№51 როგორ წაართვა სტალინმა იაპონიას მთელი კურილია და როგორ დაიცვა მან პეტროგრადი მოტყუებული იუდენიჩისგან
ჯერ კიდევ ტროცკი ამბობდა, – სტალინი პოლიტიკური ბლეფის დიდოსტატიაო და ლევ დავიდოვიჩი (ტროცკი) საბჭოთა ბელადის ამ თვისებას უარყოფითად მიიჩნევდა. თუმცა, ჯერ ოციან წლებში, შემდგომ კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, დამტკიცდა, რომ სწორედ სტალინის ასეთმა მანევრებმა იხსნა ჯერ „ახალშობილი“ საბჭოეთი, შემდგომ კი – ფაშისტური შეტევისგან კატასტროფამდე მიყვანილი ქვეყანა.
1930 წელს, გიორგი ზინოვიევი აღტაცებით უყვებოდა ახალგაზრდა პარტაქტივისტებს ერთ ისტორიას, რომელშიც ნათლად ჩანს სტალინის „პოლიტიკური არასაიმედოობა“ (ტროცკის დახასიათება). ზინოვიევი ამბობდა: „1918 წლის შემოდგომაზე, გენერალმა იუდენიჩმა პეტროგრადი სრულ ალყაში მოაქცია. ერთი შეტევა იყო საჭირო მათი მხრიდან და დედაქალაქი დაეცემოდა, ჩვენი ხელისუფლება განადგურდებოდა. კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ილიჩის (ლენინი) მიერვე სასწრაფოდ მოწვეულ პოლიტბიუროს სხდომაზე, ლამის ცრემლად იღვრებოდა ბელადი. უიმედოდ იყო სამხედრო საქმეთა კომისარი ტროცკი, რომელიც გაფითრებული იჯდა ოთახის კუთხეში და მისი ენაწყლიანობა სადღაც გამქრალიყო. შეშინებულები ვიყავით ჩვენც, პოლიტბიუროს დანარჩენი წევრებიც. მხოლოდ სტალინი იყო მედგრად.
– ესე იგი, ამხანაგებო, პიტერს ვტოვებთ და მოსკოვში ვმაგრდებით. მოდი, კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, – მძიმედ თქვა ლენინმა და პირველმა ასწია ხელი თანხმობის ნიშნად.
მეორე მომხრე ტროცკი გახლდათ. ხელი ავწიეთ დანარჩენებმაც. მხოლოდ სტალინი იყო ურყევი და მდუმარედ გვადევნებდა თვალყურს. ბოლოს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ტრიბუნასთან გამოვიდა. მზერა მოგვავლო და მისთვის უჩვეულო, მჭექარე ხმით (ეს უფრო ტროცკის თვისება იყო, ის ყოველთვის მჭექარედ გამოდიოდა, რომ აუდიტორიაზე შთაბეჭდილება მოეხდინა), თქვა:
– ამხანაგებო! პეტროგრადის ჩაბარება ძალაუფლების ჩაბარებას ნიშნავს და რას ვეუბნებით პროლეტარიატს, ჩვენს მომხრეებს, შთამომავლობას. როგორი სახით წარვდგებით ისტორიის წინაშე. ნუთუ ლაფში ამოვსვრით ჩვენს ბოლშევიკურ სინდისს და მსოფლიოს ვათქმევინებთ – ბოლშევიკები უსუსური ვირთხები არიან და თავზარდაცემულები გარბიან გახვრეტილი ხომალდიდანო. მე ამის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ და თუკი პოლიტბიურო დაუშვებს ასეთ სირცხვილს, მე გავდივარ მისი რიგებიდან. მარტო, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვიბრძოლებ ფრონტის წინა ხაზზე ათასობით გულანთებულ თანამოძმესთან ერთად.
