№51 ვინ ცდილობდა ოთო ნემსაძის „ამოძირკვას“ და რაზე ხდებიან აგრესიულები ის და მისი შეყვარებული
მომღერალი ოთო ნემსაძე სულ მალე მაყურებელს თავის ახალ, მუსიკალურ პროექტს შესთავაზებს. როგორც თავად ამბობს, მსგავსი პროექტი ჯერ არ გაკეთებულა და მაყურებელს წინ ბევრი კარგი, ლამაზი და საინტერესო სიმღერა ელოდება.
ოთო ნემსაძე: ოთო ნემსაძე მოდის ახალი პროექტით – „ლიმბო ნამბერ ვან“ – ნომერ პირველი. „ნამბერ ვან“, იმიტომ რომ, ჩემი პირველი პროექტია. არა, რეალურად, მეორეა, უბრალოდ, ოთოს ახალი მუსიკიდან, პირველია. ეს არ იქნება ქავერ მუსიკა, ეს აბსოლუტურად ახალი ჟღერადობის ქართული როკ-მუსიკაა. დამიჯერეთ, ძალიან მალე თავს მოგახვევთ. უკვე ბოლოში ვართ გასული, ვოკალის ჩაწერა და არანჟირება მიდის. ძალიან ამაყი ვარ, რადგან ერთ-ერთ, საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად მიწევს მუშაობა. საოცარი ბიჭები მყავს გარშემო. მუხტიან ქართულ პოპ-როკ მუსიკას ვაკეთებთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნიშა ჯერ საქართველოში არავის დაუკავებია და ჩვენ ვიქნებით პირველები. როგორც მე წარმომიდგენია, გვექნება დიდი კონცერტი, სადაც ამ ალბომის პრეზენტაცია მოხდება. შემდეგ სხვადასხვა ქალაქშიც გავმართავთ კონცერტებს. ეს იქნება ჩემი შემოქმედებიდან პირველი სოლო კონცერტი და როგორც გვაქვს დალაგებული, თუ ყველაფერი ისე გამოვა, ძალიან მასშტაბური კონცერტი გამოვა. ევროპასთან, ამერიკასთანაც გვაქვს კონტაქტები და რა თქმა უნდა, უკრაინასთანაც ვმეგობრობთ.
– სოციალურ ქსელში წერდი: გაუფრთხილდით და უსმინეთ ყველა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებს. ხშირ შემთხვევაში, მათ უკან ბევრი ნერვიულობა, ძალიან დიდი შრომა და რამდენიმე სესხიაო.
– საბოლოო ჯამში, მართლაც ასეა. დავუშვათ, ყველაზე კარგი ვარიანტი, როდესაც ოჯახის საშუალო შემოსავალი 800 ლარია. იქიდან 600 ლარი ცხოვრებას სჭირდება, 200 ლარი – კომუნალურებს და დანარჩენი 400 ლარი საიდან მოაქვთ, არავინ იცის – ეს არის ჩვენი სინამდვილე. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ქართული მუსიკა ნელ-ნელა პოპულარული ხდება. სხვათა შორის, ჩემს ახალ პროექტში იქნება ჩემი და სოფოს ახალი სიმღერა. სოფო ძალიან კარგად მღერის. პროექტში ერთადერთი ნელი სიმღერაა და ისიც ჩემი და სოფოს დუეტია. კიდევ იქნება ჩემი და ზურა მოსიავას დუეტები. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ზაზა ქოქრაშვილს და ჩემს ბიჭებს, ყველას.
– როგორი იყო შენი და სოფოს მუშაობის პროცესი?
– სოფო ძალიან ნიჭიერი გოგოა. მსახიობების დიდი ნაწილი კარგად მღერის და სოფო კი მომღერალ-მსახიობებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია. ძალიან მუსიკალურ ოჯახშია გაზრდილი, კარგად მღერის და ასე რომ, არანაირი გართულება არ გვქონია. ძალიან მარტივად მოგვარდა ყველაფერი.
