№51 შოთას მიერ გაფრთხილებულები
ანუ „ავსა კარგად ვერვინ აქცევს“
ამ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში გასულ კვირას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართულა სახელწოდებით: „ირანი და ჩრდილოეთ კავკასია: ისტორია და თანამშრომლობის პერსპექტივები“. ჰოდა, „ოსეტია ნიუსის“ ცნობით, რფ-ში ირანის ელჩს განუცხადებია, რომ ირანი „იუჟნაია ოსეტიასთან“ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითაა დაინტერესებული (აბა, მეტი არავის უნდა გაღრმავება).
მეტიც, ირანის ელჩს ისიც კი უბრძანებია (ოსური წყაროს ცნობით): „რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა დამოუკიდებელია და თავად იღებს სასურველ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ირანი, როგორც რეგიონის მსხვილი სახელმწიფო, საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების წინააღმდეგია. ჩვენი რეგიონიდან
არცერთი ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს „ნატოში“. მიმოვიხედოთ ირგვლივ, ახლო აღმოსავლეთში „ნატოს“ ყოფნას სიკეთე არ მოუტანია.“
მართალია, საქართველოში ირანის ელჩმა იუარა, რომ ჩემს კოლეგას რფ-ში მსგავსი არაფერი უთქვამსო, თუმცა, თუ რფ-ირანის მჭიდრო ურთიერთობას გავიხსენებთ და ერთმანეთთან გახშირებულ მიმოსვლასაც (უკვე თურქეთის მონაწილეობით), არც ისაა გამორიცხული, გულში ასეც ფიქრობდნენ.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ამ სამთა (რფ-ირანი-თურქეთი) კავშირი მთლად სიკეთესაც არ უნდა მოასწავებდეს ჩვენთვის (ცხადია, სანამ ერთმანეთს დარევიან), იმის პარალელურად, რომ არცერთს არ ეპიტნავება „ნატო“ (და მერე რა, რომ, სახელდობრ, თურქეთი ჯერჯერობით კვლავაც „ნატოს“ წევრია).
აქედან გამომდინარე კი, კარგად უნდა დავიხსომოთ ჩვენი შოთას შეგონება: „ავსა კარგად ვერვინ აქცევს, თავსა ახლად ვერვინ იშობს“! –