სტალინი ტრიბუნიდან ჩამოვიდა. სკამი აიღო. მარცხენა კუთხეში განმარტოებით ჩამოჯდა და პაპიროსი გააბოლა. მის მოპირდაპირე კუთხეში კიდევ უფრო მეტად გაფითრებული ტროცკი იჯდა, რომელსაც შევატყვე, რომ სტალინის ურყევმა პათოსმა მეტი შიში შეუყენა სხეულში. ტროცკი სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებელი გახლდათ და სავარაუდოდ, შეაშინა იუდენიჩთან დატაკების პერსპექტივამ, თუკი პოლიტბიურო შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას. ერთი სიტყვით, ის სიკვდილის შიშმა აიტანა. სწორედ ამ შიშმა მოაკრებინა ძალა, ენა ამოადგმევინა, ტრიბუნასთან მივიდა და თქვა:
– სტალინის პათოსი გასაგებია. მაგრამ ის სუსტად ერკვევა ჩვენს საქმეში. მას ბრძოლა სურს. ბრძოლა კი ამ შემთხვევაში, ჩვენი ალყაშემორტყმული არმიების სრული განადგურების ტოლფასია. ამიტომ, ეს არ უნდა დავუშვათ და მოსკოვისკენ დავიხიოთ. იქ გავმაგრდეთ. სული მოვითქვათ და ახალი შეტევა მოვამზადოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს. ამიტომ, გთავაზობთ, ჩვენი გადაწყვეტილება არ შევცვალოთ და უკან დასახევად თადარიგი დავიჭიროთ. მე ახლავე გავცემ პოზიციების დატოვების ბრძანებას.
ტროცკი, პირდაპირ ტრიბუნიდან, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ, რომ გაბრუებული პოლიტბიუროს წევრების (სტალინის გარდა) გამოცოცხლებამდე გაესწრო. ამ დროს სტალინი ფეხზე წამოდგა და სარკასტული რეპბლიკა მიაყოლა სამხედრო საქმეთა კომისარს:
– ტროცკი გარბის. უნდა, რომ გაასწროს, სამარცხვინო ბრძანება გასცეს და ფაქტის წინაშე დაგვაყენოს. ბოლოს კი თავს გაიმართლებს – ასეთი იყო პოლიტბიუროს გადაწყვეტილებაო. შეჩერდით, „რაინდო“, თქვენთვის ჯერ არავის მოუცია ლაჩრობის სანქცია!
ტროცკი გაქვავდა და ენა ჩაუვარდა. ილიჩმა კი, რომელიც სტალინის სარკაზმმა გამოაფხიზლა, ამ საკითხის ხელახალი განხილვის წინადადება შემოიტანა. სტალინს კი ჰკითხა, თუ რას აპირებდა. როგორც ყოველთვის, სტალინს ეშმაკური სვლა ჰქონდა მომზადებული და ლენინს უთხრა.
– სამხრეთში ვოროშილოვისა და ბუდიონის 60-ათასიანი ბრძოლისუნარიანი არმია დგას. პეტროგრადში უნდა გადმოვისროლოთ და იუდენიჩს ზურგიდან დავარტყათ. გვჭირდება ეშელონები მათი ტრანსპორტირებისთვის და ხუთი დღე ოპერაციის დასაწყებად.
გაქვავებული ტროცკი გამოერკვა და ნაძალადევი, უფრო შიშნარევი ირონიით თქვა:
– ხომ ვამბობ, სტალინს სამხედრო საქმეში არაფერი გაეგება. ოთხი-ხუთი დღე კი არა და სულ რაღაც ოთხ-ხუთ საათში სასტიკად შეგვიტევს იუდენიჩი და დროზე დავიხიოთ უკან, რომ ჩვენი ძალები გადავარჩინოთ.
