი მოადგილე. მთავარი ინჟინერი და მთავარი ტექნოლოგი. მილიციიდან კი მათ „ობეხეს“ პოლკოვნიკი იოსებ ქურხული „კრიშავდა“. მატყლის მწარმოებლები, „ლევ“ პროდუქციას შულმანს უგზავნიდნენ მოსკოვში. სამკერვალო ფაბრიკის დირექტორს კი, ფაბრიკის სარდაფში საიდუმლო „ცეხი” ჰქონდა გახსნილი, სადაც დაცვის ეკიპირებას კერავდნენ და რეალიზაციას უკეთებდნენ. თანხის ნაწილს კი, თბილისში ყოველთვიურად გზავნიდნენ, რომელიც ნიჟარაძეს ჩაჰქონდა.
სანამ ბონდო ნიჟარაძე და მიხეილ შულმანი პოდმოსკოვიეს ერთ-ერთ აგარაკზე იმალებოდნენ და ბჭობდნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, პოლკოვნიკმა იოსებ ქურხულმა საკუთარი წყაროსგან შეიტყო, შულმანისა და ნიჟარაძის მიმალვის ამბავი. სასწრაფოდ თანამეწილეები შეკრიბა. მათ ყველაფერი უამბო და თქვა:
– თუკი მათ დაიჭერენ, ყველას ჩაგვიშვებენ და ციხე არ აგვცდება. ამიტომ, შულმანი და ნიჟარაძე მილიციამ ვერ უნდა დააკავოს. მათი მოშორებაა საჭირო.
„მატყლის მაფიამ“ მიმალულებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და მოსკოვში მილიციის მაიორი ანზორ ხახვიაშვილი გაგზავნეს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი უნდა აღესრულებინა.
„მატყლის მაფიის“ აღსასრული
ხახვიაშვილი მაყუჩიანი „მაკაროვით“ იყო შეიარაღებული. მას რამდენიმე მისამართი მისცეს, სადაც, სავარაუდოდ, მიმალულები იყვნენ ჩაყუჩებულები და ფრთხილი მოქმედებისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთ მისამართზე, პოდმოსკოვიეს აგარაკზე, მართლაც იმალებოდნენ შულმანი და ნიჟარაძე. მათ კარგად უწყოდნენ, რომ თანამოძმეები სასიკვდილოდ გაწირავდნენ და მათი უფრო ეშინოდათ, ვიდრე მილიციის. სანამ ჯერ ვერ გადაეწყვიტათ, წასულიყვნენ თუ არა მილიციაში აღიარებითი ჩვენებით, ხახვიაშვილი მათ ეძებდა. 1972 წლის 3 იანვარს, აგარაკს, სადაც შულმანი და ნიჟარაძე იმალებოდნენ, მაიორი ხახვიაშვილი  ღამის ათ საათზე მიადგა. ის ჩაბნელებულ სახლში შეიპარა და ძებნას შეუდგა. მეორე სართულზე რომ ავიდა, თავში მძიმე საგანი მოხვდა და გაითიშა. რომ გამოფხიზლდა, გაკოჭილი იყო. მისი მაყუჩიანი იარაღი კი ნიჟარაძეს ეკავა ხელში.
3 ათას მანეთად დაქირავებული მკვლელი მილიციას ჩააბარეს და აღიარებითი ჩვენებები დაწერეს. 6 იანვარს კი, თბილისში „მატყლის მაფიის“ ყველა წევრი დააპატიმრეს და გაასამართლეს. მათი ბინების ჩხრეკისას მილიციამ, საერთო ჯამში, 9 მილიონი მანეთის ღირებულების ქონება აღმოაჩინა. „მატყლის მაფიოზები” კი შულმანთან და ნიჟარაძესთან ერთად, მოსკოვში გაასამართლეს. შულმანსა და ნიჟარაძეს 8-8 წელი, დანარჩენებს კი – 19-19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
скачать dle 11.3