№51 ძნელია, იყო... კაცი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-50(885)
გზა უსასრულოდ გაგრძელდა. მოუსვენრად წრიალებდა... ფრენას კარგად იტანდა, მაგრამ ეს მგზავრობა გაუძნელდა. ისიც კი იფიქრა, – ახლა რომ კატასტროფა მოხდეს და იქამდე მოვკვდე, სანამ თამრიკოს ვნახავო...
თბილისში ციოდა და ადრიანი დილა იყო. ტაქსი გააჩერა და მძღოლს თავისი ძველი მისამართი უთხრა. ცივი ჰაერი გახურებულ შუბლს უგრილებდა და სახეს ხარბად უშვერდა დილის სუსხს...
თამრიკოს ბუნდოვნად ჩაესმა ზარის ხმა. გამოფხიზლება გაუჭირდა. იცოდა, კარს მის მეტი ვერავინ გააღებდა, მაგრამ მაინც დაიცადა, თითქოს უჩინარ დამხმარეს ელოდა. ზარი რამდენჯერმე განმეორდა და იძულებული გახდა, ამდგარიყო. აბრეშუმის ხალათი ტანზე მჭიდროდ შემოიხვია და კარის გასაღებად გაემართა. ლოყაზე მიკრული კულული მოიშორა და ნამძიმნარევი ხმით იკითხა:
– ვინ არის? – არავინ გამოეპასუხა. ამან ცოტა დააფრთხო. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, ძალიან ადრე რომ იყო. მარინკას თავის ოთახში ეძინა. მისი გაღვიძება არც უფიქრია – ბავშვსაც ხომ არ შეაშინებდა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა.
– თამრიკო, მე ვარ...
გაშრა. თვალები მოიფშვნიტა. შეცდომა გამორიცხული იყო. ეჭვი არც შეჰპარვია, რომ კარს მიღმა მისი ქმარი იდგა, უფრო სწორად, მისი ყოფილი ქმარი. ამ ხმას ათას სხვა ხმაში გამოარჩევდა და ვერც ვერასდროს დაივიწყებდა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. რომ არ ჩაკეცილიყო, კარის სახელურს მოებღაუჭა. კარს მიღმა მყოფმა თითქოს იგრძნო, რა ხდებოდა ქალის თავს.
– თამრიკო, კარი გამიღე, ვიცი, რომ აქ ხარ. შენი ნახვა და ლაპარაკი მინდა. პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ. ორი საათია, რაც ჩამოვფრინდი... თამრიკო, გესმის ჩემი ხმა? გემუდარები, გამიღე...
კარი ისეთი მძიმე იყო, გაჭირვებით მოახერხა დაბუჟებული ხელით მისი გაღება, ან შეიძლება, მოეჩვენა ასე. ვახოს დაღლილ სახეზე ის ღიმილი დაინახა, რომელიც სულ ენატრებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რაც ქმარი მისგან წავიდა, სწორედ ეს ღიმილი იყო, სიყვარულის დავიწყების საშუალებას რომ არ აძლევდა.
***
კოკამ ცარიელი კოლოფი მოჭმუჭნა. საფერფლე ნამწვებით იყო სავსე. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თათიასთან გაქცევას და მისი ხუშტურის დაკმაყოფილებას არ აპირებდა. მაგრამ, ტელეფონზე დროდადრო მოსული მესიჯები ახსენებდა, რომ ამ ქალთან მარტივად დაშორება არ გამოუვიდოდა. ხვდებოდა იმასაც, რომ მესიჯებში კარგი არაფერი ეწერა. ყურში თათიას ჭირვეული, მომთხოვნი ხმა ჩაესმოდა და უსიამოვნო ჟრჟოლა უვლიდა მთელ სხეულში. ხელიც ისევ სიგარეტისკენ გაურბოდა.
ღია კარში დოდოშკამ შემოიჭყიტა კისკისით.
– სახლში არ მოდიხარ? ასეთი ტრუდაკოლიკობაც არ შეიძლება, ჯანმრთელობას დაიზიანებ.
– რომელი საათია?
– შვიდის ათი წუთი. მგონი, ყველა წავიდა, ყოველ შემთხვევაში, ოფისში სიჩუმეა. ასეთს რას აკეთებ, რომ დღეს ყავის დასალევადაც არ გამოსულხარ ოთახიდან.