სტალინს პასუხი არ გაუცია და ლენინს უთხრა:
– ვლადიმირ ილიჩ, იუდენიჩთან მოსალაპარაკებლად ახლავე წავალ და ვთხოვ, პეტროგრადის დასატოვებლად ხუთი დღე მოგვცეს. ის აუცილებლად დაგვთანხმდება. თან, იფიქრებს, უკან დახეულ „წითელ არმიას“ აუცილებლად გავანადგურებო. ამისთვის კი თავის მოალყე ჯარს გადააჯგუფებს. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ვოროშილოვ-ბუდიონის არმია გადაჯგუფებული, დანაწევრებული იუდენიჩის ძალებს ზურგში დასცხებს და გავიმარჯვებთ.
სტალინის წინადადება ერთხმად (გარდა ტროცკისა) მიიღეს. სტალინი იუდენიჩთან მოსალაპარაკებლად გაემართა და სამი საათის შემდეგ თანხმობა მიიღო. ამასობაში, რის ვაი-ვაგლახით მოპოვებული ეშელონები სამხრეთისკენ დაიძრნენ დამხმარე ძალების ჩამოსაყვანად და ზუსტად ერთი კვირის თავზე, იუდენიჩის არმია თითქმის სრულად განადგურდა. პეტერბურგი კი გადარჩა“.
ასეთივე ფანდი იხმარა სტალინმა იაპონიასთან, 1941 წლის ოქტომბერში, მაშინ, როცა ვერმახტის ჯარები მოსკოვს უტევდნენ და ერთი იერიში ჰქონდათ დარჩენილი, საბჭოეთის დედაქალაქის ასაღებად. უმაღლესმა მთავარსარდალმა სტალინმა მორიგი პოლიტიკური ბლეფი განახორციელა. მოსკოვის დასაცავად აუცილებელი იყო ურალსა და შორეულ აღმოსავლეთში მდგომი 30 დივიზიიდან, ოცის მაინც მოსკოვის დასაცავად გადმოსროლა. ეს დივიზიები იაპონიის სავარაუდო აგრესიის გასამკლავებლად იმყოფებოდნენ იქ. იაპონია კი ჰიტლერის მოკავშირე გახლდათ და ფიურერი დაჟინებით სთხოვდა მათ საბჭოეთზე თავდასხმას. სტალინმა ეს იცოდა, ამიტომ იაპონელ პრემიერ ტოძიოს მოსკოვში ჩამოსვლა სთხოვა „სერიოზულ საკითხზე“. პრემიერმა კი თავისი საგარეო-საქმეთა მინისტრი გაგზავნა. სტალინი აეროპორტში არავის ხვდებოდა. იაპონელ სტუმარს კი პირადად დახვდა ტრაპთან და დიდი პატივით მიიყვანა კრემლში. შემდეგ, მოლოტოვთან ერთად ესაუბრა და თავდაუსხმელობის სანაცვლოდ, კურილიის ყველა კუნძულისა და შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობას შეჰპირდა, რომელზეც იაპონიას ასწლეულების განმავლობაში ჰქონდა დადგმული თვალი. 90 წლის მოლოტოვი იხსენებდა: „იაპონელებს შევუთანხმდით, რომ შეპირებულ ტერიტორიებს ისინი 1942 წლის ბოლოსთვის მიიღებდნენ. ამას სიამოვნებით დათანხმდნენ და ხელი აიღეს ჩვენს თავდასხმებზე, რადგან ერთი გასროლის გარეშე, უსისხლოდ „მიიღებდნენ“ „აღთქმულ მიწას“. სულ მალე კი, იაპონიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა ომი და ჩვენთან საჭიდაოდ არ ეცალათ“.
სტალინმა იაპონიის მთავრობა იუდენიჩზე მწარედ მოატყუა. ბელადმა არა თუ მთელი კურილია და შორეული აღმოსავლეთის მიწები აჩუქა მტერს, არამედ, დასუსტებულ იაპონიას მთელი კურილია წაართვა, რომელსაც იაპონია დღემდე მოითხოვს.