№51 სახიფათო თამაში
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹46-50(885)
– ბატონო კოტე, დეენემის კვლევა დასრულდა და დადგინდა, რომ ექსგუმირებული ცხედარი გივი ხავთასს არ ეკუთვნის.
– ესე იგი, რაც ოთარ გოგლიძის მეგობარმა მოგვიყვა, აბსოლუტური სიმართლეა და არც თუ ისე კარგად ყოფილა საქმე. ცუდად ვმუშაობთ, ძალიან ცუდად.
– რას გულისხმობთ, ბატონო კოტე? – ჰკითხა მინისტრს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა.
– იმას, რომ ცხვირწინ მსხვილი ნარკობარონი გვყავს, რომელიც ჩვენს ქვეყანას წამლავს და დიდ ფულს შოულობს. ჩვენ კი აზრზეც არ ვართ – ვათარეშებთ ამ ნაძირალას და მის ხალხს, – მიუგო მინისტრმა.
– ნარკოტიკები ხომ პოლიციის საქმეა?
– ჩვენ ცხვირწინ მოქმედი, კბილებამდე შეიარაღებული ბანდა? თანაც, რომელსაც საიდუმლო საწვრთნელი ბაზა აქვს სადღაც ბუნკერში? – თქვა მინისტრმა და ანტიტერორისტული ცენტრის უფროსს თვალი თვალში გაუყარა.
– რას ბრძანებთ, ბატონო კოტე, დარწმუნებული ხართ?
– თითქმის, – მიუგო მინისტრმა და დაამატა, – სერიოზული ჩავარდნა გვაქვს მუშაობაში და სასწრაფოდ უნდა აღმოვფხვრათ, პოლკოვნიკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ, უპირველესად, კი მე, ქუდები უნდა დავიხუროთ, სახლებში წავიდეთ და ჩვენზე საქმიანებსა და ჭკვიანებს დავუთმოთ ადგილი. თუმცა, აქ ერთი დეტალია. ხავთასი თუ ისაა, ვისაც მე ვფიქრობ, მაშინ მას მფარველი ეყოლება ძალოვანი სტრუქტურების უმაღლეს ეშელონებში, რომელიც მას კრიშავს, სავარაუდოდ, პოლიციაში. სხვაგვარად ის ასე ფარულად და ეფექტურად, დაუსჯელად ვერ იმოქმედებდა. ამიტომ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა ჩასატარებელი და სანამ ყველა კვალი არ წაუშლიათ, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ.
ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა მინისტრის ზოგადი საუბრიდან კონკრეტულად ვერაფერი გაიგო. ამიტომ, მანაც ზოგადად ჰკითხა:
– რას მიბრძანებთ, ბატონო კოტე?
– ალბერტ ჯღამაძე ვინაა, ხომ იცი?
– ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსს გულისხმობთ?
– სწორედ მას, – თქვა მინისტრმა, – გამოუყავი ჯგუფი, რომელიც მას ოცდაოთხსაათიან თვალთვალზე აიყვანს. ჩაერთეთ მის მობილურებში. მის გასაშიფრად თქვენი ცენტრის არსენალში მყოფი ყველა ტექნიკური საშუალება გამოიყენეთ. ეს ბრძანება არაოფიციალურია და თუკი ვცდები, ან დამნაშავეა და ვერ მოვიხელთეთ, დიდი სკანდალი ატყდება. მაგრამ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და მხოლოდ მე შევეწირები, თანამდებობას დავტოვებ. ხოლო, თუ მას ფაქტებით ავიყვანთ, პასუხს არავინ მოგვთხოვს. დიდ საქმეს გავაკეთებთ და ჩვენს შეცდომებს გამოვასწორებთ. რას იტყვი, შეასრულებ ამ არაოფიციალურ, უკანონო ბრძანებას?
– დიახ. თქვენ გვერდით ვარ.
– ეს ერთი, – თქვა მინისტრმა და დაამატა, – სრულ მზადყოფნაში გყავდეს სპეცრაზმი და ოპერატიული ჯგუფი. თუკი მათი გამოყენება გახდება საჭირო, ყოველ წამს მზად იყვნენ უმოკლეს დროში, უსწრაფესი და ეფექტური მოქმედებისთვის.
– დიახ. გასაგებია. ბიჭებს ახლავე დავრაზმავ.
– ეს ორი და მესამე, – გურამ ფიფიასთვის ტყუილად არ მიგაჩენინე ოპერატიული ჯგუფი. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, გივი ხავთასის სიკვდილის გათამაშებას, ფიფიას კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება და ამ ჯგუფთან უწყვეტი კავშირი გქონდეს. რაიმე სიახლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მაცნობე. არ გამოვრიცხავ, რომ გურამ ფიფიამ გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ საქმის წარმატებაში. ახლა ის სამსახურში უნდა იყოს – თავდაცვის სამინისტროში და მუშაობას რომ დაასრულებს, კვლავ სრული დაცვის ქვეშ აიყვანონ. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო კოტე.
