№51 რომელი სათამაშო იწვევს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენას, ფსიქიკურ-ნერვულ პრობლემებს, ალერგიას, ინტოქსიკაციასა და სხვა საშიშ დაავადებებს
ალბათ, ყველას გახსოვთ ფრაზა კინოფილმიდან „თოჯინები იცინიან“: „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ, მას არ ჰქონდა სათამაშო!” დღეს, ბავშვებს უამრავი ლამაზი სათამაშო აქვთ, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, ბაზარზე წარმოდგენილი სათამაშოების თუ საბავშვო ინვენტარის უმრავლესობა, მათი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათოა. რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს დღეს ბაზარზე უხვად წარმოდგენილი საბავშვო სათამაშოები და რამდენად უსაფრთხოა ისინი ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის – ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტს, თამარ გობეჯიშვილს. ის კვლევებში აქტიურადაა ჩართული და გარკვეული დასკვნებიც გააჩნია.
თამარ გობეჯიშვილი: სწორად შერჩეული სათამაშო ბავშვის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს – ეხმარება სამყაროს აღქმაში, უვითარებს ფიქრის, მეხსიერებისა და მეტყველების უნარს. მაგრამ, შეიძლება, პირიქითაც მოხდეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მაღაზიებში ისეთი სათამაშოებიც იყიდება, ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად რომ მოქმედებს. 7 მაღაზიაში შეძენილი 44 სათამაშოდან, 20-ში აღმოჩნდა ეთილფტალატი. ეს ნივთიერება ევროკავშირში აკრძალულია და დასაშვებია მისი შემცველობა არა უმეტეს 1მგ/გ. საქართველოში არსებულ სათამაშოებში აღმოჩენილი ნივთიერება კი ნორმას 50-ჯერ, 80-ჯერ და ზოგჯერ 100-ჯერაც აღემატება. გერმანიაში, ლაბორატორიულ შემოწმებაზე ჩვენი გაგზავნილი ყველა სათამაშო, ჩინური წარმოების იყო. პირველ ეტაპზე შევამოწმეთ თოჯინები. ათიდან ცხრაში აღმოჩნდა მავნე ნივთიერება. გარდა ამისა, შევამოწმეთ სათამაშო თოფები, მშვილდ-ისრები, რეზინები, რომლითაც გოგონები სამაჯურებს აკეთებენ. სამწუხაროდ, მათ უმრავლესობაში, მავნე ნივთიერება D (2-ეთილჰექსილი) ფტალატის არსებობა დაფიქსირდა.
– კონკრეტულად რომელი დაავადებების გამომწვევია მომავალში ეს ნივთიერება, რომელთანაც ბავშვს ხშირი შეხება აქვს?
– ეს ნივთიერებები რეპროდუქციული უნარის დაქვეითებას იწვევს, ასევე, ვნებს თირკმელსა და ღვიძლს. გარკვეულ ეტაპზე ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოების რეგულარულმა გამოყენებამ გარკვეული ეტაპის შემდეგ, შეიძლება, ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. სახელმწიფოს აქვს კანონი, რომ ბაზარზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სურსათ-პროდუქტების მიმართულებით თუ არსებობს სხვადასხვა ნორმატიული აქტები, სათამაშოებთან დაკავშირებით, მსგავს რამეს ვერ მოიძიებთ. საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც კვლევას ჩაატარებს და სათამაშოების ვარგისიანობას შეამოწმებს. „სათამაშოების უსაფრთხოების“ შესახებ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შექმნას სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყოს ბავშვებისთვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა.
– რეზინის სათამაშოები, რომელსაც ჩვილი პირში იდებს, კბილების ამოსვლის დროს, რამდენად უსაფრთხოა?
– რადგან ასეთი საგანგაშო მდგომარეობა აღმოვაჩინეთ სათმაშოებში, გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა საღეჭი სათამაშოები, ანუ ღრძილის მასაჟორებს რომ უწოდებენ. აფთიაქებში, დაახლოებით 20-მდე სათამაშო შევიძინეთ, საბედნიეროდ, არცერთში არ აღმოჩნდა D (2-ეთილჰექსილი) ფტალატი. რაც შეეხება აბაზანის რბილ და საჭყიპინო სათამაშოებს, რომელიც, ასევე, შეიძლება, ბავშვის პირის ღრუში აღმოჩნდეს, შემოწმებული სათამაშოების ნახევართან დაკავშირებით, უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა.
– თითქმის ყველა გოგონას აქვს ლამაზი თოჯინა და ბიჭებს კი, ფერადი კონსტრუქტორები, რომლებთანაც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ. მათი ყიდვისას, როგორ გავარკვიოთ, ბავშვისთვის უსაფრთხოა თუ არა? შეფუთვაზე რაიმე წარწერას უნდა დავაკვირდეთ?
