№51 როგორ შევიდა ტყვედ ჩავარდნილი გრიგოლ ფერაძე გაზის კამერაში ებრაელი მრავალშვილიანი მამის ნაცვლად
„სიონის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში, რომელშიც ინახება ღვთისმშობლის რამდენიმე საუცხოო ხატი და საქართველოს უწმიდესი რელიკვია წმიდა ნინოს ჯვარი, იმ დღეს მორწმუნეთა სიმცირე იგრძნობოდა. თვით კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წირავდა რამდენიმე მღვდელთან ერთად. შესასვლელთან შევჩერდი – ვერაფერს ვხედავდი, თითქოს გავქვავდი. ვერც პატრიარქთან მივედი, როდესაც მორწმუნენი მიუახლოვდნენ. ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას, პატრიარქმა შემამჩნია და მომესალმა – „ქრისტე აღსდგა“. ავტომატურად ვუპასუხე, როგორც წესი იყო და თან, გამოვყევი. ახალი დღე იწყებოდა. პატრიარქის სასახლისკენ მიმავალი, აღდგომის დღეებში ყოველთვის ხალხმრავალი ქუჩა ახლა სრულიად დაცარიელებულიყო, ფანჯრის დარაბებიც მიეხურათ. ეტყობოდა, რომ ქალაქი ვერ აღიქვამდა უდიდესი დღესასწაულით მონიჭებულ სიხარულს. პატრიარქი მარტო მიდიოდა, არცერთი მღვდელი არ აცილებდა. მე შორიახლო მივყვებოდი.
ქუჩის კუთხეში ორი წითელარმიელი გამოჩნდა, ზიზღით შეხედეს პატრიარქს და გზა განაგრძეს. თუმცა ერთ-ერთი სახლის კარებთან მჯდარი ზედამხედველი მისი უწმიდესობის დანახვისას, ფეხზე წამოდგა. სასახლეში შესვლისას პატრიარქი შეჩერდა, თითქოს იგრძნო, რომ უკან მივყვებოდი. ორივე ხელი ჩამავლო და ტკივილითა და დარდით სავსე მამობრივი ხმით მითხრა: „სულიერად დაცემული ვარ. წადი აქედან, გადაარჩინე შენი ახალგაზრდობა“. (გრიგოლ ფერაძე, „გზა გამარჯვებისაკენ”). თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ფერაძე, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და მე ახლა სწორედ მის დღიურებს წარმოგიდგენთ, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ნამდვილ ცხოვრებაზე მოგიყვებით.
...მისი სახელი საბჭოთა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის აღარ დარჩა გამოცემა, მის შესახებ რომ არ მოეთხრო მკითხველისთვის. გრიგოლის პიროვნების სიდიადესა და უნიკალურობას აღიარებს ნებისმიერი – მორწმუნეცა და ათეისტიც, ქრისტიანიცა და სხვა აღმსარებლობის მიმდევარიც, ინტელექტუალიცა და უწიგნურიც (წყარო: sputnik). გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს, სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა) მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში დაიბადა. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი ვაჟა-ფშაველასთან ერთად დაუმთავრებია. დედა — მარიამ სამადაშვილი მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათი გვარი სამღვდელო ყოფილა... რომანოზი 1905 წელს გარდაიცვალა. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც მამა გრიგოლის დღიურებიდან ჩანს, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ. 1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი, სასულიერო სემინარია. სემინარიის რექტორი იმჟამად კორნელი კეკელიძე
გახლდათ. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთა შორის. სემინარიის დასრულების შემდეგ, სწავლა ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. ორ ძმასთან ერთად, გრიგოლ ფერაძე იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ, მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ გრიგოლი კახეთში, სოფელ მანავში გაგზავნა მასწავლებლად. თავისუფალ დროს გრიგოლი, უსახსრობის გამო, ერთ სომეხს ედგა მოჯამაგირედ. 1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო. იქვე მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით, მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი გადაწყდა. გრიგოლი გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტში, თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი, ბონის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ამასობაში საქართველოში კომუნისტური წყობა დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსკენ გზა დაეკეტათ. მათ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც აღარ შეეძლოთ. გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ, სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე ის მიიწვიეს ბონში, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე, ერთი წლის შემდეგ კი, ოქსფორდში შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ. უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობის გარდა, გრიგოლი აქტიურად იყო ჩაბმული სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. 1930 წლის შობის დღეებში, გრიგოლ ფერაძე მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ, გაგზავნეს პარიზში, მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც, ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე... როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, გროგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში არსებული მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მან უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება-შესწავლის საქმეში. მარტო საბერძნეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში 162 ქართული
ხელნაწერი აღმოაჩინა... ომის დროს ფაშისტები სასტიკად ექცეოდნენ ხალხს, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი – პოლონელებსა და ებრაელებს. მამა გრიგოლი ასეთ ადამიანებს იფარებდა და ეხმარებოდა. ქუჩაში მკვდრებს აპატიოსნებდა. გესტაპომ ის დააპატიმრა. სამწუხაროდ, გესტაპოს ხელში, სწორედ ფაშისტებთან სამსახურში მყოფი ქართველების უშუალო „დამსახურებით“ ჩავარდა. მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ დაიკარგა ძვირფასი ქართული ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები, პირადი დღიურები. გრიგოლს ბრალად ედებოდა დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა. გრიგოლ ფერაძე ჯერ პავიაკის ციხეში იყო, 1942 წელს კი ოსვენციმში გადაიყვანეს. მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა. ბანაკში პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე – პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იხსენებენ, გრიგოლთან ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა მიუსაჯეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, სასჯელი საკუთარ თავზე აუღია და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში. მამა გრიგოლის მოწამეობრივი აღსრულების შესახებ ერთ-ერთი და, ალბათ, ყველაზე სარწმუნო ვერსიით, ის გაზის საკანში დაიღუპა — ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად. ამის თაობაზე მიტროპოლიტ დიონისეს ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა აუწყა, რომელმაც მიტროპოლიტს მამა გრიგოლის ჯვარიც გადასცა... მეორე ინფორმაციით, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოუკლავთ გერმანელი ოფიცერი. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ, მთელი ბანაკი გამოუყვანიათ მოედანზე საშინელ ყინვაში შიშვლები და დამუქრებიან: ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელს არ ჩაგვაბარებთო. მაშინ მკვლელობა თავის თავზე აუღია გრიგოლ ფერაძეს. ის ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ, ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინ დაწვესო.
