№50 როგორ აღმოჩნდა დავით უზნაძის სამოსი „ვალენტინოს“, დემნა გვასალიასა და „მარჯიელას“ ნამუშევრების გვერდით და როგორ დააღწია მან ჭაობს თავი
ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერის, დავით უზნაძის სამოსის ჩვენებას თბილისის მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი ნამუშევრები მოხვდა ჟურნალების, Harper’s Bazaar-ისა და ELLE-ის გვერდებზე, რაც არა მხოლოდ დამწყებ, არამედ გამოცდილი დიზაინერებისთვისაც დიდი წარმატებაა. მალე დავითის ბრენდი Conditio D/N როგორც საქართველოს, ისე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გავრცელდება.
დავით უზნაძე: „მერსედეს ფეშენ-ვიქის“ ერთ-ერთ ჩვენებაზე ვიყავი მიწვეული მეგობართან ერთად. გადავწყვიტე, მეგობრისთვის ჩემი ლუქი მომერგო. აქამდე ჩემი სამოსი არავის უნახავს. იქ ისეთი ამბები დატრიალდა, თავი წითელ ხალიჩაზე მეგონა (იცინის). ვფიქრობ, ეს ნაბიჯი, ჩემი მხრიდან, საინტერესო გათვლა იყო. აქამდე პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი. ბოლო ერთი წელია, რაც კოლექციაზე დავიწყე მუშაობა, თუმცა ეს არავინ იცოდა. ექსკლუზიურად ვქმნიდი სამოსს კერძო შეკვეთებისთვის. ძირითადად, მოსკოვში მიწევდა ყოფნა. ყოველთვის მინდოდა, ამ საქმისთვის სერიოზული სახე მიმეცა და როგორც იქნა, მოვახერხე. თავიდან ძალიან გამიჭირდა. მეგონა, მარტო შევძლებდი ყველაფერს, მაგრამ მალე მივხვდი, რომ გუნდის გარეშე წარმოუდგენელია. ახლა არაჩვეულებრივი გრაფიკოსი, მკერავები და ფოტოგრაფი მყავს.
– მოსკოვის ბაზარზე, ექსკლუზიური შეკვეთების მოპოვება როგორ შეძელი?
– დაახლოებით 25 წელია, ჩემები მოსკოვში ცხოვრობენ. მეც ხშირად მიწევდა ჩასვლა. ერთ-ერთი ვიზიტისას გავიცანი ადამიანი, რომელმაც ხელი მკრა და მაიძულა, რაღაც გამეკეთებინა. დღემდე მისი უზომოდ მადლიერი ვარ, თუმცა, მის ვინაობას ჯერ ვერ გავამხელ.
– რით არის შენი კოლექცია გამორჩეული?
– რთულია, რამე ისეთი შექმნა, რითაც საზოგადოებას გააოცებ. კონკრეტული კონცეფცია არ მაქვს, რაც ცუდია. ახლა ყველაფერი ერთად მიტრიალებს თავში. თუმცა, ძირითადად, ჩემი კოლექცია დეტალების სიმრავლით გამოირჩევა. შესაბამისად, ის საკმაოდ რთული შესაქმნელია. მაგრამ, როცა ვინმეს აცვია, იმდენად თვალშისაცემია, შეუძლებელია, არ შენიშნო. პრინციპში, ეს გათვლაც მქონდა – ჩემი სამოსი ეპატაჟური უნდა ყოფილიყო, რომ ყურადღება მიექცია. თან, იმ ხარისხის მასალას, რომელსაც მე ვიყენებ, ბევრი არ ხმარობს, მით უმეტეს, ჩვენთან. კოლექციაში გამოყენებული მაქვს იაპონური აბრეშუმი, ასევე, დიდი დოზით ტყავი. კონკრეტულად ირმის, აქლემისა და საქონლის. დეტალებად მინერალებს ვიყენებ. ძირითადი ხაზი ყოველდღიური სტილია, თუმცა კლასიკურ სამოსსაც ვქმნი. რაც მთავარია, შევქმენი რამდენიმე სპორტული ლუქი, რომელსაც ქალებიც მოირგებენ და მამაკაცებიც. ჩემი სამოსის შეძენა, ჯერჯერობით, ბრენდის ინტერნეტ-გვერდზეა შესაძლებელი, მერე – მომავალი გვიჩვენებს. ქართულ ბაზარზე დიდ იმედებს ვამყარებ, თუმცა, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან და ვფიქრობ, მალე ავსტრიაში, გერმანიასა და ამერიკაშიც გავა პროდუქტი.