- რჩევის მიცემა ძალიან რთულია. დარღვევები აღმოჩნდა, როგორც ძვირად ღირებულ, ასევე შედარებით, იაფფასიან სათამაშოებშიც. დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. როცა ლაბორატორიაში გასაგზავნად, გამოკვლევისთვის ვყიდულობდით სათამაშოებს, ვეცადეთ, ყველაზე იაფი სათამაშო შეგვეძინა, რადგან მას უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამ სიაში მოხვდა სათამაშოები, რომელთა ღირებულება 40-50 ლარი იყო. იმის თქმა, რომ ძვირად ღირებული სათამაშო უსაფრთხოა, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მართებული არ იქნება. მშობლებს რჩევას მივცემ, რომ ეტიკეტზე აუცილებლად წაიკითხონ მეწარმე და მწარმოებელი, ყურადღება მიაქციონ რამდენი წლის ბავშვისთვისაა გათვალისწინებული სათამაშო და როგორია მისი გამოყენების წესები, რადგან არსებობს ნივთიერებები, რომლებიც საზიანოა, მხოლოდ მათი პირში ჩადების შემთხვევაში.
– შეიძლება, რომ სათამაშოში არსებულმა საშიშმა ნივთიერებებმა, ბავშვის გონებრივი ჩამორჩენა, ფსიქიკურ-ნერვული პრობლემები, ალერგია, ინტოქსიკაცია ან სხვა საშიში დაავადებები გამოიწვიოს?
– ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი – ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინეს. თითოეული მათგანი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და შესაბამისად, ბავშვების სათამაშოებში თუ მათი კონცენტრაცია მაღალია, ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვებს ყველაფერი პირთან მიაქვთ, ღეჭავენ და ლოკავენ. D (2-ეთილჰექსილე) ფტალატი (DEHP) ნერწყვის მეშვეობით შედის ბავშვის ორგანიზმში და ღვიძლისა და თირკმლების დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა, უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ჩვენ მიერ შემოწმებულ სათამაშოებში სხვა სახეობის ფტალატიც აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ მაშინ არის მავნებელი, როცა ბავშვი სათამაშოს პირში იდებს. აქვე გეტყვით, რომ ეს საკმაოდ კარგი ფირმის სათამაშოებია. ქვეყანაში უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც საბავშვო პროდუქციის შემოწმებას დაიწყებს.
– როგორც ვიცი, არსებობს გეგმა, რომ სათამაშოების კონტროლი საქართველოში 2019 წლიდან დაიწყება.
– კი ბატონო, მაგრამ მანამდე, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვინ უნდა დაიცვას? ქიმიური მინარევები ორგანიზმზე უცბადვე არ მოქმედებს, ქიმია დროთა განმავლობაში იწვევს უარყოფით შედეგს. ბავშვი ასეთ სათამაშოს პირში რომ ჩაიდებს, თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები მაშინვე კი არ დაეწყება, ეს წლების შემდეგ გამოვლინდება. მაგალითად, ტყვიას შეიცავს საღებავები, რომლითაც სათამაშოებს ღებავენ. ბაზრობებსა და მაღაზიებში კი, ძირითადად, მსგავსი სახის სათამაშოები იყიდება. ტყვია კი, უპირველესად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ბავშვებში ყურადღების გაფანტვას, ინტელექტის შემცირებას და დათრგუნვას იწვევს. ტყვიის მომატებული კონცენტრაციის გამო, შესაძლოა, ბავშვი უფრო ჰიპერაქტიური გახდეს, შემეცნების უნარი დაუქვეითდეს. ტყვია ლაგდება ძვლებში და შესაძლოა, სრულფასოვანი ძვალ-სახსროვანი სისტემა არ ჩამოუყალიბდეს და პრობლემები შეექმნას ზრდა-განვითარებაში, ასევე, გამოიწვიოს ანემია. გარდა ტყვიისა, სხვა ლითონებსაც, რომელსაც უხარისხო სათამაშოები შეიცავს, თითქმის ანალოგიური თვისებები აქვს. პლასტმასის სათამაშოებში გამოყენებული დამარბილებელი და ელასტიკურობის მიმცემი დანამატები, მოქმედებს ესტროგენებზე ანუ ჰორმონზე, რომელიც არეგულირებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. საუბარია, არა მწვავე, არამედ ქრონიკული მოწამვლის საშიშროებაზე. სათამაშოების საღებავები უნდა იყოს მეტად მდგრადი და არ იხსნებოდეს ნერწყვის შეხებაზე. არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი, რომ არ გამოიწვიოს გარკვეული მოწამვლითი პროცესები. პირდად მე, ბევრი პედიატრისგან მსმენია, რომ მასთან მოწამლული ბავშვი მიიყვანეს და ამის მიზეზი სწორედ სათამაშო იყო. თუ ბავშვი უხარისხო სათამაშოსთან კონტაქტის დროს მოიწამლა, იწყება საერთო ინტოქსიკაცია, პირღებინება, სიფერმკრთალე, კუჭის აშლა. ამას ემატება ნერვული სიმპტომატიკა, აღგზნებადობა ან პირიქით, ალერგიული გამონაყარი, მაღალი სიცხე... თუკი ბავშვი მოწამლულია მძიმე ლითონებით, შესაძლოა, გამოვლინდეს ნევროლოგიური გადახრაც. ასე რომ, კვლევების საფუძველზე, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვების ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. DEHP-ს შემცველი სათამაშოები განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვისაა საშიში, რომლებიც თირკმელების ან ენდოკრინული პათოლოგიებით დაიბადნენ.