– ჰო, რაღაცას ვაკეთებდი და... ზურამ მთხოვა, – იცრუა.
დოდოშკამ ხმამაღლა გაიცინა და გაოცებით ჩაეკითხა.
– ზურამ? დღეს ზურა ნახე?
– ჰო, რა იყო.
– არაფერი. უბრალოდ, დღეს ზურა საერთოდ არ მოსულა. შენ... მესიჯებს არ პასუხობ?
– საიდან მოიტანე? უბრალოდ, შენ გელაპარაკები, უხერხულად მიმაჩნია, თან მესიჯები ვიკითხო და პასუხები ვწერო.
დოდოშკამ მხარზე დაადო ხელი და თანაგრძნობით მიაშტერდა.
– პრობლემები გაქვს?
– არა. საიდან მოიტანე?
– უბრალოდ, მე ამას ვგრძნობ. ინტუიცია მკარნახობს. ქალებს ეს გვაქვს. თუ გინდა, ვილაპარაკოთ. გპირდები, ზედმეტ შეკითხვას არ დაგისვამ.
– არანაირი პრობლემა არ მაქვს, თან რამდენიმე დოკუმენტს უნდა გადავხედო, კიდევ...
– ტყუილი აშკარად არ გეხერხება. კარგი, რა გაეწყობა, შენი ნებაა. ხვალამდე...
– ხვალამდე... – სწრაფად მიუგო კოკამ და როგორც კი ქალმა შემოსული კარი გაიხურა, მესიჯები გახსნა: „ჩამოვფრინდები საღამოს, აეროპორტში დამხვდი“, – თათიას წერილები ძირითადად ერთი შინაარსის იყო, იმ განსხვავებით, რომ ყოველ მომდევნო მესიჯში სულ უფრო იგრძნობოდა კატეგორიული ტონი. ჯერ იფიქრა, საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას, არც დავხვდები და ყველანაირად მოვერიდებიო, მაგრამ მოუსვენრობა მოემატა, ყოველ წუთს საათს უყურებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, ქურთუკს ხელი სტაცა და გარეთ გავარდა.
***
... პირველად ისევ თამრიკო მოეგო გონს. უხერხულობა რომ დაეფარა, შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია და ხალათი მჭიდროდ შემოიხვია... კაცისთვის სახეში შეხედვა უჭირდა, წუთის წინ მის მკერდს იყო მიხუტებული და მისი სხეულის სითბოს გრძნობდა. წუთიერმა სისუსტემ სირცხვილის განცდა გაუჩინა. აწითლებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ამით კაცს ანიშნა, შესულიყო.
– მარინკა სახლშია? – ვახოსაც გაუჭირდა საჭირო სიტყვების მოძებნა.
– სძინავს. სამზარეულოში გავიდეთ.
– ყავასაც დამალევინებ? ძალიან მომენატრა შენი მოდუღებული ყავა.
– არ გინდა... ვახო, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა, შეცდომა იყო. შეიძლება, ჩემი ბრალია, მაგრამ გთხოვ, ნურაფერს გაართულებ.
ვახომ თვალებში ჩახედა ქალს.
– ძალიან გთხოვ, ასე ნუ მიყურებ. იმიტომ არ დამირეკავს, რომ მომენატრე... საქმე მარინკას ეხება.
– კარგი, სამზარეულოში შევიდეთ, – ვახომ ქალს გზა დაუთმო და თავად უკან გაჰყვა. სანამ თამრიკო ყავას ადუღებდა, ჩუმად იჯდა და ნაცნობ გარემოს ათვალიერებდა. რამდენიმე ადგილას, ჭერზე წყლის ლაქები შენიშნა. სამზარეულოს ავეჯიც დაძველებული მოეჩვენა.
– რემონტია გასაკეთებელი, – წამოსცდა უნებლიეთ. ქალმა ყავა დაუსხა და მის წინ დაჯდა.
– ამის სათქმელად ჩამოხვედი? რემონტი ყველაზე ნაკლები პრობლემაა.
– ჰო, რა თქმა უნდა... როცა დამირეკე, მოკლედ... შენი ნომერი რომ დავინახე და შენი ხმაც გავიგონე... მოკლედ, მე...
