№51 როგორ გრძელდება დღემდე სოფო ფარულავასა და მის გარდაცვლილ მამას შორის ცოცხალი კავშირი და რა უსამართლობასთან მოუწია მას პატარაობიდან შეხება
ტანმოვარჯიშე სოფო ფარულავა „ნიჭიერის“ ფინალისტია. მათ თავისი ლამაზი, დახვეწილი ცეკვით ყველას მოხიბვლა შეძლო. მას შემდეგ, რაც სოფომ უნივერსიტეტში ჩააბარა, დიდ სპორტზე უარი თქვა და მომავალში მნიშვნელოვანი გეგმები აქვს.
სოფო ფარულავა: დაბადებიდან ძალიან გაწელილი და მოძრავი ვიყავი. ამიტომ, როგორც კი 5 წლის გავხდი, მშობლებმა ტანვარჯიშზე შემიყვანეს. დაბადების პირველი დღიდან „შპაგატში“ ვჯდებოდი და პატარაობიდან ვიცოდი, რომ ტანმოვარჯიშე უნდა ვყოფილიყავი. დღემდე ვვარჯიშობ. ჩემ გვერდით რომ ბავშვები იყვნენ, სულ ტიროდნენ, რადგან მწვრთნელები წელავდნენ ხოლმე. მე ამის პრობლემა არ მქონია, ისედაც გაწელილი ვიყავი და არასდროს დამჭირვებია გაწელვა.
– რა წარმატებებს მიაღწიე?
– პირველი იყო საქართველოს ჩემპიონატი. ჯერ მესამე ადგილზე გავედი, შემდეგ – მეორეზე და ბოლოს მოვიგე. რამდენიმე წელი, სანამ ნაკრებში გამოვიდოდი, საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. არავის ვუთმობდი პირველობას. 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პირველად გავიდა საპრიზო, მესამე ადგილზე, როგორც გუნდურზე, ასევე ინდივიდუალურზე. 2013-2014 წლებში მსოფლიო თასზე მეორე ადგილზე გავედით როგორც გუნდურში, ასევე ინდივიდუალურად. ერთი ოლიმპიადა მქონდა დარჩენილი, მაგრამ სწორედ იმ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. სწავლა ვარჩიე და არ გავაცდინე ის ერთი წელი. დიდ სპორტს თავი დავანებე, თუმცა, დღესაც ყოველდღიურად დავდივარ დარბაზში. ადრე 6 საათი რომ ვვარჯიშობდი, ახლა 2 საათი ვვარჯიშობ.
– მომავალში დიპლომატობას აპირებ?
– მამა დიპლომატი იყო. უკრაინის საკონსულოში მუშაობდა. სულ მივლინებებში იყო და ჩვენც თან დავყავდით. გადავწყვიტე, ეს გზა ამერჩია, თან ამაში ტანვარჯიშმაც შემიწყო ხელი.
– როგორც ვიცი, მამა გარდაგეცვალა.
– მოულოდნელად გარდაიცვალა – ანევრიზმა ჰქონია თავში, არ ვიცოდით. ისეთი მოულოდნელი იყო. იმ დროს საქართველოში ვიყავით, მას შემდეგ 9 წელი გავიდა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი. ჩემი და უფროსია, ძმა – პატარა და მე ვიყავი ისეთ ასაკში, ამ ყველაფრის გადატანა ყველაზე რთული რომ იყოს ჩემთვის. თან, მამასთან ყველაზე ახლოს ვიყავი, ყველგან თან დავყავდი. ტანვარჯიშზეც დამყვებოდა ხოლმე. დაჯდებოდა და მიყურებდა. დედას არასდროს უგრძნობინებია ჩვენთვის ნერვიულობა. არასდროს მინახავს, დედას ეტირა ჩვენთან. ჩემი და და მე ერთმანეთს გვერდში ამოვუდექით და გადავლახეთ ეს რთული პერიოდი. ტანვარჯიშიც დამეხმარა, რადგან სულ მახსოვდა, მე მამას გამო, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ამ პროფესიაში.
– ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის მუდმივად არის ცოცხალი კავშირი. შენ ეს როდესმე გიგრძნია?
– გამოსვლის, შეჯიბრის წინ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ მამა ჩემთან არის, განსაკუთრებით ყველაზე დაძაბულ მომენტებში. ეს იყო ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე – სულ ვგრძნობდი, რომ მიყურებდა. ეს იმხელა სტიმულია, იმხელა ძალას მმატებს...
– სწავლის გარდა, გაეროს პროექტებში აქტიურად ხარ ჩართული.
– ჩემი პროფესია ისეთია, რომ გამოცდილებას მოითხოვს. პოპულარული და კონკურენტული პროფესიაა. რაც უფრო მეტ პროექტში ხარ ჩართული, მით უკეთესია. ამიტომ, ვცდილობ, ამ მხრივ ძალიან ვიაქტიურო. სადაც ეს მოდელირებებია, ყველგან დავდივარ – საქართველოშიც და უცხოეთშიც. ყველაზე მეტად მაინტერესებს ბავშვთა უფლებების დაცვა და ყველანაირად ვცდილობ, ასეთ პროექტებში მოვხვდე, ჰოლანდიაში ვიყავი გარემოს დაცვის საკითხზე. პოლონეთში კი, სწორედ ბავშვების უფლებების დაცვას ეხებოდა პროექტი. საქართველოში უფრო იზოლირებული ხარ და ვერ იგებ, რა ხდება მსოფლიოში. ასეთ ადგილებში კი, ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი. საქართველოში, ძირითადად, გაეროს მოდელირებებია ხოლმე და სულ დავდივარ. როცა უცხოეთში წარმოადგენ საქართველოს, ასეთ პატარა ქვეყანას, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ თავი გამოიჩინო. დებატებზე შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი გახდე. ერთადერთი შემთხვევის დროს ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი – ყველაფერი ვიცოდი და საქართველომ მოიგო კიდეც დებატები.