– საიდან ასეთი წარმატება?
– მართლა არ ვიცი, რა მოხდა. „ავრორამ“ ჩემთვის ისროლა (იცინის). ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. Harper’s Bazaar-სა და ELLE-ში, სადაც ჩემი სამოსი მოხვდა, ისეთი დიზაინერების ნამუშევართა ფოტოებია, მათთან მე არაფერი ვარ. „ბალენსიაგა“, დემნა გვასალია, „მარჯიელა“, „ვალენტინო“ და მე. თუმცა, ჯერ ბევრმა არ იცის, რომ ეს ჩემი სამოსი იყო (იცინის).
– მშობლები რას საქმიანობენ მოსკოვში?
– მე 26 წლის ვარ. ჩემი მშობლები ჩემს დაბადებამდეც რუსეთში ცხოვრობდნენ. მერე, რაღაც პერიოდი, აქ ჩამოვიდნენ. თუმცა, მე და ჩემი და, ცოტა რომ გავიზარდეთ, ისევ მოსკოვში დაბრუნდნენ. ჩვენ ბებია-ბაბუასთან ვიყავით, მაგრამ ხშირად გვიწევდა რუსეთ-საქართველოს შორის სიარული. ამიტომ, იქაურ ბაზარსაც კარგად ვიცნობ და შეხებაც მაქვს.
– ძირითადად, მაინც სად იყავი?
– ძირითადად, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ვცხოვრობდი. ბოლო წლებში სკოლაშიც იქ დავდიოდი და დამთავრების შემდეგ ჩამოვედი ქალაქში. თავიდან ძალიან ძნელი იყო სამსახურის პოვნა. როგორც უმეტესობისთვის, ერთადერთი თავშესაფარი ჩემთვისაც, რესტორანი აღმოჩნდა და მიმტანად დავიწყე მუშაობა. გამიმართლა, იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, დღეს არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ხალხთან ურთიერთობაც ვისწავლე და დიდი სანაცნობოც გავიჩინე. რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ საქმიანობას თავი დავანებე, რომ სწავლისთვის მეტი დრო დამეთმო. „სეუში“ ტურიზმის მიმართულებით ვსწავლობდი. მაგრამ, მივხვდი, რომ სამსახურის გარეშე არ შემეძლო და ისევ დავბრუდნი. მალე ერთ-ერთი პრემიუმ რესტორნისგან მივიღე შეთავაზება და იქ მენეჯერად გადავედი. ყველაფერი წინ წავიდა, გენერალური მენეჯერიც გავხდი. საბოლოო ჯამში, ძლივს დავაღწიე თავი ამ ჭაობს.
– თუ ასე კარგად წავიდა ყველაფერი, ჭაობს რატომ ეძახი?
– ამ ყველაფერმა იმდენად იცის ჩათრევა, სხვა რამეზე გადასვლა ძალიან რთულია. მერე მოსკოვში წავედი და ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვიქეცი.
– მანამდე არ გიფიქრია წასვლაზე?
– ყველა მეკითხება, რატომ არ გადავდივარ იქ. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს იქაურობა. მხოლოდ საქმისა და ოჯახის წევრების სანახავად ჩავდივარ. ბებიისა და დეიდის გარდა, აბსოლუტურად ყველა ნათესავი იქ მყავს. ძალიან ცუდად ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამბობს, ოღონდ აქედან წამიყვანაო. ბევრს ეზარება, ეხამუშება ან „უტყდება“ მიმტანად, დამლაგებლად მუშაობა. ჩემი აზრით, უმუშევრობა და ქუჩაში დგომა უფრო სამარცხვინოა.