– კარგი. წადი და იმუშავე.
ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი რომ წავიდა, მინისტრმა გააბოლა და ჩაფიქრდა. მაგრამ, ათიოდე წუთში ის კვლავ უკან დაბრუნდა და აღელვებული სახით მოახსენა მინისტრს:
– ბატონო კოტე, ჩემმა ბიჭებმა გურამ ფიფიას კვალი დაკარგეს.
– რაო?! – ფეხზე წამოიჭრა აღშფოთებული მინისტრი, – როგორ?!
– ოთარ გოგლიძე სამსახურში მიიყვანა. შემდეგ კი უკან გამობრუნდა. სანაპიროზე ვიღაც გოგონა ჩაისვა. ჩვენები შორიახლო იმყოფებოდნენ და უთვალთვალებდნენ. ამ დროს ორი ტრაილერი ჩამოეფარა მათ. ახლოს რომ მივიდნენ, მანქანა უკვე გამქრალიყო. სავარაუდოდ, ფიფიამ ღერძულა ხაზი გადაკვეთა. საპირისპირო მიმართულებით გადავიდა, მარცხენა ჩიხში აუხვია და გაუჩინარდა. ჩემი ბიჭები ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით – უშედეგოდ.
უშიშროების მინისტრს წამხდარი გუნება კიდევ უფრო მეტად წაუხდა და თქვა:
– დიდი ალბათობით, გურამ ფიფია გატაცებულია და ეს იმ უცნობმა გოგონამ ჩაიდინა. სასწრაფოდ გააფართოეთ ძებნა. დამატებითი ძალები ჩართეთ და საგანგებო განგაში გამოაცხადეთ!
***
უშიშროების მინისტრი არ ცდებოდა. გურამ ფიფია მართლაც გატაცებული იყო და ეს ლანამ გააკეთა. როგორც კი გოგონამ მამილოს ბრძანება მიიღო, დაუყოვნებლივ შეუდგა მოქმედებას. გურამს კუდზე დააჯდა, სანაპიროზე ჩაუსაფრდა და მაიორი ოსტატურად, ცხვირწინ ააცალა ანტიტერორისტული ცენტრის მოთვალთვალე თანამშრომლებს. მართალია, გოგონამ არ იცოდა, რომ გურამს უთვალთვალებდნენ. სამაგიეროდ, კარგად იცოდა წესი, რომ მსგავსი ქმედებების დროს, საჭირო იყო სწრაფი და ფარული მოქმედება. ამიტომ, ლანამ ორი ტრაილერი გამოიყენა და სანამ ისინი ეფარებოდნენ, გურამი გათიშა, მანქანა და მაიორი გაიტაცა და გზა-კვალი აუბნია მოთვალთვალეებს.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლანა საკმაოდ გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი იყო. ბავშვობაში, რაიონში ხელჩართული ბრძოლების წრეზე დადიოდა და კარგად აითვისა ეს ხელოვნება. მისი მწვრთნელი მამილო იყო და თავისი ქალწულობაც, 16 წლის გოგონამ მას შესწირა. მამილოს ლანა ისე ჰყავდა „დაბოლებული“, რომ ნებისმიერ ბრძანებას ასრულებდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას. მამილომ შეასწავლა გოგონას მანქანის მართვა, იარაღის ხმარება და რაც მთავარია, ისე აურია ტვინი, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩაითრია და ნებისმიერ ბინძურ საქმეს ასრულებდა.
– აქაურობას რომ ავითვისებთ, უცხოეთში გადავალთ და ზღაპრულად ვიცხოვრებთ, – ეუბნებოდა მამილო ტვინარეულ გოგონას. ლანასაც სჯეროდა ეს და მზად იყო, „ზღაპრული მომავლისთვის“ კიდევ უფრო მეტი ცოდვა ჩაედინა. საამისოდ მზად იყო, რომ ჩვილი ბავშვიც კი არ დაენდო და თუკი ამას საქმის საჭიროება მოითხოვდა, ყელიც კი გამოეჭრა მისთვის.