– ალბათ, მუდმივად ცდილობ ბავშვების უფლებების დაცვას რეალურ ცხოვრებაში.
– კი, ყველგან, სკოლაში, სკოლის მიღმა. ასეთ დროს უტრირებულად მაქვს გრძნობა – არ შეიძლება, რადგან ბავშვია და ყოველთვის პრეტენზიას გამოვთქვამ ხოლმე. მაგისტრატურაში ვაპირებ სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარებას. მინდა, ბავშვთა უფლებებს გავყვე და „უნისეფში” ვიმუშაო.
– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობა?
– რადგან ტანვარჯიშს ნელ-ნელა თავს ვანებებ, რაც ძალიან რთულია. ეს გადაწყვეტილება ბევრჯერ მივიღე და სულ უკან ვბრუნდები. მაგრამ, ახლა, რომ ჩავაბარე, სხვა გზა აღარ მქონდა. გამოსვლები, აპლოდისმენტები რომ მომაკლდა, ვიფიქრე: რაღაცით უნდა ჩავანაცვლო-მეთქი. ძალიან მიშველა „ნიჭიერმა“. ცოტა ქსოვილის მართვაა რთული, არ მემორჩილება და საითაც დაუბერავს, იქით მიდის. თოკთან ურთიერთობაც რთული იყო. რომ დავფრინავდი, ქსოვილი თოკს ედებოდა. რეპეტიციებზე ძალიან ვნერვიულობდი, იბლანდებოდა ეს ქსოვილი, მაგრამ საბოლოოდ, კარგად გამოვიდა ყველაფერი.
– სცენაზე ძალიან ჰაეროვანი პრინცესული იყავი. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?
– მიყვარს ბრჭყვიალები და ძალიან ბავშვური ვარ, ცოტა პრინცესულიც. ესეც ტანვარჯიშის დამსახურებაა. შეჯიბრებზე ხომ გადიხარ – პირველ, მეორე, მესამე ადგილზე და ამას გარდა, სხვადასხვა ნომინაციაშიც იმარჯვებ, მაგალითად, „მის პრინცესა“ ხდები. ყველაზე მეტად ამ ნომინაციის აღება მიხაროდა, ვიდრე სპორტული გამარჯვება. მერე გვირგვინს ვინახავდი და ბევრი მაქვს. ცოტათი დავაჯერე კიდეც თავი, რომ პრინცესა ვარ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ხშირად ასე არ გამომდის. ამ დებატებში ნამდვილად ვერ ვპრინცესობ.
– თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდება პრინცესა?
– ველოდები. შეყვარებული არ მყოლია, რადგან ამისთვის დრო არასდროს მაქვს. ვინც შემიყვარდება, ის შემიყვარდება. ჯერ ისეთი არავინ გამოჩენილა, ვინც დროის დატვირთვის ღირსი იქნება. თუ ადამიანი არ მომწონს, არც კი მივწერ, რომ იმედი არ მივცე – არც მას დავაკარგვინო დრო და არც მე დავკარგო.
– ადვილია შენთვის გულის ტკენა?
– სხვათა შორის – არა. იმდენი შეჯიბრება, იმდენი უსამართლობა მაქვს გამოვლილი, რომ გული აღარ მტკივა. უკვე ვიცი, საკუთარი თავის ფასი. კომენტარებიც არ მწყინს. ტანვარჯიშია ამ მხრივ ცუდი. ჟიური გაფასებს და რასაც უნდა, იმას დაგიწერს, თან, მიკერძოებულია. საქართველოშიც ყოფილა ასეთი შემთხვევები: პირველ ადგილზე გადიხარ და მაინც მეორეზე გაცხადებენ. თავიდან ძალიან მძაფრად ვრეაგირებდი, არ გავდიოდი დაჯილდოებაზე. მაგრამ, მერე ამან უფრო მეტად გამაძლიერა და გაასმაგებულად ვვარჯიშობდი. ტანვარჯიში ყველაფრისთვის კარგია, გარდა ფსიქიკისა – სულ დაძაბული ვიყავი და მინდოდა, ყველაფერი იდეალურად გამეკეთებინა. მერე მივხვდი, ასე რთულია. ეჭვიანობის მომენტიც გაქვს: შენი მწვრთნელი სხვას თუ მიაქცევს ყურადღებას, გგონია, რომ მისი მოგება უნდა.
– ცხოვრებაშიც ეჭვიანი ხარ?
– კი, ყველაფერზე ვეჭვიანობ. ჩემს ძმას ვინმე რომ მოსწონს, იმაზეც ვეჭვიანობ.
– რა აზრის ხარ გენდერულ თანასწორობაზე?
– სანდროსაც, ჩემს ძმასაც, სულ ვეუბნები, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. თუ დასალაგებელია, ბიჭმაც უნდა დაალაგოს. არასდროს მითქვამს ფრაზა: „გოგო ხომ არ ხარ.” რაც უნდა, ის გააკეთოს. იცის, რომ თვითონ უნდა დაალაგოს თავისი საწოლი, ჩიაცვას.
– ქმარმაც თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი?
– ქმარმაც იგივენაირად. გადანაწილებული უნდა იყოს ყველაფერი. მე მაგისთვის არ მეცლება.