კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ ადასტურებს წმიდა მიწაზე აღმოჩენილი უნიკალური ქართული წარწერა ქართველების დიდ გავლენას და როგორ მონათლა იერუსალიმის პატრიარქმა, 7-წლიანი ტყვეობის შემდეგ, ლაშა ჟვანიას შვილები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ქალაქ აშდოდში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მეხუთე საუკუნის მონასტრის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის აშენება ქართული ქორონიკონით თარიღდება – ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ  ამცნო. მისივე თქმით, ეს წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიან თემს წარმოადგენდნენ.
ლაშა ჟვანია: ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ, როდესაც 20 წლის წინ, იერუსალიმში ერთ-ერთ ტაძარზე მოზაიკა იპოვეს, მეცნიერები თარიღს ვერ ადგენდნენ. პირველი იერუსალიმელი პროფესორი  ლეა დისეგი იყო, რომელმაც ქართული ქორონიკონი მიუყენა, რითაც ყველაფერი ნათელი გახდა. გაირკვა, რომ ისრაელში ქართული კოლონია, ქართული თემი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ტაძრის აშენებისას, თუნდაც ქართველებს სულაც არ აეშენებინათ, ქართულ ქორონიკონს იყენებდნენ, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ქართული ეკლესიის წიაღშია. წარწერა უნიკალურია იმით, რომ ქართული ქორონიკონით არის დათარიღებული და მეხუთე საუკუნეს განეკუთნება.  ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, იქ ქართველები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილნი... ისტორიულად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პეტრე იბერი მაიუმის, ახლანდელი ღაზას, ეპისკოპოსი გახლდათ და როგორც იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლანდელ ღაზას სექტორში, ეკლესია-მონასტრებს აშენებდა... აშდოდი 70 კილომეტრითაა იერუსალიმიდან დაშორებული, ხოლო პეტრე იბერის ადგილსამყოფელი 40-50 კილომეტრშია... ამიტომ, თუ არ იყო გავლენიანი და ძლიერი თემი, შეუძლებელია, ქართული ქორონიკონით თარიღდებოდეს ესა თუ ის ბიზანტიური ძეგლი. ასე რომ, ქართული თემი იყო, არა მხოლოდ იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზეც. მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ იქ და  შეიძლება, კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდეს, მაგალითად, ის რომ ძეგლი მთლიანად ქართველების აშენებული იყოს. არ არის გამორიცხული, პირველ სართულზე ეკლესიაც აღმოჩნდეს. ეს აღმოჩენა კი იმასაც შეუწყობს ხელს, რომ საქართველოში ისრაელიდან ბევრი ხალხი ჩამოვა. ჩვენ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდება, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს კულტურული ტურიზმით დაინტერესებულებში.
– ეს არ არის ერთადერთი აღმოჩენა იერუსალიმში, ქართული კვალის არსებობის შესახებ.
– იერუსალიმიდან (ძველი ქალაქიდან) რამდენიმე კილომეტრში, 2003 წელს, მეცნიერებმა გათხრებისას ბიზანტიური მონასტრის კვალს მიაგნეს და ზუსტად მოზაიკის ქვეშ, ქართული მონასტერი აღმოჩნდა. კრიპტში 9 საფლავი იყო და ერთ-ერთ საპატიო საფლავს მეხუთე საუკუნის ქართული წარწერა ჰქონდა: „ესე საფლავი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა“. ფურტავი ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც არც საქართველოშია ცნობილი, არც – წმიდა მიწაზე. ფაქტი ის არის, რომ ეპისკოპოსი იყო ქართველი და წმიდა მიწასაა მიბარებული. რაც შეეხება  ახალ აღმოჩენას, ის, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ქართველების მოღვაწეობის ძლიერი არგუმენტი იყოს.  ამ ფაქტით აღფრთოვანებულები არიან ისრაელელი მეცნიერებიც, რომლებიც გათხრებზე მუშაობენ. კერძოდ, ისრაელის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი აღტაცებით საუბრობს ქართველების იმ გავლენაზე, რაც მათ წმიდა მიწაზე ჰქონდათ.
– ამ სასიხარულო აღმოჩენის გარდა, თქვენი ცხოვრების შესახებაც ვისაუბროთ. დღეს პატრიარქთან ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ. როგორი იყო პირველი შეხვედრა?