– ვახო, რამე ისეთი არ თქვა, რასაც მერე ინანებ, – თამრიკომ ამოიოხრა და ყავა მოსვა, – ხომ იცი, ყველაფერი გავაკეთე ჩვენ შორის სიმშვიდის შესანარჩუნებლად. რის ფასად დამიჯდა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჰოდა, ჭრლობას ნუ განმიახლებ, ძალიან გთხოვ. დაგირეკე იმიტომ, რომ მინდოდა, მარინკაზე დაგლაპარაკებოდი. უფრო სწორად, შენ რომ დაელაპარაკო... ხომ არასდროს მითხოვია, მაგრამ მისი მამა ხარ, რაც ვალდებულს გხდის...
– თამრიკო, ამას რატომ მეუბნები? მამის მოვალეობებისთვის თავი არასდროს ამირიდებია. მარინკა ჩემი ერთადერთი შვილია და ვგიჟდები მასზე, თუ ცოტა მეტ ყურადღებას ვერ ვუთმობდი, ვწუხვარ. გპირდები, ასე აღარ იქნება.
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი... – თამრიკომ ყოფილ ქმარს უცნაური სინანულით შეხედა, – ალბათ, მეტი კეთილგონიერება უნდა გამომეჩინა და არ დამერეკა.
– იცი, როგორ გამიხარდა შენი ზარი რომ დავინახე?
– მართლა? – ქალი გაწითლდა, – და რა გაგიხარდა?
– რაც ერთმანეთს დავშორდით, სულ ველოდებოდი, რომ დარეკავდი და მეტყოდი, მჭირდებიო.
– რატომ?
– რა რატომ? თამრიკო, მენატრებოდი. ამას არ ვაღიარებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ, ყოველ შემთხვევაში, დიდხანს ეს არ გამოვა. თორემ, ფაქტი ისაა, რომ აქ ვარ. სულ მინდოდა მეკითხა...
– რა? – ქალი გრძნობდა, ასეთ სიახლოვეს ვახოსთან კარგი ბოლო არ ექნებოდა, მაგრამ თითქოს ერთ ადგილზე მიალურსმნეს. ყავის ჭიქაზე ჩაშტერებული, იმასაც ვერ ახერხებდა, კაცისთვის თვალებში შეეხედა.
– ისე გამიშვი, ერთხელაც არ გითქვამს, რომ გიჭირდა ჩემთან განშორება. მე ისიც კი არ ვიცოდი, რამდენად ღირებული ვიყავი შენთივს.
– იმიტომაც გამცვალე იმ ღლაპზე? ოღონდ, არ მითხრა, რომ შენს ძვირფას ცოლზე ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება.
– მოდი, საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ „იმაზე“. მე აქ ვარ, შენ გვერდით. გგონია, ეს არაფერს ნიშნავს?
– ვახო, მგონი, აჯობებს, თუ წახვალ, ხვალ მარინკას შეხვდი და იქნებ შენ გითხრას, რა უნდა.
– მარინკას აუცილებლად შევხვდები, მაგრამ ახლა ვერსად წავალ. არ შემიძლია.
თამრიკომ ნელა ასწია თავი და ყოფილს თვალებში შეხედა.
– გესმის, რას ამბობ? ხვდები, ეს რას ნიშნავს?
– ვხვდები, მაგრამ ახლა რომ წავიდე, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ამას. გეხვეწები, არ გამაგდო.
– რომ არ გაგაგდო, მერე ინანებ და იტყვი, რომ მომენტით ვისარგებლე.
– არა, არა, რას ამბობ? – ვახო წამოხტა, ქალთან მივიდა და მის წინ მუხლებზე დაეშვა.
– გაგიჟდი, რას აკეთებ? ადექი, მარინკას არ გაეღვიძოს და არ შემოვიდეს.
– შემოვიდეს, მე არ მრცხვენია. პირიქით, მნახოს იქნებ დამეხმაროს კიდეც, რომ... რომ...
– რომ... რა? თამრიკოს ხმა ჩაუწყდა. კაცს ორივე ხელი კისერზე შემოხვია და სახით მკერდზე მიიკრა. მერე აღარ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდნენ საწოლში. როცა საღად აზროვნებისა და განსჯის უნარი დაუბრუნდა, მიხვდა, რომ მითი საკუთარ თავზე გამარჯძვებისა, ნაძვის ხის მყიფე სათამაშოსავით ჩაემსხვრა ხელებში. ვახომ ხელი მოხვია და ჩაიხუტა. თამრიკო შეეცადა, გასხლტომოდა, მაგრამ კაცმა არ გაუშვა.
