კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რაზე ვერ თანხმდებოდნენ ვერასდროს გელა და ირაკლი ჩარკვიანები, როგორია ნანა ჩარკვიანის ამბოხი და რა დამოკიდებულება აქვს გელას ქეთათოს ახალ პარტნიორთან

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. „სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, ენა რომ დაება. არ გვესიამოვნა, თუმცა თავი დავიწყნარეთ, გაუვლისო. პირიქით ხდებოდა, სულ უფრო და უფრო ებმოდა ენა და საქმე იქამდე მივიდა, ხუთი წლის ასაკში უბრალო ფრაზის თქმასაც კი რამდენიმე წუთს ანდომებდა. თვითონ მაინცდამაინც არ განიცდიდა, ნანა ჩუმად ტიროდა, მე კი, ჩემდა სასირცხვილოდ, პატარა ირაკლისთან საუბარს გავურბოდი. მეშინოდა, ნერვები არ მომშლოდა და მისთვის რამე უხეშად არ მეთქვა. მოვიარეთ ლოგოპედები, წავიკითხეთ აუარებელი სამეცნიერო ნაშრომი, საქმე კი წინ არ მიდიოდა“, – ეს ნაწყვეტია გელა ჩარკვიანის წიგნიდან „ნაგერალა“.
გელა ჩარკვიანი:
ერთ დღეს ნანამ გვერდით ოთახში გამიხმო და დაბალ ხმაზე, მორცხვად წამოიწყო: „ვიცი, შენ ახლა ყვირილს დაიწყებ, მეტყვი, რომ იდიოტი ვარ, რომ რაღაც ზღაპრების მჯერა, მაგრამ ხომ ნახე, არაფერი გამოდის. იქნებ მაინც ვცადოთ, გახსოვს, ერთხელ რომ გითხარი, ექსტრასენსია-მეთქი, გოგი კენჭაძე“. ამის გაგონებაზე ავფეთქდი. „შენ რომ სულელი ხარ, ამას დიდი ხანია, შევეგუე, მაგრამ მე რომ სულელი გგონივარ, ეს უკვე მეტისმეტია. რის ექსტრასენსი, რა ექსტრასენსი. აზრზე მოდი, რას მთავაზობ, მე რომ ბავშვი „ჯადოქართან“ წავიყვანო სამკურნალოდ? შენ მალე მარჩიელთანაც გამიშვებ ირაკლის მომავლის გასარკვევად“. ამ თემაზე ნანას აღარასდროს უთქვამს რაიმე, ირაკლი კი მალე სკოლაში უნდა წასულიყო და გამართულად წინადადების წარმოთქმას მხოლოდ სიმღერისას ახერხებდა. ერთხელ ჩაფიქრებული ნანა რომ დავინახე, სიცილით ვუთხარი: ვიცი, რაზეც ფიქრობ-მეთქი. აბა, რაზეო, შემეკითხა. „ექსტრასენსზე“. ეს ვთქვი, მოვკიდე ხელი ირაკლის, ქუჩაში გავიყვანე, პირველივე კერძო მანქანა გავაჩერე და დიღომში, გოგი კენჭაძესთან გავაქანე. მისამართი, ფასი და სხვა დეტალები წინა დღით მქონდა დადგენილი. ადგილზე ის სურათი დამხვდა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა – სასწაულმოქმედის მნახველთა რიგი ბოლო ქუჩაში გამოდიოდა. ერთადერთი, რაზედაც ახლა ვოცნებობდი, ის იყო, ნაცნობს არავის დავენახე. უცხო ხალხი ჯერ ვერ მცნობდა, ჩემს სატელევიზიო დებიუტამდე კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა. ბოლოს რიგმა მოგვიწია და დავრჩით „ჯადოქართან“ პირისპირ. „რა იყო, ენა გებმება?