კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 საშინელი საიდუმლო

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

არტურ კონან დოილი
ერთ დილით შერლოკ ჰოლმსს შეწუხებულმა ჯონ მეისონმა მიმართა, რომელიც ინგლისის სახელგანთქმული გვარის წარმომადგენლების, ნორბერტონების ძვირფასი ცხენების მწვრთნელად მუშაობდა შოსკომბის მამულში. მტკიცე გამომეტყველების შუახნის მამაკაცი სიმპათიას იწვევდა და ექიმი უოტსონი მისდამი ნდობით განეწყო. ჰოლმსმა კი შენიშნა, რომ სტუმარი მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
– მისტერ ჰოლმს, მგონი, შოსკომბის მამულში რაღაც ხდება. ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, საქმე საშინელ საიდუმლოსთან გვაქვს.
– მომიყევით თქვენი ეჭვების შესახებ, – ჰოლმსმა სტუმარს სავარძელი შესთავაზა, თავადაც მოხერხებულად მოეწყო და ჩიბუხს მოუკიდა.
 – შოსკომბის მამულში და-ძმასთან – სერ რობერტ ნორბერტონთან და მის ქვრივ დასთან – ლედი ბეატრის ფოლდერთან, უკვე ოცი წელია, ვცხოვრობ.  სერ რობერტს საშინელი რეპუტაცია აქვს. ის სასტიკი კაცია, თან, ყელამდე ვალებში ჩაეფლო. კრედიტორები გასაქანს არ აძლევენ და იძულებული გახდა, მამული გაეყიდა. შოსკომბი მისმა სიძემ, სერ ფოლდერმა შეიძინა, თუმცა ოთხი წლის წინ, ის მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. მამულიც და მთელი ქონება ლედი ბეატრისის საკუთრებაში გადავიდა და ის განკარგავს.
– და-ძმა ერთად ცხოვრობს?
– დიახ, სერ ჰოლმს. მათ თითქმის იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ყოველთვის, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაღაც შეიცვალა.
– კონკრეტულად, რა?
– უპირველესად, ლედი ბეატრისი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი კვირის წინ, სერ რობერტმა თავისი დის საყვარელი სპანიელი, უძვირფასესი ძაღლი გააჩუქა, რომელიც ლედის ისე უყვარდა, გვერდიდან არ იცილებდა. რობერტმა კი ის სასტუმრო „მწვანე როიალის“ მეპატრონის ქალიშვილს აჩუქა. ამის შემდეგ და-ძმას შორის ურთიერთობა ისე გაფუჭდა, რომ ერთმანეთს, პრაქტიკულად, აღარც ეკონტაქტებიან. ლედი ბეატრისი ოთახიდან მხოლოდ დილაობით გამოდის და მაშინაც თავის მოახლესთან ერთად. ერთი საათით მამულში გაისეირნებს და ისევ თავისთან იკეტება. ჭამს ძალიან ცოტას და სმა დაიწყო. საჯინიბოში არც კი იხედება.
– ეს მნიშვნელოვანი ფაქტია?
– დიახ, სერ... ლედი ბეატრისი გიჟდება ცხენებზე, უფრო სწორად, გიჟდებოდა. მთელი დღე საჯინიბოში იყო და ცხენებს ეფერებოდა. განსაკუთრებით შოსკომბის პრინცს, რომელიც შვილივით ჰყავდა. ეს საოცარი ცხენი ძალიან ძვირი ღირს – მას ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ და ვადასტურებ, რომ მისი მსგავსი, ათი წელია, სამეფო დოღზე არ გამოჩენილა. ყველა პრიზს მოიგებს. სერ რობერტს ცხენის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ ბეატრისმა უარი განაცხადა.
ჰოლმსი შესამჩნევად გამოცოცხლდა.
– საინტერესოა... და მას შემდეგ იჩხუბეს?
– ჩხუბის მომსწრე არავინ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალბატონი შეიცვალა. ჯერ ცხენების მიმართ გაუქრა ინტერესი და სპანიელზეც უარი თქვა. ძმასთან ერთად აღარ სეირნობს და დღეში ერთ ბოთლ ვისკის მაინც სცლის ბოლომდე. კიდევ არის რაღაც... – მეისონი შეყოყმანდა.
– თქვით, ბატონო, ყველაფერი, რაც გაწუხებთ.
– მამულში არის ძველი სამლოცველო, რომელსაც თავისი ძველი სასაფლაო და აკლდამა აქვს. ჰოდა, ჩემმა მეჯინიბეებმა სერ რობერტი რამდენჯერმე შენიშნეს ღამით აკლდამასთან. მათ არ დავუჯერე და თვალთვალი დავუწყე. სერ რობერტი ღამით იქ მართლაც მივიდა. საშინელი ადგილია და ვერ ვხვდები, იქ რისთვის უნდა მისულიყო.
ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა.
– თქვენ ბოლომდე არ თქვით სათქმელი. მისტერ მეისონ, გატყობთ, კიდევ გაშფოთებთ რაღაც.
მეისონი ადგა, დაიხარა და პატარა მაგიდაზე შეფუთული რაღაც დადო. ჰოლმსმა გახსნა და უოტსონმა გაშავებული, ნახევრად დამწვარი ძვალი დაინახა.
– ეს ადამიანის მენჯის ძვლის ნაწილია! – წამოიძახა უოტსონმა.