* * *
„..მხოლოდ ეკლესიის წინამძღვრობით თავის შენახვა ძნელი იყო და მამა გრიგოლიც ცდილობდა, ეპოვა ისეთი სამუშაო, რომელიც შეაძლებინებდა, სულიერი მოძღვრის საქმიანობა სამეცნიერო კვლევასთან შეეთავსებინა. პარიზის თეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობაზე ვერ იფიქრებდა, რადგან იქ ლექციებს თეოლოგიის რუსი პროფესორები კითხულობდნენ და მათთან მუშაობა რომ დაეწყო, მამა გრიგოლიც გარკვეულ იერარქიულ დაქვემდებარებაში უნდა მოქცეულიყო რუს მიტროპოლიტთან, რაც მიუღებელი იყო მისთვის... ბონში დაბრუნებაც არ ხერხდებოდა... დარჩა ერთი შესაძლებლობა – ოქსფორდი... მამა გრიგოლი მიიწვიეს ოთხი ლექციის წასაკითხად. 1932 წლის მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე ის ინგლისში იმყოფებოდა. ლექციებში მიღებული ჰონორარით, 50 გირვანქა სტერლინგით, შეძლო იქ რამდენიმე ხანს მშვიდად ცხოვრება და ბრიტანეთის მუზეუმსა და ბოდლეს ბიბლიოთეკაში მუშაობა. იქ გაიცნო სახელგანთქმული ინგლისელი მეცნიერი, პროფესორი ფ.ს. ბურლიტ-კემბრიჯი – სახარების ძველი სირიული ტექსტების გამომცემელი. ამ ხანებში პარიზის ბიბლიოთეკებსა თუ ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში მუშაობისას, გრიგოლ ფერაძემ გამოსაცემად მოამზადა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული სამეცნიერო ნაშრომი, თარგმნა პეტრეს ლიტურგიის ქართული ვერსია, დაბეჭდა ინგლისში დაცული ქართული ხელნაწერების მიმოხილვა... წლის დამლევს მიიღო ცნობა დედის გარდაცვალების შესახებ, რამაც ძლიერ შეაწუხა და ააღელვა მამა გრიგოლი. „ახლა უკვე შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, – წერდა ის, – რომ ბოლო ფიზიკური ძაფი (რადგან სულიერად და კულტურულად სამშობლოსთან ყოველთვის ძალზე მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული) გაწყდა ჩემსა და სამშობლოს შორის … მისი გარდაცვალების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვიღებდი. ოფიციალური განცხადების თანახმად, დედა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ჩემი ძმა კი მწერდა, რომ დეკემბერში დედამ მთელი ღამე პურის რიგში გაატარა, დილით კი უგონოდ მყოფი უცხო ადამიანებმა მიიყვანეს და მალე კიდეც გარდაიცვალა... შენახული მაქვს დედაჩემის ყველა წერილი და მსურს, აღვწერო მისი ცხოვრება, როგორც კი საამისო დრო და სიმშვიდე მომეცემა“.
ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ, ვინც თვითონ თანამშრომლობდა გერმანელ ფაშისტებთან, ნებსით თუ უნებლიეთ, სცადა ჩრდილი მიეყენებინა გრიგოლ ფერაძის წმიდა სახელისთვის და სამშობლოს მოღალატედ, „სუკის“ აგენტად წარმოედგინა. ვითომცდა მაკომპრომეტირებელი მასალები კი, სინამდვილეში, მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდებს ემყარება და სერიოზული განხილვის საგნად არც მიიჩნევა. გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრული თავისთავად ღაღადებს, თუ ვის მხარესაა სიმართლე.