– ხშირად, როდესაც შეყვარებულები თამაშობენ კლიპში ან დუეტს მღერიან, ამას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვება ხოლმე. თქვენ მზად ხართ ამისთვის?
– გვაკრიტიკეთ, ჯიგრებო! სცენაზე ჩემი ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მართალი ვარ. ასე ვიქნები ყოველთვის. მთავარი ის არის, რომ მუსიკაშიც, კლიპშიც მეც და სოფოც მართლები ვიქნებით და ჯანსაღ კრიტიკას ორივე ავიტანთ. არაჯანსაღზე ორივე აგრესიულები ვართ. სოფო საერთოდ არაადეკვატური ხდება. მოვა და თმას დაგაწიწკნით, დაგპორჭყნით. მე – გცემთ. რა თქმა უნდა, ხუმრობით. არ ვაქცევ არაადეკვატურ კრიტიკას ყურადღებას, სოფო ბრაზდება ხოლმე. მე უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე, ვისთანაც კამათი არ ღირს, იმასთან არ ვკამათობ.
– 9 წელია, რაც მე და საზოგადოება გიცნობთ. რა გამოიარა ოთო ნემსაძემ ამ 9 წელში, რა შეიცვალა შენში?
– ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საინტერესოდ ვცხოვრობ. არ მაქვს უდარდელი ცხოვრება და არც მინდა, მქონდეს. მუსიკოსი ვარ და მერე კარგ სიმღერებს ვერ ვიმღერებ. ჩვენი მეფე მართალი იყო თავის ცნობილ ინტერვიუში რომ ამბობდა: ქართველების დიდი ნაწილი არ მღერის იმაზე, რაც აწუხებსო. ყვავილებით და პეპლებით წინ ვერ წავალთ. უნდა იმღერო იმაზე, რაც გაწუხებს. შესაბამისად, ამ ალბომში სოციალურ პრობლემებზეც ვიმღერებთ და იმაზეც, რაც მე მაწუხებს და ასევე, სხვებზეც. არაფერს ვერიდებით. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო ის, რომ რასაც ვფიქრობდი, მუდამ იმას ვამბობდი. ამ ქვეყანას, რაც ყველაზე მეტად აკლია, ეს არის სიმართლე. არ ვაკეთებთ იმას, რასაც ვფიქრობთ. ყველამ რომ ის ვაკეთოთ, რასაც ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საქმე უკეთესად იქნება.
– პოპულარული, ნიჭიერი მომღერალი ხარ, მაგრამ არც ისე რეალიზებული, რომ თუნდაც ფინანსურად იყო უზრუნველყოფილი. რა არის ამის მიზეზი?
– ჩემს ფინანსურ მხარეზე არასდროს ვლაპარაკობ. იმართება გადაცემები, რომ არ არსებობს შოუ-ბიზნესი: ვაიმე, დაო, ძმა, როგორ მიჭირს. კარგი, რა! შეხედეთ, ხალხს როგორ უჭირს! საქართველოში ყველა პროფესიაში არ არის შრომის შესაბამისი ანაზღაურება. ამას აღარ ვჩივი, რადგან მე გაცილებით მეტს ვშოულობ, ვიდრე ამ ქვეყნის მოსახლეობის 50 პროცენტი. ამიტომ, არასდროს ვწუწუნებ ამაზე, თან, ისედაც არ მიყვარს წუწუნი. როცა ელემენტარულად, რაღაც მანქანით დადიხარ, რაღაც სახლი მაინც გაქვს, არ არის კარგი საქციელი, იწუწუნო. ხალხი ქუჩაშია, მშიერია და ჭერი არ აქვს. თან, ვფიქრობ, რომ პოპულარულმა ადამიანმა არ უნდა იწუწუნოს. თუ არ გაქვს, ეს შენი ბრალია. სულ რომ თავიდან დამაწყებინო, რაღაცას მაინც გავაკეთებ.
– ზოგჯერ სხვა საქმის კეთება ეთაკილებათ ხოლმე.