“ – შეეკითხა გოგი კენჭაძე ირაკლის (ან კი საიდან იცოდა) და საუბარი ჩემთან გააგრძელა. ვიგრძენი, რომ ფსიქოტრონიკისა და სხვა კვაზი-მეცნიერული ტერმინების გამოყენებით სურდა, გაეფანტა ჩემი სკეფსისი. მერე საქმეზე გადავიდა, რამდენჯერმე ხელი დაადო თავზე ირაკლის და მირჩია, შემეძინა მეტრონომი, რომელიც ნელ ტემპში მთელი დღის განმავლობაში ჩართული უნდა გვქონოდა ბავშვის ოთახში. მასთან კიდევ ხუთჯერ უნდა მივსულიყავით. აღარ მახსოვს, რამდენი გადავუხადე. ის კი მახსოვს, რომ ჩქარი ნაბიჯით გავედით ქუჩაში, ვინმეს რომ არ დავენახეთ და მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, ტაქსიში რომ ჩავჯექით. „მამა, მეტრონომი რა არის?“ – შემეკითხა ირაკლი. „ხელსაწყოა. მუსიკოსები იყენებენ, ტემპი რომ შეინარჩუნონ“. „მერე მე ხომ მუსიკოსი არა ვარ. რაში მჭირდება მეტრონომი?“. ისე სთქვა, ერთგან არ წაუბორძიკებია. გაოგნებული ვუყურებდი. „მგონი, მართლა აღარ გჭირდება“ – ჩავილაპარაკე ჩემთვის. მეტრონომი მაინც შევიძინეთ, კენჭაძესთანაც ხუთჯერ მივედით. ირაკლის კი მას შემდეგ სერიოზული პრობლემა აღარასდროს ჰქონია. ძალიან იშვიათად თუ ოდნავ შეფერხდებოდა. მუდამ ტელეეკრანზე იყო, რადიოში გადაცემა მიჰყავდა, ინტერვიუებს აძლევდა, სიტყვით გამოდიოდა. ველოდი, რომ ნანა როდისმე მაინც ისარგებლებდა ჩემი მარცხით. „ბოლოს ხომ გაირკვა, ვინ ყოფილა იდიოტი“ ან რაღაც ამდაგვარს მეტყოდა, მაგრამ დამინდო. თავად მე კი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში მეტისმეტად კატეგორიულ, შეუვალ პოზიციაზე ხისტად დგომას უნდა ერიდო (იცინის).
– ირაკლისა და უმცროსი ნანას ბავშვობა ჰგაქვს რამით ერთმანეთს?
– ირაკლისა და ნანას სხვადასხვა ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება. ირაკლის ქცევა მაშინდელი ხელისუფლებისთვის მთლად მისაღები არ იყო. ნანას ეპოქაში, პრაქტიკულად, ყველაფერი მისაღებია. ეს გოგოა და ის – ბიჭი. ამიტომ, ირაკლისგან განსხვავებით,  ნანა საჩხუბრად არ დადის (იცინის). ირაკლი ამით სერიოზულ პრობლემებს გვიქმინიდა. ერთი-ორჯერ მე და დედამისმა ცოცხალ-მკვდარი მოვიყვანეთ სახლში. შეიძლება, თვითონაც იწვევდა სხვას საჩხუბრად, ზოგჯერ შურიც იყო ამის მიზეზი, რადგან ირაკლი ბევრ გოგოს მოსწონდა. გარდა ამისა, თვითონაც მოიტაცა გოგო და გეგასაც მოატაცებინა. საერთოდ, ამ საქმეში იყო ჩართული. საბედნიეროდ, ნანა არავის იტაცებს (იცინის). რაც შეეხება ხასიათს, ვერ გეტყვით, რომ ნანა მაინცდამაინც ირაკლის ჰგავს. მე რომ მკითხო, უფრო ბებიას – დიდ ნანას.
– პროფესიული ინტერესები უკვე გამოეკვეთა?