– მეც ასე ვიფიქრე, – ამოიოხრა მეისონმა, – გათბობის ქვაბს რომ ვწმენდდით, მაშინ ვიპოვეთ. როგორ მოვიქცე, მისტერ ჰოლმს?
– მე და დოქტორი უოტსონი თქვენთან ჩამოვალთ. როგორც თქვით, იქ სასტუმროც არის.
– დიახ, სერ „მწვანე როიალი“. საკმაოდ ნორმალური სასტუმროა. სადგურზე  დაგელოდებით.
– არა. ამას არ გააკეთებთ. სერ რობერტ ნორბერტონი ვერაფერს ვერ უნდა მიხვდეს. ჩვენ წერილის საშუალებით დაგიკავშირდებით და გეტყვით, როგორ უნდა იმოქმედოთ.
ჰოლმსმა სტუმარი გააცილა და შემობრუნდა.
– აბა, უოტსონ, თანახმა ხარ, უიქენდი შესანიშნავ მხარეში, ბერკშირში გაატარო? შოსკომბი ერთ-ერთი ულამაზესი მამულია საგრაფოში.
– რა თქმა უნდა, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– იმას, რომ მამულში ბინძური რაღაც მოხდა. სავარაუდოდ, ლედი ბეატრისი ცოცხალი აღარ არის და სწორედ ამიტომაც მოაშორეს სახლს საყვარელი ძაღლი, რომელიც აუცილებლად გაამჟღავნებდა ამ საზიზღარ სპექტაკლს.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ ლედი ბეატრისი ძმამ მოკლა და ამის დასაფარად, ვიღაც თამაშობს ქალის როლს. ის, სავარაუდოდ, კაცია, იმიტომ რომ, დღეში ერთი ბოთლი ვისკის დალევა ქალს არ შეუძლია, მით უმეტეს, კეთილშობილ ქალს. სავარაუდოდ, მიზეზი ცხენია, რომლის გაყიდვაც არ დაანება ძმას დამ.
– აკლდამაში რაღას აკეთებდა?
– გვამი იქ დამალა, უოტსონ...
– აბა, ღუმელში ვინ დაწვა?
– იფიქრეთ, უოტსონ. ამ აკლდამაში აუცილებლად იქნებოდა გვამი, რომელიც, მიუხედავად ხანდაზმულობისა, სადღაც უნდა გაექრო და გამოსავალი გათბობის ღუმელში იპოვა. ჩემი ვარაუდების დასტური იქნება ის ექსპერიმენტი, რომელსაც ადგილზე ჩავატარებთ. ოღონდ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, სერ რობერტ ნორბერტონი თავზეხელაღებული ვინმეა. მით უმეტეს, როცა დანაშაულში უნდა გამოვიჭიროთ. შეიძლება, მის მამულთან მიახლოებამაც ისეთი აგრესია გამოიწვიოს, რომ თავს დაგვესხას...
ჰოლმსი და უოტსონი საღამოს მატარებლით ჩავიდნენ მამულთან ახლოს და სასტუმრო „მწვანე როიალში“ დაბინავდნენ. ჰოლმსმა იმდენი მოახერხა, რომ ვახშმობისას მის მეპატრონეს დაუმეგობრდა და დილით, კოკერთან ერთად გასეირნებაზე დაითანხმა. ძაღლი მართლაც უსაყვარლესი არსება აღმოჩნდა. ის მშვიდად მოკალათდა ჰოლმსის მკლავებში. მამულის დიდებულ ჭიშკარიდან ღია ეკიპაჟი დილის თერთმეტ საათზე გამოვიდა. მასში მეეტლის გარდა, ისხდნენ ლამაზი მოახლე და მოსასხამში თავიდან ფეხებამდე გახვეული ქალი. ჰოლმსმა შეგნებულად გადაუღობა გზა და კოკერმაც საოცარი რაღაც ჩაიდინა. ჰოლმსს ხელიდან გაუსხლტა, ეკიპაჟისკენ კუდის ქიცინით გაქანდა, მაგრამ ერთბაშად გაავებით დაიწყო ყეფა. მოსასხამში გახვეულმა ქალმა კი, კაცის ხმაზე იყვირა. ჰოლმსი სწრაფად მივარდა ძაღლს, ხელში აიყვანა, მოახლეს მოუბოდიშა და ექიმთან ერთად, სწრაფად მოსცილდა იქაურობას. ჰოლმსი ზეიმობდა.
– ნახეთ, უოტსონ, ნახეთ? ძაღლმა ვერ იცნო ლედი ბეატრისი. წამომყევით, უოტსონ, ადგილობრივ პოლიციას უნდა მივაკითხოთ.
ჰოლმსის ვარაუდი გამართლდა. ერთ-ერთ აკლდამაში მართლაც აღმოაჩინეს ლედი ბეატრისის გვამი, რომელმაც თავისი შორეული წინაპრის ადგილი დაიკავა. სერ რობერტ ნორბერტონი ადვილად არ დანებებულა. იბრძოლა და პოლისმენს ჯოხითაც კი ემუქრებოდა, მაგრამ ბოლოს დანაშაული აღიარა. დააკავეს მოახლეც, რომელიც სერ რობერტის საყვარელი და თანამზრახველი იყო ამ საქმეში.
скачать dle 11.3