– რა პრობლემაა. მთავარია, შენი ოჯახი არ დარჩეს მშიერი. ზოგადად ვამბობ – ჩემი ოჯახი არ არის მშიერი. თუ საჭიროა, სხვა რამესაც გავაკეთებ. რომ დამიდგეს ეს ეტაპი, შემიძლია, ბლოკი ჩამოვცალო მანქანიდან, რა მოხდა მერე?!
– გქონია ეს ეტაპი?
– მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ასეთი რამ არა, მაგრამ სხვა რაღაცები მიკეთებია. მუსიკალურ კარიერამდე, მშენებლობაზე მიმუშავია, მტვირთავადაც. რა მოხდა მერე?
– ამ წელს შენს ჯანმრთელობასაც შეექმნა პრობლემები.
– ლამის მარილზე გავედი. მოვიწამლე C2-ით, ოღონდ არა გაზით, არამედ ბენზინით. მანქანა იყო გაუმართავი და ყველას ვურჩევ, საჭეგადატანილ ავტომობილებს მოერიდონ, რომ სალონში არაფერი შემოვიდეს. კარგად ვიყავი და უცებ საჭესთან გავითიშე. შემდეგ, კარგა ხანს ვებრძოდი ჟანგბადს. ისეთი რთულია, სუნთქავ და თან ვერ სუნთქავ, იხრჩობი. მალევე კი გამოვკეთდი, უბრალოდ, დიდხანს გიტოვებს სიმპტომებს. ჟანგბადის ნაკლებობა გაქვს, უჰაერობა. ხშირად ხდები ცუდად, მაგრამ ახლა უკვე გამიარა.
– ჩაგიარა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ?
– არაფერმაც არ ჩამიარა, ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი. მებრძოლი ვარ და სიკვდილსაც არ დავნებდები. ძეძვივით ვარ, სულ რომ ამომძირკვო, მაინც ამოვალ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემს უკან გაწევას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ასეთ დროს ჩემს საქმიანობას ვაასმაგებდი. მერე მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი ვარ, ვეღარ მომერეოდნენ და შემეშვნენ.
– ცოტა ხნის წინ ბიძა გახდი. შენს ძმას ეყოლა შვილი.
– საოცარი ძმისშვილი მყავს, რომელიც ყველაზე მაგარი გოგო იქნება. დედამისი და მამამისი შუაზე არიან გადაჭრილები და ერთმანეთზე დადებულები. ბაია ჰქვია, ძალიან გოგოა. პირველად რომ ვნახე, შემეშინდა, ვერ ვეკარებოდი, ძალიან ჭყინტი იყო. ახლა უკვე ავიყვანე.
– შენ არ მოგინდა შვილი?
– შვილი სულ მინდოდა და დღესაც მინდა. რაც მეტი შვილი მეყოლება, უკეთესია. მაგრამ, როცა დრო მოვა.
– როცა შეყვარებული გყავს, მერე სულ ჩნდება კითხვები: როდის ქორწინდებით, არ ქორწინდებით და ასე შემდეგ. შენ და სოფოსაც გისვამენ მსგავს კითხვებს?
– თითქმის ყველა ამას გვეკითხება. არც მე და არც სოფო არ ვართ დაგეგმილი ადამიანები – სიყვარული არ იგეგმება. ოფიციალურობა ჩემთვის აუცილებელი ცნებაა. ოჯახურ სიტუაციას და ასეთ რაღაცებს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გაოფიციალურება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ნაკლებად უნდა გიყვარდეს, ან მეტად. სიყვარული სწორხაზოვანია და ეს ოფიციალური მხარეები ჩემთვის დამატებითია – ურთიერთობის შემავსებელი.
– დღეს ყველა ცდილობს, მეორე ნახევარს ხელი ორიგინალურად სთხოვოს. შენ გიფიქრია ამაზე?
– ჯერ არ მიფიქრია ამაზე. თუ ასეთი რამ მოხდება, აუცილებლად გრანდიოზული იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ურთიერთობა უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, მერე ბავშვი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ჯერ არ ვიცი, ეს როგორ ხდება.