– ეს რა გავაკეთეთ, ღმერთო, ეს როგორ დაგვემართა...
– ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და ძალიან ბედნიერი ვარ, – ვახოს გულწრფელი სიტყვები თამრიკოსთვის სასიხარულოც იყო და შემაშფოთებელიც.
– არა, საქმე მარტივად არ არის. შენ სხვა ოჯახი გაქვს. მე კი იმას ვაკეთებ, რაც არ მეკადრება.
– ჩემი ოჯახი აქ არის, შენთან. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობდი, რომ შენგან წასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც ცხოვრებაში დამიშვია.
– ვახო, გაჩუმდი... – ქალმა ტუჩებზე ააფარა გრძელი, მოვლილი თითები, მაგრამ კაცის გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ვახოს თითქოს რაღაც ჩაერთო, თვალები სიყვარულით აუციმციმდა.
– მომისმინე, თამრიკო, ეს ბედისწერაა. ამიტომ, აზრი არ აქვს, შევეწინააღმდეგოთ. თათიასთან ყველაფერს მოვაგვარებ. ვიცი, რაც უნდა და მიიღებს კიდეც. შენ არაფერზე ინერვიულო.
– არა, არა! ასე არ შემიძლია, ღმერთო, რატომ მომექეცი ასე. ყოფილი ქმრის საწოლში რატომ ჩამაწვინე? როგორ მრცხვენია... რა უნდა ვუთხრათ მარინკას?
– მარინკას მხოლოდ გაუხარდება ჩვენი ამბავი. ყველანი ბედნიერები ვიქნებით, სამივე.
– სამივე, ჩვენ... რამდენი ხანია, ეს სიტყვები აღარ გამიგონია შენგან. ისე გაიხურე კარი, ვიფიქრე, საერთოდ ამომიღე გულიდან.
– მეც ასე მეგონა, მაგრამ, როგორ ვცდებოდი... მაპატიე, თამრიკო, ყველაფერი მაპატიე. ვიცი, ცუდად მოგექეცი, მაგრამ მე ჩემს თავს უფრო მეტი დავუშავე და თუ ახლა გამაგდებ, ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება.
– ვახო, მე არ ვიცი, რა მოხდა შენსა და თათიას შორის, მაგრამ არ არის სწორი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
– მომეცი უფლება, თავად გადავწყვიტო, რა იქნება ჩვენთვის უკეთესი, ვიცი, რომ გაგიჭირდება ჩემი ისევ მიღება, მაგრამ თუ გიყვარვარ, თუ ცოტათი მაინც ისევ გიყვარვარ...
თამრიკოს თვალები ცრემლებით აევსო და გაჭირვებით ამოილუღლუღა, მიყვარხარო. მერე კი ტირილი დაიწყო. კაცმა მკერდში მაგრად ჩაიკრა და თავზე ბავშვივით ეფერებოდა.
დილით სამზარეულოში შესული მარინკა უცნაური სცენის მოწმე გახდა. მისი მშობლები მაგიდასთან ისხდნენ, ჩაის სვამდნენ და შეყვარებული მზერით შესციცინებდნენ ერთმანეთს.
***
კოკამ უსიტყვოდ ჩაალაგა თათიას ბარგი მანქანის საბარგულში და გოგოს კარი გაუღო.
– ჩაჯექი. სახლში მიგიყვან და მერე წავალ. მანამდე კი მომიყევი, რა გინდა ჩემგან.
– აჰა! ახლა რა მინდა შენგან? მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა ლოგინში მიწვენდი, – ნიშნის მოგებით მიუგო თათიამ.
კოკამ ამოიოხრა.
– ამაზე იმდენჯერ ვილაპარაკეთ, სათვალავიც კი ამერია. ქმარი გყავს და შენი ქმარი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მე გადაწყვეტილება მივიღე – ჩვენ შორის რაც იყო, უნდა დაივიწყო და ამით დავასრულოთ. არ მინდა ვახოს დაკარგვა. სინდისი მქენჯნის. არაკაცურად არასდროს მოვქცეულვარ და ახლა საკუთარი თავის მრცხვენია.
– ჭეშმარიტი მამრის იდიოტური არგუმენტი, – ჩაიცინა თათიამ, – მე აღარაფერს მეითხები? იქნებ მეც მაწუხებს სინდისი?
