№50 რა „ჯადო“ გაუკეთა მომავალმა მეუღლემ ბაკო ალანიას და რატომ დაბრუნდნენ ისინი თაფლობის თვიდან გადარეულები
ნიჭიერი მომღერალი ბაკო ალანია საზოგადოებამ „ახალი ხმიდან“ გაიცნო. მან თავისი სიმღერითა და გარეგნობით მალევე დაიპყრო მაყურებელთა გულები. ამჟამად ბაკო, ბენდთან ერთად, კლუბში და სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე მღერის. ის ცოტა ხნის წინ გათხოვდა და თავისი ცხოვრება გიგი ქოპილაშვილს დაუკავშირა. ჯვარი ალავერდში დაიწერეს და ხელიც ყვარელში, ძალიან ლამაზ ადგილას მოაწერეს. ვულოცავ შეყვარებულ წყვილს ოჯახის შექმნას და ბედნიერ თანაცხოვრებას ვუსურვებ!
ბაკო ალანია: ერთმანეთი დაახლოებით 5 წლის წინ გავიცანით. მორაგბეა და ერთ-ერთი ისტორიული, ძალიან წარმატებული გუნდის, „აკადემიის“ მწვრთნელია. გიგი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ამ გუნდში, უცხოეთში, სხვადასხვა გუნდშიც უწევდა თამაში, მაგრამ ყოველთვის „აკადემიას“ უბრუნდებოდა და დღეს, იქ მუშაობს. ერთმანეთი გონიოში, მეგობართა წრეში გავიცანით. როგორც აღმოჩნდა, მაშინვე დამადგა თვალი. მისი მხრიდან რამდენიმეწლიანი წვალების შემდეგ, მეც დავინახე გიგი და მივხვდი, ისეთი ბიჭია, რომლისნაირებიც დღეს ცოტანი არიან. ამაზე ჩემი მეგობრებიც დამეთანხმნენ, რომლებიც ყოველთვის უფრო აღმატებულად მაფასებდნენ, ვიდრე რეალურად ვარ. ასეთი ადამიანების მოწონებაც რომ დაიმსახურა გიგიმ, მივხვდი, სწორი არჩევანი გავაკეთე. დღეს გიგი ჩემი მეგობრების მეგობარიცაა, თან, იმ დოზით, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილის ნათლიაა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ცოტათი მწყინს. ვერ მიპატიებია მათთვის, მაგრამ რას ვიზამ.
– თავიდან რატომ არ აქცევდი ყურადღებას?
– ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და შეყვარებულობანას თამაში ჩემთვის უინტერესო იყო. თან, 25 წლის ასაკში გათხოვებას არ ვგეგმავდი და ეს ყველაფერი დროის ტყუილ ფლანგვად მიმაჩნდა. ნებისმიერი გოგოს გარშემო ბზუიან ბიჭები და მივხვდი, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი იყო თავისი განათლებით, აზროვნებით, პროფესიით, ცხოვრების წესით, ოჯახით, სამეგობროთი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით. მგონია, რომ ბიჭების 80 პროცენტს დღეს ფსიქიკური პრობლემები აქვს – ზედმეტად არასტანდარტულები, საკუთარ თავზე შეყვარებულები არიან. ამ ბიჭში კი სულ ვრძნობდი ქალისადმი პატივისცემას, სიყვარულს ადამიანების მიმართ.
– სანამ თავი არ შეგაყვარა, მანამდე არ დანებდა?
– არაფრით არ დანებდა. ფაქტობრივად, გიგი პირველია, ვინც შემიყვარდა, მის გარდა, სხვა არავინ მყოლია და ამ საკითხში, ალბათ, ორივეს გაგვიმართლა.
სულ ჩემ გვერდით იყო. გიგის ვეუბნებოდი, ჯადო გამიკეთე-მეთქი. ვიღაც ბიჭი, თუნდაც ჩემთვის არასაინტერესო, სოციალურ ქსელში რომ მომწერდა, კომპლიმენტს მეტყოდა, ან რამეს დააპირებდა, ყველა მეკითხებოდა: გიგის საიდან იცნობო. მერე, რომ იგებდნენ, გიგი ბაკოზე ყურებამდეა შეყვარებულიო, იქ მთავრდებოდა ყველაფერი.
– ხელი რომანტიკულად გთხოვა?