– მსახიობობა უნდა, მაგრამ სინამდვილეში, რას იზამს, ვერ გეტყვით. ჩემი შვილები და შვილიშვილები აზროვნებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ზოგი მათემატიკურია, ზოგი – ნაკლებად. ნანა არ არის ძალიან მათემატიკური ტიპის ბავშვი, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით წავიდეს. მისი რესურსი უფრო მისი შარმია. კარგი გარეგნობა აქვს და მიმზიდველია, რაც ასევე დიდი რესურსია. ის შეგიძლია, მსახიობობაშიც გამოიყენო და ბევრ სხვა პროფესიაშიც.
– მეამბოხეობა როდის დაიწყო?
– ეს, ეგრეთ წოდებული, „თინების“ ასაკს უკავშირდება. ირაკლის პირველი ამბოხი მშობლებისკენ იყო მომართული. ეზოში შემოვედი და ვხედავ, ირაკლის სამგზავრო ჩანთით. ვეკითხები, რას შვრები-მეთქი. ბაკურიანში მივდივარო, მიპასუხა. მაშინ 13 წლის იყო. როგორ თუ ბაკურიანში მიდიხარ-მეთქი და ჰო, მივდივარ, რა მოხდაო. აქ ვიგრძენი პირველი დაპირისპირება. მან იცოდა, რომ მისი ბაკურიანში მარტო წასვლა 13 წლის ასაკში, ჩვენთვის მისაღები, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. თუ გინდა, გაიგო, არის თუ არა ამბოხი დაწყებული, ბავშვს უნდა შესთავაზო რაღაც ისეთი, რაც ძალიან უყვარს. თუ უარი გითხრა, ესე იგი, პროცესი დაწყებულია. ის უკვე შენს წინააღმდეგაა და შენგან აღარაფერს იღებს. ნანაც ასეა, ირაკლისგან განსხვავებით, ნაკლები აგრესიით გამოხატული, მაგრამ ამბოხი მასშიც არის. მე თავად ვარ „გაეროს” კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხში და ერთ-ერთი ჩემი საკითხი გენდერული თანასწორობაა. წესით, ამას უნდა „ვაწვებოდე“, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც ვამბობ, რომ გოგონები და ბიჭები აღზრდის თვალსაზრისით, ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რა ვქნა, ჩემს პრაქტიკაში ეგრეა. ნანა ლონდონში გაიზარდა და იქ განსაკუთრებული  პრობლემები არ გვქონია. მაგრამ, აი, უკვე აქ, 13 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ ჩემგან რაღაც ნაკლებად უნდა. მე და ნანა ძალიან დაგვაკავშირა მედიამ და მისთვის, როგორც უკვე დიდი გოგოსთვის, შეიძლება, ესეც არასასურველია. უკვე უფროსობა უნდა და ამ დროს, შვილიშვილობა პატარაობას ნიშნავს. ამიტომ, მეც აღარ ვცდილობ, რომ მასთან ერთად, ბაბუა-შვილიშვილის როლში ხშირად გამოვჩნდე.
– სინამდვილეში, უფრო მეტი გაკავშირებთ. წლების განმავლობაში ერთად იყავით უცხოეთში და მშობლის ფუნქცია გქონდათ.
– რასაკვირველია, მაგრამ მერე, ეგეც აღარ უნდათ. ბაბუა კიდევ უარესია ამ თვალსაზრისით (იცინის). მამა კიდევ გასაგებია. ეს, ასე, პირდაპირ კი არ ჩანს, მაგრამ ასეა. ნანა უკვე დიდი გოგოა და ჩვენ ვეღარ განვსაზღვრავთ მის დღის წესრიგს. სწავლით სწავლობს, მაგრამ იმის მიღმა, ვისთან როგორი ურთიერთობა აქვს, ჩემი საქმე არ არის. ჩემი შვილების საქმეშიც არასდროს ჩავრეულვარ.
– თუმცა, ნანას ასაკში უფრო მეტი სირთულეები იწყება მშობლებისთვის თუ ბებია-ბაბუებისთვის.