– მშობლები რას საქმიანობენ?
– დედა ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული კომპანიის მეწილეა. ჩვენი ოჯახი გამოფენებს აწყობს რუსეთის ქალაქებში. ძვირფას მინერალებზე ვმუშაობთ. მამა სამშენებლო ბიზნესშია ჩართული.
– მატერიალური პრობლემები არ გექნებოდა. რატომ გადაწყვიტე სტუდენტობისას მუშაობა?
– ძალიან დიდი მატერიალური პრობლემები მქონდა. მშობლებისთვის ფული არასდროს მითხოვია. არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გადმოსვლისას, უამრავი ყოფითი პრობლემა მქონდა, თუ ძალიან არ გამიჭირდებოდა, მათთვის ფულის სათხოვნელად დარეკვა წარმოუდგენლად მიმაჩნდა. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, საფულე გამიხსნია და საჭმლის, გზის ფული არ მქონია. მხოლოდ ასეთ დროს მიმიმართავს მათთვის. მე საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა – 1 500-იდან 2 000 ლარამდე ავდიოდი. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ჭაობია, რომელსაც რთულია, თავი დააღწიო. თან, ყოველდღიური შემოსავალი გაქვს, რაც განსაკუთრებით მომხიბვლელია.
– რას ამბობდნენ მშობლები შენს გადაწყვეტილებაზე?
– თავიდან ძალიან ცუდად მიიღეს, განსაკუთრებით – დედამ. უნდოდა, მაქსიმალური დრო სწავლისთვის დამეთმო. მაგრამ, მე და ჩემი და თავიდანვე თავისუფლად ვიზრდებოდით. საერთო ჯამში, უცნაური ოჯახი გვაქვს. გაფანტულები ვართ ცალ-ცალკე, მაგრამ, იმავდროულად, ერთად ვართ. თითოეულს ინდივიდუალური და პარალელურად, ოჯახური ცხოვრება გვაქვს. გადაწყვეტილებებს ერთად არ ვიღებთ. ეს ძალიან მომწონს, მეტი თავისუფლება ყოველთვის უკეთესია.
– ახლა რას ამბობენ?
– დედა ძალიან ბედნიერია. მამამ იცის, მაგრამ ისეთი რეაქცია არ ჰქონია, როგორიც დედას. თუმცა, მისთვისაც მისაღებია, საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
– ერთგვარი კლიშეა – თუ ბიჭი დიზაინერია, მის სექსუალურ ორიენტაციას ძალიან ხშირად განიხილავენ.
– კი, მეც მქონია ეგეთი მომენტი – ძალიან ხშირად უთქვამთ მსგავსი რამ. თუმცა, ამაში რამე პრობლემას ვერ ვხედავ. ბევრი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. მეგობრული ურთიერთობისთვის სექსუალური ორიენტაცია ხელისშემშლელად არ მიმაჩნია.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– თავისუფალი ცხოვრების მოყვარული ვარ. არ ვფიქრობ, რომ ადამიანის ბედნიერებისთვის სიყვარულია საჭირო ან ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც ჩარჩოებში ზის. რამდენიმე წლის წინ მქონდა ურთიერთობა, რომელმაც კრახი განიცადა (იცინის). ადამიანი თუ შემიყვარდა, კერპად ვაქცევ. სხვა ყველაფერს ვივიწყებ და ერთადერთი, ამოსავალი წერტილი ჩემთვის ის ხდება, რაც ძალიან ცუდია. ახლა მაქსიმალურად ვაკონტროლებ თავს, რომ ასეთი რამ არ დამემართოს. ჩემთვის ბედნიერება ის საქმეა, რასაც ახლა ვაკეთებ. მგონია, რომ საქართველოში წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრების აწყობა შეუძლებელია.