№51 გაიწმინდეთ სახის კანი სახლში დამზადებული ნაყენებით
სახის გაწმენდა, ნებისმიერი ტიპის კანისთვის აუცილებელია. შეგიძლიათ, ეს პროცედურები სახლის პორობებშიც მარტივად ჩაიტაროთ და თქვენს სახეს ჯანსაღი, მოვლილი იერი მიანიჭოთ.
ცხიმიანი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 2 გრამი ბორის მჟავა, 0,5 გრამი ლიმონის მჟავა, 0,5 გრამი რძის მჟავა, 0,5 გრამი სალიცილის მჟავა, 15-20 გრამი არაყი, 100 გრამი გამოხდილი წყალი და 10 გრამი გლიცერინი. მიღებული ნარევით გაიწმინდეთ ცხიმიანი სახე.
ნებისმიერი ტიპის კანის გამოსაცოცხლებლად: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფოთოლს დაასხით 1/4 ჭიქა წყალი და 15 წუთი ადუღეთ. მერე გაფილტრეთ. როცა გაგრილდება, ჩაასხით მინის ჭურჭელში, კარგად დაახურეთ თავზე და სიგრილეში შეინახეთ. ამ ნახარშით სახის გაწმენდა დღეში რამდენჯერმე შეიძლება.
კანისთვის ოქროსფერი რუჯის მისაცემად: დააყენეთ ძალიან მაგარი შავი ჩაი და სანამ ცხელია, ბამბის ტამპონით წაისვით სახეზე, ყელსა და ხელებზე. რამდენიმე წუთით დაიტოვეთ და შემდეგ ნაზად შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. ჩაი თანდათანობით მისცემს თქვენს კანს ოქროსფერ ელფერს და თან, ფორებსაც შეავიწროებს.
ფერისმჭამელებიანი კანისთვის: 2 სადილის კოვზ გვირილის ყვავილსა და ერთი ლიმონის გახეხილ ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 1 საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, მერე გაფილტრეთ. როცა შეგრილდება, დაამატეთ 2 სადილის კოვზი ქაფურის სპირტი, 2 სადილის კოვზი 9-პროცენტიანი ძმარი, 50 მილილიტრი არაყი და 1 ცალი ლიმონის წვენი. შეინახეთ მაცივარში. ამ ნაყენით გაიწმინდეთ სახე და სხეულის ის ადგილები, სადაც გამონაყარი გაქვთ, მაგალითად, ზურგი, გულმკერდი.
მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: ახალი გამოწურული კარტოფილის წვენით დაასველეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ სახე.
ცხიმიანი და ფერისმჭამელებიანი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 250 გრამი არაყი, 2 კვერცხის გული და 1 ცალი ლიმონის წვენი. გაწურეთ დოლბანდში და ამ ნარევით დილა-საღამოს, პირის დაბანის შემდეგ, გაიწმინდეთ სახე. ნარევი შენახეთ მაცივარში.
გაღიზიანებული, მგრძნობიარე და კაპილარებიანი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი დაკეპილი ოხრახუში და 1 სადილის კოვზი ვარდის ხმელი ფოთლები ან სალბი. დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააგრილეთ და ამ ნაყენით, დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახე.
ცხიმიანი და ჭუჭყიანი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში თითო სადილის კოვზი შვიტა, ცაცხვი და ფარსმანდუკი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. სახე ჯერ ცხელი ნაყენით გაიწმინდეთ, მერე – გრილით. ეს პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.
ნაოჭებიანი და გამომშრალი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში, 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი და 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ცაცხვის ყვავილი. დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. სახე ჯერ ცხელი ნაყენით გაიწმინდეთ, მერე – გრილით. პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.
მიკრობების გასანადგურებელი და ფორების შემავიწროებელი ნაყენი ცხიმიანი კანისთვის: ერთ ჭიქა გულყვითელას ნაყენს დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ყოველ დილით სახე ამ ნაყენით დაიბანეთ.
კიტრის გამწმენდი ნაყენი: გახეხეთ გათლილი კიტრი და 1/2 ლიმონი. დაამატეთ 1/2 ჭიქა არაყი, შემდეგ ამ ნარევში ჩაასხით 50 მილილიტრი გვირილისა და ფარსმანდუკის კონცენტრირებული ნაყენი – თითო ჩაის კოვზი გვირილა და ფარსმანდუკი 1/2 ჭიქა მდუღარე წყალზე და კარგად შეანჯღრიეთ. მზა ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და ყოველღამე გაიწმინდეთ სახე, ხელები და დეკოლტეს ზონა.
თაფლიანი წყლის ნაყენი შერეული კანისთვის: 1 სადილის კოვზი თაფლი გახსენით 2 ჭიქა თბილ წყალში და დაიბანეთ სახე ამ ნაყენით, შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით, უსაპნოდ. ეს პროცედურა საღამოობით ჩაიტარეთ. კარგია ანთებისა და გამონაყარისადმი მიდრეკილი შერეული ტიპის კანისთვის.
რძის ნარევი: აურიეთ ერთმანეთში 1 ლიტრი წყალი და 1 ჭიქა რძე, წამოადუღეთ, გაფილტრეთ, ბოთლში გადაასხით და მაცივარში შედგით. დაიბანეთ პირი ამ ნარევით დილა-საღამოს, უწყლოდ და უსაპნოდ, მერე კი მკვებავი კრემი წაისვით. ის კანის მსუბუქ გაღიზიანებას აცხრობს.
სახის გამწმენდი, დასანოტივებელი და დამარბილებელი ნაყენი: ეს ნაყენი, ასევე, აქრობს გაღიზიანებას. 50 გრამ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 40 წუთით ასე დატოვეთ. მერე გაფილტრეთ, დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. გაიწმინდეთ სახე ამ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით, ყოველ დილა-საღამოს.