– უწმიდესისთვის ყველა ადამიანი მისაღებია, ყველა უყვარს და ყველას თბილად ეპყრობა, განურჩევლად წარმომავლობისა, რელიგიისა, შინაგანი მრწამსისა. ყველას სიხარული უხარია და ყველას მწუხარება სწყინს. დიდი ბავშვია, მაგრამ იმავდროულად, საოცრად პრინციპული, ზოგჯერ ჯიუტიც (იცინის). ეს მაშინ, როდესაც საქმე მის ჯანმრთელობას, მკურნალობას, ექიმთან წასვლას ეხება. თუნდაც ათი წლის წინაც კი, მეც გამიბედავს და მითქვამს მისთვის, თქვენ მხოლოდ თქვენს თავს არ ეკუთვნით, უნდა გაგვიფრთხილდეთ და ეს ჩვენთვის უნდა გააკეთოთ-მეთქი. როცა ასეთი ფრაზა ესმის, ყველაზე მეტად ეს მოქმედებს. ამ დროს კიდევ უფრო აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის, ეკლესიის წინაშე აკისრია და ეს არც არასდროს დავიწყებია. რაც შეეხება მასთან პირველ შეხვედრას: 1981 წლის იანვარი იყო, ძველით ახალი წლის დღეები. ბებია გარდაიცვალა და მოსანათლად სიონში წამიყვანეს. ზამთარში ხომ ადრე ღამდება და როცა გამოვედით, გარეთ უკვე ბნელოდა. ეზოში ნათურის შუქზე, ჩემმა ნათლიამ პატრიარქი დაინახა და მასთან მიმიყვანა. მახსოვს, „კარაკულით“ გაწყობილი პალტო ეცვა, თბილად ჩამიკრა – დიდხანს. მაკოცა და დამლოცა. ეს იყო მასთან პირველი შეხვედრა. მერე უკვე, 1989 წელს გრიგოლ ჩიგოგიძემ, რომელიც „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი იყო, შობა დღეს რამდენიმე ბავშვი მიგვიყვანა მის უწმიდესობასთან. ოთახიდან ბოლოს გამოვედი და, როდესაც გამოსვლისას შევბრუნდი, რომ დავმშვიდობებოდი, დავინახე, უწმიდესი იდგა და ჯვარს გვსახავდა. ასევე, მახსოვს, ბავშვებს, რომლებიც იმ დროს სიონში დავდიოდით, უწმიდესი სულ გვაკვირდებოდა – ლოცვის დროს, ამბიონზე, ქადაგებისას. გავხედავდი და – გვიყურებდა. ბოლოს საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ მეჩვენებოდა. მაგრამ, 1993 წელს ორმა მონაზონმა და უწმიდესის ექიმმა, მედეა მახარაძემ, რომელიც დღეს მონაზონია, მოინდომეს წმიდა მიწაზე წასვლა. უწმიდესთან მივიდნენ და  უთხრეს თავიანთი სურვილის შესახებ. პატრიარქს მათთვის ასე უთქვამს: წადით, ოღონდ, ჩვენთან დადის ერთი ბიჭი, რომელიც ისრაელს კარგად იცნობს, ლაშა ჰქვია, მაგრამ დღეს წირვაზე არ ყოფილა, გუშინ იყო ლოცვაზე და მოძებნეთო. წავედით და ისრაელში სამი კვირა დავრჩით. იმ პერიოდიდან იწყება ჩემი ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსთან, პატრიარქ დიოდოროსთან, რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა. მანამდე ბევრჯერ ვიყავი წმიდა მიწაზე ნათესავებთან, სამ-სამი თვე ვრჩებოდი დედასთან ერთად, მაგრამ ეს უკვე პილიგრიმობა იყო. თან, პატრიარქის კურთხევით. ფაქტობრივად, იერუსალიმის საპატრიარქოს დღევანდელ მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, არქიმანდრიტებთან ერთად გავიზარდე.
– თქვენი შვილების ნათლიაა იერუსალიმის პატრიარქი, ირინეოსი, რომელიც შვიდწლიან ტყვეობაში ჰყავდათ.
