№51 მამაჩემმა საყვარლის გამო მიგვატოვა
ინტიმური საუბრები
ყოველთვის მეამაყებოდა ჩემი ოჯახი და სულ ვამბობდი, ასეთი თბილი, მოსიყვარულე და კეთილი ოჯახის წევრები არავის ჰყავს-მეთქი. მამაჩემი, ყოველ დილით დედას ჩაკოცნიდა და ისე მიდიოდა სამსახურში, დაბრუნებულიც პირველად დედას აკოცებდა და მერე შვილებს. რას წარმოვიდგენდი, თუ სამსახურში საყვარელი ჰყავდა და ერთ დღესაც, მის გამო მიგვატოვებდა. 25 წლის ბიჭი ვარ და თავმოყვარეობა შემელახა. მის გამო თავი ვერ გამომიყვია ძმაკაცებთან. ვის ვუთხრა, მამაჩემმა ოჯახი კახპას გამო დატოვა და მის გვერდით ცხოვრება ამჯობინა ჩვენს თავსო. დედა განადგურებულია, ცრემლიანი თვალებით დადის და არაფერს ამბობს. წარმოიდგინეთ, არაკაცმა მამაჩემმა, თავისი მოხუცი დედ-მამა რძალს დაუტოვა და თვითონ საყვარელთან გაიქცა. ეს ამბავი რომ გავიგე, დავურეკე, შევხვდი და საშინელი სიტყვებით ვლანძღე. ხმა არ ამოუღია. ერთი კი მითხრა: შენც რომ შეგიყვარდება, მერე გამიგებ, ახლა არაფერს გეტყვიო. არადა, თითქოს დედაჩემის გარდა, სხვა ქალს არც კი უყურებდა. სულ ერთად იყვნენ, ცდილობდა, ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდა დედაჩემს და როდის მოხდა, რომ გადაუყვარდა და სხვა ქალით მოიხიბლა, ვერ ვხვდები. ბებია მეუბნება, მიდი, ის ქალი ნახე და დაელაპარაკე, რა გაუკეთა ჩემს შვილს, რომ ასე აუბნია თავ-გზა, რა აჭამაო. მასთან რა მინდა? მამაჩემია სულელი. ან, ვის არ ჰყოლია საყვარელი, მაგრამ ოჯახი არ მიუტოვებია და არ გაქცეულა. რა ვთქვა, მეც აღარ ვიცი, თავზე გადაუარა ცოლსაც, შვილებსაც და მშობლებსაც. არც კი იფიქრა, ჩვენ რა დაგვემართებოდა, ამხელა შეურაცხოფას როგორ გადავიტანდით. პატარები ხომ აღარ ვართ მე და ჩემი ძმა? ამას ისიც დაემატა, რომ ის ქალბატონი თურმე ორსულადაა და ბავშვს ელოდება. მამაჩემი ჭკუაზე აღარ არის, წინასწარ უყიდია ბავშვისთვის ყველაფერი და უთქვამს, რომ გაჩნდება ჩემს ბიჭებს გავაცნობ, იცოდეს, როგორი ძმები ჰყავს და ისინი დაიცავენო. ბავშვმა რა დამიშავა, მაგრამ მისი ნახვის სურვილი ნამდვილად არ მაქვს და არც მაინტერესებს – ღმერთმა ჯანმრთელი დაბადოს და გაზარდოს. ამას წინათ, მამას მეგობარი მოვიდა ჩვენთან და დედას სთხოვა, მისი ნივთები გაეტანებინა. დედამ კიდევ უთხრა, მობრძანდეს, ჩაალაგოს და თავად წაიღოსო. როგორც ჩანს, ერიდება თვალებში შემოხედვის, გრძნობს რა დანაშაულიც ჩაიდინა. მესმის, ხდება, როცა წყვილს შორის სიყვარული ქრება, დროთა განმავლობაში ვეღარ უგებენ ერთმანეთს და შორდებიან. გასაგებია, მაგრამ, როცა ცოლთან ცხოვრობ, პარალულრად საყვარელი გყავს, მისგან შვილს ელოდები, ცოლს უმალავ და მასთან მომავალ ცხოვრებას გეგმავ, არაკაცური და უპატიებელი საქციელია. კი ბატონო, გაშორებულიყო, წასულიყო და მერე მოეყვანა, მაგრამ ხელი დღესაც დედაჩემთან აქვს მოწერილი, მის კანონიერ ქმრად ითვლება. ბაბუამ რომ დაურეკა და უთხრა, ხელი მაინც გააწერე და ისე წაბრძანდი მაგ შენს ახალ ცოლთანო, იმან უპასუხა: რა პრობლემაა, ეგ ხელს არ მიშლის, ამას ჩემთან ურთიერთობის დაკანონება კი არ უნდა, უბრალოდ, თავს კარგად ვგრძნობთ ერთად, გვიყვარს ერთმანეთი და ქაღალდზე რა ეწერება, ამას რა მნიშვნელობა აქვსო. ამის მერე, სულ მოვიძულე მამაჩემი და ცხოვრების ბოლომდე ახლოს არ გავიკარებ. არც მისი ფულადი დახმარება მინდა და არც მისი მოკითხვა. მთავარია, ოჯახმა ეს სიტუაცია გადაიტანოს და დროთა განმავლობაში, ყველაფერი დალაგდება. ჩავთვლი რომ, მოკვდა და მამა არ მყავს.
ერეკლე, 25 წლის.