№51 „საცოდავი“ მკვლელი
არტურ კონან დოილი
დასაწყისში საქმე ისეთი მარტივი ჩანდა, რომ უოტსონი დაეჭვდა, დაინტერესდებოდა კი მისი მეგობარი ამ ყველაფრით? თუმცა, ჰოლმსმა, რომელიც დიდხანა მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა სტუმარს და დუმდა, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ჯოზია ემბერლის მონაყოლში რაღაც ისე ვერ იყო.
– უოტსონ, ჩაი დავლიო და გეტყვით, რის გაკეთებას ვაპირებ ამ ემბერლისთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ის საკმაოდ მდიდარი კაცია, ხოლო, ფოტოსურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცოლიც ძალიან ლამაზი ჰყოლია.
– ჰმ, ხანში შესული მამაკაცი და მასზე ოცი წლით უმცროსი, მომხიბლავი გარეგნობის ქალი... არ მიკვირს, რომ უღალატა და ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გაიქცა. საწყალი ემბერლი გატეხილი და იმედგაცრუებული ჩანდა. დაეხმარებით იმ ფულისა და აქციების მოძებნაში, რომელიც მოღალატეებმა გაიტაცეს?
ჰოლმსმა გაიღიმა, როგორც იცოდა, იქედნურად და კეთილად.
– არ ვიცი, უოტსონ. მთხოვა, მასთან მამულში ჩავიდე. მე კი ჰერცოგინიას სამკაულების ქურდობის საქმე მაქვს ბოლომდე მისაყვანი. თუ კეთილ ნებას გამოიჩენ და დამეხმარები, იქნებ მოვახერხო და ჯოზიას ამბავიც გავარკვიო.
– რა უნდა გავაკეთო?
– მასთან მამულში უნდა ჩახვიდე და ჩემი თვალები გახდე. თავად ისტორია ძალიან ბანალურია – ვერაგი მეგობარი და ქარაფშუტა ცოლი. ამ ემბერლის ერთი სერიოზული გატაცება აქვს – ჭადრაკი. ის ახალგაზრდა კაცი – ერნესტი, ჭადრაკს ეთამაშებოდა ხოლმე ქმარს, ცოლს კი თვალებს უჟუჟუნებდა. შედეგად, – ემბერლიმ პარტია წააგო. ცოლი გაექცა და წლობით ნაგროვები ქონებაც გააყოლა. თუმცა, ვნახოთ. ეს ჯოზია არც ისეთი მიამიტი უნდა იყოს, როგორადაც თავს მაჩვენებს. აბა, გაემგზავრებით?
– რა თქმა უნდა. თუმცა, კარგად ვერ გავიგე, რა იგულისხმეთ...
უოტსონს ჯოზია ემბერლი სადგურში დახვდა და მამულში თავისი ეტლით წაიყვანა. ცოტათი იმედგაცრუებული ჩანდა, რადგან ჰოლმსს ელოდებოდა.
– ვერ ვუსაყვედურებ. ის ისეთი დიდებული ადამიანია. ალბათ, შთამბეჭდავ ჰონორარებსაც არის შეჩვეული. მეც გადავუხდიდი. შეიძლება, იმდენს ვერა, მაგრამ, ვალში არ დავრჩებოდი. მოკლედ, ამაზეც მადლობელი ვარ. მობრძანდით, სახლს და მამულს დაგათვალიერებინებთ.
უოტსონი ჰოლმსთან მხოლოდ მეორე დღის გვიან საღამოს დაბრუნდა. დიდი მაძებარი სახლში არ იყო. სამაგიეროდ, მეგობრისთვის წერილი დაეტოვებინა.
„ძვირფასო მეგობარო, ვაფასებ თქვენს ერთგულებას. ვეცდები, მალე დავბრუნდე. ერთი სული მაქვს, მოვისმინო თქვენი შთაბეჭდილებები“.
– რა გითხრათ, ჰოლმს, – უოტსონი ბუხართან, სავარძელში მოკალათდა და ხელის თითები ერთმანეთს გადააჭდო, – ჯოზია ემბერლი სრულიად განადგურებულია. რაც ცოლი გაექცა, ყველაფერზე ხელი აიღო. მამული დიდია და მიშვებული. გაზონები – გასაკრეჭი, ყვავილები – გამხმარი, სახლიც მოუვლელს ჰგავდა. მტვრიან ოთახებში აჩრდილივით დაფარფატებდა მოახლე. როცა ჩავედი, ჯოზია სასტუმრო ოთახში ფანჯრების ჩარჩოებს ღებავდა. რა ვქნა, გული ხომ უნდა გადავაყოლო რამესო.
ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა.
– ოჰო? საინტერესოა.
– დიახ. კარი უკვე შეღებილი ჰქონდა. როგორც მთხოვე, მთელი სახლი დავათვალიერე. ის ოთახიც ვნახე, სადაც ჯოზია თავის ქონებას ინახავდა. საკმაოდ უცნაური ოთახია, სეიფს ჰგავს. არც ფანჯრები აქვს და კედლებზეც თხელი, ლითონის ფირფიტებია აკრული, მძიმე კარი მჭიდროდ იკეტება. ჯოზიას ისე უყვარდა ეს ოთახი, ჭადრაკის სათამაშოდ, სულ იქ იწვევდა თურმე სტუმრებს. ის კაციც იქ შეჰყავდა ხოლმე. ცოლს, როგორც ჩანს, გასაღები ჰქონდა, თორემ ოთახი, პრაქტიკულად, შეუღწევადია. არ მისმენ, ჰოლმს?