– პატრიარქი ირინეოსი 2000 წლის 20 დეკემბერს პატრიარქ დიოდოროსის დაკრძალვაზე გავიცანი. ის უკანონოდ გადააყენეს და ჩაკეტეს თავისსავე სენაკში. დაახლოებით, 20 მეტრის პერიმეტრში სამი გისოსი დაუყენეს და 7 წლის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი. ეს ხდება მაცხოვრის საფლავიდან 100 მეტრში, მაცხოვრის დილეგიდან კი – დაახლოებით 800 მეტრში. 2008 წლიდან მოყოლებული, მას მზის შუქი არ უნახავს. მასთან სანახავად კი არა, საჭმლის მისატანადაც არავის უშვებდნენ, მხოლოდ ერთი არაბი კაცი აწვდიდა მუდმივად საკვებს. პატრიარქ ირინეოსს განუვითარდა პერიტონიტი, რადგან მასთან კბილის ექიმსაც არ უშვებდნენ და, როდესაც კბილი სტკიოდა, თოკს აბამდა კარზე და ისე იღებდა. საზოგადოებაში ერთი ამბავი ატყდა, გავრცელდა ინფორმაცია და ხალხმა პატრიარქ ბართლომეოსის უხამსი სიტყვებით მოხსენიება დაიწყო. ამის მერე შედგა სატელეფონო საუბარი მასა და იერუსალიმის უკანონოდ არჩეულ პატრიარქს შორის. გახსნეს გისოსები და  გონებადაკარგული პატრიარქი საავადმყოფოში წაიყვანეს. მღვდელმთავრები რეანიმაციაში მიდიოდნენ და პოზიორობდნენ პატრიარქის თითქმის ნეშტად ქცეულ სხეულთან, რომელიც აპარატზე იყო შეერთებული. მაგრამ, პატრიარქი 5 დღეში სასწაულებრივად გადარჩა და სიტუაცია შეიცვალა. დღეს პატრიარქი თავის სენაკში ცხოვრობს, თუმცა, გისოსები აღარ არის. ბევრს არ საუბრობს. პერიტონიტმაც იმოქმედა მის გონებასა და სამეტყველო აპარატზე და ისე გამართულად ვეღარ ლაპარაკობს. ყოველთვის გამორჩეული იყო როგორც თბილი, ადამიანური და გულიანი პიროვნება. 2006 წელს მოვნათლე ჩემი შვილები და პატრიარქი ირინეოსი ორივეს ნათლია გახდა. ჩემს ბიჭს მის პატივსაცემად, ნათლობის სახელი – ირინეოსი დავარქვით. მან თავად გაუკეთა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილიანი ჯვარი და ირინეოსი დაარქვა.
– ისრაელში ნათესავები გყავთ, მათ შორის, ბაბუა. როგორ გახსენდებათ მასთან პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები?
– პირველად ისრაელში 1988 წელს ჩავედი და დამხვდა ბრიჯიანი, შორტიანი კაცი, რომელმაც ჩემზე და დედაზე შოკი მოახდინა (იცინის). ბაბუას მანამდე ნანახი არ ვყავდი. დედაჩემის მამა ტრადიციული რელიგიის მიმდევარი იყო. ის და ნათესავების უმეტესობა, ისრაელში მაშინ წავიდნენ, როცა მე დაბადებულიც არ ვიყავი – 70-იან წლებში, იმ იმედით, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს შენებაში თვითონაც შეიტანდნენ თავიანთ წვლილს და ასეც მოხდა.
– თქვენი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების ნაწილი იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობები, ისრაელისა და კვიპროსის ელჩიც იყავით.
– არ დავმალავ, რომ ელჩობა ყოველთვის მინდოდა და 2005 წელს, 31 წლის ასაკში, გავხდი ელჩი ისრაელსა და კვიპროსში. ისეთი ქვეყანა ავირჩიე, რომელსაც ვიცნობდი. კვიპროსი კი იმიტომ შევარჩიე, რომ 2000 წელს მისი უწმიდესობა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იქ. მაშინ ისრაელის საელჩოში პირველ მდივნად ვმუშაობდი. უწმიდესმა ჩემი კვიპროსში ჩასვლა მოითხოვა და მასთან ერთად, ხუთი დღე დავყავი იქ. იმ პერიოდში კვიპროსში საელჩო არ იყო. სადაც მივდიოდით, პატრიარქი ყველასთან ელჩის სტატუსით წარმადგენდა და მე ეს ვიუხერხულე, სხვა ელჩებმა არ გაიგონ-მეთქი. გაეცინა, შენ ჩვენთვის ელჩი ხარო. ხუთ წელიწადში კვიპროსში მართლაც ელჩად დავინიშნე. იმ პერიოდში ბევრი სიკეთის გაკეთების საშუალება მომეცა ქვეყნისთვის და ეს მიხარია.
скачать dle 11.3