– მაშინ, მით უმეტეს, – იმედი მიეცა კოკას.
– რა მით უმეტეს, შენ ხომ არ გაგიჟდი? საერთოდ აზრზე არ ხარ, რას ვლაპარაკობ. გადავწყვიტე, ვახოს დავშორდე.
– რა? – იყვირა კოკამ და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა.
– ნუ ღრიალებ და მანქანა წესიერად ატარე. სიკვდილს არ ვაპირებ. სხვათა შორის, ჩემი ცხოვრება შენ გამო აირია და ახლა პასუხს აგებ ამისთვის.
– შენ ხომ არ გაგიჟდი? ბოლოს ისე გამოიყვან, რომ მე ვიძალავე შენზე. ალბათ, ვახოსაც ასე ეტყვი, რომ თავი გაიმართლო. ვაღიარებ, დამნაშავე ვარ, მაგრამ ამ საქმეში მარტო არ ვყოფილვარ. მოკლედ, მე თვითონ ვეტყვი ვახოს ყველაფერს. იცოდეს, როგორი ცოლი ჰყავს.
– ჰო? მაშინ, ისიც უთხარი, რომ ფეხმძიმედ ვარ... შენგან...
კოკას თითქოს მეხი დაეცა. ყურებმა შხუილი დაიწყეს, ხელები აუკანკალდა. იმდენი მოახერხა, რომ გზიდან გადასულიყო. მანქანა გააჩერა და თათიასკენ მთელი ტანით შებრუნდა. გაფითრებულს სახეზე ისეთი სიძულვილი ჰქონდა აღბეჭდილი, რომ თათია დაფრთხა და ტონი შეცვალა.
– რა იყო? არ იცი, ქალები როგორ ფეხმძიმდებიან? თავს რომ არ ვიცავდით, რას ფიქრობდი. გგონია, მომწონს ეს ამბავი? ოღონდ ახლა არ დამიწყო: „რა იცი, რომ ბავშვის მამა მე ვარ?!“ „სპეციალურად დაორსულდი...“ „იქნებ გეშლება და ვახოსგან ხარ ფეხმძიმედ...“ მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ შენგან დავორსულდი. აბორტს არ გავიკეთებ. ვახოს გავშორდები. ჩემი შვილი თავის ნამდვილ მამასთან ერთად გაიზრდება.
... კოკას გვიან დაუბრუნდა მეტყველების უნარი.
– ანუ, ჩემთან ერთად აპირებ ცხოვრებას...
– დიახ. ვაპირებთ, მე და შენი შვილი. ვერ ვიტყვი, რომ ისეთ ქმარზე ვგიჟდები, როგორიც შენ ბრძანდები, მაგრამ ხომ გითხარი, ვერ დავუშვებ, ბავშვს მამა არ ჰყავდეს.
– თათია, ასე არ ხდება, ასე არ შეიძლება...
– ვიცი, მაგრამ ამ ექსტრემალურ სიტუაციაში შენ ჩამაგდე. ამიტომ, კეთილი ინებე და გამოიჩინე შენი კაცური პასუხისმგებლობა. და არ გაბედო, მანერვიულო. ჩემთვის არ შეიძლება...
კოკამ თვალები დახუჭა და სულ ერთი წუთით წარმოიდგინა დედამისის რეაქცია, სახლში თათიას რომ მიუყვანდა, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავდა. ამ გოგომ შანსი აღარ დაუტოვა. ვახოც დაუდგა თვალწინ და სიმწრისგან ტუჩზე იკბინა. ვერაფერს ვერავის დააბრალებდა, სიურპრიზი საკუთარ თავს თვითონვე მოუწყო.
– ვერ დაგპირდები, რომ შენს ყველა კაპრიზს დავაკმაყოფილებ, – გამოსცრა ბრაზით, – არც ვახოსავით ფულიანი ვარ.
– არა უშავს. შენი ძმაკაცი ძუნწი არ არის. ანგარიშზე სოლიდური თანხა დამიდო. ჩემი ბინაც კარგად გაქირავდება.
– ნეტავი, ვიცოდე, საერთოდ, რაში გჭირდები, – ამოიოხრა კოკამ.
თათიამ მხრები აიჩეჩა.
– იქნებ, შენთან სექსი მომწონს... მოკლედ, არ ვიცი. ნელ-ნელა გაირკვევა, როცა ერთად ვიცხოვრებთ.
(დასასრული)