№51 რატომ იქნება სასურველი სარძლო საქართველოში დაბრუნებული მარიამ ლორია და რატომ გაუჭირდა მას დედასთან ურთიერთობის აღდგენა რვა წლის შემდეგ
საბერძნეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე, 18 წლის ქართველი გოგონა გამოჩნდა, რომელმაც თავისი უნიკალური ხმის ტემბრითა და დამატყვევებელი თვალებით, საკმაოდ მკაცრი ჟიურის წევრების მოჯადოება შეძლო. მარიამ ლორია რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. თუ როგორ აღმოჩნდა ის საბერძნეთში, რატომ გაუჭირდა დედასთან ურთიერთობის აღდგენა, რვა წლის შემდეგ და რის გამო უყურებენ მას თვალებში ქუჩაში უცხო ადამიანები, ამას თავად მოგიყვებათ.
მარიამ ლორია: ქალაქ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უკვე სამი წელია, საბერძნეთში ვცხოვრობ. 15 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი. სკოლაც აქ დავამთავრე და ახლა კარიერის გაგრძელებასაც აქ ვგეგმავ. თუმცა, ისე მენატრება ჩემი ქვეყანა, როგორ გავძლებ, არ ვიცი. მახსოვს, აქ რომ ჩამოვედი, სამი თვე ვიშიმშილე, პურსაც კი ვერ ვჭამდი.
– ვინ აღმოაჩნია შენში მუსიკალური ნიჭი და რატომ გადაწყვიტე კარიერის საბერძნეთში გაგრძელება, უცხო მხარეში საცხოვრებლად წასვლა?
– ბავშვობიდან სცენასა და მომღერლობაზე ვოცნებობდი. მახსოვს, სარკესთან დავდგებოდი, დავიჭერდი სავარცხელს, ვითომ მიკროფონი იყო და საათობით ვმღეროდი (იცინის). თან, წარმოვიდგენდი, რომ ბევრი ხალხი მიყურებდა, ტაშს მიკრავდა და ვიპრანჭებოდი, ვიყავი ერთ ამბავში. დედა მეუბნება, ექვსი თვის იყავი, როცა ღიღინი დაიწყე და მივხვდი, მამის გენეტიკა დაგყვა, აუცილებლად მიაღწევდი ამ მხრივ წარმატებასო. მამაც კარგად მღერის და მისი ნიჭი გამომყვა. ხუთი წლის ვიყავი, დედა რომ საბერძნეთში წავიდა. ახლაც მახსოვს, როგორ განვიცდიდი უდედობას, როგორ ვტიროდი და დეპრესიაში ჩავვარდი. ეს, ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. რვა წლის განშორების მერე, დედასთან გადავწყვიტე წამოსვლა და აქ ცხოვრება. დედასთან ურთიერთობის თავიდან დაწყებაც გამიჭირდა. გადაჩვეული ვიყავი, მაგრამ დღეს, ყველაზე ახლო ადამიანია. ფაქტობრივად, 15 წლისამ თავიდან დავიწყე ცხოვრება, სხვა სამყაროში და დედასთან გაუცხოებულმა. რუსთავში, მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, ბებიამ მიმიყვანა. ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი. მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც მუსიკალური ნიჭის დემონსტრირება და კონკუსებზე გასვლა. სულ იმას ვამბობდი. მერე გავალ, მერე გავალ-მეთქი და მაინც ვერ გავბედე. სამი წელია, საბერძნეთში ვარ და ძალიან გამიჭირდა საქართველოდან აქ გადმოცხოვრება. სკოლაში რომ მივედი, ენაც არ ვიცოდი. თითქმის ერთი წელი ბარგი მქონდა ჩალაგებული და ვამბობდი, აქედან უნდა წავიდე-მეთქი. სიგიჟემდე მენატრებოდნენ ოჯახის წევრები. მაგრამ, მერე, ნელ-ნელა შევეგუე გარემოს, ენაც ვისწავლე. კავკასიის ეროვნულ ცენტრში დავიწყე სიარული. დამეხმარნენ იქ მომუშავე ადამიანები და აქ ჩემი პატარა საქართველო აღმოვაჩინე.
– დღეს, საბერძნეთის „ახალი ხმის“ კონკურსის გამორჩეული მონაწილე ხარ და ჟიურიც საკმაოდ კარგ შედეგებს გიწინასწარმეტყველებს. როგორ გადაწყვიტე მონაწილეობა და რა როგორ გგონია, მოგების რა შანსები გაქვს?
– საბერძნეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე წასვლა დედამ მაიძულა. მე არ მინდოდა და ძალით წამიყვანა. შიდა სამი ტური რომ გადავლახე, გამომიძახეს, რინგზეც დავდექი და მოვიგე, მერე მომემატა თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა. ახლა ნოკაუტს ველოდები და ვნახოთ, რა იქნება. ამ პროექტმა დიდი გამოცდილება მომიტანა, რაც მაკლდა – თავდაჯერებული და უფრო მიზანდასახული გავხდი. მახსოვს, რინგზე ვისთან ერთადაც მღეროდი, ჩემმა მენტორმა, ის გოგო გადაიყვანა შემდეგ ტურში. არადა, ოთხივე მენტორმა საუკეთესო შეფასება მომცა. რომ მივხვდი, პროექტს ვტოვებდი, გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე. მოკლედ, მეორე მენტორმა, საბერძნეთში ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, „მომიტაცა“ და მერე მითხრეს, დადგმული სცენა იყოო (იცინის). სანამ მენტორი „მომიტაცებდა“, მე კი შოკი მივიღე და გავსკდი ტირილით (იცინის). რომ მივხვდი, პროექტში დავრჩი, მერე უფრო ამიჩუყდა გული და ტირილს მოვუმატე. მენტორი სცენაზე ამოვიდა და ჩამეხუტა. ლამის მთელი დარბაზი და ჟიური ავატირე. თუ ჟიურის წევრებს დავუჯერებთ, მოგების კარგი შანსი მაქვს. მაგრამ, უცხოელისთვის მოგება მაინც რთულია. ოთხივე მენტორს მოსწონს ჩემი სასიმღერო მონაცემები და რაღაც-რაღაც შემოთავაზებებიც მაქვს. სასწაულ სიამოვნებას ვიღებ, როცა სცენაზე ვდგავარ. თითქოს სამყარო გადატრიალებას იწყებს და მე მის ცენტრში ვარ.
– ანუ, მომავალში დიდი შანსია, საბერძნეთის დიდ სცენაზე გნახოთ?
– არ გამოვრიცხავ (იცინის). ხშირად, ღამე წარმოვიდგენ, ვარსკვლავი გავხდი, დიდ სცენაზე ვდგავარ და უცხო მხარეში, პატარა ქართველს ტაშს მიკრავენ. ძალიან გახარებული ვარ, არც კი მჯერა, რაც ჩემს თავს ხდება. უნდა ნახოთ, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები როგორ მგულშემატკივრობენ. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, ჩვენი საამაყო გოგო ხარო (იცინის).
– არ არსებობს, ერთხელ გნახოს ვინმემ და შენი თვალები დაივიწყოს. ამბობენ, სწორედ ამის დამსახურებაა, ჟიურის წევრები ასე რომ „მოაჯადოვე“. ზოგადად, გარეგნობა რამდენად გშველის წარმატების მიღწევაში?
– ბევრმა მითხრა, ძალიან ლამაზი თვალის ფორმა და ფერი გაქვსო და ალბათ, ამ თვალებით, ჟიურის წევრებიც მოჯადოვდნენ (იცინის). თვალებიც, როგორც სიმღერის ნიჭი, მამისგან გამომყვა. ზოგადად, გარეგნობა წარმატებაში დიდ როლს ასრულებს. ეს, კონკურსზეც მითხრეს. მაგიური თვალებით, მგონი, მართლა მოვაჯადოვე მენტორები (იცინის). „ახალი ხმის“ მოგებულისთვის, პრიზად მანქანა და ორმოცდაათიათასი ევროა დაწესებული. მაგრამ, თუ ვერ გავიმარჯვე, ესეც არაა პრობლემა, სამომავლოდ, მენტორისგან შემოთავაზებები მაქვს და მეუბნება, მე დაგაყენებ დიდ სცენაზეო. დამცინიან, თუ პროექტი მოიგე, საჭეს მიუჯექი და ფული ჩაიდე ჯიბეში – საქართველოში სასურველი სარძლო იქნებიო (იცინის).
– მარიამ, პირად ცხოვრებაში რა ხდება? ალბათ, შენი ხმისა და თვალების პატრონს, თაყვანისმცემლების არმია გყავს. ასეა?
– შეყვარეული არ მყავს, მაგრამ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განვიცდი – ყვავილებითა და თბილი სიტყვებით მანებივრებენ (იცინის). არ დამავიწყდება, ერთი უცნაური თაყვანისმცემელი მყავდა – საბერძნეთში გაზრდილი ქართველი ბიჭია. სულ უკან დამყვებოდა, უკვე მეშინოდა მისი, გავურბოდი. სადაც მივდიოდი, გვერდით ჩნდებოდა ხოლმე. ბოლოს კატეგორიულად განვუცხადე, თავი დამანებე, არ მჭირდება პირადი დაცვა-მეთქი. მოკლედ, ბოლოს მიხვდა, რომ აუღებელი ციხესიმაგრე ვიყავი და შემეშვა. მეუბნებიან, სანამ გაგიცნობდით, ცივი გოგო ჩანდიო. არადა, ბუნებით თბილი და მოსიყვარულე ვარ, მაგრამ არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და კონტაქტები.