– არა, რადგან რომანტიკული არ ვარ. გიგი არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ითვალისწინებს ჩემს არარომანტიკულობას, შოუები არ დაუდგამს ჩემთვის. მშვიდად, წყნარად დავგეგმეთ ყველაფერი. ჯერ ბინაზე დავიწყეთ ზრუნვა, შემდეგ მის მოწყობაზე. ერთ კვირაში დავგეგმეთ ჯვრისწერა, ხელის მოწერა. კაბაზეც ბევრი არ მიფიქრია, რაღაცები ავარჩიე, 15 წუთში გადავწყვიტე. თავზე მქონდა ძალიან ლამაზი აქსესუარი, რომელიც ირმა შარიქაძეს ეკუთვნის. ქორწილი და ჟრიამული არ დავგეგმეთ იმიტომ, რომ დავთვალეთ და 400 კაცზე მეტი გამოდიოდა. გადავწყვიტეთ, მალტაზე წავსულიყავით და ორივე გადარეული დავბრუნდით. ყველას ვეხვეწები, რომ წავიდნენ: პატარა კუნძულია და ყველა კუთხეში გგონია, რაღაც სასწაულები ხდება.
– მალტაზეც ვერ გამოავლინა შენი შიშით რომანტიზმი?
– ერთხელ მოვინდომე, ღამე ულამაზესი ხედის წინ დავმჯდარიყავი. თან, წინ წყალი იყო, წყალი კიდევ ჩემი სტიქიაა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გიგის სციოდა და ჩემი რომანტიზმი 10 წუთს გაგრძელდა.
– როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა საქორწილო კაბაში დაგინახა?
– ძალიან დაბნეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ისიც მეჯვარედ არაერთხელ ვყოფილვართ, საქორწილო მაგიდასთან ვმდგარვართ, ორივეს გარკვეული დისკომფორტი გვქონდა. ცოტა უხერხული მომენტი იყო, დაბნეულები და დაძაბულები ვიყავით. კომპლიმენტებით არ აგვივსია ერთმანეთი. მერე მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი. ძირითადად, მანებივრებს ხოლმე კომპლიმენტებით.
– რაგბი შეგაყვარა?
– ყველაზე არასპორტული ვარ. ერთადერთი, შემიძლია, ძალიან მაღალ ქუსლებზე ვიარო – ესეც ხომ სპორტია. სამაგიეროდ, ძალიან აზარტული ვარ და მეგობრების წრეში არასდროს ვთამაშობ, რადგან, როცა ვაგებ, ჩემი სისხლი, ხორცი, მეგობარი, ყველა მძულს, ვინც მიგებს. თან, ვერ ვთამაშობ და ყველა მიგებს. რამდენჯერმე გიგის გუნდის თამაშს რომ დავესწარი, ყველა ფრჩხილი და ორივე ტუჩი მოჭმული მქონდა. ერთი თამაში, სადაც მე მივედი, მოიგეს, გადაწყვიტეს, რომ კარგი ფეხი მაქვს. ერთი თამაში წააგეს და მოვიხსენი ეს ვალდებულება.
– არაჩვეულებრივად მღერი. შენი მეუღლე როგორი შემფასებელია?
– ძალიან კარგი და რაც მთავარია, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს. ეს ერთ-ერთი პლუსი იყო, რის გამოც შემიყვარდა. ყოველთვის მასმენინებს კარგ მუსიკას. შემფასებელიც კარგია. შეუძლია, შენიშვნაც მომცეს, თუმცა, ძირითადად, კომპლიმენტებით შემოიფარგლება. ახლა სულ მეუბნება, ჩაწერე სიმღერა, ეს და ის გააკეთე – ძალიან კარგი მოტივატორია. დედაჩემს ვერ ვაწყნარებ ამ საკითხში და ახლა გიგიც შეემატა ჯარს – არც ჩემი მეგობრები მაპატიებენ ამ პასიურობას და მოკლედ, თავდასხმის ქვეშ ვარ.
– როგორ მიიღო დამ შენი გათხოვება?
– ერთად ვიწექით და მთელი ღამე მესმოდა ხოლმე მისი სუნთქვა. ახლა დედა უწევს გვერდით და ცოტა ვნერვიულობ. ვაკონტროლებ ამ საკითხს, როგორ ზრუნავს მასზე. თიკო ძალიან ბედნიერი იყო ამ ამბით, ელოდებოდა: როდის გათხოვდება ეს ბავშვიო. მალტიდან რომ ჩამოვედი, მაშინვე მასთან გავვარდი. თავიდან დიდი თვალებით მიყურებდა და ცოტა გავბრაზდი. ბევრი კოცნის შემდეგ, ჩადგა ფორმაში, დავიწყეთ ჭიდაობა.