– მართალია, მეც გაცილებით მეტი განცდა მაქვს. როცა ნანა ლონდონში იყო, მაშინაც განვიცდიდი, რადგან დიდი ქალაქი მაინც საშიშია ბავშვებისთვის. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემგან ათი მეტრის მოშორებით გამეშვა (იცინის). იქ რომ ქრები, ქრები და მორჩა. სამწუხაროდ, ასე ხდება ბავშვებთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევები ვიცოდი და ამიტომ, შიში სულ მქონდა. ერთხელ, ოფიციალურ მიღებაზე ვიყავი, სადაც ოჯახთან ერთად შეიძლებოდა მისვლა. მე და დიდი ნანა წავედით და ნანაც წავიყვანეთ. რამდენიმე ქართველი ემიგრანტიც ვნახეთ იქ. ერთ მომენტში უცებ ნანა გაქრა. ასე თავზარდაცემული არასდროს ვყოფილვარ. მეგონა, ყველაფერი გათავდა და ბავშვს ვეღარ ვიპოვიდი. შიშიც აღარ ერქვა იმ გრძნობას. მერე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ქართველ ქალბატონს ტუალეტში წაუყვანია, რაც თვითონ ნანას უთხოვია (იცინის). მაგრამ, მე ჩემი დამემართა. ამგვარი განცდები არასდროს მთავრდება. ახლა იმის აღარ მეშინია, რომ ვიღაც ხელს მოჰკიდებს და სადღაც წაიყვანს, მაგრამ განცდები არ მთავრდება. ადამიანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი სიყვარულია. თუ არავინ გიყვარს, ჩიტივით თავისუფალი ხარ. როცა გიყვარს, მაშინ სულ განცდასა და შიშში ხარ.
– პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება?
– ზოგჯერ შევუფუცხუბენ ხოლმე ნანას, მაგალითად, გვიან თუ მოვა. თუმცა, გვიან მოსვლა შეუძლია, მაგრამ თუ ტელეფონი არ აიღო, მაშინ... ტექნოლოგიებმა ყველაფერი შეცვალა. ერთი მხრივ კარგია, რომ კონტაქტის საშუალება გაქვს, მაგრამ თუ არ გიპასუხა, მერე სულ სხვანაირად იწყებ ფიქრს. ჩხუბი მხოლოდ ამაზე გვაქვს. სხვათა შორის, ირაკლისთანაც გვიან მოსვლა იყო პრობლემა. თუმცა, ამის გამო უფრო ჩემი  ცოლი – ნანა ჩხუბობდა. ხომ იცით, ქალების ამბავი, ბიჭ შვილებზე გიჟდებიან. მუდმივად ამოწმებდა, ყველგან და ყოველთვის. ის კი არა, ირაკლი უკვე მოსკოვში იყო, იქ დააგვიანდა სადღაც მისვლა და ნანა თბილისიდან ეძებდა. რა დააძინებდა, სანამ არ იპოვიდა. ლონდონში, ოქსფორდის უნივერსიტეტში პოეზიის კურსებზე იყო ირაკლი ერთ დროს და ნანა იქაც ეძებდა – როცა იქ არ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. მერე, ირაკლის გარდაცვალებამ ნანაც მოკლა. მისი წასვლის შემდეგ, ამქვეყნად აღარაფერი უნდოდა.
– თქვენ შედარებით ლიბერალი ჩანხართ. თუმცა, ალბათ, თქვენც გაბრაზებდათ რაღაც.
