№50 როგორ შევაჩეროთ თვალის ირგვლივ ნაოჭების გაჩენა
კანი თვალების ირგვლივ ნაზი, თხელი და მგძნობიარეა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად მოვლა. 30 წლის შემდეგ, ჩნდება პირველი მიმიკური ნაოჭები, შეშუპება და შავი ლაქები, რომელიც არასწორი ცხოვრების წესის შედეგია, მაგალითად: ქრონიკული უძილობის, არასწორი კვების, დამცავი სათვალის გარეშე მზეზე ან ქარში დიდხანს ყოფნის და ასე შემდეგ.
პირველი ასაკობრივი ცვლილებების მოსაშორებლად აუცილებელია კანის ამ მიდამოს სისტემატური მოვლა – გულდასმით გასუფთავება და რეგულარული კვება. თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ ამ მიდამოსთვის განკუთვნილი მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური რძით. ბამბის ტამპონით ძალიან ფრთხილად და ნაზად ჩამოიშორეთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ კანი არ დაჭიმოთ. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს, რადგან ის არა მარტო გამოაშრობს, შეიძლება, გააღიზიანოს კიდეც კანი.
კრემების, ლოსიონებისა და გელების გამოყენება აუცილებელია 30 წლის შემდეგ. ამიტომ, შეარჩიეთ თქვენთვის შეასაფერისი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს და კანის სიწითლეს. თვალის გარშემო ნაოჭების შესაჩერებლად, უმჯობესია, იხმაროთ მკვებავი კრემები, შეშუპებისკენ მიდრეკილებისას კი, მსუბუქი, დამატენიანებელი გელი. კრემი ან გელი წაისვით თითების მსუბუქი მოძრაობით, თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით, ზედა ქუთუთოზე კი – საპირისპირო მიმართულებით. ზოგადად, კანის გულდასმით გასუფთავება და ხარისხიანი კრემის რეგულარული გამოყენება, ნაოჭების პროფილაქტიკისა და უკვე არსებულის შემცირების აუცილებელი ღონისძიებაა.
თვალების ირგვლივ კანის მოვლა გულისხმობს სხვადასხვაგვარი მკვებავი ნიღბისა და დამამშვიდებელი კომპრესის გამოყენებას. ამისთვის კი სალონში ფულისა და დროის ხარჯვა სულ არ არის აუცილებელი. ყველაფრის შინ მომზადებაც შეიძლება, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.
*კარტოფილის ნიღაბი: უმი გახეხილი კარტოფილის ფაფა დაიდეთ თვალებთან 20 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. ნიღაბი ამშვიდებს, ამცირებს შეშუპებას და ხსნის კანის სიწითლეს.
*ზეთოვანი ნიღაბი: ძილის წინ კრემის ნაცვლად ნებისმიერი ზეთი წაისვით. ზეთი ასწორებს და კვებავს კანს, ამცირებს ნაოჭებს.
* 1 ჩაის კოვზი ბანანის რბილობი შეურიეთ ამდენივე ნაღების კარაქს, წაისვით თვალების ირგვლივ და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა, ინტენსიურად აჩერებს ნაოჭების განვითარებას.
*მუქი ჩაის ან გვირილის ნაყენის კომპრესები კანის მატონიზებელი, შესანიშნავი საშუალებაა. ამცირებს შეშუპებას და დაღლილობის კვალს. ბამბის ტამპონი დაასველეთ ნაყენში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით.
თვალების ირგვლივ შავი ჩრდილების მოსაშორებლად, შეარჩიეთ კრემი რეტინოლის, პეპტიდებისა და C ვიტამინის შემცველობით. შეშუპებისკენ მიდრეკილი თუ ხართ, გამოიყენეთ კოფეინის შემცველი კრემი. ეს ერთდროულად ორ პრობლემას მოხსნის - შეამცირებს შეშუპებას და შავ რგოლებს.
თუ თვალების ირგვლივ კანი ძალიან მშრალია, იქერცლება, წითლდება, აირჩიეთ დამატენიანებელი კომპონენტებიანი კრემი. გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობა ამ პრობლემებს გაუმკლავდება. წვრილი ნაოჭების არსებობისას გამოიყენეთ კრემი პეპტიდებითა და თუთიით. პეპტიდები კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს, თუთია ეხმარება კანს უჯრედების განახლებაში და ელასტინის გამომუშავების სტიმულატორებს მიეკუთვნება. დღის კრემად გამოიყენეთ მსუბუქი საშუალებები, რაც სწრაფად შეიწოვება, საღამოს კი უფრო ნაჯერი მკვებავი კრემები. კრემის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას. მაკიაჟი წამწამებიდან და ქუთუთოებიდან მოიშორეთ მხოლოდ სპეციალური საშუალებებით. არ გამოიყენოთ საპონი და დასაბანი ტუტე გელები.
მაკიაჟის მოშორების შემდეგ, იხმარეთ თვალის კანის მატონიზებელი სპეციალური ტონიკები. გასუფთავებისა და ტონიზაციის შემდეგ, თვალების ირგვლივ კრემი წაისვით. სისტემატურად მოუარეთ თვალების ირგვლივ კანს. არასდროს დაიძინოთ შეღებილი თვალებითა და წამწამებით. ასევე, ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი თვალის ირგვლივ კანის მოვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.