სამაგიეროდ, სულ სხვაგვარად ფიქრობდა მამილო. მართალია, ლანა მისი „ერთგული ნაგაზი“ იყო და ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა, მაგრამ უფრო და უფრო საშიში ხდებოდა. თანაც, ძალიან ბევრი იცოდა და ლანას მოშორება ჰქონდა გადაწყვეტილი. მანამდე კი, ლანას ხელით თავგადაპარსული და სახენაიარევი უნდა მოესპო, ლანას კი თავადვე მოუღებდა ბოლოს. ძველი ხალხისგან მამილოს მხოლოდ ეს სამი ჰყავდა დარჩენილი. დანარჩენები კი, ამ სამის მეშვეობით მოიშორა და ეს სამეული ბოლოსთვის შემოინახა. მით უმეტეს, რომ მამილოს ახალი ჯგუფის შექმნა ჰქონდა დაწყებული და ძველები აღარ სჭირდებოდა. მამილო, რომელიც უკვე ათი წლის განმავლობაში წარმატებით ეწეოდა არალეგალურ დანაშაულებრივ საქმიანობას, დროგამოშვებით, როტაციას ახორციელებდა. ეს კი ნიშნავდა, რომ ძველების ადგილი ახლებმა უნდა დაიკავონ, წასულები კი ამ ცხოვრებიდანაც უნდა წასულიყვნენ და უკან არასდროს დაბრუნებულიყვნენ. მართალია, ასეთი სისხლიანი ცვლილებები უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მამილო ძალიან ფრთხილად, გამოზომილი ვერაგობით აკეთებდა საქმეს. თანაც, საიმედო „კრიშა“ ჰქონდა და ყველაფერთან ერთად, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, საბოლოო ნაბიჯისთვის ემზადებოდა. მისი ჩანაფიქრით, საერთაშორისო დანაშაულებრივი ნარკოკარტელის ოფშორულ ზონაში არსებული საბანკო ანგარიში, ერთი წლის შემდეგ მილიარდი დოლარი უნდა გამხდარიყო. ამ ანგარიშს ოცი მსხვილი ნარკობარონი ფლობდა და სისტემა ისე ჰქონდათ მოწყობილი, რომ ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, ფულს ხელს ვერავინ ახლებდა. ხოლო, თუკი ვინმე ფარულად მოხსნიდა თანხას ან სხვა მაქინაციას განახორციელებდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა და ვერსად დაიმალებოდა. მამილოს გეგმით, ერთი წლის შემდეგ, ყველა ნარკობარონს ერთად შეკრებდა მნიშვნელოვან თათბირზე. შემდეგ კი ოცივეს და მათ თანმხლებ პირებს დახოცავდა. მთელ ანგარიშს თვითონ დაეუფლებოდა, თავად კი გარეგნობას შეიცვლიდა და სამუდამოდ გაუჩინარდებოდა. საამისოდ, მამილოს უკვე პლასტიკური ქირურგიც ჰყავდა შერჩეული, რომელსაც ბოლოს მოკლავდა კვალის დაფარვის მიზნით. შეკრების ადგილი კი ბათუმის ერთი პატარა, ორსართულიანი კერძო სასტუმრო იქნებოდა, რომელიც მამილოს საკუთრება იყო. შეკრების წინ ამ სასტუმროს დანაღმავდნენ და მას პირადად მამილო ააფეთქებდა.
***
ლანამ რომ წარმატებული მანევრი შეასრულა და მოთვალთვალეებმა ის მხედველობიდან დაკარგეს, მანქანა საირმის გორისკენ წაიყვანა და ერთ-ერთ კერძო სახლის ეზოში შეაყენა. შემდეგ ავტოფარეხში შეგორდა და გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა და იქვე მდგომ სახენაიარევსა და თავგადაპარსულს უთხრა:
– ჩქარა, გაკოჭეთ, სანამ გათიშულია, თორემ თუ გამოფხიზლდა, აბუინდება.
თავგადაპარსულმა და სახენაიარევმა გურამს ხელბორკილები დაადეს ზურგსუკან და სარდაფისკენ წაიყვანეს. ლანამ მათ ჰკითხა:
– მამილო ზემოთაა?
– ჯერ არ მოსულა, – ერთხმად მიუგეს გოგონას.
– არის იქ ვინმე?
– კვლავ იკითხა ლანამ.
– „ფიზკულტურნიკია“ – თქვა სახენაიარევმა, თავგადაპარსულმა კი დაამატა:
– ნახევარი საათის წინ მოვიდა. მამილოს დაუბარებია და ელოდება.
ლანა სახლში ავიდა და სავარძელში მოკალათებულ, შუახნის მამაკაცს დამცინავად უთხრა:
– ზდაროვა, „ფიზკულტურნიკ”. რა ქარმა მოგიტანა აქ, აღარ იმალები?
– ლანკა, შე ბოზო, – ღიმილით უთხრა გოგონას „ფიზკულტურნიკმა”.