– როგორ არა, ძალიან ყურადღებით გისმენ. მამული ძველიაო, მითხარი. რაში გამოიხატება სიძველე?
– ზუსტად იმაში, რაც ვთქვი, – გაოცებით შეხედა უოტსონმა მეგობარს, – მამულში ძველი გაყვანილობაც კი არის შენარჩუნებული თავისი ძველისძველი ჭებით – მოხატული თუჯის თავსახურებით.
– საინტერესოა, ძალიან საინტერესო... მოახლეებს ელაპარაკეთ?
– საკმაოდ სიტყვაძუნწი მოახლე ჰყოლიათ, უხასიათო. შეიძლება, ქალბატონის გაქცევის შემდეგ იქცევა ასე, ან მე არ მოვეწონე. მოკლედ, მხოლოდ ის დავაცდენინე, რომ ბატონი ბევრს არ ხარჯავდა თავის ლამაზ ცოლზე. საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. გაქცევის ღამეს ჯოზიამ თეატრში, პრემიერაზე დასასწრები ბილეთები მოიტანა, მაგრამ ვახშმობისას ცოლ-ქმარმა იჩხუბა და ჯოზია თეატრში მარტო წავიდა. ჯოზიამ ბილეთებიც კი მაჩვენა.
– შემთხვევით, ხომ არ გახსოვს, რომელი ადგილები იყო? – ჰოლმსის მზერაში უცნაური ნაპერწკალი გაკრთა.
– წარმოგიდგენია? მახსოვს. სტუდენტობაში ჩემი გასახდელის ნომერი იყო...
– შესანიშნავია, უოტსონ – რიგი „ბ“. ვნახოთ, ვნახოთ. თქვენ კი ერთი თხოვნა უნდა შემისრულოთ. წერილი მისწერეთ ბატონ ჯოზიას და უთხარით, რომ ჩამოვიდეს. მის საქმეს ხელი სერიოზულად მოვკიდე.
– ანუ, გაქცეულებს იპოვით? ფულსაც?
– ვფიქრობ, რომ რაღაც დეტალები გამოიკვეთა. ჰო, ლესტრეიდთანაც აფრინე ვინმე, ჯოზიას ვიზიტისას დამჭირდება.
მეორე დღეს ოთხი საათისთვის ჯოზია ემბერლი ჰოლმსის სასტუმრო ოთახში იჯდა.
– მისტერ ჰოლმს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი უბადრუკი პერსონის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. მეშინოდა, რომ ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდით. ზედმეტად ბანალური მოგეჩვენებოდათ – რქიანი ქმარი ყველას აცინებს.
– დიახ. თავიდან მართლაც ბანალურად მომეჩვენა ეს საქმე, მაგრამ თქვენსა და თქვენს ყოფილ ცოლზე, ასევე ერნესტზე ცნობები შევაგროვე და აზრი შევიცვალე. მისტერ ემბერლი, სად დამალეთ გვამები?
ამ სიტყვების გაგონებაზე ჯოზია ემბერლიში წარმოუდგენელი გარდასახვა მოხდა, სადღაც გაქრა დაჩაგრული, მხრებში მოხრილი მამაკაცი და მრისხანე მხეცად გარდაიქმნა. ლესტრეიდმა ხელბორკილები დაადო და ისიც ნადირის მზერით ათვალიერებდა იქ მყოფებს.
– ეჭვი თქვენმა უცნაურმა გასართობმა გამიჩინა. რატომ უნდა მოგენდომებინათ ჩარჩოებისა და კარის შეღებვა, როცა ასეთი პრობლემა გქონდათ. საღებავის სუნით რაღაც მძაფრი სუნის დაფარვა გინდოდათ. თქვენ სასტიკი და ეჭვიანი კაცი ხართ, ჯოზია ემბერლი, მაგრამ წინდაუხედაობა გამოიჩინეთ, როცა ცოლი და მისი შესაძლო საყვარელი გაზით გაგუდეთ და ალიბის გასამყარებლად ჩემთან მოხვედით. გაზის სუნის გადაფარვას ცდილობდით საღებავის სუნით, როცა მისტერ უოტსონი თქვენთან ჩამოვიდა. მე არ ვიცი, როგორ და რა მანქანებით შეიტყუეთ ის უბედურები სეიფ-ოთახში, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გვამები თქვენი მამულის ერთ-ერთ ძველ ჭაში იქნება. არავის არაფერი მოუპარავს თქვენთვის. შეიძლება, ეჭვიანობამ გაგაგიჟათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცივსისხლიანი მკვლელი ბრძანდებით.
როგორც ჰოლმსმა ივარაუდა, გვამები მართლაც მამულის ერთ-ერთ ჭაში აღმოჩნდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე გაზით იყო გაგუდული.