– პოლიტიკური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მე ზომიერი ლიბერალი ვარ. ირაკლის ყველაზე ეპატაჟური და შოკისმომგვრელი ნაწარმოები იყო „შენ აფრენ“. მოგეხსენებათ, ერთი ამბავი ატყდა და ეს სიმღერა კინაღამ პარლამენტში გაარჩიეს, როგორც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი – ირაკლისაც ქვეყნისათვის საშიშ პიროვნებად განიხილავდნენ. მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს სიმღერა კონსერვატული ჭაობის გარღვევა იყო, მაგრამ რომ არა ზურაბ ჟვანია, ალბათ, მართლა პარლამენტი გაარჩევდა. როცა მეფე დაირქვა, ვუთხარი: „რა არის მეფე?“  კი, ბაბუამისი იყო მეფე, ქვეყნის პირველი პირი, მაგრამ შენ რად გინდა-მეთქი?!. გარდა ამისა, სულ ვკამათობდით მისი ცხოვრების წესზე. ირაკლი მიიჩნევდა, რომ ხელოვანის შემოქმედების პროდუქტი მარტო მისი ხელოვნება კი არა, მისი ცხოვრების წესიცაა. ეს შემთხვევითი არაა და მსგავსი მაგალითები ისტორიაში არსებობს. მასშტაბებს კი არ ვადარებ, მაგრამ მან იცოდა, რომ დავუშვათ, სალვადორ დალი ცხოვრებაშიც ისეთი იყო, როგორიც საკუთარ ხელოვნებაში და ირაკლიც ასე მიიჩნევდა. თან, ის თავისუფალი მედიის პირობებში ცხოვრობდა. მაგალითად, ერთხელ ლოგინში დაწოლილმა მისცა ინტერვიუ. ასეთი ცხოვრება მისი შემოქმედების ნაწილად მიაჩნდა. ამაზე სულ ჩხუბი გვქონდა, ვის აინტერესებს შენი ცხოვრება?! რასაც ქმნი, პროდუქტი ისაა და არა შენი საქციელი-მეთქი, მაგრამ ის არ მეთანხმებოდა. ეტყობა, არც ცდებოდა. ბოლოს ის აღმოჩნდა მართალი და ამას ვაღიარებ – მის შემოქმედებას მისი ექსცენტრიკულობაც ავსებდა.
– ქეთათოსთან დღემდე მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებთ. როგორია თქვენი დამოკიდებულება, როცა მისი პირადი ცხოვრების შესახებ სიახლეებს განიხილავენ, თუნდაც დღეს?
– მე მხოლოდ მივესალმები ქეთათოს ახალ ურთიერთობებს. ძალიან ახალგაზრდა ქალია, ირაკლიზე გაცილებით უმცროსი იყო, როდესაც  ერთად იყვნენ. ახლა მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და ძალიან ნორმალურად ვუყურებ მის ახალ ურთიერთობებს. ვიცნობ მის ახალ პარტნიორსაც, ძალიან კარგი ბიჭია. ჩვენთანაც ხშირად მოდის ხოლმე. ირაკლის დაბადების დღეზეც აქ იყვნენ. მიმაჩნია, რომ ასეც დარჩება, რადგან ყველაფერთან ერთად ქეთათო ნანას დედაა.
– დაბადების დღით დავიწყეთ და ამითვე დავასრულოთ. რა ემოციებს უკავშირდება ეს დღე თქვენთვის?
– ჩემთვის ორი ირაკლი არსებობს. ერთი პატარა, რომელიც ხელით დამყავდა და მეცოდება, რომ ის ბავშვი აღარ არის. ირაკლი რომ გარდაიცვალა, იმ ბავშვის სიკვდილი უფრო განვიცადე, ვიდრე დიდი ირაკლისა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შექმნა და ქართულ კულტურაში თავის კვალი დატოვა. შესაბამისად, დაბადების დღეზე ჩემი ემოციები გაორმაგებულია. მე უფრო პატარა ირაკლისთან მიჭირს გამოთხოვება, თორემ დიდ ირაკლის არ ეშინოდა სიკვდილის. არ ცხოვრობენ დიდხანს ასეთი ადამიანები და არც უნდა ცოცხლობდნენ. ბებერი ირაკლი ჩარკვიანი ძალიან უცნაური სანახავი იქნებოდა. მაგრამ, იმ პატარა ირაკლის შეეძლო, დიდხანს ეცოცხლა, თუმცა ამ გზით არ წავიდა, რადგან იმ პატარა ბიჭში დიდი პოტენციალი იდო.
скачать dle 11.3