ლანამ კატასავით ისკუპა და „ფიზკულტურნიკს” უკნიდან მოექცა. ფიქსატორიანი, სამართებელივით ალესილი დანა ელვის სისწრაფით გახსნა. შუახნის მამაკაცს ყელზე მიადო და უთხრა:
– შე ოცჯერ ბოზო და კრისა, ახლა ხორხს გამოგიღებ. ვის უბედავ!
– ბოდიში, ლანკა, გეხუმრე, არ მომკლა, – ამოილუღლუღა „ფიზკულტურნიკმა”.
ლანას პათოლოგიურად გაეცინა. დანა ყელიდან მოაშორა, თუმცა, ტარი კეფაში ჩასცხო და კოპი დაასვა. შემდეგ სახეში შეაფურთხა. მის პირდაპირ სავარძელში მოკალათდა. გააბოლა, თან თავხედურად უმზერდა შეურაცხყოფილ მამაკაცს.
„ფიზკულტურნიკმა” შეფურთხებული მოიწმინდა. გოგონას მზერას თვალი აარიდა და სიგარეტი ამოაცურა.
– შენი მყრალი სიგარეტი არ გამიბოლო! – უბრძანა გოგონამ.
„ფიზკულტურნიკი” უსიტყვოდ დაემორჩილა და კოლოფი შეინახა. ამ დროს ოთახში მამილო შემოვიდა. ლანა მყისიერად შეიცვალა. სწრაფად წამოდგა და მას ხელზე ეამბორა.
– რა ქენი? – ჰკითხა ლანას მამილომ.
– მოვიყვნე. სარდაფშია, – მიუგო ლანამ.
– ჩადი. მე და „ფიზკულტურნიკი” მალე ჩამოვალთ.
ლანა წავიდა. მამილომ კი „ფიზკულტურნიკს“ უთხრა:
– ბაზა წესრიგშია?
– კი.
– ახალი ჯგუფი უნდა მომიმზადო, ამიტომ დაგიძახე.
– მოვამზადებ. რა პრობლემაა? – მიუგო „ფიზკულტურნიკმა” და დაამატა, – ამათ არასხოდებ?
– მომიწევს. ამ დოყლაპიებს ლანკა დაბრიდავს, მას კი – შენ.
– სიამოვნებით. ამ ბოზმა წეღან სახეში შემაფურთხა. ახლავე მზად ვარ.
– ჯერ ადრეა. გეტყვი, მე თვითონ. ახლა კი პადვალში ჩავიდეთ. ლანკამ შენი ძველი ნაცნობის, ზურა ფიფიას ძმა მოათრია. დაველაპარაკოთ და გავარასხოდოთ.
მამილო და „ფიზკულტურნიკი” სარდაფში ჩავიდნენ. გურამი უკვე გამოფხიზლებული იყო და მგლური თვალებით უყურებდა ლანასა და მის „პაძელნიკს“. მამილო და „ფიზკულტურნიკი” რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა, რადგან ორივე იცნო. ერთი გივი ხავთასი იყო, მისი ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელი. მეორე კი – ნარკოტიკებთან მებრძოლი განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ალბერტ ჯღამაძე.
– ნაძირლებო, მკვლელებო! ჩემი ზურიკო თქვენ მოკალით და საცოდავ ბიჭს ხმები დაუყარეთ, ნარკომანი იყო და კაიფში გაიპარაო, ხომ?
– ჩვენ რა შუაში ვართ. შენი ძმა აი, ამათმა მოკლეს, – დამცინავად მიუგო გურამს გივი ხავთასმა და თავგადაპარსულსა და სახენაიარევზე მიუთითა.
– რა გინდათ, რას მერჩით? – თქვა გურამმა.
– თუ გინდა, რომ წამების გარეშე მოგკლათ, მოგვიყევი, რა გითხრა გოჩა ძნელაძემ, – უთხრა მამილომ გურამს.
უცებ, სარდაფის კარი ელვისებურად გაიღო. შიგნით უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის სპეცჯგუფი შევარდა. ყველანი ელვისებურად გაკოჭეს და იატაკზე დაყარეს, ხოლო გურამი კი – გაათავისუფლეს. ბოლოს, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი და უშიშროების მინისტრი შემოვიდნენ.
– ააყენეთ და კედლებზე ააყუდეთ! – ბრძანა მინისტრმა და ბრძანება რომ შეასრულეს, გივი ხავთასთან მივიდა, ზიზღნარევი მზერა მიაპყრო და უთხრა:
– ხედავ, არც გარდაცვალების ინსცენირებამ გიშველა და მაინც გიპოვე, შე ვირთხავ, ვერსად დამემალე.
შემდეგ მინისტრი ალბერტ ჯღამაძეს მიუბრუნდა და უთხრა:
– როგორც იქნა, გაები მახეში, მამილო?
(დასასრული)